საქმე №ა-3421-შ-93-2019 12 ნოემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „უ.-ი.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი. ს.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ი. ს.“ (საქართველო, ქ. თბილისი, ... რაიონი, ა. შესახვევი 1, საიდენტიფიკაციო ნომერი: 405179...) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „უ.-ი.“ სასარგებლოდ (უკრაინა, 59343, ჩერნოვცის ოლქი, კიცმანსკის რაიონი, სოფ. მამაევცი, ბ. ქუჩა ..., უკრაინის საწარმოთა და ორგანიზაციათა ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ნომერი /ეგრპოუ/ - 3341...) დაეკისრა დავალიანება 60 389,85 აშშ დოლარის ოდენობით მიწოდებული პროდუქციისათვის, 3 692,40 აშშ დოლარი საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდისათვის, სულ 64 082 (სამოცდაოთხი ათას ოთხმოცდაორი) აშშ დოლარი და 27 ცენტი.
2. ადვოკატებმა ჯ. შ-ამ და ნ. გ-ამ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვეს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მისი მიღების თარიღიდან, არის საბოლოო და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს „უ.-ი.“ დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) ოფიციალური დოკუმენტის დედანი და მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ი.რ. არტიშს ჰქონდა შპს „უ.-ი.“ სახელით მინდობილობის გაცემის უფლებამოსილება (მაგ., ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან); ბ) სსსკ-ის 98-ე მუხლის შესაბამისად შედგენილი მინდობილობა და მისი სათანადო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი; გ) ვოლოდიმირ დერჟიცკის, როგორც შპს „უ.-ი.“ წარმომადგენლის, მიერ შპს „უ.-ი.“ ინტერესების დაცვის მიზნით გაცემული მინდობილობა; დ) საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი და ქართულ ენაზე ამ საბუთის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
5. ზემოაღნიშნული განჩინებით დადგენილ ვადაში შპს „უ.-ი.“ სახელით საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ი.რ. არტიშმა, როგორც აღნიშნული კომპანიის დირექტორმა და წარმოადგინა დამატებითი დოკუმენტაცია და მინდობილობები.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით შპს „უ.-ი.“ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) ოფიციალური დოკუმენტის სათანადო წესით დამოწმებული (დაწესებულების ბეჭდით და კომპეტენტური პირის ხელმოწერით) დედანი და მისი სათანადო წესით დამოწმებული თარგმანი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ი.რ. არტიშს ჰქონდა შპს „უ.-ი.“ სახელით მინდობილობის გაცემის უფლებამოსილება (მაგ., ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან); ბ) საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი და ქართულ ენაზე ამ საბუთის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი.
7. ზემოაღნიშნული განჩინებით განსაზღვრულ ვადაში შპს „უ.-ი.“ დირექტორმა ი.რ. არტიშმა ნაწილობრივ შეავსო დადგენილი ხარვეზი. კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო საარბიტრაჟო შეთანხმების დედანთან დაკავშირებით განმარტა, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილების ორიგინალში არის მითითება 2019 წლის 7 სექტემბრის №3-E/20... ხელშეკრულების 9.1. პუნქტზე, რომლის თანახმად, ყველა დავა, უთანხმოება ან მოთხოვნა, რომლებიც წარმოიშობა ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, რომლებიც ეხება მის დადებას, განმარტებას, შესრულებას, დარღვევას, შეწყვეტას ან ბათილობას, ექვემდებარება უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში გადაწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ განცხადებასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „უ.-ი.“-ის შუამდგომლობა უნდა დარჩეს განუხილველად.
9. „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით.
10. დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია კონვენციაზე ხელმომწერი სახელმწიფოს ვალდებულება, საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს კონვენციით დადგენილი ნორმების შესაბამისად, თუმცა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელებისას გამოიყენება საქმის განმხილველი სასამართლოს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო ნორმები (იხ. სუსგ №ა-3338-შ-89-2013, 5 მაისი, 2014 წელი).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 ივლისისა და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ ამავე პალატის 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებებით დაევალა წარმოედგინა საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი და ქართულ ენაზე ამ საბუთის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი. შპს „უ.-ი.“ დირექტორის განმარტება და მითითება უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებაზე არასაკმარისია. მართალია, აღნიშნული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ 2017 წლის 7 სექტემბრის №3-E/20.. ხელშეკრულების 9.1. პუნქტი (2018 წლის 23 აპრილის №4 დამატებითი შეთანხმების რედაქციით) შეიცავდა შემდეგ დათქმას: „9.1. ყველა უთანხმოება და დავა, რომლებიც შეიძლება აღმოცენდეს წინამდებარე კონტრაქტიდან ან მასთან დაკავშირებით, უნდა დარეგულირდეს უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს (ქ. კიევი) ერთი არბიტრის მიერ, ამ არბიტრაჟის რეგლამენტის შესაბამისად. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა ორივე მხარისათვის. კიევი არის საარბიტრაჟო სასამართლოს რეზიდენცია. გამოყენებადი მატერიალური სამართალია - საარბიტრაჟო ქვეყნის (უკრაინა) სამართალი. საქმისწარმოება უნდა მიმდინარეობდეს რუსულ ენაზე“, თუმცა, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, შუამდგომლობის ავტორმა უნდა წარმოადგინოს გადაწყვეტილებაში აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი [44-ე მუხლის მე-2 პუნქტი: მხარემ, რომელიც შუამდგომლობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, უნდა წარმოადგინოს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სათანადოდ დამოწმებული დედანი (საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი გადაწყვეტილებებისთვის) ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლში მითითებული საარბიტრაჟო შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან შეთანხმება არ არის შესრულებული ქართულ ენაზე, მხარემ უნდა წარმოადგინოს ასევე ქართულ ენაზე ამ საბუთების სათანადოდ დამოწმებული თარგმანი].
14. იმავე შინაარსის ნორმას შეიცავს „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ პუნქტი, რომლის თანახმად, წინა მუხლში აღნიშნული ცნობის მისაღებად და აღსრულებისათვის ცნობისა და აღსრულების მთხოვნელი მხარე თხოვნის შეტანისას წარადგენს II მუხლში აღნიშნული შეთანხმების დედანს, ან სათანადოდ დამოწმებულ მის ასლს. ამავე კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი მხარე ცნობს წერილობით შეთანხმებას, რომლითაც მხარეები ვალდებულებას კისრულობენ არბიტრაჟს გადასცენ ყველა ან ზოგიერთი სადავო სარჩელი, რომლებიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის რომელიმე კონკრეტული სახელშეკრულებო ან სხვა სამართალურთიერთობის გამო, რომლის ობიექტი შეიძლება საარბიტრაჟო გარჩევის საგანი გახდეს. ტერმინი "წერილობითი შეთანხმება" ნიშნავს ხელშეკრულების საარბიტრაჟო დამატებით შენიშვნას, ამ მხარეების მიერ ხელმოწერილ საარბიტრაჟო შეთანხმებას, ან რომელსაც შეიცავს წერილებისა და დეპეშების გაცვლა.
15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ საარბიტრაჟო შეთანხმების დედნისა ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლის წარმოდგენა არის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების განხილვის ფორმალური წინაპირობა, რომელიც, მიუხედავად სამოქალაქო საქმეთა პალატის არაერთგზის მითითებისა, შუამდგომლობის ავტორმა არ დააკმაყოფილა.
16. განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. ამასთან, 2019 წლის 5 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში შუამდგომლობა განუხილველად დარჩებოდა. ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს შუამდგომლობის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
18. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შუამდგომლობის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ შეავსო, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა განუხილველად უნდა დარჩეს.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეცხრე კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. მითითებული ნორმის საფუძველზე, მხარეს მთლიანად უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების“ 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 და მე-4 მუხლებით, „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374.3 და 396-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „უ.-ი.“-ის შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2019 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. შპს „უ.-ი.“-ს (უკრაინა, 59343, ჩერნოვცის ოლქი, კიცმანსკის რაიონი, სოფ. მ., ბ. ქუჩა .., ეგრპოუ - 33418..) დაუბრუნდეს ნ. გ-ას (პ/ნ 0102101...) მიერ 2019 წლის 11 ივლისს N1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური