Facebook Twitter

22 ოქტომბერი, 2019 წელი,

საქმე №ას-928-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ი.ჭ–ძე, ს.ც–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „თ.ბ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კრედიტის მიმცემი, ბანკი ან კრედიტორი) საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

1.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტები და არასწორი შეფასება მისცა მათ. ი.კ–ძემ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტის ამღები, მსესხებელი ან გამყიდველი) ფულადი ვალდებულების შესრულების თავიდან აცილების მიზნით, ს.ც–თან (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მყიდველი) 2017 წლის 2 ოქტომბერს დადო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც სასამართლომ მიიჩნია ნამდვილად, მიუხედავად იმისა, გარიგება მოსაჩვენებლად იყო დადებული.

1.2. კასატორის მტკიცებით, მსესხებელმა 2017 წლის მარტიდან შეწყვიტა ვალდებულების შესრულება, ხოლო მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბანკი აპირებდა დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვას, სწორედ ამ ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით, გარეგნულად გამოხატული ნების საფუძველზე, გაასხვისა სადავო ქონება. პირველ მოპასუხეს არ გააჩნია უძრავი ქონება, გარდა მეორე მოპასუხის სახელზე, მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე გასხვისებული უძრავი ქონებისა, რაც მოსარჩელის, როგორც კრედიტორის, სასარგებლოდ - პირველი მოპასუხისათვის (მოვალისათვის) დაკისრებულ თანხის ნაწილში აღუსრულებლად აქცევს სასამართლო გადაწყვეტილებას.

1.3. კასატორს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა პირველი მოპასუხის მიერ ბანკის მიმართ არსებული დავალიანების გადახდისაგან თავის არიდების მიზნით, უძრავი ქონების დაჩქარებული წესით მეორე მოპასუხეზე გადაფორმების ფაქტი, კერძოდ, მან უფლების გადაცემის რეგისტრაციისათვის გაცილებით მეტი საფასური გადაიხადა, ვიდრე ჩვეულებრივი წარმოებისას უნდა გადაეხადა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები დაადგინა:

4.3. 2015 წლის 6 ივლისს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულება, საკრედიტო ბარათი გაიცა 500 - ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. ბარათით გაცემული თანხა მსესხებელმა აითვისა და მისი დავალიანება - 692.50 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხა - 498.66 ლარი, პროცენტი - 74.18 ლარი და ჯარიმა - 119.66 ლარია.

4.4. ბანკსა და მსესხებელს შორის 2016 წლის 13 სექტემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი საკრედიტო ხელშეკრულება), რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე გაიცა კრედიტი - 3500 ლარი - 2020 წლის 23 სექტემბრამდე, დაბრუნებისა და, წლიური 17.5% სარგებლის გადახდის პირობით. ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის მხარეებმა გაითვალისწინეს ფიქსირებული პირგასამტეხლო - 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5% (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).

4.5. პირველი საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემული კრედიტის თანხა მსესხებელმა გამოიყენა და მისი დავალიანება - 3720.64 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხა - 3196.32 ლარი, პროცენტი - 243.63 ლარი, ჯარიმა - 270.96 ლარი და დაზღვევა 9.73 ლარია.

4.6. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის 2016 წლის 14 დეკემბერს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე საკრედიტო ხელშეკრულება), წლიური 16.5%-იანი სარგებლის გადახდის პირობით. დავალიანებამ - 688.17 ლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი თანხა - 519.32 ლარი, პროცენტი - 35.75 ლარი, ჯარიმა - 131.87 ლარი და დაზღვევა 1.23 ლარია.

4.7. 2017 წლის 2 ოქტომბრის, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება), მეორე მოპასუხემ პირველი მოპასუხისაგან შეიძინა ქალაქ თბილისში, ..... მდებარე #5 ბინა, მიწის უძრავი ქონების საკადასტრო კოდით #...... და ეს უკანასკნელი აღირიცხა მესაკუთრედ (იხ. ნასყიდობის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 70-71; 7374).

5. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ინტერესი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მიღწევადი იქნებოდა, თუკი კასატორი, სადავო ხელშეკრულების გაფორმებისას დაამტკიცებდა მხარეთა მიერ ვალდებულების დაფარვის მიზნით უძრავი ქონების გასხვისების ერთობლივ მოტივს. მისი პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ პირველ მოპასუხეს არ გააჩნია უძრავი ქონება, გარდა მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე, მეორე მოპასუხეზე, გასხვისებული უძრავი ქონებისა, რაც მოსარჩელის, როგორც კრედიტორის, სასარგებლოდ, პირველი მოპასუხისათვის (მოვალისათვის) დაკისრებულ თანხის ნაწილში აღუსრულებლად აქცევს სასამართლო გადაწყვეტილებას, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მოჩვენებითი გარიგების არსებობის შემთხვევაში, ნების გამოვლენის გარეგანი დათქმა არ არსებობს. ამ შემთხვევაში, აუცილებელია, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები შეთანხმებით მოქმედებდნენ და ნების ნაკლს ორივე აცნობიერებდეს. მოჩვენებითი გარიგების დროს კანონი ადგენს კავშირს ფიქციურ გარიგებასა და ნების მიმღები ადრესატის თანხმობას შორის. სსკ-ის 56-ე მუხლის პირველ ნაწილში ის შემთხვევა იგულისხმება, როდესაც, როგორც ნების გამომვლენი, ასევე, მისი მიმღები მოქმედებენ იმ განზრახვის გარეშე, რომ ამ გარიგებას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ მოჩვენებით გარიგებას ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, „გარიგება“ მოჩვენებით ნების გამოვლენის შესახებ. ამ შემთხვევაში, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება. მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, ძირითადში მოჩვენებითი გარიგების დადება უკავშირდება მესამე პირებთან არსებულ ურთიერთობას (მაგალითად, მოჩვენებითი გარიგების დადების ერთ-ერთ მოტივს შეიძლება, წარმოადგენდეს მესამე პირის მოტყუება, პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება და ა.შ). ამრიგად, იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება, მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქციური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამ მხრივ, დიდი მნიშვნელობა ენიჭება პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ას-921-861-2017).

6. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს, იმაზე რომ გარიგების მოჩვენებითად მიჩნევისათვის, უნდა დგინდებოდეს ორივე მხარის აღნიშნული მიზნით მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეების ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების ფაქტი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც განხორციელდა კიდეც, მეორე მოპასუხე საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ აღირიცხა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი არ იყო, უძრავი ქონება გასხვისდა იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი არ ვლინდებოდა.

7. რაც შეეხება, მოსარჩელის/კასატორის მიერ სადავო გარიგების მოჩვენებითი ხასიათის სამტკიცებლად მითითებულ გარემოებას, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შემძენის სახელზე საჯარო რეესტრში დაჩქარებული წესით რეგისტრაციასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლოს განსჯით, აღნიშნულ გარემოებაზე დაყრდნობით, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევა, შეუძლებელია.

8. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ #ას-220-2019, 27.05.2019წ).

10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

12. სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „თ.ბ–ს“ (ს/კ .....) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #18, გადახდის თარიღი 08.07.2019წ.), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი