Facebook Twitter

საქმე №ას-1856-2018 25 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ.“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხეები: მ. მ-ი, ლ. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სს „ლ. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ხ-ის, მ. მ-ისა და ლ. ხ-ის (შემდგომში _ პირველი, მეორე ან მესამე მოპასუხე, ერთად წოდებული, როგორც მოვალეები, პირველი მოპასუხე, ასევე, ხსენებული, როგორც აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი, ხოლო მეორე და მესამე მოპასუხე _ როგორც სოლიდარული თავდებები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 12 071,64 ლარის სოლიდარულად დაკისრება (საიდანაც სესხის ძირი თანხა 8 625,93 ლარი, სარგებელი _ 2 360,60 ლარი, პირგასამტეხლო კი _ 1 085,11 ლარია), ხოლო პირველი მოპასუხისათვის დამატებით 2 657,28 ლარის დაკისრება (საიდანაც სესხის ძირი 1 080 ლარია, სარგებელი _ 1 200 ლარი, პირგასამტეხლო _ 377,28 ლარი).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 21 მარტს მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განისაზღვრა ერთიანი საკრედიტო ლიმიტი 2 080,00 ლარით, 36 თვის ვადით. გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა #0180.. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ერთიანი საკრედიტო ლიმიტი განისაზღვრა 1 080,00 ლარით, 36 თვის ვადით. მსესხებელს გადაეცა ხელშეკრულებასთან ერთად სესხის დაფარვის გრაფიკი. 2014 წლის 26 ივლისიდან მხარემ დაარღვია გადახდის გრაფიკი. 2014 წლის 28 იანვარს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის ასევე გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #0002/..., რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა საკრედიტო თანხა 14 300,00 ლარი, წლიური 19,75%-ით. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 28 იანვარი. ხელშეკრულებასთან ერთად მხარეს გადაეცა სესხის დაფარვის შესაბამისი გრაფიკი, რაც, თავის მხრივ, ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ბანკის მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად, 2014 წლის 28 თებერვლიდან მსესხებელს თანხა არ გადაუხდია, შესაბამისად, პირგასამტეხლო ირიცხება ამ დროიდან მოყოლებული. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0,5%-ს. მოპასუხეთა დავალიანება (ძირითადი თანხა, პროცენტი და პირგასამტეხლო) დაანგარიშებულია დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღისათვის, 2016 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით. ზემოაღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, მეორე და მესამე მოპასუხესთან გაფორმდა ორი თავდებობის ხელშეკრულება, რომელთა მიხედვით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა 26 503,88 ლარით. მსესხებელმა მიიღო სესხი, მაგრამ გრაფიკით გათვალისწინებული ძირი თანხა და საპროცენტო სარგებელი არ გადაუხდია. 2016 წლის 14 ივნისს წერილობით კრედიტორმა აცნობა მხარეებს, 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით გადაეხადათ გრაფიკით გათვალისწინებული თანხა და დარიცხული ჯარიმა, ასევე გაკეთდა საგაზეთო პუბლიკაცია, რასაც შედეგი არ მოჰყოლია. მსესხებლის დავალიანება, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის დღისათვის შეადგენს 15 864,63 ლარს, საიდანაც ძირი თანხა 12 418,92 ლარი, პროცენტი - 2 360,60 ლარი, ჯარიმა - 1 085,11 ლარია. მოპასუხეთა დავალიანება, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღისათვის შეადგენს 3 197,28 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 1 080,00 ლარი, პროცენტი - 1 200,00 ლარი, ჯარიმა - 917,28 ლარი (მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და 2014 წლის 28 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა განსაზღვრა 12 071,64 ლარით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 8 625,93 ლარი, პროცენტი - 2 360,60 ლარი და პირგასამტეხლო - 1 085,11 ლარია (იხ. 2017 წლის 17 თებერვლის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:03:42), ხოლო #01800... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელემ პირველი მოპასუხისათვის მოითხოვა 2 657,28 ლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 1 080 ლარი, პროცენტი - 1 200 ლარი და პირგასამტეხლო - 377,28 ლარია (იხ, 2017 წლის 27 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:25:20). მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ №01800.. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დასაფარად გადახდილი თანხა გამოაკლდა დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას).

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1. მსესხებელს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია, სასამართლო სხდომაზე მან მოთხოვნა სესხის ძირი თანხის ნაწილში ცნო, ხოლო სარგებლისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა (იხ. 2017 წლის 27 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 11:27:17);

2.2. სოლიდარულმა თავდებებმა მარტივი შესაგებელი წარადგინეს, რომლითაც არ ცნეს სარჩელი და აღნიშნეს, რომ არ ეთანხმებოდნენ მასში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს მოთხოვნილი თანხის შეუსაბამობის, ასევე საჯარო და სოციალური სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოვალეებს კრედიტორის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 12 071,64 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა 8 625,93 ლარი, პროცენტი - 2 360,60 ლარი და პირგასამტეხლო - 1 085,11 ლარია, მსესხებელს დამატებით დაეკისრა 1 460 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა 1 080 ლარი, პროცენტი - 280 ლარი, ხოლო, პირგასამტეხლო - 100 ლარია.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა და მოითხოვა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში მისი გაუქმება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2014 წლის 21 მარტს მოსარჩელესა და მსესხებელს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე განისაზღვრა კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა - 2 080 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა - 36 თვით, ყოველთვიური შენატანი - 40 ლარით, კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი - 40 ლარით. ვადაგადაცილების პირგასამტეხლო განისაზღვრა 1 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.2.2. 2014 წლის 21 მარტს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გამსესხებელსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 1 080 ლარით, რაც მიიღო მსესხებელმა, კრედიტის ვადა - 36 თვით. ხელშეკრულების 2.2.9.2. ქვეპუნქტის მიხედვით, განისაზღვრა კრედიტის ყოველთვიური მომსახურების საკომისიო - 40 ლარით, ასევე-კრედიტის გაცემის ერთჯერადი საკომისიო. 2.2.12 ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ყოველთვიური შენატანის ოდენობაზე - 40 ლარზე და კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელზე - 40 ლარზე. ხელშეკრულების 2.2.10 ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ვადაგადაცილების პირგასამტეხლოზე - 1 ლარზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით განისაზღვრა კრედიტის დაფარვის წესი: კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი ან/და ყოველთვიური მომსახურების საკომისიო უნდა დაფარულიყო გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად;

1.2.3. 2014 წლის 28 იანვარს ბანკსა და მსესხებელს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა გასცა საკრედიტო თანხა 14 300 ლარი, წლიური 19,75%-ით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2021 წლის 28 იანვრამდე. სესხი უნდა დაფარულიყო გრაფიკის შესაბამისად, ყოველთვიურად. სესხის გაცემის საკომისიო, კრედიტის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი განისაზღვრა 286 ლარით, რაც დაფარა მსესხებელმა. ხელშეკრულების 2.2.6. ქვეპუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ვადაგადაცილების პირგასამტეხლოზე - ვადაგადაცილებული თანხის 0,5%-ზე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.2.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, გამსესხებელსა და მეორე მოპასუხეს შორის 2014 წლის 28 იანვარს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 26 503,88 ლარით;

1.2.5. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მოსარჩელესა და მესამე მოპასუხეს შორის 2014 წლის 28 იანვარს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოპასუხემ იკისრა სოლიდარული თავდებობა. თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 26 503,88 ლარით;

1.2.6. 2016 წლის 14 ივნისის წერილით მსესხებლის მიერ კრედიტის თანხის გადახდის ვადის გადაცილებისა და დავალიანების დაფარვის მოთხოვნის შესახებ ეცნობათ მოპასუხეებს;

1.2.7. 2016 წლის 17 ივლისს გამსესხებელმა ცალმხრივად მოშალა №0180... და №0002/... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები;

1.2.8. 2014 წლის 28 იანვარს ბანკსა და პირველ მოპასუხეს შორის გაფორმებული #0002/... ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება 2016 წლის სექტემბრის მონაცემებით შეადგენდა 15 864,63 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა იყო 12 418,92 ლარი, პროცენტი - 2 360,60 ლარი და პირგასამტეხლო - 1 085,11 ლარი. 2017 წლის 25 ოქტომბრის ამონაწერით ანგარიშიდან, 2016 წლის სექტემბრის შემდეგ მსესხებლის მიერ დაფარულია ძირი თანხა _ 3 790 ლარი, შესაბამისად, მისი დავალიანება #0002/... ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს სესხის ძირ თანხას - 8 628,92 ლარს, პროცენტს - 2 360,60 ლარსა და პირგასამტეხლოს - 1 085,11 ლარს;

1.2.9. 2014 წლის 21 მარტს გაფორმებული #0180... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ძირითადი თანხის სახით 1 080 ლარი, ხოლო პროცენტი - 280 ლარია. დადგენილია, რომ მხარეებმა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გაითვალისწინეს პირობა მსესხებლის მიერ ყოველთვიური მომსახურების საკომისიოს - 40 ლარის გადახდის შესახებ, რაც სესხით სარგებლობისათვის გათვალისწინებულ პროცენტს წარმოადგენს, იგი ყოველთვიურად გადაიხდებოდა არა ვალდებულების დარღვევის ან სხვა რაიმე მიზნით, არამედ _ სესხით სარგებლობისათვის. 2014 წლის 21 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული #0180... საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2016 წლის სექტემბრის მდგომარეობთ გამსესხებელს საპროცენტო სარგებლის სახით უნდა მიეღო 1 200 ლარი (ყოველთვიურ 40 ლარზე გაანგარიშებით). მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ამონაწერით ანგარიშიდან დგინდება, რომ მსესხებლის სასარგებლოდ დარიცხული 45-ლარიანი დევნილთა შემწეობა მსესხებელს ყოველთვიურად ეჭრებოდა #0180973 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დასაფარად. ამონაწერის მიხედვით, ამ გზით 2014 წელში, 2016 წლის სექტემბრამდე, სულ ჩამოეჭრა 450,00 ლარი, შესაბამისად, 10 თვის სარგებელი - 400 ლარი (ყოველთვიური 40 ლარი) მსესხებელს გადახდილი აქვს, ხოლო, 50 ლარი წარმოადგენს პირგასამტეხლოს, ამასთან, 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის სექტემბრამდე ჩამოჭრილი თანხის ოდენობა ჯამში შეადგენს 540 ლარს, საიდანაც საპროცენტო სარგებელი, ყოველთვიურად გადასახდელი 40 ლარის მიხედვით, დაიფარა 480 ლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი 60 ლარი წარმოადგენს პირგასამტეხლოს. ამონაწერით ანგარიშიდან დგინდება, რომ სესხის გაცემისას ერთი თვის სარგებელი _ 40 ლარი იმთავითვე ჩამოეჭრა მსესხებელს. ამდენად, ჯამში დაიფარა პროცენტი-920 ლარი, შესაბამისად, გადასახდელი პროცენტი უნდა განისაზღვროს 280 ლარით, ხოლო, პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილად უნდა ჩაითვალოს 110 ლარი. ამდენად, 2014 წლის 21 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება სესხის ძირი თანხის სახით შეადგენს 1 080 ლარს, ხოლო პროცენტის სახით დარიცხული დავალიანება _ 280 ლარს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოის დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო მსჯელობის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებაა, ამ მხრივ პალატა განმარტავს, რომ მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობას სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 870.1, 891.1, 895-ე მუხლები არეგულირებს. უდავოა, რომ მსესხებელმა დაარღვია გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გავიდა გამსესხებელი, რომელსაც აქვს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება. ამ საკითხთან დაკავშირებით მხარეებს პრეტენზია არ განუცხადებიათ, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, ვინაიდან დაცულია მისი ფორმა (სკ-ის 418-ე მუხლი), ასევე, დადგენილია მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, სასამართლოებმა მართებულად განსაზღვრეს, რომ არსებობდა მისი დაკისრების წინაპირობა, ამასთანავე, სასამართლომ მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, გონივრული ოდენობით განსაზღვრა პირგასამტეხლო და აღარ არსებობს მისი კვლავ შემცირების წინაპირობა.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების/მისი დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს პაატა პაპიაშვილის მიერ კასატორის სახელით 15.01.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ს. ხ-ს (პ/#060010..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს პ. პ-ის მიერ კასატორის სახელით 15.01.2019წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე