საქმე №ას-1447-1367-2017 14 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ე. ჯ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჩ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ე. ჯ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ჩ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) მიმართ, დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 133 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1997-98 წლებში მოპასუხემ საკუთარ დასთან ერთად, წინასწარი განზრახვით, მოტყუებით გამოართვა მოსარჩელეს როგორც პირადი, ისე _ მის გამგებლობაში მყოფი შპს „მ. და კ.“ (შემდგომში _ კომპანია) კუთვნილი ფულადი სახსრები და ოქროულობა. მითვისებული თანხის ოდენობა შეადგენს 133 000 აშშ დოლარს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 მარტის განაჩენით, მოპასუხის და ცნობილი იქნა დამნაშავედ და დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. 2011 წლის 21 იანვრის განაჩენით კი-მოპასუხე იქნა ცნობილი დამნაშავედ მოსარჩელის ქონებრივი სიკეთის თაღლითური გზით მიღების გამო და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი ზემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დარჩა ძალაში. მოპასუხე არის ძებნილი, ეკონომიკური შესაძლებლობის მიუხედავად, არ ანაზღაურებს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადასტურებულ ზიანს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, მოპასუხის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ გარემოებებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში არ გააჩნიათ პრეიუდიციული ძალა. სასამართლოში ამჟამად აღძრული მოთხოვნა განხილულ იქნა სასამართლოს მიერ და მიღებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, კერძოდ, კრედიტორმა თავდაპირველად 2000 წელს, ხოლო შემდგომ _ 2012 წელს აღძრა სარჩელები მოპასუხის წინააღმდეგ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. 2012 წლის 18 მაისს მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და ითხოვა მოპასუხეების: ნ. კ-ესა და რ. ჩ-ეს დაკისრებოდათ მოსარჩელის კუთვნილი 133 000 აშშ დოლარის, ასევე, ოქროს ნივთების ღირებულების _ 59 168 აშშ დოლარის გადახდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ხსენებული სარჩელი და მოპასუხეებს დაეკისრათ 59 168 აშშ დოლარის ანაზღაურება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით-მოვალის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 29 აგვისტოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი მოვალის მიმართ თანხების დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გარდა ამისა, მოპასუხემ მიუთითა, რომ გასულია დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით-სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 133 000 აშშ დოლარის გადახდა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით-სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის მიზეზები და მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
საკასაციო საჩივრის ფარგლებში პალატის შეფასების საგანს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, ასევე, ამ მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი ხანდაზმულობის შესაგებლის საფუძვლიანობა წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებას პალატა სწორედ კრედიტორის პრეტენზიის ფარგლებში შეამოწმებს, რომელიც ძირითადად სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებით ამავე კოდექსის 144-ე მუხლის გამოყენების კანონიერებას შეეხება. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ მოპასუხის მიმართ გამომატყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მან არაერთი იმგვარი ქმედება განახორციელა, რაც, სამოქალაქო კოსდექსის 138-ე და 142-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის დენას წყვეტდა, რადგანაც მისი მიმართვა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი და განხორციელებული აღმასრულებელი მოქმედებები ემსახურებოდა სამოქალაქო უფლების დაკმაყოფილებას, ამასთანავე, უდავოა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის აღსრულების ვადა შეადგენს 10 წელს. ხანდაზმულობის ვადასთან მიმართებაში სასამართლომ მის მიერ ამავე მხარეებს შორის ადრე განხილული საქმისგან განსხვავებული განმარტება გააკეთა. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტებას (საქმეზე #ას-664-635-2016), ასევე, მანამდე არსებულ სასამართლო პრაქტიკას.
1.2. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ქვემდგომი სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სავალდებულობა წინამდებარე განჩინების მიმართ:
საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული (სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)) სავალდებულო ძალა გააჩნიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელთა წინააღმდეგაც კასატორს არ მიუთითებია პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც შესაძლოა, დაშვებული იყო საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება, კერძოდ:
1.2.1. 2011 წლის 21 იანვრის განაჩენითა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის განაჩენით, მოპასუხე მსჯავრდებულია დაუსწრებლად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის, მოსარჩელეისა და ამ უკანასკნელის გამგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი, დიდი ოდენობით _ 133 000 აშშ დოლარის ფულადი სახსრების თაღლითური გზით მისაკუთრების გამო და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
1.2.2. 2011 წლის 21 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენით კრედიტორის სამოქალაქო სარჩელი მოვალის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე დარჩა განუხილველად;
1.2.3. მსჯავრდებულმა და სამოქალაქო მოპასუხემ გააგრძელა მის მიმართ წარმოებული პროცესი და მთლიანად გახადა სადავოდ მისთვის დადებული ბრალი (სასჯელი და მიყენებული ზიანი), კერძოდ, სრული მოცულობით გაასაჩივრა 2011 წლის 21 იანვრის განაჩენი სააპელაციო და საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 28 ნოემბრის განჩინებით-მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად;
1.2.4. დანაშაულით მიყენებული ზიანი _ 133 000 აშშ დოლარი მოპასუხეს მოსარჩელისათვის ანაზღაურებული არ აქვს;
1.2.5. მოსარჩელისათვის დანაშაულით მიყენებული ზიანის ფაქტისა და ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ცნობილი გახდა 2011 წლის 28 ნოემბრიდან, როდესაც კანონიერ ძალაში შევიდა მოპასუხის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი;
1.2.6. კრედიტორმა დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 130 000 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი მოვალის მიმართ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2017 წლის 16 თებერვალს.
1.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.3.1. განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408.1 მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც მისათითებელი ფაქტებია: მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო განზრახი ან გაუფრთხილბელი ქმედების განხორციელება; ამ ქმედების შედეგად მოსარჩელისათვის ზიანის _ მატერიალური დანაკლისის მიყენება; მიზეზობრივი კავშირი ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, ამასთანავე, ფულადი მოთხოვნის მოვალისათვის წაყენებისას მოსარჩელემ უნდა განსაზღვროს ზიანის ოდენობა.
1.3.2. განსახილველი სარჩელი თავისებურია იმით, რომ დელიქტური ვალდებულებიდან ნაწარმოები მოთხოვნის ფარგლებში მოპასუხის ქმედებასთან დაკავშირებით დამდგარია გამამტყუნებელი განაჩენი. აღნიშნული, თავის მხრივ, გავლენას ახდენს მტკიცების სტანდარტზე, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავის თანახმად, ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი განიხილება გამარტივებული წესით. აღნიშნული წესი ამსუბუქებს დაზარალებულის პროცესუალურ ტვირთს დელიქტური ქმედების წინაპირობებთან დაკავშირებით და, შეიძლება ითქვას, რომ ამ ნაწილში განაჩენი გარკვეული პრეიუდიციულობით ხასიათდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ... რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ... არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა. ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით.
1.3.3. მოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც მოსარჩელის/მისი კუთვნილი კომპანიის ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებასთან ერთად ადგენს მიყენებული ზიანის ოდენობას, შეიძლება ითქვას, რომ დადგენილად მიიჩნევა მოპასუხის ვალდებულება, მოსარჩელეს აუნაზღაუროს მოთხოვნილი ოდენობით მატერიალური ზიანი, თუმცა, სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხემ იმდენად არსებითი შედავება დაუპირისპირა, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, სარჩელის წარმატებას აფერხებს, კერძოდ, მოვალე შესაგებელში მოთხოვნის ხანდაზმულობაზე აპელირებს.
1.3.4. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის საკანონმდებლო რეგლამენტაცია განპირობებულია უფლების დაცვის ეფექტიანობისა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის ხელშესაწყობად, რათა, ერთი მხრივ, უფლებამოსილმა პირმა დროულად უზრუნველყოს საკუთარი სამოქალაქო უფლებების დაცვა და ამ მიზნით დროულად განახორციელოს უფლებადამცავი საშუალებების განკარგვა, ამასთანავე, მოთხოვნის დაუსრულებლად წარდგენით არ შეილახოს სამოქალაქო სტაბილურობის პრინციპი. ხანდაზმულობის მარეგულირებელი თავი განსაზღვრავს ამ ინსტიტუტის ზოგადსამართლებრივ მოწესრიგებას, რომელიც სრულად ვრცელდება ყველა სამოქალაქო მოთხოვნაზე (გამონაკლისია სკ-ის 128.2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა), თუმცა, 129-ე მუხლის მე-3 ნაწილით, კანონით შეიძლება, განისაზღვროს ხანდაზმულობის სპეციალური ვადა. ამგვარია სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლი, რომელიც დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას სამწლიან ხანდაზმულობაში მოაქცევს და განსაზღვრავს თავად ამ ვადის დენის დასაწყისსაც: კრედიტორს მოთხოვნა წარმოეშობა იმ მომენტიდან, როცა შეიტყო ზიანის ფაქტი ან ამ ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
1.3.5. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ზიანისა და ვალდებული პირის შესახებ კრედიტორის ინფორმირება მოვალის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლას _ 2011 წლის 28 ნოემბერს (საკასაციო სასამართლოს მიერ საჩივრის დაუშვებლად ცნობა) დაუკავშირა, რასაც პალატა არ იზიარებს, რადგანაც მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა მინიმუმ გამოძიების ეტაპზე დაიწყო, თუმცა ეს გარემოება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). უდავოა, რომ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად სასამართლო განიხილავდა მოსარჩელის სამოქალაქო მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლით განსაზღვრული 3-წლიანი ვადის დენა, ამავე კოდექსის 138-ე მუხლის შესაბამისად, არ შეწყვეტილა, რადგანაც 2011 წლის 21 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენით კრედიტორის სამოქალაქო სარჩელი დარჩა განუხილველად და საპროცესო აქტი კანონიერ ძალაში შევიდა 2011 წლის 28 ნოემბერს, მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობით (სკ-ის 139-ე მუხლი). სამოქალაქო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, სარჩელის შეტანა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას არ გამოიწვევს, თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სარჩელი განუხილველად იქნება დატოვებული. თუ უფლებამოსილი პირი ექვსი თვის ვადაში შეიტანს ახალ სარჩელს, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან.
1.3.6. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელემ არა 6 თვის ვადაში, არამედ 2017 წლის 16 თებერვალს აღძრა სარჩელი დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რაც, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გამართლებულს ხდის მოპასუხის შედავებას, მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით უარი განაცხადოს შესრულებაზე.
1.3.7. პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიას ქვემდგომი სასამართლოს მხრიდან ხანდაზმულობის ვადების არასწორად გამოანგარიშებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის არასწორად თქმის თაობაზე და განმარტავს, რომ მას, როგორც მოთხოვნის მქონე პირს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის გაცნობის შემდგომ წარმოეშვა ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, ამ მხრივ საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ მსჯელობას და მითითებას, თუ რომელი კონკრეტული დოკუმენტი არ შეაფასა სააპელაციო სასამართლომ, რომელიც დაამტკიცებს მოსარჩელის მიერ მოთხოვნის დადგენილ ვადაში წარდგენას. ამ თვალსაზრისით, საჩივარში მოცემულია ზოგადი ხასიათის პრეტენზია, რომ კრედიტორი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავდა მსფჯავრდებული მოპასუხის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით, თუმცა ხსენებული სამოქალაქო კოდექსის 138-ე-140-ე მუხლების წინაპირობებზე არ მიუთითებს, რადგანაც სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შეწყვეტას იწვევს კრედიტორის მხოლოდ იმგვარი მოქმედება, რომლის დაკმაყოფილებასაც შედეგად დარღვეული სამოქალაქო უფლების რეალიზაცია მოჰყვება. ამ მხრივ პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება არც მანამდე არსებული სასამართლო პრაქტიკის და არც საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის მიერ გაკეთებული განმარტებისაგან (სკ-ის 138-ე მუხლთან მიმართთებით, საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძველი რედაქციის 30-ე მუხლის მოქმედების ვადაში პროკურატურისათვის დარღვეული სამოქალაქო უფლების დაკმაყოფილების მოთხოვნით მიმართვა ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის ვარგის საშუალებად მიიჩნია და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კონკრეტულ საქმეზე უფლებამოსილი პირის მხრიდან გამოძიების ორგანოსათვის მიმართვის მიუხედავად, შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული და არც სხვაგვარად დასრულებულა პროცესი, რის გამოც, სამოქალაქო სარჩელის სასამართლოში აღძვრის დროისათვის ხანდაზმულობის ვადა კვლავ შეწყვეტილად მიიჩნეოდა. იხ. სუსგ [დიდი პალატა] #ას-664-635-2016, 02.03.2017წ.), რამდენადაც კასატორი ვერ აკონკრეტებს თუ რა აღმასრუელებელი ქმედება განახორციელა დანაშაულით მიყენებული ზიანის _ 130 000 აშშ დოლარის მოვალისათვის დასაკისრებლად ან სამოქალაქო სარჩელის განუხილველად დატოვების შემდგომ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ძველი რედაქციის 30-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში, კვლავ წარადგინა თუ არა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა 6-თვიანი ვადის დაცვით.
1.3.8. რაც შეეხება მხარის მსჯელობას სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლთან დაკავშირებით (მისი მოთხოვნა 10-წლიან ხამდაზმულობას ექვემდებარება), პალატა განმარტავს, რომ განაჩენში მითითებული ზიანის ოდენობა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის მაკვალიფიცირებელი ნიშანია და არა მოსარჩელისათვის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნა, შესაბამისად, ხსენებული პრეტენზია გაუმართლებელია და ის ფაქტი, რომ განაჩენი განსაზღვრავს ზიანის ოდენობას, ვერ გახდება სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის წინამდებარე შემთხვევასთან მიმართებით გამოყენების საფუძველი.
1.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების პროცესუალურსამართლებრივი დასაბუთება:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობების არსებობას (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები), რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე (საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას) მუხლის თანახმად, პალატა უარს აცხადებს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. პროცესის ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ანგარიშსწორებისაგან გათავისუფლებულია. რადგანაც საკასაციო პალატის წინამდებარე განჩინებით მისი მოთხოვნა უარყოფილ იქნა, ამავე კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, პროცესის ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე