Facebook Twitter

საქმე №ას-19-2019 25 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. მ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ქონების უმკვიდროდ ცნობა და საკუთრებაში გადაცემა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. მ. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან სააგენტო) მიმართ, ო. ქ-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სადგომის (მდებარე ქ.თბილისში, ბ. გ. ს. მე-... შესახვევის #...-ში. 21,76 კვ.მ და 16,88 კვ.მ ოთახი, ასევე, 4,45 კვ.მ შესასვლელი) უმკვიდროდ ცნობისა და მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1992 წლის 30 ოქტომბერს მოსარჩელემ მოქალაქე გ. მ-ისგან 1 700 აშშ დოლარად საკუთრების უფლებით შეიძინა ქ.თბილისში, ბ. გ. ს. გამზირზე, მე-... შესახვევის #..-ში მდებარე საცხოვრებელი სადგომის ორი ოთახი. თავის მხრივ, გამყიდველს ხსენებული ფართი შეძენილი ჰქონდა ო. ქ-ისგან. გ. მ-ი ჩაწერილი იყო სადავო უძრავ ქონებაში, გაფორმებული ჰქონდა საბინაო წიგნაკი და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს. გ. მ-ი იყო საცხოვრებელი სადგომის მფლობელი და ფაქტობრივი მესაკუთრე. მოსარჩელესა და გ. მ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, დარეგისტრირდა და საცხოვრებლად გადავიდა მასში, სადაც ცხოვრობს დღემდე. ო. ქ-ეს არც კანონით და არც ანდერძით მემკვიდრეები არ დარჩენია, საცხოვრებელი სადგომის მიმართ არ არსებობს რაიმე დავა, შესაბამისად, ქონება მიჩნეულ უნდა იქნეს უმკვიდროდ და საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცეს მოსარჩელეს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ უარყო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ 1992 წლით დათარიღებულ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებულია ფიზიკურ პირთა მაიდენტიფიცირებელი, თერთმეტნიშნა პირადი ნომრები მაშინ, როდესაც საქართველოში ფიზიკურ პირთა იდენტიფიცირება ამგვარი წესით მოქმედებს 1994 წლიდან. ხელშეკრულებაში მითითებულია მ. ს. ასული გ-ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტი - გ 0360.... სარჩელზე დართული საინფორმაციო ბარათით (#01171801...) დასტურდება, რომ პირადობის მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილმა ორგანომ მ. გ-ზე პირადობის მოწმობა ნომრით _ გ 0360... 2002 წლის ... ოქტომბერს გასცა, შესაბამისად, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული 1992 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში იმ დოკუმენტის გამოყენება, რომელიც გაიცა 2002 წელს. #01171801.. საინფორმაციო ბარათითვე დასტურდება, რომ მ. მ-ი სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრირებულია 2002 წლიდან, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება გაფორმებულია არა 1992 წელს, არამედ 2002 წელს, რასაც ადასტურებს კიდეც გადასწორება, შესაბამისად, ხელშეკრულება არ არის ავთენტიკური.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალ გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 4 აპრილის ცნობა-დახასიათებით, ქ.თბილისში, ბ.ხ. ქუჩა, შესახვევი #...-ში მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენს - ო. ქ-ე. ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი ფართობი 1501635.00 კვ.მ, ლიტერი: „ა“ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ): 270,04 კვ.მ ლიტერი: „ე“ (საცხოვრებელი), სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ): 136,55 კვ.მ ლიტერი „ა“, სართულების რაოდენობა: 1, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ): 37,69 კვ.მ ლიტერი „ბ“, „ჟ“, „ლ“, „დ“, „ს“, „მ“, „ვ“, „ვ“, „ვც“ (სათავსები), უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე არსებული ფართი (კვ.მ): 65.00 კვ.მ მესაკუთრე-ოლღა ქურდოვანიძე, ფართობი დოკუმენტით 49, მიწის ფართი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე 1994 წლამდე: 1586, სააღრიცხვო ბარათი #000695, აღრიცხვის თარიღი: 1993 წელი, დოკუმენტი: 1, #9234, 01/03/1952, სამემკვიდრეო მოწმობა, ნოტარიუსი ჩ-ა, დოკუმენტი:1. აღნიშნულ ცნობა-დახასიათებაში, მესაკუთრეების (მოსარგებლეების) გრაფაში მითითებული არიან: ბ. კ-ო, ა. რ-ა, მ. კ-ა, დ. პ-ო, ნ. კ-ხ, ა. გ-ა, ს. შ-ა, ი. კ-ი;

1.2.2. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ.თბილისში, ბ. გ. ს. გამზირის, ... შესახვევის, #...-ში მდებარე უძრავი ნივთის თანამესაკუთრეები არიან: ე. ჩ-ე, მ. ვ-ე, ნ. მ-ე, ნ. ჭ-ი, ჯ. ბ-ი, სახელმწიფო და სახლთმფლობელობის თანამესაკუთრეები (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 01.17.11.034.028; ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება; ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 1635.00 კვ.მ; ნაკვეთის წინა ნომერი 34; შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: #1, #2, #3, #4, #5, #6, #7, #8, #9, #10, #11, #12, #13, #14, #15, #16, #17, #18, #19, #20, #21, #№22);

1.2.3. ოლღა ქურდოვანიძე გარდაიცვალა 1995 წლის 22 მაისს;

1.2.4. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ინფორმაციით დგინდება, რომ სამემკვიდრეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, 1995 წლის 22 მაისს გარდაცვლილი ო. ს. ასული ქ-ის დანაშთი სამკვიდრო ქონების თაობაზე ჩანაწერი ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებული არ არის; ანალოგიური პასუხი იქნა გაცემული ანდერძების ერთიანი ელექტრონული რეესტრიდან, კერძოდ, გაცემულ ცნობაში მითითებულია, რომ ანდერძების ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ არის რეგისტრირებული ჩანაწერი გარდაცვლილი ო. ქ-ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე;

1.2.5. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2003 წლის 17 აპრილის #290 ბრძანების შესაბამისად, დამტკიცდა ქ.თბილისის #23 სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს დასკვნა მოქალაქე მ. ს. ასული გ-ის გვარის შესწორების შესახებ და დაბადების აქტში არსებული გვარი გ-ი შეიცვალა მ-ით;

1.2.6. მოსარჩელე ქ.თბილისში, ბ.ხ. შეს.#...-ში რეისტრირებულია 2002 წლის 30 ოქტომბრიდან;

1.2.7. სს „ყ. თ.“ 2018 წლის 16 აპრილის #01-06-02-04/997 წერილის თანახმად, ქ.თბილისში, ბ. ხ. ქ. კორპ. #.., ბინა #...-ში აბონენტი #4392...-.., მ-ი რეგისტრირებულია 2008 წლის 1 ივლისიდან;

1.2.8. მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ ის წარმოადგენს „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, რომელსაც კანონით რეგულირებული ურთიერთობის ფარგლებში უფლება ექნებოდა, საცხოვრებელი სადგომის უმკვიდროდ ცნობის გზით მოეპოვებინა სადგომზე საკუთრების უფლება.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას „საცხოვრებელი საგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი წარმოადგენს. ნორმის ერთ-ერთი იმპერატიული წინაპირობაა ის, რომ მოსარჩელე იყოს სადავო ქონების მართლზომიერი მფლობელი _ მოსარგებლე. მართალია, სარჩელში ის უთითებს, რომ სადგომის დათმობის შესახებ გარიგების საფუძველზე მოიპოვა მფლობელობა, თუმცა ამ ფაქტობრივ გარემოებას მოპასუხემ არსებითი ხასიათის შედავება დაუპირისპირა, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე, მოსარგებლედ ყოფნის ფაქტის დადასტურების ვალდებულება წარმოეშვა მოსარჩელეს. თავად მოსარგებლეობა კი, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილ ურთიერთობათა შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის ამავე კანონის 2.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტითაა განმარტებული, რომლის თანახმადაც მოსარგებლეა პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. თავად კანონის 1.1. მუხლის თანახმად კი, ეს კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმის მასალების ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად დაადგინა (სსსკ-ის 105-ე მუხლი), რომ მოსარჩელე სადავო მისამართზე 2002 წლის 30 ოქტომბრიდანაა რეგისტრირებული, რაც მის მოსარგებლედ მიჩნევას და სარჩელის წარმატებას გამორიცხავს, რის გამოც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ უზრუნველყო, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც სადგომის უმკვიდროდ ცნობისა და მოსარგებლისათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები:

საკასაციო სასამართლო ვერ შეაფასებს კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, მიუხედავად წარდგენის საპატიოობისა, მიიღოს და შეაფასოს მტკიცებულებები, რადგანაც ამ ინსტანციის სასამართლოში ხდება გადაწყვეტილების არა ფაქტობრივი, არამედ _ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება. აღნიშნული განპირობებული იმით, რომ საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს, შესაბამისად, არ არსებობს წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმისათვის დართვისა და გაზიარების წინაპირობა, ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ისინი უნდა დაუბრუნდეს მხარეს.

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორს დაუნრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები 2 (ორი) ფურცლად (ს.ფ. 184-185).

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე