საქმე №ას-989-2018 25 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ლ. გ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ე.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მაკლერი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. გ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი, მყიდველი ან მოვალე) მიმართ მოპასუხისათვის გასამრჯელოს _ 1 200 ლარის, ასევე, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის _ 138 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 6 ნოემბერს, საშუამავლო მომსახურების გაწევის თხოვნით, მოსარჩელეს დაუკავშირდა ი. გ-ა (შემდგომში _ გამყიდველი), რომელსაც სურდა თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვა. მომსახურების გაწევის საფასურად მხარეთა ზეპირი შეთანხმებით განისაზღვრა 1 200 ლარი, რომელიც უნდა გადაეხადა შუამავლისთვის სავარაუდო მყიდველს. მოსარჩელემ მოიძია მიწის ნაკვეთის მყიდველი _ მოპასუხე, რომელმაც თანხმობა განაცხადა შეთავაზებულ ფასად მიწის შესყიდვაზე და საშუამავლო მომსახურების საფასურის _ 1 200 ლარის გადახდაზეც, შესაბამისად, 2016 წლის 2 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხე გახდა მიწის ნაკვეთის მეპატრონე. მყიდველმა სრულად გადაიხადა ნასყიდობის საფასური, თუმცა, საშუამავლო მომსახურების ანაზღაურებაზე განაცხადა უარი. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რაც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით და მოწმის ახსნა-განმარტებით. ამასთან, მოპასუხეს დროულად რომ გადაეხადა მოსარჩელისათვის მომსახურების საფასური, ეს უკანასკნელი განკარგავდა თანხას და მიიღებდა შემოსავალს. ეროვნული ბანკის მიერ დეპოზიტზე თანხის განთავსებისათვის დადგენილია წლიური სარგებელი 11.5 %, რაც, მოცემულ შემთხვევაში, შეადგნს 138 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მყიდველმა სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე 2016 წლის 7 ივნისს უარი განაცხადა. მოპასუხისათვის შესაგებლის წარმოსადგენად დადგენილი 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 8 ივნისს და ამოიწურა 2016 წლის 17 ივნისს, 24:00 საათზე. მას ამ ვადაში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მისი წარუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ არ უცნობებია სასამართლოსთვის.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა გასამრჯელოს _ 1 200 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით 138 ლარის გადახდა;
3.2. ამავე სასამართლოს 2017 წლის 25 ივნისის განჩნინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მყიდველმა, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდგომ, მოსარჩელეს გადაეცა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. 23.03.2016 წელს კი, ეცნობა, რომ სარჩელი მიღებული იყო განსახილველად და მას ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარება და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარდგენა. სასამართლო გზავნილით დგინდება, რომ მოპასუხეს შესაგებლის წარმოსადგენად განესაზღვრა 10-დღიანი საპროცესო ვადა;
1.2.2. 19.05.2016წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მიმართა მოსარჩელის დირექტორმა და წარმოადგინა საფოსტო შეტყობინების ბარათები მოპასუხისათვის გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის დასტურად, კერძოდ, ერთი საფოსტო შეტყობინების თანახმად, გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა მისამართზე: ქ.თბილისი, კ. გ. #..., ფოსტის მუშაკი ესაუბრა ადრესატს, რომელმაც განმარტა, რომ იგი ქალაქიდან იყო გასული, არ ელოდებოდა წერილს და ცხოვრობდა გურიაში. გზავნილი ადრესატს ვერ ჩაბარდა ვერც ალტერნატიულ მისამართზე - ქ.ო., მ. ქ#..., ბინა #.... შეტყობინების ბარათზე აღნიშნულია, რომ მითითებულ მისამართზე ცხოვრობს მ. ნ-ე, რომლის განმარტებითაც ადრესატი არ იმყოფება მისამართზე;
1.2.3. ქ.ო., მ. ქ#..., ბინა #... მყიდველის რეგისტრირებული მისამართია;
1.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 23.05.2016წ. განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს სამსახურს დაევალა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარება შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, კ. გ. #.... საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის .... განყოფილების მიმართვის თანახმად, მოპასუხისათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილი (სარჩელი თანდართულ მასალებთან ერთად) ადრესატს ვერ ჩაბარდა, რადგან მოპასუხემ უარი განაცხადა ჩაბარებაზე. ადრესატის განმარტებით, მისთვის ცნობილია დავის თაობაზე, რომელიც არის სიცრუე, თაღლითობა და უარს აცხადებს მასალების ჩაბარებაზე. სასამართლოს მიერ დაკითხული მოწმის ჩვენება ვერ აბათილებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საუბნო სამსახურის თანამშრომლის მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე დადგენილ გარემოებას მასზე, რომ მოპასუხემ უარი განაცხადა უშუალოდ სასამართლოს გზავნილის ჩაბარებაზე. პოლიციის თანამშრომელი, თუ არა სასამართლოს დავალება, არ ახორციელებს კერძო პირებს შორის საფოსტო გზავნილების ჩაბარებაში ხელშეწყობას. ამასთან, სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ჩაბარების მცდელობის თაობაზე მოპასუხისათვის ცნობილი იყო იმ დღიდან, როცა ფოსტის თანამშრომელი დაუკავშირდა ტელეფონით, მოპასუხემ კი აცნობა, რომ ქალაქიდან იყო გასული.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და იზიარებს ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, ამ დასკვნის პროცესუალურსამართლებრივ საფუძველს, დადგენილ ფაქტებთან ერთად, იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე, 73-ე, 75-ე და 184-ე მუხლები. გარდა ამისა, კასატორი ვერ ასაბუთებს საკუთარ პოზიციას იმის თაობაზე, რომ არ არსებობს სარჩელისა და თანდართული მასალების მისთვის ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობები. უდავოა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ წარუდგენია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებზე (სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლები), მხარის მიერ საკუთარი საპროცესო უფლებების განკარგვა სწორედ ამ პრინციპების ჭრილში ფასდება სასამართლოს მხრიდანაც. პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარდგენის ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევა, სწორედ მხარის მიერ ამ საპროცესო წესების განკარგვაზე მიანიშნებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის სახეზე იყო ყველა კანონისმიერი წინაპირობა (სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ეს ფაქტობრივი წინაპირობები განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მარეგულირებელ მატერიალურსამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება ქმნის თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. თავის მხრივ, მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები ამომწურავადაა რეგლამენტირებული კანონშიც და შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიჩნეულია შემდეგი: ა) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; ბ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; გ) არსებობს სხვა საპატიო მიზეზი, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (სსსკ 241-ე მუხლი)). ამ განჩინების აღწერილობითი ნაწილის 1.2 პუნქტში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი ფაქტები ამართლებს საშუამავლო გასამრჯელოსა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე აღძრულ მოთხოვნას (სკ-ის 744-ე და 411-ე მუხლები), შესაბამისად, არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს, როგორც უკვე ითქვა, მოვალემ ვერ წარადგინა იმგვარი პრეტენზია, რომელიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერებას ეჭვქვეშ დააყენებდა. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ უზრუნველყო, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დაუსწრებლი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს გ. ა-ის მიერ კასატორის სახელით 06.08.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი, 300 ლარის, 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. გ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ლ. გ-ეს (პ/#33001007...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ. ა-ის მიერ კასატორის სახელით 06.08.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე