Facebook Twitter

საქმე №ას-961-2018 21 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „თ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ნ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ქვეაბონენტი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „თ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან კომპანია) მიმართ 2009 წლის 3 ივლისს მოპასუხის მიერ გაცემული #NNS-06/... ტექნიკური პირობის მე-6 მუხლის შენიშვნის ნაწილში ბათილად ცნობის მოთხოვნით (სადაც მითითებულია, რომ ძირითადი აბონენტის დავალიანების გამო, მოპასუხე იხსნის პასუხისმგებლობას ელექტროენერგიის მიწოდებაზე).

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2009 წლის 3 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება (ტექნიკური პირობა) ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების შესახებ. ობიექტი მდებარეობს ქ.თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ... ... მიმდებარე ტერიტორიაზე და არის არასაცხოვრებელი, კომერციული ფართი. ტექნიკური პირობის თანახმად, ობიექტის ელექტრომომარაგება განხორციელდებოდა იმ ტექნიკური პირობების საფუძველზე, რომ შპს „ს.“ (შემდგომში _ აბონენტი) კუთვნილ #ს/ქ #ა-1... დაბალი ძაბვის ფარზე დამონტაჟდებოდა შესაბამისი ამპერაჟის სამპოლუსიანი ავტომატი, რაზეც აბონენტმა განაცხადა თანხმობა, შესაბამისად, არსებული ვითარებით მოსარჩელე ელექტროენერგიით მომარაგდებოდა აბონენტის კუთვნილი დაბალი ძაბვის ფარის გამოყენებით. ამავე პირობის თანახმად, #ს/ქ #1-1...-ის გარეთ კედელზე მოპასუხეს უნდა მოეწყო ყუთი სტანდარტი 6 (2), სადაც დამონტაჟდებოდა ტ31ფ ტიპის სამფაზა ამპერიანი პირდაპირი ჩართვის მრიცხველი. შეთანხმება შეიცავს დათქმას (შენიშვნას), რომ ქვეაბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოაკლდებოდა აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. აბონენტის დავალიანების გამო ან ავარიული გამორთვის შემთხვევაში, მოპასუხე იხსნის პასუხისმგებლობას ელექტროენერგიის მიწოდებაზე. აბონენტს სისტემატურად ერიცხება მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება მოპასუხის წინაშე, რაც იძულებულს ხდის განაწილების ლიცენზიატს, შეწყვიტოს ელექტროენერგიის მიწოდება, ხდება ისე, რომ აბონენტი ელექტროენერგიის მიწოდებას უკანონოდ აღადგენს ან ხელს უშლის მოპასუხის თანამშრომლებს მრიცხველის გათიშვაში. აღნიშნულის გამო განაწილების ლიცენზიატი მთლიანად დაბალი ძაბვის ფარს თიშავს, რის შემდეგაც აბონენტს უწყდება ელექტროენერგია. ამასთანავე, ელექტროენერგია ეთიშება ქვეაბონენტსაც, რომელსაც საერთოდ არ გააჩნია ელექტროენერგიის დავალიანება. მოსარჩელე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. საკუთრებაში არსებული ფართი გადაცემული აქვს იჯარით შპს „პ.“, რომელსაც შენობაში მოწყობილი აქვს სასტუმრო. ელექტროენერგია სისტემატურად წყდება, მოსარჩელისაგან დამოუკიდებლად და არსებითად ხელყოფს და აზიანებს კერძო საქმიანობას, ქმნის საფრთხეს, რომ მიიღოს მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. მოპასუხესა და მესამე პირს შორის არსებული უთანხმოების შედეგად ზიანი ადგება მოსარჩელის ინტერესებს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ აბონენტს აქვს დავალიანება 218 286.08 ლარის ოდენობით, რის გამოც განაწილების ლიცენზიატმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თანხის დაკისრება. ხსენებული სარჩელი დაკმაყოფილდა, რის შემდეგაც მოპასუხემ შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება დავალიანების მქონე აბონენტს. 2009 წლის 3 ივლისს გაცემული ტექნიკური პირობით ცნობილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს შპს „ს.“ ქვეაბონენტს. ძირითადი აბონენტისათვის ელექტროენერგიის შეწყვეტამ გამოიწვია ქვეაბონენტების ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა, რაც მოსარჩელისთვის ცნობილი იყო 2009 წლის 3 ივლისს გაცემული ტექნიკური პირობიდან გამომდინარე, სადაც შენიშვნის სახით მოცემულია იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც აკისრიათ აბონენტსა და ქვეაბონენტებს ელექტროენერგიის დავალიანებისა და ავარიული გამორთვის შემთხვევაში.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 3 ივლისს მოპასუხის მიერ გაფორმებული ტექნიკური პირობის #NNS-06/... მე-6 მუხლი შენიშვნის ნაწილში, სადაც მითითებულია, რომ ძირითადი აბონენტის დავალიანების გამო, მოპასუხე იხსნის პასუხისმგებლობას ელექტროენერგიის მიწოდებაზე.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. მოსარჩელე შპს „ს.“ ქვეაბონენტია. მოპასუხე მოსარჩელესა და ძირითად აბონენტს ამარაგებს ელექტროენერგიით;

1.2.2. 2009 წლის 3 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა შეთანხმება (ტექნიკური პირობა) ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების შესახებ. ობიექტის მისამართია ქ.თბილისი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, ... ... მიმდებარე ტერიტორია, არასაცხოვრებელი კომერციული ფართი;

1.2.3. ტექნიკური პირობის თანახმად, ობიექტი ელექტროენერგიით უნდა მომარაგებულიყო იმ ტექნიკური პირობების საფუძველზე, რომლის მიხედვით აბონენტის კუთვნილ #ს/ქ #ა-1... დაბალი ძაბვის ფარზე დამონტაჟდებოდა შესაბამისი ამპერაჟის სამპოლუსიანი ავტომატი, რაზეც აბონენტმა განაცხადა თანხმობა. არსებული ვითარებით ქვეაბონენტი ელექტროენერგიით მომარაგდებოდა აბონენტის კუთვნილი დაბალი ძაბვის ფარის გამოყენებით. ამავე პირობის თანახმად, ს/ქ #1-1...-ის გარეთ კედელზე მოპასუხე მოაწყობდა ყუთს (სტანდარტი 6 (2), სადაც დამონტაჟდებოდა ტ31ფ ტიპის სამფაზა ამპერიანი პირდაპირი ჩართვის მრიცხველი;

1.2.4. ტექნიკური პირობა შეიცავს დათქმას (შენიშვნას) იმის თაობაზე, რომ ქვეაბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა გამოაკლდებოდა აბონენტის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობას. ძირითადი აბონენტის დავალიანების გამო ან ავარიული გამორთვის შემთხვევაში, მოპასუხე იხსნის პასუხისმგებლობას ელექტროენერგიის მიწოდებაზე;

1.2.5. ქვეაბონენტს განაწილების ლიცენზიატის მიმართ არ გააჩნია მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება. ეს უკანასკნელი კი, იძულებულია, დავალიანების გამო შეუწყვიტოს აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება, გაუთიშოს კუთვნილი მრიცხველი, რომელიც განთავსებულია აბონენტის ტერიტორიაზე და იმავე დაბალი ძაბვის ფარზე, რომელზედაც განთავსებულია ქვეაბონენტის კუთვნილი მრიცხველი. მოპასუხე თიშავს დაბალი ძაბვის ფარს მთლიანად, რის შემდეგაც აბონენტს უწყდება ელექტროენერგია. ელექტროენერგია უწყდება მოსარჩელესაც, რომელიც ქვეაბონენტია, მიუხედავად იმისა, რომ მას მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანება არ გააჩნია;

1.2.6. ქვეაბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხე მიუთითებს 2009 წლის 3 ივლისს გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, ძირითადი აბონენტის დავალიანების შემთხვევაში მოპასუხე იხსნის პასუხისმგებლობას ქვეაბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდებაზე;

1.2.7. მოსარჩელე ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. საკუთრებაში არსებული ფართი გადაცემული აქვს იჯარით შპს „პეგასისათვის“, რომელმაც შენობაში სასტუმრო მოაწყო. ელექტროენერგია წყდება მოსარჩელისაგან დამოუკიდებლად და არსებითად ხელყოფს და აზიანებს კერძო საქმიანობას, ქმნის საფრთხეს, რომ მიიღოს სერიოზული ქონებრივი ზიანი;

1.2.8. მოსარჩელის მიმართვის პასუხად საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ გაცემულ ტექნიკურ პირობაში ჩანაწერი - „შენიშვნა“ არ შეესაბამებოდა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის #20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ ნორმებსა და მოთხოვნებს;

1.2.9. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ქვეაბონენტს გამანაწილებელ ქსელზე მიერთებისათვის არ აქვს გადახდილი საფასური და ქსელზე მიერთება განხორციელდა ტექნიკური პირობისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევით.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი სარჩელი აღიარებითი ხასიათისაა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ფარგლებში მოსარჩელეს აქვს აღიარებითი მოთხოვნის მიმართ ნამდვილი ინტერესი, რამდენადაც სარჩელის დაკმაყოფილებას შედეგად მოჰყვება მხარის ინტერესების დაცვა, ამასთანავე, არიდებული იქნება ის მოსალოდნელი საფრთხე, რასაც შეიძლება, მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი მოჰყვეს შედეგად. აღიარებითი სარჩელის პროცესუალური საფუძვლიანობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ შეამოწმა გარიგების სადავო პირობის შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან და მიიჩნევს, რომ აშკარაა პირობის ბათილად ცნობის სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი _ მართლწინააღმდეგობრიობა, რამდენადაც ელექტროენერგიის მიწოდება-მოხმარების საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ამ ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობა სპეციალური მოწესრიგების ფარგლებში ექცევა და რეგულირდება სემეკის #20 დადგენილებით (იხ. დადგენილების პირველი მუხლი), რომლის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განაწილების ლიცენზიატს ეკრძალება ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგო გარიგების დადება აბონენტთან. განსახილველ შემთხვევაში, აღიარებითი სარჩელით შედავებულია გარიგების ის პირობა, რომელიც ელექტრომომარაგების შეწყვეტას შეეხება მესამე პირის ქმედების გამო, თუმცა ელექტრომომარაგების შეწყვეტის ამგვარი საფუძველი დადგენილების მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის არცერთი ქვეპუნქტით არ არის გათვალისწინებული, ამდენად, დასაბუთებულია ქვემდგომი სასამართლოების დასკვნა იმის თაობაზე, რომ სხვა პირის დავალიანების გამო ქვეაბონენტისათვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტაზე პასუხისმგებლობისაგან ლიცენზიატის გათავისუფლების ნაწილში გარიგება ეწინააღმდეგება კანონს და არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები. თავის მხრივ, გარიგების ნაწილის ბათილად ცნობა, სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე, არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათლობას. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომლებიც კასატორმა ვერ გააქარწყლა, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც აღიარებითი სარჩელის საფუძვლიანობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 17.07.2018წ. #76410 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო:

2. კასატორ სს „თ.“ (ს/კ #20205...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 17.07.2018წ. #76410 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის, 70% _ 210 ლარი:

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე