Facebook Twitter

საქმე №ას-805-2019 4 ოქტომბერი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს.ხ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ქ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის გაუქმება, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების სამართლებრივი ურთიერთობის დადგენა, მემკვიდრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.კ–ი (შემდეგში: მამკვიდრებელი) 1987 წლის 9 ივნისს გარდაიცვალა. სადავო სამკვიდრო ქონება ქ. თბილისში, .... (გადამისამართებამდე N68) მდებარეობდა (ტ.1, ს.ფ.17; 31; 51-52).

2. მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები იყვნენ: მეუღლე - თ.ქ–ა (შემდეგში: მამკვიდრებლის მეუღლე) და შვილები - რ.ქ–ი (შემდეგში: მოსარჩელე ან მამკვიდრებლის შვილი), მ.ფ–ი, ტ.ქ–ა.

3. მამკვიდრებლის მეუღლემ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო სახლში ცხოვრება გააგრძელა.

4. მამკვიდრებლის მეუღლის გარდაცვალების რეგისტრაციის თარიღია 2016 წლის 15 თებერვალი (ტ.1, ს.ფ.110)

5. მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე 2014 წლის 24 დეკემბერს გაიცა სამკვიდრო მოწმობა - შვილის მ.ფ–ის სახელზე (იხ. სამკვიდრო მოწმობა 24/12/2014 წ. ტ. 1, ს.ფ.18).

6. თ.ფ–ი და მამკვიდრებლის მეუღლე, როგორც მ.ფ–ის მემკვიდრეები, აღირიცხნენ საჯარო რეესტრში უძრავი ნივთის, მდებარე ქ.თბილისი, ....., ½- ½ ნაწილის მესაკუთრეებად. ხოლო 25.09.2015წ. ჩუქების ხელშეკრულებით მამკვიდრებლის მეუღლემ ს.ხ–ს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) აჩუქა კუთვნილი ½ ნაწილი უძრავ ქონებაში მდებარე ქ. თბილისი, ...... მოპასუხე ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ (იხ. ტ. 1, ს.ფ.19-23; 39-40).

7. მამკვიდრებლის მეუღლის სამკვიდრო ქონებაზე 16.09.2016წ. გაცემულია სამკვიდრო მოწმობა შვილების - მოსარჩელისა და ტ.ქ–ას სახელზე (იხ. ტ.1, ს.ფ.151-153).

8. მოსარჩელეს უარი ეთქვა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე (იხ. 26/02/2015წ, N150187953 სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება ტ.1, ს.ფ. 65).

9. სასარჩელო მოთხოვნა

9.1. მოსარჩელემ 2016 წლის 2 თებერვალს სარჩელით მიმართა სასამართლოს, მოპასუხის, ტ.ქ–ასა და თ.ფ–ის წინააღმდეგ და მოითხოვა:

9.1.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმეზე #2/100-14) საფუძველზე 2014 წლის 24 დეკემბერს (ნოტარიუსი თ. ბ–ძე) მ.ფ–ის სახელზე 1987 წლის 09 ივნისს გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..... გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;

9.1.2. მამკვიდრებლის მეუღლისა და თ.ფ–ის მიერ მოპასუხის სახელზე უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, ..... გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

9.1.3. მოსარჩელის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა მამკვიდრებლის დანაშთ უძრავ ქონებაზე.

10. მოპასუხეთა შესაგებელი

10.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

10.2. თ.ფ–მა წერილობითი შესაგებელი არ წარადგინა.

10.3. ტ.ქ–ამ სარჩელი ცნო.

11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით მამკვიდრებლის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

11.1.1.ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2014 წლის 15 დეკემბერის გადაწყვეტილების (სამოქალაქო საქმეზე #2/100-14) საფუძველზე 2014 წლის 24 დეკემბერს (ნოტარიუსი თ. ბ–ძე) მ.ფ–ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა, 1987 წლის 09 ივნისს გარდაცვლილი მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი ....., 1/2 ნაწილში;

11.1.2. ბათილად იქნა ცნობილი მამკვიდრებლის მეუღლისა და თ.ფ–ის მიერ მოპასუხის სახელზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი ......, 1/2 ნაწილში;

11.1.3. მოსარჩელე ცნობილ იქნა 1987 წლის 09 ივნისს გარდაცვლილი მამკვიდრებლის დანაშთი ქონების მემკვიდრედ (ფაქტობრივი ფლობით) და უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი ...... საკადასტრო კოდით # ....., მესაკუთრედ 1/2 ნაწილში.

12. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

12.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 12 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

13.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო ამ განჩინების 1-8 პუნქტებში ასახული გარემოებები და მიიჩნია, რომ მოსარჩელე კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონებას. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, აპელანტის არგუმენტები იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოსარჩელეს სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავს, უნდა ჩაითვალოს, რომ მან გაუშვა სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა, მოკლებულია დასაბუთებას, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ, მამკვიდრებლის შვილმა -მოსარჩელემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სადავო სამკვიდრო ქონება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველად ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ საინფორმაციო ბარათზე, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელე 1967 წლის 9 მარტიდან რეგისტრირებული იყო მისამართზე: ქ. თბილისი, ...... (იხ. საინფორმაციო ბარათი N0111715003652, 12/02/2015წ. ტ.1, ს.ფ. 53).

13.3. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ დედასთან და მეუღლესთან ერთად განაგრძო სამკვიდრო სახლში ცხოვრება და ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა უძრავ/მოძრავ ნივთებს. მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმემ ზ.გ–ამ (მეზობელი), რომელმაც მიუთითა, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე ცხოვრობდა დედასთან ერთად სადავო საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს მისამართზე თბილისი, ...... (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 4.06.2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი 15.20.08-15.20.42, ტ.1, ს.ფ. 291-318). მნიშვნელოვანია, რომ მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელის სადავო სამკვიდრო სახლში ცხოვრების ფაქტი დაადასტურდა ასევე, მოპასუხე ტ.ქ–ამ (იხ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.02.2018წ. სხდომის ოქმი 13.51.52-13.53.32სთ, ტ.1, ს.ფ. 276-287).

13.4. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ 1964 წლის რედაქციის სსკ-ის 539-ე მუხლში აღნიშნულია, რომ მემკვიდრეობა გადადის კანონით ან ანდერძით. ამავე კოდექსის 544-ე მუხლით, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან, პირველ რიგში, გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები, ხოლო, 556-ე მუხლის მეორე აბზაცის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ. აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. 1964 წლის რედაქციის სსკ-ის 539-ე, 544-ე, 556-ე მუხლების იდენტურ მოწესრიგებას ადგენს მოქმედი სსკ-ის შესაბამისი 1336-ე, 1421-ე, 1424-ე მუხლები.

13.5. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მ.ფ–ი არ დაუფლებია მამკვიდრებლის სამკვიდროს, რასაც ადასტურებს მის მიერ სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტი - მემკვიდრეობის მიღების ფაქტის დადგენის შესახებ. რაც შეეხება მამკვიდრებლის მეუღლეს, დადგენილია, რომ მან მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ განაგრძო სადავო სახლში ცხოვრება, შესაბამისად, ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე მიიღო სამკვიდრო ქონება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სახეზე იყო სამკვიდროს მიმღები ორი კანონისმიერი მემკვიდრე, შვილი -მოსარჩელე და მეუღლე, შესაბამისად, სადავო ქონებიდან მოსარჩელის წილი სწორად განისაზღვრა სამკვიდროს ½ ნაწილით.

13.6. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს რომელთაც განეკუთვნება შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (სუსგ 19.03.2015წ. საქმე №ას-838-802-2014).

13.7. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დადასტურებულია მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის სამკვიდროს მიღების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, შესაბამისად, სახეზეა მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, ბათილად იქნას ცნობილი მამკვიდრებლის მეუღლესა და თ.ფ–ის მიერ მოპასუხის სახელზე გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე - თბილისი ...., ½ ნაწილში, რაც სწორად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

14. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

14.2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელეს დღემდე არ მიუმართავს მთლიანი სამკვიდროს მიღებაზე, ანუ თავის ქმედებით ან უმოქმედობით მან ფაქტობრივად უარი თქვა მთლიან სამკვიდროზე და იგი არ ჩაითვლება მემკვიდრეთა წრის მონაწილედ ხანდაზმულობის ვადის გამო.

14.3. კასატორი მიიჩნევს, რომ რამდენიმე დღით მამკვიდრებლის ბინაში ცხოვრება, არ ნიშნავს იმას, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო ფაქტობრივი დაუფლებით მიიღო. მოსარჩელეს არც ერთი თეთრი არ დაუხარჯავს სამკვიდროს მოვლაზე. კასატორი არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას, რომ ის კომუნალურ გადასახებს იხდიდა, რადგან გადახდის ქვითრებზე მითითებულია მ. ქ–ვი, ე.ი. მ.ფ–ი (ქ–ი მეუღლის გვარია).

14.4. კასატორი განმარტავს, რომ მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობით მიიღო შვილმა მ.ფ–მა, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ უძრავი ქონება გადაეცათ მ.ფ–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს დედას - მამკვიდრებლის მეუღლეს და შვილს - თ.ფ–ს, მათ კი მიიღეს გადაწყვეტილება ამ ქონების კასატორისათვის ჩუქების თაობაზე.

14.5. კასატორის განმარტებით, სსკ-ის 529-ე მუხლის თანახმად ჩუქების ხელშეკრულება შეიძლება გაუქმდეს მხოლოდ მჩუქებლის მიერ. განსახილველ შემთხვევაში კი მამკვიდრებლის მეუღლე გარდაცვლილია, თ.ფ–ს კი პრეტენზია არ აქვს.

14.6. კასატორი მიიჩნევს, რომ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს გასცდნენ, რადგან მოსარჩელე მთლიან სამკვიდრო ქონებაზე ითხოვდა მესაკუთრედ ცნობას, სასამართლომ კი უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნო.

14.7. კასატორი აცხადებს, რომ მოსარჩელე უღირს მემკვიდრედ გამოაცხადა დედამ (მამკვიდრებლის მეუღლე), რადგან იგი მას ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფას აყენებდა, რის გამოც მოსარჩელე არა ერთხელ იქნა გაფრთხილებული პოლიციის მიერ.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

21. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სამკვიდრო ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 982.1 (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა, აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები, ასევე, იმავე კოდექსის 1507-ე (სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. იმ ურთიერთობათა მიმართ, რომლებიც წარმოიშვა სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, ამ კოდექსის ნორმები გამოიყენება 1997 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების მიმართ) მუხლი და 1964 წლის 26 დეკემბრის საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 539-ე (მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით), 540-ე (სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე) 542-ე (კანონით მემკვიდრეობის დროს მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკვიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის), 544-ე (კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები) და 556-ე (იმისთვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან) მუხლები.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამემკვიდრეოსამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობა და სამემკვიდრეო უფლებების განხორციელება უკავშირდება არა მარტო სამკვიდროს გახსნის მომენტს, არამედ მემკვიდრეთა მხრიდან გარკვეული იურიდიული მოქმედების შესრულებას. მართალია, კანონის თანახმად სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრება ხდება მისი გახსნის მომენტიდან, მაგრამ, როდესაც სამკვიდროს მიმღებ მემკვიდრეთა რიცხვი ერთზე მეტია, მაშინ აუცილებელია, თითოეულმა მემკვიდრემ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში შეასრულოს სამკვიდროს მიღებისათვის აუცილებელი მოქმედება (შდრ. სუსგ #ას-607-2019, 04.07.19 წ.).

23. სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვა, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა და სხვა)- (შდრ. სუსგ-ები №ას-283-268-2017, 07.07.2017; №ას-1172-1127-2016, 31.03.2017წ; ას-203-193-2016, 02.06.2016; ას-972-921-2015, 15.12.2015წ; Nას-482-455-2012, 31.05.2012წ).

24. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ მოსარჩელემ მამის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო. აღნიშნული შეფასების საფუძველს საკასაციო სასამართლოს უქმნის პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმეზე დაკითხული მოწმის ჩვენება და საინფორმაციო ბარათი, რითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოსარჩელე, მამის გარდაცვალების შემდეგ, რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა სამკვიდრო ქონებაში, რაც ცხადყოფს იმ გარემობას, რომ მოსარჩელემ მამის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

25. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან და შესაბამისად სამკვიდროს გახსნიდან 6 თვეში გამოხატა ნება სამკვიდროს მიღების თაობაზე, სამკვიდროს ქონების ფაქტობრივი დაუფლების გზით. საწინააღმდეგოს მოპასუხე ვერ ადასტურებს, ის აცხადებს, რომ მოსარჩელე ცხოვრობდა სამკვიდრო სახლში მამის გარდაცვალების შემდეგ, თუმცა მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ უნდა ჩაითვალოს სამკვიდროს მიღებად.

26. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 13.6 ქვეპუნქტში ასახულ მსჯელობას მოსარჩელის აღიარებით სარჩელთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს მიკუთვნებითი მოთხოვნა აქვს დაყენებული, იგი სამკვიდრო ქონების ½ ნაწილის მიკუთვნებას ითხოვს. იქედან გამომდინარე, რომ სასარჩელო მოთხოვნა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში დაკმაყოფილდა, მართებულია ჩუქების ხელშეკრულებს ბათილად ცნობა და მოსარჩელის უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე გადაწყვეტილება.

27. დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია მოსარჩელის უღირს მემკვიდრედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება კასატორს არ წარმოუდგენია.

28.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

30. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს.ხ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ს.ხ–ს (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რ.ა–ვი (პ/ნ ......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N0, გადახდის თარიღი 2019 წლის 25 აპრილი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე