Facebook Twitter

საქმე №ას-1465-2019 10 აპრილი, 2020 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. კ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. კ-ო, რ. კ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული სარგებლის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. კ-ძემ (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და ნ. კ-ომ (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) სარჩელი აღძრეს ბ. კ-ძისა (შემდეგში - პირველი მოპასუხე) და ლ. კ-ძის (შემდეგში - მეორე მოპასუხე, კასატორი) მიმართ, რომლითაც მოითხოვეს პირველი და მეორე მოპასუხისათვის 38,800 ლარის გადახდის დაკისრება.

2. სარჩელის მიხედვით, მეორე მოსარჩელესა და მ. კ-ძეს შეეძინათ შვილი - რ. კ-ძე. მისი დაბადების შემდეგ მეორე მოსარჩელე შვილთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა უკრაინაში. 2011 წელს მეორე მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში. მეორე მოსარჩელემ და მ. კ-ძემ მოახდინეს ქორწინების რეგისტრაცია და დაიწყეს თანაცხოვრება … რაიონის სოფელ ს., სადაც კომლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ააშენეს საცხოვრებელი სახლი, თუმცა, მისი მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა. მ. კ-ძის გარდაცვალების შემდეგ, ამ უკანასკნელის მშობლებმა კომლის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთის ნახევრის გადაცემის შესახებ მიცემული ზეპირი პირობა არ შეასრულეს. მეუღლეების საერთო ძალებით აშენებული საცხოვრებელი სახლი საკუთრებაში ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცეს პირველ მოპასუხეს, რომელმაც, თავის მხრივ, აღნიშნული უძრავი ქონება მიყიდა მეორე მოპასუხეს 1000 ლარად. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ჩუქების გარიგება მოჩვენებითია, ხოლო ამ გარიგებით გამდიდრებულ პირს წარმოადგენენ მოპასუხეები.

3. მოპასუხეებმა მოთხოვნის გამომრიცხველ შესაგებელში უარყვეს კომლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სახლის აშენება მეორე მოსარჩელისა და მ. კ-ძის მიერ. მათი განმარტებით მეორე მოსარჩელე მხოლოდ დრო და დრო ჩამოდიოდა უკრაინიდან საქართველოში და არც საიმისო სახსრები გააჩნდა რომ აეშენებინა სახლი, ხოლო რაც შეეხება მ. კ-ძეს, იგი დაავადებული იყო მძიმე სენით, მკურნალობდა, არ გააჩნდა შემოსავალი სახლის ასაშენებლად.

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი. მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 18 950 ლარის გადახდა.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო საჩივრით. მოსარჩელეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, მოპასუხეებისათვის დამატებით 19850 ლარის გადახდის დაკისრება. მოპასუხეებმა კი მოითხოვეს სარჩელის სრულად უარყოფა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით, პირველი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგი სახით: მეორე მოპასუხეს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 37 800 ლარის გადახდა. მოთხოვნა პირველი მოპასუხეებისათვის თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა შემდეგ გარემოებებსა და მოსაზრებებს:

8. მოსარჩელეები არიან დედა-შვილი. მეორე მოსარჩელე შვილის დაბადების შემდეგ საცხოვრებლად წავიდა უკრაინაში. მეორე მოსარჩელის მეუღლემ - მ. კ-ძემ იქორწინა ნ. ს-ძეზე, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილები - ლ. და ლ. კ-ძეები. 2011 წელს კი, მეორე მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში და იმავე წლის 23 ივნისს მ. კ-ძესთან გატარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამ დროიდან, დაიწყო მათი თანაცხოვრება. მათთან საცხოვრებლად ჩამოდიოდა პირველი მოსარჩელე, რომელიც მ. კ-ძემ, როგორც მამამ მიიღო სახლში ოჯახის წევრად, ასევე, ბაბუა-ა. კ-ძემაც.

9. ქორწინებისა და შვილის დაბრუნების შემდგომ, მ. კ-ძემ მეორე მოსარჩელესთან ერთად, კომლის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე, მამისეული სახლის გვერდით, დაიწყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. სახლი ამჟამად, სრულად აშენებული არ არის, მისი საბაზრო ღირებულება შედგენს 37900 ლარს.

10. მ. კ-ძე გარდაიცვალა 20… წლის … აპრილს. მ. კ-ძის გარდაცვალების შემდგომ, სამკვიდრო მიიღო და ქონების ფაქტობრივი ფლობა განაგრძო მეორე მოსარჩელემ (მეუღლე). იგი, მეუღლის გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა გარდაცვლილი მეუღლის მამისა და ნათესავების სახლში, განკარგა კუთვნილი საოჯახო ნივთები: მაცივარი, გარდაცვლილი მეუღლის კუთვნილი არყის სახდელი აპარატი და სხვა. გარდა ამისა, ფაქტობრივად ფლობს სადავო საცხოვრებელ სახლს, რომელიც დაკეტილია და გასაღები ინახება მეორე მოსარჩელესთან.

11. მიწის ნაკვეთი, რომელზეც დაწყებული იქნა სადავო სახლის მშენებლობა,წარმოადგენდა კომლის სარგებლობაში არსებულ 5000 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს. კომლის უფროსად ირიცხებოდა მ. კ-ძის მამა - ა. კ-ძე.

12. მურმან კომახიძის გარდაცვალების შემდგომ, აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საკუთრების უფლებით დაირეგისტრირეს ა. კ-ძემ და ფ. კ-ძემ, ხოლო შემდგომ, ჩუქების ხელშეკრულებით გადასცეს შვილიშვილს (მ. კ-ძის ძმის შვილს) პირველ მოპასუხეს. პირველ მოპასუხემ აღნიშნული ქონების ნაწილი, 305 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ნასყიდობით, 1000 ლარად გადასცა მ. კ-ძის ქალიშვილს - მეორე მოპასუხეს (კასატორს) და ამჟამადაც ირიცხება მეორე მოპასუხის (კასატორის) საკუთრებაში.

13. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ, სოფელ ს. მაცხოვრებელთა 43 პირის ხელმოწერით დადასტურებული ჩანაწერი (ტ.1.ს.ფ.28-29), სადაც აღნიშნულია, რომ რ. კ-ძემ, მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, რომელიც მშობლებმა სიტყვიერად გადასცეს, ნ. კ-ოსთან და მათ საერთო შვილთან, რ. კ-იძესთან ერთად ააშენა საცხოვრებელი სახლი და სახლთან მდებარე ხის პატარა შენობა, თუმცა, თვითონ მშენებლობის დასრულებამდე და მიწის ნაკვეთის და სახლის დარეგისტრირებამდე გარდაიცვალა.

14. სასაქონლო ზედნადებების თანახმად, ნადიაკრავჩენკომ შეიძინა და სოფელ ს. მიიტანა 350 ცალი სამშენებლო ბლოკი, და ბეტონი, რომელიც სოფელ ს.ი ტრანსპორტირებული იქნა ჯ. მ-ის მიერ.

15. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიღებული საზღვრის კვეთის ინფორმაციის თანახმად, ნ. კ-ო 2011 წლიდან ძირითადი პერიოდი იმყოფებოდა საქართველოში.

16. საქმეში განთავსებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებცნობებით დასტურდება, რომ მურმან კომახიძე გარდაცვალებამდე ხანმოკლე პერიოდში, რამდენიმე თვე ავადმყოფობდა.

17. მოწმე ზ. კ-ძემ განმარტა, რომ მ. კ-ძე იყო მისი ბიძაშვილი. მასთან ნ. კ-ოს დაბრუნებისა და ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ, მამისეულ მიწის ნაკვეთზე, მ. კ-ძემ მეუღლესთან ერთად დაიწყო სახლის მშენებლობა. მშენებლობაში ძირითადად თვითონ ეხმარებოდა და ყველაფერს თვითონ აკეთებდა. მას, სამშენებლო მასალების შესაძენად ფულს აძლევდა ნ. კ-ო. ეხმარებოდნენ მეზობლებიც. თანხას აგზავნიდა რ. კ-ძეც. ერთხელ, თვითონ დაესწრო ფულის მიღებას, როცა რ. კ-ძემ გადმორიცხა 200 ევრო. სახლი იყო მ. კ-ძის ოჯახის, უნდა დარეგისტრირებულიყო მასსა და მისი ოჯახის წევრებზე, თუმცა, მისი გარდაცვალების შემდგომ, მამამ-ა. კ-ძემ თავის სახელზე გადაიფორმა, ხოლო ნ. კ-ო იძულებული იყო გაეყიდა დარჩენილი ქონება და წასულიყო უკრაინაში.

18. მოწმე რ. ხ-მა განმარტა, რომ მ. კ-ძე იყო მისი მეზობელი და უახლოესი მეგობარი. მ. დაუბრუნდა მისი 30 წლის წინ დაკარგული შვილი - რ.. მას გაუჩნდა ცხოვრების ინტერესი. მამისეული მიწა გაინაწილეს ძმებმა, რის შემდეგაც, მ. კ-ძემ დაიწყო სახლის მშენებლობა. სახლი შენდებოდა რ. დაფინანსებით და უნდა ყოფილიყო მისი.

19. მოწმე, ე. ხ-მა განმარტა, რომ მ. კ-ძემ მას შემდეგ გადაწყვიტა სახლის მშენებლობა, რაც იპოვა თავისი ცოლ-შვილი. მ. ჰქონდა საკმაო შემოსავლები, სახლის მშენებლობაზე იხარჯებოდა მისი თანხები. მშენებლობაში ეხმარებოდნენ მეზობლები.

20. ორივე მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმე მოწმე ჯ. მ-მა განმარტა, რომ მ. სახლის მშენებლობის დროს,თვითონაც იშენებდა სახლს. სილა-ცემენტი რამდენჯერმე მ. მიუტანა. თანხას იხდიდა მ. კ-ძე, მას მეორე მოსარჩელე არ უნახავს.

21. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, მეზობლების ხელმოწერით (46 პირის ხელმოწერა) დადასტურებულ წერილობით განმარტებაში (ტ.1.ს.ფ.161-163) აღნიშნულია, რომ ძველი კომლის სახლის მიმდებარედ მშენებლობა დაიწყო თავად ა. კ-ძემ თავისი სახსრებით, რომელიც მიიღო მიწის ნაკვეთის 37400 ლარად გასხვისებით. სახლი შენდებოდა ა. კ-ძის მხარდაჭერით.

22. მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი საკომპენსაციო ხელშეკრულების თანახმად, (ტ.1.ს.ფ.73-85), 2013 წელს, ა. კ-ძემ, შპს ,,ა. ე. …“-ისაგან მიიღო მიწის ნაკვეთის საკომპენსაციო თანხა (37466 ლარი).

23. მოპასუხე მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმემ- ზ. კ-ძემ (ა. კ-ძის ძმა) განმარტა, რომ ა. კ-ძემ ორივე ვაჟიშვილს გაუნაწილა მიწის ნაკვეთი, ასევე, გაუნაწილა საკომპენსაციოდ მიღებული თანხაც.

24. მოპასუხე მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმემ-ზ. კ-ძემ (მოწმე ზ. კ-ძის ძმა) განმარტა,რომ მ. კ-ძისათვის სახლის მშენებლობა დაიწყეს ა. კ-ძის ფულით, რომელიც მან მიიღო მიწის ნაკვეთის გაყიდვის შედეგად. ავნის უნდა ეცხოვრა მ. ერთად, მაგრამ მშენებლობის პერიოდში მოხდა უკმაყოფილება. ა. კ-ძემ დაიბარა ზ. კ-ძე და უთხრა, რომ სახლი შვილიშვილზე უნდა გადაეფორმებინა. თვითონ წაიყვანა რეესტრში და ქონება გადაუფორმა შვილიშვილს.

25. მოპასუხე მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმემ - ჟ. კ-ძემ განმარტა,რომ მისმა მამამ, ა. კ-იძემ, კომპენსაციით მიღებული თანხა მისცა მ. კ-ძეს სახლის მშენებლობისათვის, მ. კ-ძეს და ნ. კ-ოს საკუთარი თანხები არ გააჩნდათ. ნ. კ-ო მ. გარდაცვალების შემდგომაც ართმევდა ფულს ა. კ-ძეს. მ. გარდაცვალების შემდგომ, მისი ქონება გაყიდა ნ. კ-ომ, სახლს თვითონ დაეპატრონა და გასაღებიც მას აქვს. ა. კ-ძეს უნდოდა რომ ქონება ყველა შვილიშვილს დარჩენოდა, ამიტომ გადაუფორმა პირველ მოპასუხეს.

26. მოპასუხე მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმემ-ს. მ-ძემ განმარტა, რომ მ. კ-ძემ დაიწყო სახლის მშენებლობა, როცა ჩამოიყვანათავისი ცოლი და შვილი. მანამდე, მისი მამა-ა. კ-ძეც ამბობდა, რომ მ. შვილი რომ ჩამოვიდოდა, სახლი უნდა დაეხვედრებინა. ა. მიიღო ფულადი კომპენსაცია და გაუნაწილა შვილებს. თანხა მ. ჰქონდა. მას სახლის მშენებლობაში მეზობლებიც ეხმარებოდნენ, სახლიშენდებოდა მ.. მისი გარდაცვალების შემდეგ, ცოლმა და შვილმა გაყიდეს დარჩენილი ქონება და წავიდნენ.

27. მოპასუხე მხარის ინიციატივით დაკითხულმა მოწმემ- მ. ს-ძემ (მ. კ-ძის და) განმარტა,რომ ნ. კ-ო მ. დაბრუნდა 35 წლის შემდეგ, გარდაცვალებამდე 4 წლით ადრე. მას მიეცა სტიმული შვილის ჩამოყვანაზე. მას ეხმარებოდა მამა - ა. კ-ძე, უნდოდა მასთან ცხოვრება, რის გამოც, გვერდით, ერთად დაიწყეს სახლის მშენებლობა. მშენებლობაში ეხმარებოდნენ ბიძაშვილები და მეზობლები, მაგრამ ფულს იხდიდა ა. კ-ძე. მ. გარდაცვალების შემდეგ, ნ. დაიწყო ქონების გაყიდვა, ამიტომ ა. კ-ძემ სახლი გაიფორმა თავის სახელზე და შემდეგ გადასცა შვილიშვილებს.

28. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად დადგინდა, რომ სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ჯამში შეადგენს 37 900 ლარს.

29. დადგენილია, რომ აშენდა მხოლოდ შავი კარკასი, რაშიც მონაწილეობას იღებდნენ მოსარჩელეები და მეორე მოსარჩელის მეუღლე, ამ უკანასკნელს კი გააჩნდა თავისი შემოსავალი. თავდაპირველი მესაკუთრის მიერ გაყიდული მიწის ნაკვეთის თანხა მისმა შვილებმა თანაბრად გაიყვეს. სახლის გასაღები მოსარჩელეებს აქვთ და იქ მოპასუხეები არასდროს მისულან. სახლს აშენებდა მეორე მოსარჩელის მეუღლე და სახლის გასაღები ჰქონდა მას.

30. მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თავდაპირველი მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე სადავო საცხოვრებელი სახლი შენდებოდა მეორე მოსარჩელის მეუღლის ოჯახისთვის, მოსარჩელეებისა და თავდაპირველი მესაკუთრის მიერ ნაჩუქარი თანხით.

31. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იქიდან გამომდინარე, რომ მიწის ნაკვეთი სახლის მშენებლობამდე იყო თავისუფალი და მისი საბაზრო ღირებულება წარმოადგენდა 915 ლარს, პირველი მოპასუხის მიერ, მეორე მოპასუხისთვის ჩუქების გზით მიღებული სადავო უძრავი ქონების 1000 ლარად გასხვისება არ ნიშნავს მის გამდიდრებას, ამიტომ მოსარჩელეთა მოთხოვნა პირველი მოპასუხის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებით ქონების გაუმჯობესებით წარმოშობილი ღირებულების ანაზღაურების თაობაზე იყო უსაფუძვლო.

32. მოსარჩელეთა მოთხოვნა მეორე მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ საფუძვლიანად მიიჩნია, რადგან როგორც დადასტურდა, სადავო მიწის ნაკვეთზე აშენებული სახლით, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება გაიზარდა მოსარჩელეებისა და მეორე მოსარჩელის მეუღლის თანხით და შეადგინა 38 800 ლარი.

33. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მეორე მოპასუხემ მოსარჩელეების მიერ გაუმჯობესებულ სადავო უძრავ ქონებაში გადაიხადა 1000 ლარი, რაც ნიშნავს იმას, რომ მან 37 800 ლარი დაზოგა და შესაბამისად უსაფუძვლოდ გამდიდრდა.

34. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

36. მეორე მოპასუხის კასატორის საკასაციო საჩივარი აგებულია შემდეგ მოსაზრებებსა და სავარაუდო დარღვევებზე:

37. კასატორი სადავოდ ხდის სახლის აშენებაში გაღებული ხარჯის გამოთვლასა და მის გაწევას. კასატორისთვის გაუგებარია რატომ ჩათვალა სასამართლომ მეორე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი მოსარჩელეების მიერ გაწეულ ხარჯად, თუ რატომ არ მიიჩნია დადასტურებულად თავდაპირველი მესაკუთრის მონაწილეობა სახლის მშენებლობაში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარმოდგენილი მოწმეებით ნათლად დასტურდება აღნიშნული ფაქტი, რომ თავდაპირველი მესაკუთრის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა სახლის ნაწილი. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებდა მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე, რომლის ჩვენება სასამართლომ დაუსაბუთებლად არ გაიზიარა. შესაბამისად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება არასათანადოდ შეფასდა, რისი შედეგიც იყო არასწორი გადაწყვეტილების მიღება.

38. კასატორი მიიჩნევს, რომ დავის სწორი გადაწყვეტა შეუძლებელია მისი ფაქტობრივი გარემოებების სწორად გამოკვლევის გარეშე, ამიტომ სასამართლომ უნდა გამოარკვიოს საკითხები, რომელთა გარეშეც უფლებამოსილი პირის გამდიდრების ფაქტის დადგენა და დავის კანონიერი გადაწყვეტა შეუძლებელი იქნება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ უნდა იმსჯელოს რა სახის ხარჯი იქნა გაწეული მხარეების მიერ და რა მოცულობით მოხდა მისი გამდიდრება.

39. კასატორი სადავოდ ხდის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებას და აღნიშნავს, რომ მართალია სასამართლომ მოწმის ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავ მტკიცებულებებად შეაფასა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებისას მტკიცებულებები არა თუ ერთობლიობაში გამოიკვლია, არამედ მხოლოდ მოსარჩელის მტკიცება ჩათვალა სარწმუნოდ. ხოლო დოკუმენტები, რომლებიც თავდაპირველი მესაკუთრის ფინანსურ მონაწილეობაზე მიუთითებდა უგულებელჰყო. ამასთან, სასამართლომ მხოლოდ ორ მოწმეზე გაამახვილა ყურადღება, რომელთაგან ერთ-ერთი ადასტურებდა პირველი მოსარჩელის მიერ თვითმფრინავით თანხის გადმოგზავნის ფაქტს, თუმცა, მან ვერ შეძლო აღნიშნული ფაქტის სხვა მტკიცებულებებით დადასტურება. იქიდან გამომდინარე, რომ მოწმეს ჰქონდა სურვილი გაეყიდა სადავო სახლი, რაც გახდა მხარეებთან კონფლიქტის მიზეზი, აღნიშული პირი დაინტერესებულია საქმის გადაწყვეტით და მისი ჩვენების მტკიცებულებად მითითება არ უნდა იყოს დასაშვები.

40. სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ ჩათვალა მეორე მოსარჩელის მეუღლის შემოსავლის არსებობის ფაქტი მის საკუთრებაში არსებული სკების საფუძველზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს გარემოება არ უნდა ჩათვლილიყო შემოსავლის მიღების იმდენად მყარ არგუმენტად, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა სახლის მშენებლობის დაწყება, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც სკები ყოველთვის იყო მის საკუთრებაში, მაგრამ სახლის მშენებლობა კი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც თავდაპირველმა მესაკუთრემ მიწის ნაკვეთი გაყიდა. მნიშვნელოვანია არა ის, თუ რისთვის სჭირდებოდა ახალი სახლი მოხუცებულს, არამედ ის, თუ რა ხარჯი გაწია მან მშენებლობაზე. ამოსავალი წერტილი უსაფუძვლო გამდიდრებაზე არის ხარჯის გაწევის ფაქტი, რომელიც მოსარჩელეებმა წარმოდგენილი დოკუმენტებით ვერ დაადასტურეს.

41. მოსარჩელეთა მოწმეების მიერ დადასტურებული ფაქტი უტყუარად მიიჩნია სასამართლომ და დამტკიცებულად ჩათვალა, რომ მეორე მოსარჩელის მეუღლემ თავისი სახსრებით დაიწყო სახლის მშენებლობა, ხოლო თავდაპირველმა მესაკუთრემ მიწის ნაკვეთის გასხვისებით მიღებული ფულადი კომპენსაცია გაუნაწილა შვილებს. ასეთი ფაქტის დამტკიცება შეუძლებელი იქნებოდა სასამართლოს მტკიცებულებები ერთობლიობაში რომ შეეფასებინა.

42. ექსპერტიზამ დაადგინა, თუ კონკრეტულად რა ფასში მოხდა უძრავი ქონების ღირებულების ზრდა, რაც სასამართლომ ავტომატურად მიიჩნია მოსარჩელეების მიერ გაღებული ხარჯების ოდენობად, რაც საფუძველს მოკლებულია.

43. სადავო ქონების ღირებულება გაიზარდა არა მოსარჩელეებისა და მეორე მოსარჩელის მეუღლის მიერ გაღებული ხარჯების საფუძველზე, არამედ, თავად თავდაპირველი მესაკუთრის მიერ გაღებული ხარჯით, რაც მოწმეთა ჩვენებებითა და საკომპენსაციო დოკუმენტით ცხადად დასტურდება. რაც შეეხება მემკვიდრეობაზე მითითებას, სავალდებულო წილის მემკვიდრედ არა მხოლოდ მოსარჩელეები, არამედ თავად მეორე მოპასუხეც გვევლინება, რადგან ისიცაა მეორე მოსარჩელის მეუღლის შვილიც.

44. პალატას არ გამოუკვლევია მოსარჩელე მხარეს რამდენად ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა სახლის მშენებლობაში მიეღო მონაწილეობა, ამიტომ თავისი გადაწყვეტილება ექსპერტიზის დასკვნას დააფუძნა, რომელიც თავის მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ სახლის ღირებულების გაზრდის ფაქტს ადასტურებს და არა მშენებლობაში მოსარჩელეთა ფინანსურ ჩართულობას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

45. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო 2020 წლის 31 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტისა (დისპოზიცია: საკასაციო საჩივარი ქონებრივ და არაქონებრივ დავაზე დასაშვებია თუ, საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას) და ამავე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით (დისპოზიცია: სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე).

46. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:

47. საქმის მასალების მიხედვით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 18 950 ლარის გადახდა გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით. სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა შემდეგი სახით: მეორე მოპასუხეს (ლ. კ-ძე) მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 37 800 ლარი. აღნიშნული თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

48. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იხილება მხოლოდ მეორე მოპასუხის (ლ. კ-ძე) საკასაციო საჩივარი, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პლატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

49. კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის უარყოფას მოითხოვს და საკასაციო საჩივრის პრეტენზიას იმაზე ამყარებს, რომ საქმის მასალებით დაუდგენელია თუ, რა სახის ხარჯი გასწიეს მხარეებმა და რა მოცულობით გამდიდრდა მოპასუხე (ლ. კ-ძე).

50. საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის, საკასაციო პალატა მიუთითებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

51. მოსარჩელეები ნ. კ-ო და რ. კ-ძე არიან დედა-შვილი; რ. კ-ძე დაბადებულია 19… წლის … მარტს … რაიონის სოფელ მ., მამა არის კ-ძე მ. ა. ძე.

52. მეორე მოსარჩელე შვილის დაბადების შემდეგ საცხოვრებლად წავიდა უკრაინაში. მეორე მოსარჩელის მეუღლემ - მ. კ-ძემ კი, იქორწინა ნ. ს-ძეზე, რომელთანაც შეეძინა ქალიშვილები - ლ. და ლ. კ-ძეები. მოგვიანებით, მ. კ-ძე და ნ. ს-ძე ერთმანეთს დაშორდნენ.

53. 2011 წელს კი, მეორე მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში და იმავე წლის 23 ივნისს მ. კ-ძესთან გატარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამ დროიდან, დაიწყო მათი თანაცხოვრება. მათთან საცხოვრებლად ჩამოდიოდა პირველი მოსარჩელე, რომელიც მ. კ-ძემ, როგორც მამამ მიიღო სახლში ოჯახის წევრად, ასევე, ბაბუა-ა. კ-ძემაც.

54. მიწის ნაკვეთი, რომელზეც დაიწყო სახლის მშენებლობა, წარმოადგენდა კომლის სარგებლობაში არსებულ 5000 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს. კომლის უფროსად ირიცხებოდა მ. კ-ძის მამა - ა. კ-ძე.

55. მეორე მოსარჩელის მეუღლე - მ. კ-ძე, გარდაიცვალა 20… წლის … აპრილს.

56. მ. კ-ძის გარდაცვალების შემდგომ, აღნიშნული მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები საკუთრების უფლებით დაირეგისტრირეს ა. კ-ძემ და ფ. კ-ძემ, ხოლო შემდგომ, ჩუქების ხელშეკრულებით გადასცეს შვილიშვილს (მ. კ-ძის ძმის შვილს) პირველ მოპასუხეს. პირველმა მოპასუხემ აღნიშნული ქონების ნაწილი, 305 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ნასყიდობით, 1000 ლარად გადასცა მ. კ-ძის ქალიშვილს - მეორე მოპასუხეს (კასატორს) და ამჟამადაც, აღნიშნული ქონება ირიცხება მეორე მოპასუხის (კასატორის) საკუთრებაში.

57. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაბუთებულ პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოთ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ შეიცავს. შესაბამისად, ამ ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა გააჩნიათ.

58. გამომდინარე იქიდან, რომ კასატორი (მოსარჩელე) სადავოდ ხდის მოსარჩელეების მიერ ხარჯის გაწევას სახლის მშენელობლობაში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთზე სადავო საცხოვრებელი სახლი შენდებოდა მეორე მოსარჩელის მეუღლის - განსახილველი დავის წარმოების დროისათვის გარდაცვლილი მ. კ-ძის ოჯახისთვის, კერძოდ, დადგენილია, რომ 2011 წელს კი, მეორე მოსარჩელე დაბრუნდა საქართველოში და იმავე წლის 23 ივნისს მ. კ-ძესთან გატარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამ დროიდან, დაიწყო მათი თანაცხოვრება. მათთან საცხოვრებლად ჩამოდიოდა მათი შვილი - პირველი მოსარჩელე, რომელიც მ. კ-ძემ, როგორც მამამ მიიღო სახლში ოჯახის წევრად, ასევე, ბაბუა-ა. კ-ძემაც.

59. სადავო გარემოებებთან, კერძოდ, სახლის მშენებლობაში მოსარჩელეთა მიერ ხარჯის გაწევასთან მიმართებით, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ სახლი შენდებოდა მოსარჩელეების (დედა-შვილი) და თავდაპირველი მესაკუთრის - ბაბუის მიერ ნაჩუქარი ფულადი სახსრებით. გარკვეული ხარჯები თავისი სამეურნეო შემოსავლიდან გაღებული აქვს მ. კ-ძესაც. აღნიშნულ გარემოებას სადავოდ ხდის მოპასუხე (კასატორი) და განმარტავს, რომ ნ. კ-ოსა და რ. კ-ძეს არავითარი მატერიალური მონაწილეობა არ მიუღიათ სახლის მშენებლობაში; სახლი აშენდა მ. კ-ძის მამის - ა. კ-ძის ფულით, რომელიც მან მიიღო საკომპენსაციოდ სხვა მიწის ნაკვეთის გასხვისებით. ნ. კ-ო ფაქტობრივად არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო მ. კ-ძე თავისი ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლებდა სახლის მშენებლობას. მოპასუხეთა მითითებული გარემოება მოსარჩელეებს უსაფუძვლოდ მიაჩნიათ და აღნიშნავენ, რომ ა. კ-ძე, რომელიც იყო … წლის ასაკოვანი ბაბუა, არავითარი ინტერესი არ გააჩნდა თავისთვის აეშენებინა სახლი. სახლს იშენებდა მ. კ-ძე, თავის ოჯახისთვის - მეუღლისა და შვილისათვის ერთობლივ საცხოვრებლად.

60. სახლის მშენებლობაზე ხარჯის გაწევის გარემოებებთან მიმართებით, მხარეთა ამგვარი ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების არსებობის პირობებში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით დადასტურდება ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ თავიანთი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.

61. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა.

62. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) (22.03.2019წ. საქმე №ას-1919-2018).

63. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა მათ მიერ ხარჯის გაწევა დაადასტურეს მოწმეთა ჩვენებებითა და ექსპერტიზის დასკვნით. მოპასუხემ აღნიშნული გარემოებების სარწმუნოდ გასაბათილებლად კვალიფიციური შესაგებელი ვერ წარმოადგინა (შეადრ: სუსგ Nას-584-584-2018, 28 ივნისი, 2019 წელი). მოპასუხე უთითებს მისივე ინიციატივით დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებზე, თუმცა, მათი ჩვენებით ვერ გაბათილდება საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სოფელ სიმონეთის მაცხოვრებელთა 43 პირის ხელმოწერით დადასტურებული ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ ,,რ. კ-ძემ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში, რომელიც მშობლებმა სიტყვიერად მისცეს, ნ. კ-სთან და მათ საერთო შვილთან რ. კ-ძესთან ერთად ააშენა საცხოვრებელი სახლი და სახლთან მდებარე ხის პატარა შენობა, თუმცა მშენებლობის დასრულებამდე და სანამ ის დაირეგისტრირებდა მიწის ნაკვეთს და სახლს, გარდაიცვალა.“ წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რითაც დგინდება, რომ ნ. კ-ომ შეიძინა და სოფელ ს. მიიტანა 350 ცალი სამშენებლო ბლოკი, წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები სამშენებლო ბეტონის შეძენაზე, რომელიც სოფელ სიმონეთში ტრანსპორტირებულია ჯ. მ-ის მიერ. მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიღებულ ნ. კ-ოსა და რ. კ-ძის მიერ მიღებულ საზღვრის კვეთის ინფორმაციაზე, რითაც დგინდება, რომ ნ. კ-ო 20… წლიდან ძირითადი პერიოდი იმყოფებოდა საქართველოში. წარმოდგენილია ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რითაც მოსარჩელის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მ. კ-ძე გარდაცვალებამდე ხანმოკლე პერიოდში რამდენიმე თვე ავადმყოფობდა. მოსარჩელე მხარის ინიციატივით დაკითხული იქნენ მოწმეები ზ. კ-ძე, რ. ხ-ი, ე. ხ-ი, ჯ. მ-ი, ზ. კ-ძე. მოწმე ზ. კ-ძემ განმარტა, რომ მ. კ-ძე იყო მის ბიძაშვილი, ნ. კ-ოს მასთან დაბრუნებისა და ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ მამისეულ მიწის ნაკვეთზე მ. კ-ძემ მეუღლესთან ერთად დაიწყო სახლის მშენებლობა. მშენებლობაში ძირითადად თვითონ ეხმარებოდა და ყველაფერს თვითონ აკეთებდა, მას სამშენებლო მასალების შესაძენად ფულს აძლევდა ნ. კ-ო, ეხმარებოდნენ მეზობლებიც, თანხას აგზავნიდა რ. კ-ძეც, ერთხელ, თვითონ ესწრებოდა ფულის მიღებაში როცა რ. კ-ძემ გადმორიცხა 200 ევრო. სახლი იყო მ. კ-ძის ოჯახის, უნდა დარეგისტრირებულიყო მასაა და მისი ოჯახის წევრებზე; თუმცა, მისი გარდაცვალების შემდგომ, მისმა მამამ, ა. კ-ძემ სახლი თავისზე გადაიფორმა, ხოლო ნ. კ-ო იძულებული იყო გაეყიდა დარჩენილი უძრავი ქონება და წასულიყო უკრაინაში. მოწმე რ. ხ-ის ჩვენებით მ. კ-ძე იყო მესი მეზობელი და უახლოესი მეგობარი. მ. დაუბრუნდა მის 30 წლის უკან დაკარგული ვაჟიშვილი რ. და მას გაუჩნდა ცხოვრების ინტერესი. მამისეული მიწა გაინაწილეს ძმებმა და მ. კ-ძემ დაიწყო სახლის მშენებლობა; სახლი შენდებოდა რ. დაფინანსებით და უნდა ყოფილიყო რ.. მოწმე ე. ხ-ის ჩვენებით, მ. კ-ძემ მას შემდეგ გადაწყვიტა სახლის მშენებლობა, რაც იპოვა თავისი ცოლ-შვილი. მ. ჰქონდა საკმაო შემოსავლები და სახლის მშენებლობაზე იხარჯებოდა მისი თანხა; მშენებლობაში ეხმარებოდნენ მეზობლები. მოწმე ჯ. მ-ის ჩვენებით მურმანის სახლის მშენებლობის დროს თვითონაც იშენებდა სახლს. ეზიდებოდა სილა ცემენტს, მოუტანა რამდენჯერმე მურმანისაც. თანხას იხდიდა მ. კ-ძე და ნ. კ-ო არ უნახავს. მოწმე ზ. კ-ძის ჩვენებით ა. კ-ძემ ორივე ვაჟიშვილს გაუნაწილა მიწის ნაკვეთი, ასევე, გაუნაწილა საკომპენსაციოდ მიღებული თანხაც.

64. ამდენად, საკასაციო პალატა სარწმუნოდ მიიჩნევს, რომ სადავო შენობა/ნაგებობა სწორედ მ. კ-ძის ოჯახის საცხოვრებლად აშენდა და ამ გარემოების საწინააღმდეგოდ, კასატორს დასაშვები საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია. თუმცა, საგულისხმოა, რომ კასატორმა ნაწილობრივ დასაშვები საკასაციო პრეტენზია წარმოადგინა უსაფუძვლო გამდიდრების, კერძოდ, ქონებრივი ნამეტის განსაზღვრის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

65. დადგენილია, რომ მ. კ-ძის გარდაცვალების შემდგომ, სამკვიდრო მიიღო და ქონების ფაქტობრივი ფლობა განაგრძო მოსარჩელე ნ. კ-ძემ; იგი მეუღლის გარდაცვალებიდან გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა მ. კ-ძის მამისა და ნათესავების სახლში, განკარგა კუთვნილი საოჯახო ნივთები მაცივარი, მ. კ-ძის კუთვნილი არყის სახდელი აპარატი და სხვა ნივთები. სახლის გასაღები მოსარჩელეებს აქვთ და იქ მოპასუხეები არასდროს მისულან.

66. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1319-ე მუხლისა და 1421-ე მუხლების საფუძველზე, მ. კ-ძის გარდაცვალების შემდგომ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას ახორცილებდა ნ. კ-ო. ანუ მან ნება გამოხატა მემკვიდრეობის მისაღებად და შეასრულა მემკვიდრეობის მიღებისათვის საჭირო მოქმედება, დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.

67. დადგენილია, რომ სამკვიდრო ქონების ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა მ. კ-ძეს, საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული. აღნიშნული მიზეზით ვერ მოხდა ქონების სამართლებრივი დაკანონება, რაც შემდგომში განახორციელა ა. კ-ძემ და გადასცა მოპასუხეებს. ბ. კ-ძე და ლ. კ-ძე ამ მოქმედებით უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ, მიიღეს ქონება, რომელზეც არ გააჩნდათ უფლება.

68. შესაბამისად, საკასაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხემ მიიღო გაუმჯობესებული ქონება, რითაც ეს უკანასკნელი გამდიდრდა, თუმცა, საკვლევია საკითხი იმის შესახებ თუ, რა ოდენობით გამდიდრდა მოპასუხე (ლიანა კომახიძე).

69. დადგენილია, რომ სადავო ქონებაზე გაწეული დანახარჯი მოპასუხემ მოსარჩეელეებს მან უნდა აუნაზღაუროს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა'' ქვეპუნქტისა (დისპოზიცია: ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”) და ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილის (დისპოზიცია: ,,გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”) სამართლებრივი საფუძვლით.

70. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა: „უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე“... უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი – მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას“ (შეადრ: სუსგ Nას-584-584-2018, 28 ივნისი, 2019 წელი).

71. საკასაციო პალატამ სხვა დავაში განმარტა, რომ „...კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა... (იხ.,№ას-1376-2019, 13 დეკემბერი, 2019 წელი).

72. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეები ნ. კ-ო და რ. კ-ძე მ. კ-ძესთან ერთად სოფელ ს. მ. კ-ძის მამის კომლის სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე იშენებდნენ საცხოვრებელ სახლს. აშენებულია 120.7 კვ. მეტრი ფართი, რომელიც სხვა ქონებასთან ერთად გაიფორმა ა. კ.-ემ და ქონება ჩუქებით გადასცა ბ. კ-ძეს, თავის მხრივ, ბ. კ-ძემ სახლი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 37000 ლარს, 1000 ლარის ნასყიდობით გადასცა, მოპასუხე ლ. კ-ძეს, სადავო ქონების საკუთრებაში რეგისტრაციით მოპასუხე ლ. კ-ძე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. სსკ-ის 987.3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნის გამომრიცხველ სრულად გარემოებებზე კასატორი არ მიუთითებს, შესაბამისად, იგი ვალდებულია, გაწეული დანახარჯი აუნაზღაუროს მოსარჩელეებს (შდრ. სუსგ-ები # ას-1193-1122-2015, 31.05.2016; #ას-74-71-2016, 25.05.2016; 225-215-2016, 25.05.2016, #ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-960-2018, 22.11.2018; № ას-472-448-2013, 05.12.2013).

73. ვინაიდან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) უკუქცევა, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე, ამიტომაც, მეორე მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელეებზე სადავო ქონების ღირებულების ნახევარის - 18950 ლარის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მეორე მოპასუხისათვის 37 800 ლარის სრულად დაკისრების ნაწილში (სსკ-ის 393-ე მუხლი). აღნიშნული გარემოება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

74. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

75. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე.

76. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მხოლოდ მეორე მოპასუხის ნაწილში, (ვინაიდან მოსარჩელეების მიერ არ არის გასაჩივრებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც პირველ მოპასუხეს არ დაეკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა) და ლ. კ-ძეს ნ. კ-ოსა და რ. კ-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 18950 ლარის გადახდა.

77. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

78. მოცემულ შემთხვევაში, რ. კ-ძის და ნ. კ-ოს სასარგებლოდ ლ. კ-ძეს უნდა დაეკისროს სარჩელსა და სააპელაციო საჩივარზე რ. კ-ძის და ნ. კ-ოს მიერ გადახდილი (566. 50+794) 1360.50 ლარის ანაზღაურება.

79. თავის მხრივ, ლ. კ-ძეს მოსარჩელეების მიერ უნდა აუნაზღაურდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი 1890 ლარიდან 945 ლარი, მეორე ნახევარი კი, ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

80. საბოლოოდ, საპროცესო ხარჯების გაქვითვის შედეგად, ლ. კ-ძეს უნდა დაეკისროს რ. კ-ძის და ნ. კ-ოს სასარგებლოდ (1360.50-945) 415.5 ლარის გადახდა.

81.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე, 53-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ. კ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ნ. კ-სა და რ. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. ლ. კ-ძეს დაეკისროს ნ. კ-ოსა და რ. კ-ძის სასარგებლოდ 18950 ლარის გადახდა;

5. ლ. კ-ძეს დაეკისროს ნ. კ-ოსა და რ. კ-ძის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 415.5 ლარის ოდენობით;

6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე