Facebook Twitter

საქმე №ას-117-2019 25 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ბ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მენარდე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს _ 6 311,99 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 24 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების შესრულების ვადა და სამუშაოები, ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადისა _ 2015 წლის 24 აგვისტოსი, დაასრულა 2015 წლის 10 სექტემბერს, რის გამოც, ხელშეკრულების 15.3 მუხლის მიხედვით, მას დაეკისრა პირგასამტეხლოს _ 6 311,99 ლარის ანაზღაურების ვალდებულება, რასაც ნებაყოფლობით არ ასრულებს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია, ვადის გადაცილება გამოწვეული იყო მოსარჩელის წარმომადგენელთა არაპროფესიონალიზმით და ეს გარემოება არ შეიძლება, ბრალად შეერაცხოს მენარდეს, რომელმაც დროულად დაასრულა სამუშაოები, აღნიშნულის თაობაზე საპასუხო წერილით ეცნობა მოსარჩელეს და განემარტა პირგასამტეხლოს ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი. ვალდებულების ჯეროვან შესრულებას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მოსარჩელემ სრულად აუნაზღაურა მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება და გარანტს დაუბრუნდა საბანკო გარანტიის დედანი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით-სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა 631,19 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 24.06.2015წ. მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #2.9.11/10/103 ხელშეკრულება, რომლის ღირებულება 203 365,03 ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად, მენარდეს უნდა ეწარმოებინა ქ.თბილისში, .. რაიონის ტერიტორიაზე, რ. ქ#...-ში, დ. ქ#...-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ. ქ#...-ის მიმდებარე ტერიტორიასა და ზ. ქ#..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე დაზიანებული საყრდენი კედლების მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღე, არაუგვიანეს-2015 წლის 24 აგვისტო. 7.1 და 7.4. პუნქტების მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლებოდა მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ხელშეკრულების შესრულების ტექნიკურ ზედამხედველობასა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ: ა) მ. ნ-ი - გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი; ბ) სსიპ „ლაბორატორიის“ წარმომადგენლები. 15.3 პუნქტით, თუ მიმწოდებელი გადააცილებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,2%;

1.2.2. მენარდეს 24.06.2015წ. ხელშეკრულების 5.1 პუნქტით გათვალისწინებული სამუშოების შესრულების ვადები არ დაურღვევია, მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი #355, #356, #357, #358 მიღება-ჩაბარების აქტები შედგენილია 2015 წლის 10 სექტემბერს, რაც გამოწვეული არ ყოფილა მოპასუხის ბრალეული ქმედებით. ამ გარემოებას, მოპასუხის წარმომადგენლის განმარტების გარდა, ადასტურებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგებლის 2015 წლის 9 სექტემბრის წერილი, რომლითაც იგი მიმართავს ა(ა)იპ „ქ.თბილისის მუნიციპალურ ლაბორატორიას“ (მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე პასუხისმგებელი პირი, იხ. ხელშეკრულების 7.4 პუნქტი) და ადასტურებს, რომ მენარდემ დადგენილ ვადაში შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ამასთან, წინააღმდეგი არ იყო ხარჯთაღრიცხვების კორექტირებისა, გარდა ამისა, შესაბამისი საბანკო გარანტიის საფუძველზე, 2015 წლის 30 ივნისს მენარდემ ავანსად მიიღო შესასრულებლი სამუშაოების ღირებულების 50% (101 682,5 ლარი), ხოლო იმავე წლის 14 სექტემბერს, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება (ავანსის გათვალისწინებით) – 83 964,4 ლარი, ამასთან, 2015 წლის 14 სექტემბრის წერილით ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგებელმა სს „ს. ბ.“ დაუბრუნა საბანკო გარანტიის დედანი და კიდევ ერთხელ დაადასტურა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;

1.2.3. მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები 17 718 ლარის დაზოგვით შეასრულა;

1.2.4. მოსარჩელემ მოპასუხეს სამუშაოების დაგვიანებით შესრულების, ფაქტობრივად კი, მიღება-ჩაბარების აქტების 17 დღის დაგვიანებით გაფორმების გამო პირგასამტეხლო 6311,99 ლარის ოდენობით მოსთხოვა, მას შემდეგ, რაც მოპასუხემ, ამ წერილის საპასუხოდ დასაბუთებული უარი განუცხადა ექსპერტიზის დასკვნის წარდგენაზე, რადგან ასეთი შეთანხმება მხარეთა შორის არ არსებობდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოის დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს: უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მენარდეს ეკისრებოდა სამუშაოების დათქმულ ვადაში შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალების _ პირგასამტეხლოს გამოყენებაზე (სკ-ის 417-ე მუხლი). დადგენილია, რომ მოპასუხემ მშენებლობა დადგენილ ვადაში დაასრულა, ხოლო ის ფაქტი, რომ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა დაგვიანებით, არ წარმოშობს სამოქალაქო მე-400 მუხლის წინაპირობებს, შესაბამისად, სახეზე არ არის პირგასამტეხლოს დაკისრების სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, ამასთანავე, ვინადიდან სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში, მასზე საკასაციო პალატა აღარ მსჯელობს (დამატებით იხ. სსსკ-ის 409-ე მუხლი).

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების/მისი დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ნაძალადევის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე