საქმე №ას-1054-2018 19 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. დ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. დ. დ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ას (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსესხებლი) მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის, კერძოდ _ პირგასამტეხლოს სახით, ნაცვლად 2013 წლის 18 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,2%-ისა, 2013 წლის 18 სექტემბრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე (24.05.2016წ.) ყოველდღიურად ძირი თანხის 0,002%-ის, სულ _ 472 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 18 ივნისს მოსარჩელესა და მარინე თეთრაძეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ ისესხა 34 000 აშშ დოლარი სამი თვის ვადით, ყოველთვიურად 3%-იანი სარგებლის დარიცხვით. სესხი უნდა დაბრუნებულიყო 2013 წლის 18 სექტემბერს. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხს ერიცხებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0,2%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქ.თბილისში, ... მასივის მე-... კვარტლის ...-ე კორპუსში მდებარე #... ბინა. მსესხებელმა ვალდებულება ვერ შეასრულა, გადაიხადა მხოლოდ ერთი თვის პროცენტი, რის შემდეგაც 2014 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით, მ. თ-ემ მოპასუხეს დაუთმო 24 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლება. კრედიტორმა მიმართა ნოტარიუსს და აიღო სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოთხოვნა 49 940 აშშ დოლარითა და 124.36 ლარითაა განსაზღვრული. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება. 2016 წლის 14 ივნისს მოსარჩელეს გადაწყვეტილების შესრულების წინადადებით მიმართა აღმასრულებელმა. სააღსრულებო ფურცლით დარიცხული 49 940 აშშ დოლარიდან 24 000 აშშ დოლარი არის სესხის ძირითადი თანხა, 1 440 აშშ დოლარი არის _ ორი თვის პროცენტი, ხოლო 24 500 აშშ დოლარი _ პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული დღეებისათვის სააღსრულებო ფუცლის ამოწერის დღემდე (სულ 982 დღე). დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია. პროცენტისა და პირგასამტეხლოს თანხა მეტია დავალიანების ძირითად თანხაზე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ მარტივი შესაგებელი წარადგინა, მას სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდია, არამედ, არ დაეთანხმა მოთხოვნას, რომ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცცირების წინაპირობები.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნაწილობრივ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 24 მაისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, შევიდა ცვლილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და, ნაცვლად 2013 წლის 18 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.2%-ისა, მსესხებელს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ძირითადი თანხის 0.02%-ის გადახდა 2013 წლის 18 სექტემბრიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებელმა, მოითხოვა მის ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 აპრილის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2013 წლის 18 ივნისს მ. თ-ესა და მოსარჩელეს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მარინე თეთრაძემ 3 თვის ვადით ასესხა 34 000 აშშ დოლარი. სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებულ იქნა სარგებელი, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 3%-ით. სესხი პროცენტებთან ერთად 2013 წლის 18 სექტემბრამდე უნდა დაბრუნებულიყო. ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო _ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ თანხის 0,2%-ით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ;
1.2.2. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები;
1.2.3. 2014 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულებით მ. თ-ემ მოპასუხეს დაუთმო 2013 წლის 18 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილი, კერძოდ, სესხის ძირი თანხიდან - 34 000 აშშ დოლარიდან, 24 000 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული სარგებელისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ახალ კრედიტორზე გადავიდა მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებაც;
1.2.4. 2014 წლის 23 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2016 წლის 24 მაისს მოპასუხემ მიმართა ნოტარიუსს. გაცემული სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: ძირითადი თანხა - 24 000 აშშ დოლარით, ორი თვის სარგებელი _ 1 440 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0,2%-ით, 2013 წლის 18 სექტემბრიდან აღსრულებამდე, აგრეთვე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 124.36 ლარით.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, მე-400 და 417-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა წინაპირობებიც სადავო არაა, არამედ სადავო დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობაა. ხსენებულ საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი, რომელიც მხარეთა სახელშეკრულებო შეთანხმებაზე სასამართლო კონტროლის საგამონაკლისო წესია და შესაძლებლად მიიჩნევს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებას. საკანონმდებლო დათქმა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე არ არის აბსოლუტური და ამ ნორმის გამოყენებისათვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, როგორც მხარეთა ინტერესების, მათ შორის, ქონებრივი ინტერესის ბალანსი, ისე _ ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ხანგრძლივობა, თავად ვალდებულების მოცულობა და პირგასამტეხლოს თანაფარდობა მასთან. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომმა სასამართლოებმა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ 0,2% გონივრულ ოდენობამდე _ 0,02%-მდე შეამცირეს, ამგვარად, დაცულია როგორც მოვალის უფლებები, ისე _ კრედიტორის ინტერესები და შენარჩუნებულია პირგასამტეხლოს იურიდიული ბუნება. ამ განაკვეთის კიდევ შემცირება კი, არაგონივრული და დაუსაბუთებელია. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ უზრუნველყო, რის გამოც, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების/მისი გონვრული ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 31.07.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 519,11 ლარის, 70% _ 363,377 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. დ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ დ. დ-ს (პ/#0100502...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 31.07.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 519,11 ლარის 70% _ 363,377 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე