Facebook Twitter

საქმე №ას-1744-2018 21 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ „ს. ქ. ე. ს.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „Z.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. სსიპ „ს. ქ. ე. ს.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „Z.-ს“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 2016 წლის 12 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს დაკისრება დღეში 500 ლარის ოდენობით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 27 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეს ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა 340 კვ.მ ფართი კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის. იჯარის ხელშეკრულების 3.1.6 მუხლის თანახმად, მოიჯარეს არა- უგვიანეს 2016 წლის 11 იანვრისა, სააგენტოში უნდა წარედგინა „საწარმოსათვის აუდიტორული ფინანსური ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბერის #360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირის მიერ მომზადებული საექსპერტო-აუდიტორული დასკვნა. ხსენებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების 6.4 მუხლის თანახმად, განისაზღვრა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე. მოპასუხეს აუდიტორული დასკვნა არ წარუდგენია, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა.

2. მოპასუხის პოზიცია:

სარჩელის წინააღმდეგ მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია და, მიუხედავად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად მისი ინფორმირებისა, არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით (ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით), სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით-სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2014 წლის 27 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოვალეს ერთი წლის ვადით სარგებლობაში გადაეცა 340 კვ.მ ფართი კვების ობიექტის ფუნქციონირებისათვის;

1.2.2. იჯარის ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის მიხედვით, მოიჯარე ვალდებული იყო, უზრუნველეყო ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაცემულ ქონებაზე კვების ობიექტის ფუნქციონირება. ამავე ხელშეკრულების 3.1.6 მუხლის თანახმად, მოიჯარე ასევე ვალდებულებას იღებდა 3.1.1 მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების ვადის ამოწურვიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში მეიჯარისათვის წარედგინა აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებნული იქნებოდა „ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბერის #360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირის მიერ;

1.2.3. ხელშეკრულების 6.3 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების 3.1.1 მუხლით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 6.4 მუხლის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში თითოეული ვალდებულების დარღვევისათვის მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.2.4.ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2015 წლის 27 ნოემბერს. 2015 წლის 23 დეკემბრის წერილით მოპასუხეს განემარტა, რომ 27.11.2015 წლიდან 45 დღის განმავლობაში, არა უგვიანეს 2016 წლის 11 იანვრისა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დადასტურების მიზნით, სააგენტოში უნდა წარედგინა საექსპერტო აუდიტორული დასკვნა. მოპასუხეს წერილები მიღებული აქვს. დაადასტურა დარღვევა, თუმცა საექსპერტო დასკვნა წარდგენილი არა აქვს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს: უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც მოიჯარემ იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვიდან 45 დღის განმავლობაში მეიჯარისათვის წარედგინა აუდიტორულ-საექსპერტო დასკვნა, რომელიც მომზადებული იქნებოდა „ანგარიშგების განმახორციელებელ ან/და საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა და სახელმწიფო საწარმოთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 5 სექტემბერის #360 დადგენილებით განსაზღვრული ერთ-ერთი პირის მიერ. ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით კი, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ინსტიტუტზე (სკ-ის 417-ე მუხლი). დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხემ ანგარიშის წარდგენის ვალდებულება დაარღვია, რაც პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულებას წარმოშობს, თუმცა, მიუხედავად იმისა, მოპასუხე პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას არ წარადგენს შესაგებელს, თუ არ გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე (სსსკ-ის 230-ე ან 2321 მუხლი), სასამართლო ყოველთვისაა ვალდებული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის გადაწყვეტისას განსაზღვროს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად მიჩნეული ფაქტები იურიდიულად ამართლებს თუ არა მოთხოვნას. ხსენებული საპროცესო დანაწესი ორიენტირებულია მატერიალური სამართლის ნორმაზე და ამ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ადგენს, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები იძლევა თუ არა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა ამ მხრივ სწორად განმარტეს კანონი (სკ-ის 420-ე მუხლი), გონივრულ ოდენობამდე შემაცირეს პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლების, ისე _ პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ კი, დასაბუთებული შედავება საკასაციო საჩვარში არ არის გადმოცემული (იხ. სუსგ №ას-39-35-2017, 10 მარტი, 2017 წელი).

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ „ს. ქ. ე. ს.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე