Facebook Twitter

საქმე №ას-1411-2018 19 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე)

კასატორი, მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ. კ. კ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, პირველი კასატორი ან შემკვეთი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ქ. კ. კ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, მეორე კასატორი ან მენარდე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს _ 100 000 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა #911 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ იკისრა სამხედრო მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების ვალდებულება. ხელშკრულებით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, მათ შორის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა პასუხისმგებლობის საკითხი. მენარდემ დაარღვია ვალდებულება, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 100 000 ლარის ოდენობით (2014 წლის 24 ივლისის #911-15 აქტით - 10 000 ლარი; #911-20 აქტით - 10 000 ლარის, #911-26 აქტით - 10 000 ლარი, #911-31 აქტით - 10 000 ლარის, #911-43 აქტით - 10 000 ლარის, #911-44 აქტით - 10 000 ლარი, #911-49 აქტით - 10 000 ლარის გადახდა), რის თაობაზეც გაეგზავნა შეტყობინება, თუმცა მხარეს თანხა არ გადაუხდია, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ 2013 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის მართლაც დაიდო #911 ხელშკრულება, თუმცა მისი პირობები არ დაურღვევია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგანაც მოსარჩელის მიერ სადავო აქტებში მითითებული ფაქტები არ წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას (სურსათის ეტიკეტზე სტეპლერით ან ლენტით მიმაგრება განაპირობა იმან, რომ თავდაპირველ შეფუთვაზე არსებული სტიკერი არ იყო გამძლე და პროდუქციიდან მოშორება მარტივად ხდებოდა, ხოლო „როშენის“ ყუთები კი პროდუქციის გადაადგილებისას უსაფრთხოების მიზნით გამოიყენებოდა, ასევე „როშენისა“ და „სალპოს“ ყუთები სხვა კომპანიის მიერ ბრენდირებული შესაფუთი მასალა იყო, რაც მხოლოდ მარკეტინგს ემსახურება და იგი არ იყო პროდუქციის უშუალო შეფუთვა. რაც შეეხება გამართულ მდომარეობაში მაცივრების, გასაცემი ხაზების და ა.შ უზრუნველყოფას, ის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ევალებოდა, ერთ მაცივარში კი სხვადასხვა პროდუქტის მოთავსება გამოწვეული იყო გამოუვალი მდგომარეობიდან, რადგან არ გაფუჭებულიყო პროდუქტი). მენარდის ქმედებით, მოსარჩელეს ზიანი არ მიდგომია, რაც ასევე გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით-სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა (#8 აქტის ფარგლებში _ 500 ლარის, #31 აქტის ფარგლებში _ 500 ლარის, #47 აქტის ფარგლებში _ 500 ლარის, #49 აქტის ფარგლებში _ 500 ლარის, #61 აქტის ფარგლებში _ 500 ლარის, #78 აქტის ფარგლებში _ 1 000 ლარის, #92 აქტის ფარგლებში _ 500 ლარის, ხოლო, #105 აქტის ფარგლებში _ 1 000 ლარის ანაზღაურება).

6. კასატორების მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ, სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2013 წლის 30 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე უზრუნველყოფდა სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სპეციალური ოპერაციული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებით მომსახურებას (ხელშეკრულების მე-2 მუხლი). ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა ანგარიშსწორების წესი, სტანდარტები, ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, მხარეთა უფლება-მოვალეობანი, ხარისხი, გარანტია და სხვა პირობები;

1.2.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხეს ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა (ხელშეკრულების 15.1 მუხლი);

1.2.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი საქართველოში მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ვალდებულება (ხელშეკრულების 8.2.6. პუნქტი). საქმეში წარმოდგენილი აქტებით დგინდება და მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ აღმოჩენილ იქნა მწერები, დარღვეულია მაცივარში შენახვისა და ეტიკეტირების წესები (2014 წლის 24 ივლისს შედგა #911-26 აქტი მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შესახებ, რითაც მოპასუხეს ხელშეკრულების 5.1. პუნქტის დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ დაჯარიმებას საფუძვლად დაედო 2014 წლის 12 თებერვლის #31 აქტი; 2014 წლის 12 თებერვალს შედგენილი #31 აქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეამოწმეს ქ.გორში დისლოცირებული მე-... ქვეითი ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი. სასადილოში შემოწმდა სადილისათვის მომზადებული კერძების ნორმა და საგემოვნო თვისებები. სასადილოს საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა 7 ყუთი 16-კილოგრამიანი ვაშლის ჯემი, დაფასოებული პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში, რომელსაც არ გააჩნდა მარკირება და მოთავსებული იყო „როშენის“ მეორად მუყაოს ყუთში. მას მიმაგრებული ჰქონდა კომპიუტერზე ამობეჭდილი ეტიკეტი წარწერით „მწარმოებელი შპს „გ. კ.“. ამავე აქტის თანახმად, სასადილოს არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის მაცივრები, გაცემის ხაზის კონტეინერები, ღრმა ჯამი პირველი თავი კერძისთვის, ხოლო, მაცივარში ერთ კონტეინერში ინახებოდა ბოსტნეული, რძის ნაწარმი და ძეხვეული, თევზი და ხორცი კი ინახებოდა ერთ საყინულე მაცივარში; 2014 წლის 24 ივლისს შედგა #911-31 აქტი, რითაც მოპასუხეს, ხელშეკრულების 5.1. პუნქტის დარღვევის გამო, დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით. დაჯარიმებას საფუძვლად დაედო 2014 წლის 28 თებერვლის #47 აქტი, რომლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეამოწმეს სოფელ ოსიაურში დისლოცირებული შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის მე-2 ქვეგანყოფილების სასადილო და სასადილოს საწყობი. სასადილოში შემოწმდა სადილისათვის მომზადებული კერძების ნორმა და საგემოვნო თვისებები, რაც დამაკმაყოფილებელი იყო. საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საყინულე კონტეინერ-მაცივარში ინახებოდა ხორცი, თევზი, ჯემი, ძეხვი, სოსისი, კარაქი. ჯემი დაფასოებული იყო 16 კგ-იან პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკებში, რომელიც მოთავსებული იყო „როშენის“ ფირმის მეორეულ მუყაოს ყუთებში, ხოლო ეტიკეტზე კი მითითებული იყო მწარმოებელი-შპს „გ. კ.“; 2014 წლის 24 ივლისს შედგა #911-32 აქტი მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შესახებ, რითაც მენარდეს ხელშეკრულების 5.1. პუნქტის დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით. დაჯარიმებას საფუძვლად დაედო 2014 წლის 5 მარტის #49 აქტი, რომლის თანახმად, სამინისტროს წრამომადგენლებმა შეამოწმეს სოფელ უ. დისლოცირებული შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის I ქვეგანყოფილების სასადილო და სასადილოს საწყობი. სასადილოში შემოწმდა სადილისათვის მომზადებული კერძების ნორმა და საგემოვნო თვისებები, რაც დამაკმაყოფილებელი იყო. სასადილოს შენობა მთლიანად იყო სარემონტო, ხოლო საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საყინულე მაცივარში ერთად ინახება ხორცი და კარაქი. 2 ყუთი ჯემი დაფასოებულია 16 კგ-იან პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკებში, რომელიც მოთავსებული იყო „როშენის“ ფირმის მეორად მუყაოს ყუთებში, ხოლო ეტიკეტზე კი მითითებული იყო შპს „გ. კ.“; 2014 წლის 24 ივლისს შედგა #911-36 აქტი, რითაც მოპასუხეს, ხელშეკრულების 5.1. პუნქტის დარღვევის გამო, დაეკისრა პირგასამტეხლო, 10 000 ლარის ოდენობით. დაჯარიმებას საფუძვლად დაედო 2014 წლის 25 მარტის #61 აქტი. ხსენებული აქტის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენლებმა შეამოწმეს ქ.გორში დისლოცირებული მე-.... ქვეითი ბრიგადის სასადილო და სასადილოს საწყობი. საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა ვაშლის ჯემი 14 ყუთი 16 კგ-იანი დაფასოებული პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკში, რომელსაც არ გააჩნდა მარკირება და მოთავსებული იყო „როშენის“ მეორეულ მუყაოს ყუთში, რომელსაც მიმაგრებული ჰქონდა კომპიუტერზე ამობეჭდილი ეტიკეტი-„მწარმოებელი შპს „გ. კ.“, ასევე, 9 ყუთი 180 კგ კარაქი. ყუთზე მითითებული ინფორმაციით მწარმოებელი ფირმა იყო „სოლპრო“, რძის ცხიმის შემცვლელი მცენარეული ცხიმი, დამზადებული იყო რუსეთში 22.01.2014წ, არ შეესაბამებოდა ეტიკეტზე მითითებულ ინფორმაციას - ნაღების კარაქი, ცხიმიანობა 82%, დამზადებულია საქართველოში შპს „ვ.“ მიერ თებერვალი, 2014 წელი. სასადილოს არ გააჩნდა საკმარისი რაოდენობის მაცივრები, გაცემის ხაზის კონტეინერები, ღრმა ჯამი პირველი თავი კერძისთვის, ბოსტნეული, რძის ნაწარმი, ძეხვეული ინახებოდა ერთად კონტეინერ მაცივარში. თევზი და ხორცი ინახებოდა ერთ საყინულე მაცივარში; 2014 წლის 24 ივლისს შედგა #911-37 აქტი, რითაც მოპასუხეს ხელშეკრულების 5.1. პუნქტის დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულს საფუძვლად დაედო 2014 წლის 25 მარტის #62 აქტი. #62 აქტის თანახმად, ქ.გორში დისლოცირებული 51-ე ბატალიონის სასადილო და სასადილოს საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა, 16 კგ-იან 12 ყუთი ჯემისა და 20 კგ-იან 2 ყუთი კარაქის შეფუთვასა და მარკირებაზე მითითებული ინფორმაცია ერთმანეთს არ დაემთხვა, ხოლო მუყაოს ყუთი კი იყო მეორეული; 2014 წლის 24 ივლისს #911-43 აქტით მოპასუხეს ხელშეკრულების 5.1. პუნქტის დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ აქტის საფუძველს 2014 წლის 25 აპრილის #78 აქტი შეადგენდა. აქტის თანახმად, ქ.გორში დისლოცირებული მე-... ქვეითი ბრიგადის სასადილოსა და სასადილოს საწყობის შემოწმებისას სასადილოში დაფიქსირდა ტარაკნები და ჭიანჭველები. რძის ნაწარმი, კონსერვები, თევზი და კარაქი მოთავსებული იყო ერთ კონტეინერმაცივარში. საწყობს ესაჭიროებოდა საყინულე და კარადა მაცივარი, რომლებიც გამოსული იყო მწყობრიდან; 2014 წლის 24 ივლისის #911-44 აქტით მოპასუხეს ხელშეკრულების 5.1. პუნქტის დარღვევის გამო, დაეკისრა პირგასამტეხლო 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას საფუძვლად დაედო 2014 წლის 7 მაისის #92 აქტი. აქტის მიხედვით, სოფელ უ... დისპლოცირებული შეიარაღების, საბრძოლო მასალისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის სასადილო და სასადილოს საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ მოსამსახურე პერსონალს არ ეცვა სპეცტანსაცმელი, საწყობში ხორცი და კარაქი ერთ მაცივარში ინახებოდა, ამასთან, მაცივრების რაოდენობა არასაკმარისი იყო; 2014 წლის 24 ივლისს შედგა N911-49 აქტი, რითაც მოპასუხეს ხელშეკრულების 5.1. პუნქტის დარღვევის გამო, დაეკისრა პირგასამტეხლო, 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. დაჯარიმებას საფუძვლად დაედო 2014 წლის 27 მაისის #105 აქტი, რომლის თანახმადაც, სოფელ ო. დისლოცირებული შეიარაღების, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის მე-2 ქვეგანყოფილების სასადილოსა და სასადილოს საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ სასადილოს სამრეცხაოსა და ხორცის დასამუშავებელ ოთახში დაზიანებული იყო მეტლახი და ჭერი, კედლები კი - დანესტიანებული და გაშავებული, ტრაპს არ ჰქონდა სახურავი, რის გამოც იდგა არასასიამოვნო სუნი. სამზარეულოს ფანჯრის რაფა დამზადებული იყო ლამინირებული მერქან-ბურბუშელის მასალისაგან, რომელიც სისველის გამო დაზაინებული და დაობებული იყო. მთელ სასადილოში ნათურის პლაფონები არ იყო აღჭურვილი დამცავი პლაფონებით. მომსახურე პერსონალს სამუშაო პროცესში არ ეცვა სათანადო უნიფორმა, არ ჰქონდათ ჯანმრთელობის ცნობები, სასადილოში კი შეინიშნებოდა მწერები (ტარაკანა, ბუზი). საწყობის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საყინულე კონტეიერ მაცივარში ერთად ინახებოდა ხორცი, თევზი, ჯემი, კარაქი, ხოლო კარადა მაცივარში - რძის პროდუქტები და მწვანილი);

1.2.4. #18 და #62 აქტებში დაფიქსირებული დარღვევები არ შეერაცხებოდა მოპასუხეს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და, უპირველესად, განმარტავს, რომ მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც მხარეთა შორის იქნა გაფორმებული, შინაარსობრივად ნარდობის ხელშეკრულებაა (სკ-ის 629-ე მუხლი) და არა ნასყიდობის, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, თუმცა ხსენებული დარღვევა ვერ გახდება გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველი, ვინაიდან პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობებზე მას გავლენა არ მოუხდენია. პალატა საკასაციო საჩივრებში გამოთქმულ პრეტენზიებთან მიმართებით, განმარტავს, რომ ვალდებულების დარღვევის ფაქტის მტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელმაც დასაშვები მტკიცებულებები წარადგინა. სააპელაციო პალატის დასკვნები კი, როგორც ვალდებულებათა დარღვევის, ისე _ მისი ჯეროვანი შესრულების ნაწილის მიმართ სრულად შეესაბამება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხელშეკრულების შესრულება უზრუნველყოფილ იქნა პირგასამტეხლოთი (სკ-ის 417-ე მუხლი). დადგენილია, რომ მოვალემ რიგ შემთხვევაში, არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, კერძოდ, დაარღვია პროდუქციის შენახვის სანიტარული ნორმები, რაც პირგასამტეხლოს ანაზღაურების წინაპირობას წარმოადგენს, თუმცა, კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ შეესაბამებოდა დარღვეულ ვალდებულებას, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდგომმა სასამართლომ გონივრულ ოდენობამდე შემაცირა თანხის ოდენობა, რომელიც, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლების, ისე _ პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ კი, დასაბუთებული შედავება საკასაციო საჩივრებში არ არის გადმოცემული (მრავალთა შორის იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი). შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს დაკისრების/შემცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, რაც შეეხება მეორე კასატორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში-პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), პალატა თვლის, რომ მას უნდა დაუბრუნდეს ს. ქ-ის მიერ კასატორის სახელით 16.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. შპს „ქ. კ. კ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

3. კასატორ შპს „ქ. კ. კ.“ (ს/კ #40196....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ს. ქ-ის მიერ კასატორის სახელით 16.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე