Facebook Twitter

საქმე №ას-1902-2018 6 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ზ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ზ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება, კერძოდ, #2.11.2/40/875 სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 5 956,70 ლარის, ხოლო #2.11.2/40/876 ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 3 152,39 ლარის ოდენობით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 3 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #2.11.2/40/875 და #2.11.2/40/876 ხელშეკრულებები. მენარდემ დაარღვია ამ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც, მას წარმოეშვა შეთანხმებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. მიუხედავად იმისა, რომ მოვალისათვის ცნობილი იყო ვალდებულების დარღვევით გამოწვეული პირგასამტეხლოს ოდენობა, მას თანხა არ გადაუხდია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, მას სადავოდ არ გაუხდია არც მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობა და არც ამ ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის ფაქტი, თუმცა, მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევისა და ითხოვა მისი განაკვეთის 0,02%-მდე შემცირება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 მარტის გადაწყვეტილებით-სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა #2.11.2/4/875 ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს, 2 978,34 ლარის, ხოლო #2.11.2/40/876 ხელშეკრულებიდან გამომდინარე _ 1 576,19 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შემკვეთმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 3 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #2.11.2/40/875 ხელშეკრულება, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგნად თბილისში, მდ. ვერის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული კონსტრუქციის #5 გვირაბისა და #5-#6 გვირაბების დამაკავშირებელი კედლების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა განისაზღვრა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 2 300 074.78 ლარით;

1.2.2. 2015 წლის 3 დეკემბერს ასევე გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #2.11.2/40/876 ხელშეკრულებაც, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგნად თბილისში, მდ. ვერის ხეობაში სტიქიის შედეგად დაზიანებული არსებული გოფრირებული კონსტრუქციის #3 გვირაბის სათავსების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა განისაზღვრა. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 247 680.18 ლარს;

1.2.3. #2.11.2/40/875 და #2.11.2/40/876 ხელშეკრულებების თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) თვით, 2016 წლის 3 მაისის ჩათვლით განისაზღვრა. მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემკვეთის მხრიდან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები, ხოლო ტექნიკურ ზედამხედველობას ა(ა)იპ თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია განახორციელებდნენ. საბოლოო მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მენარდეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ვადაგადაცილებით წარმოდგენილი და მიღება-ჩაბარების აქტით გაფორმებული დადასტურებული სამუშაოების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.2.4. 2016 წლის 16 ივნისს გაფორმებული #3 მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, #2.11.2/40/875 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები (212 739.28 ლარის ღირებულების დადასტურებული სამუშაოები) დასრულდა 2016 წლის 31 მაისს - 28 დღის ვადაგადაცილებით. 2016 წლის 16 ივნისს #3 მიღება-ჩაბარების აქტით თანახმად კი, #2.11.2/40/876 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები (112 585.20 ლარის ღირებულების დადასტურებული სამუშაოები) დასრულდა 2016 წლის 31 მაისს - 28 დღის ვადაგადაცილებით.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს: უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მენარდეს ეკისრებოდა სამუშაოების დათქმულ ვადაში შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალების _ პირგასამტეხლოს გამოყენებაზე (სკ-ის 417-ე მუხლი). დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოვალემ გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას და სახეზეა სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის წინაპირობები, რაც პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მიუთითებს. საკასაციო საჩივრით შედავებულია მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა საკასაციო პალატა მხარეთა ორმხრივი ინტერესის, ასევე, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სამუშაოები შესრულებულია და კრედიტორის ინტერესი დაკმაყოფილებული, ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდგომმა სასამართლომ გონივრულ ოდენობამდე შეამცირა თანხის ოდენობა, რომელიც, როგორც კრედიტორის დარღვეულ უფლებას, ისე _ პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ კი, დასაბუთებული შედავება საკასაციო საჩივარში არ არის გადმოცემული (მრავალთა შორის იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი