Facebook Twitter

საქმე №ას-514-514-2018 3 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ინდ.მეწარმე ქ. ა-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „დ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორის მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე, კრედიტორი ან კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდმეწარმე ქ. ა-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, კასატორი, შემკვეთი ან მოვალე) მიმართ, მოპასუხისათვის 65 000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეთა შორის დადებული ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხის წინაშე იკისრა ქ.ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს შენობების რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოების, ხოლო მოპასუხემ _ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელემ გაარემონტა ქ. ბათუმში, ... პირველი ჩიხის #..-ში, ... ქ#..-ში, ლ. ქ#..-სა და ჯ. ქ#..-ში მდებარე სოციალური სახლები. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულებამ შეადგინა 120 000 ლარი. საზღაურის გადახდის მიზნით მოპასუხეს წარედგინა საგადასახადო ანგარიშფაქტურა, რომლის მიღება დაადასტურა მოვალემ, მაგრამ თანხა სრულად არ გადაუხდია. მენარდეს აუნაზღაურდა მხოლოდ 55 000 ლარი, შესაბამისად, გადასახდელი თანხა შეადგენს 65 000 ლარს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს სამუშაო ჯეროვნად არ შეუსრულებია, ვადამდე გავიდა ხელშეკრულებიდან, რის გამოც შემკვეთს შეექმნა პრობლემები. მოპასუხემ თავად გადაუხადა დასაქმებულებს ხელფასი და იძულებული გახდა სამუშაოებიც თავად დაესრულებინა. მენარდეს შესრულებული აქვს სწორედ იმ ღირებულების სამუშაო, რა ოდენობითაც მიეცა ანაზღაურება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით-სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მენარდემ, მოითხოვა მის გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით-სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. შემკვეთს მენარდის სასარგებლოდ დაეკისრა 65 000 ლარის გადახდა.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით-სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2016 წელს სოციალური სერვისების სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი უფასო სასადილოების სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე. ტენდერში გაიმარჯვა მოპასუხემ, რომელსაც სატენდერო პირობების შესაბამისად, უნდა გაერემონტებინა ქ.ბათუმში, .. პირველი ჩიხის #...-ში, ტ... ქ#..-ში, ლ. ქ#..-სა და ჯ. ქ#..-ში მდებარე შენობები;

1.2.2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნარდობის ზეპირი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ, როგორც ქვეკონტრაქტორმა, მოპასუხის წინაშე იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ქ.ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს შენობების რეაბილიტაციის სამუშაოები, თავის მხრივ, შემკვეთმა იკისრა ვალდებულება, მენარდისათვის აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოების ღირებულება;

1.2.3. მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე მენარდემ შეასრულა ქ.ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს შენობების რეაბილიტაციის სამუშაოები (გაარემონტა ქ.ბათუმში, ... პირველი ჩიხის #...-ში, ტ. ქ#..-ში, ლ. ქ#...-სა და ჯ. ქ#...-ში მდებარე სოციალური სახლები). ელექტრონული ტენდერის მონაცემების თანახმად, მოპასუხემ ხსენებულ სამუშაოთა შესრულება იკისრა 65 544 ლარად;

1.2.4. სატენდერო კომისიამ შესრულებული სამუშაოები უპრობლემოდ ჩაიბარა და იგი მიიღო დამკვეთმა, შემდგომ ამისა, სახელმწიფომ მოპასუხეს სრულად აუნაზღაურა სატენდერო თანხა;

1.2.5. 2016 წლის 25 მაისს მოსარჩელემ შეავსო საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (შემდგომში „საფი“), რომლის თანახმადაც, მან შეასრულა ქ.ბათუმის სოციალური სერვისების სააგენტოს შენობების რეაბილიტაციის სამუშაოები და მისი ღირებულება შეადგენდა 120 000 ლარს. აღნიშნული საფ-ი მოპასუხემ ელექტრონულად დაადასტურა 2016 წლის 27 მაისს, თუმცა, შესრულებულ სამუშაოთა სანაცვლოდ მოსარჩელეს გადაუხადა მხოლოდ 55 000 ლარი. საფის შეცდომით დადასტურების მიზნით, მოპასუხის მტკიცება შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით. გარდა ამისა, მოპასუხე მიუთითებს, რომ სამუშაოთა ნაწილი თავად შეასრულა, თუმცა არ დავობს იმაზე, რომ მოსარჩელესთან ამ სამუშაოთა შესრულებაზე დადებულია ნარდობის ხელშეკრულება, ხოლო თუ მან ამ ხელშეკრულების ფარგლებში მენარდის მაგივრად შეასრულა სამუშაოთა ნაწილი, ეს უკვე მხარეთა შორის ცალკე შეთანხმების საგანი შეიძლება ყოფილიყო, რომელიც წინამდებარე დავის ჭრილში არ იხილება. რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, რომელზეც უთითებს მოპასუხე, მის მიერ სამუშაოთა ნაწილის შესრულების დასადასტურებლად, ანალოგიურ მტკიცებულებაზე მიუთითა მოსარჩელემაც. გარდა ამისა, სულ სამი მოწმეა დაკითხული, რომელთა შორის ერთ-ერთი - ვ. ა-ე მოპასუხის ძმაა, მანვე ჩვენებაში მიუთითა, რომ ამ სამუშაოთა შესრულების პროცესში იყო ქებულ აბაშიძის წარმომადგენელი (იხ. 31.03.2017 წლის სხდომის ოქმი, 10:33:10 სთ-ს ჩანაწერები, ს/ფ.: 88), ხოლო ნეიტრალურ მოწმეთაგან ერთ-ერთმა - რომან მხეიძემ ცალსახად დაადასტურა, რომ ის ობიექტზე სამუშაოდ დაიქირავა ომარ აბულაძემ (შპს „დავითის“ დირექტორმა) და სამუშაოებს ახორციელებდა მისივე მითითებით (იხ. 31.03.2017 წლის სხდომის ოქმი, 10:26:00, 10:26:03, 10:26:48, 10:26:54, 10:26:55, 10:27:31, 10:28:57, 10:29:01 სთ-ს ჩანაწერები, ს/ფ.: 88). სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ მიუთითა საქმეში არსებულ, დაქირავებულ მუშათა ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც ქებულ აბაშიძემ მუშებზე გასცა ანაზრაურება 31 000 ლარის ოდენობით, თუმცა, მუშათა ხელმოწერები არ არის დადასტურებული ნოტარიული წესით, გარდა ამისა, მითითებულ ხელწერილში აღნიშნული თანხის ციფრობრივი მაჩვენებელი არ შეესაბამება სასარჩელო მოთხოვნის ოდენობას, ამასთანავე, მუშებისთვის გადახდილი თანხის დაკისრება შესაძლებელია სხვა დავის საგანი იყოს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 629.1 და 648-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც, მოსარჩელეს ეკისრება მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის, მის მიერ სამუშაოს შესრულების, მოპასუხის მიერ ამ სამუშაოს მიღებისა და ამ გზით ვალდებულების შეწყვეტის, ასევე, საზღაურის გადაუხდელობის ფაქტის მითითების ტვირთი, ხოლო იმის მიხედვით, თუ რომელ ფაქტებს შეედავება მოპასუხე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის უნდა განაწილდეს სადავო ფაქტების მტკიცების ტვირთი. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ფორმალური, სამართლებრივი თვალსაზრისით გამართულია, რაც შეეხება მოპასუხის შესაგებელს, მან არსებითი ხასიათის შედავება წარადგინა და განმარტა, რომ ვალდებულება არაჯეროვნად იყო შესრულებული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ფაქტის მტკიცება მოსარჩელეს ეკისრება. ამ მხრივ საკასაცო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე, სადაც არაერთხელაა განმარტებული, რომ საფი, მართალია, საჯარო კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტია და საჯარო მიზნებს ემსახურება, თუმცა, სამოქალაქო სამართლისათვის მას გარკვეული ღირებულება გააჩნია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიზნებისათვის, საფ-ის დადასტურება შესრულების მიღებას უტოლდება (სკ-ის 649-ე მუხლი) და ამ ფაქტს გაქარწყლება იმ მხარეს ეკისრება, რომლის წინააღმდეგაცაა იგი მიმართული (შესრულების მიღებისა და საფ-ის, როგორც მტკიცებულების შეფასების თაობაზე მრავალთა შორის იხ. სუსგ-ებები: №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი), რაც შეეხება შემკვეთს, შედავების გათვალისწინებით, მას ეკისრება სამოქალაქო კოდექსის 641-ე, 643-ე, 645-ე მუხლების წინაპირობების მტკიცება, თუმცა, ამ მხრივ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს. საბოლოოდ, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოს დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ უზრუნველყო, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნარდობის საზღაურის დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 01.06.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 250 ლარის 70% _ 2 275 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ინდ.მეწარმე ქ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ინდ.მეწარმე ქ. ა-ეს (პ/#6100900...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 01.06.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3 250 ლარის 70% _ 2 275 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი