საქმე №ას-937-2018 25 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – რ. მ-ა, ი. მ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ. ე.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს 1 000 აშშ დოლარამდე შემცირება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელეების მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. რ.მ-ამ და ი. მ-მა (შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე, აპელანტები, კასატორები ან მოვალეები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რ. ე.“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე კრედიტორი ან კომპანია) მიმართ, ნოტარიუსის მიერ 2015 წლის 19 აგვისტოს სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმებისა და მოპასუხისათვის გადასახდელი თანხის 6 118 აშშ დოლარით განსაზღვრის მოთხოვნით, საიდანაც 6 068 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხა, ხოლო 50 აშშ დოლარი პირგასამტეხლო იქნება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 27 სექტემბერს პირველ მოსარჩელესა და კომპანიას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მსესხებელმა მიიღო 25 000 აშშ დოლარი 10 წლის ვადით, წლიური 60%-ის დარიცხვის პირობით. ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის უძრავი ქონება (ს/კ #02.03.02.141...., შემდგომში _ იპოთეკის საგანი), ამავე პირობით ხელშეკრულება გაგრძელდა 2015 წლის 1 იანვარს. 2015 წლის 18 ივლისს მოპასუხესა და მეორე მოსარჩელეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მეორე მოსარჩელეს გადაეცა 10 000 აშშ დოლარი, სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (ს/კ #02.03.02.141....). ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0,5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტორმა განცხადებით მიმართა ნოტარიუსს, რომელმაც გასცა სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად, აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 11 556 აშშ დოლარით, საიდანაც ძირ თანხას შეადგენს 9 753 აშშ დოლარი, სარგებელს _ 292 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს _ 1 511 აშშ დოლარი, ასევე, სააღსრულებო ფურცლის აღსრულებამდე ყოველდღიურად გადასახდელი თანხის 0,5%-ის ოდენობით. მოსარჩელეთა განმარტებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს 0,5%-დან 0,0001%-მდე, პირგასამტეხლოს ანგარიშში გადახდილი 3 625 აშშ დოლარი (2015 წლის 18 ივნისის ჩათვლით) უნდა ჩაითვალოს სესხის ძირ თანხაში და ძირი განისაზღვროს 6 086 აშშ დოლარით, სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა კი-1 511 აშშ დოლარიდან უნდა შემცირდეს 50 აშშ დოლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ უარყო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეები არასწორად გადმოსცემენ ფაქტობრივ გარემოებებს. 2015 წლის 1 იანვრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მხოლოდ პირველ მოსარჩელესა და კამპანიას შორის იყო დადებული, ამ ხელშეკრულების მხარეს მეორე მოსარჩელე არ წარმოადგენდა, ხოლო თავად ხელშეკრულება შეწყდა კრედიტორის სასარგებლოდ შესრულებით. 2015 წლის 18 ივნისს მეორე მოსარჩელესა და გამსესხებელს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტით მომსახურების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, იმავე დღეს გაფორმდა იპოთეკისა და საკრედიტო ხელშეკრულებები. ამ უკანასკნელი შეთანხმების საფუძველზე მეორე მოსარჩელეს სესხად გადაეცა 9 753 აშშ დოლარი 35 თვით, ხოლო სესხის წლიური სარგებელი განისაზღვრა 18%-ით, პირგასამტეხლო კი _ 0,5%-ით. ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, სარგებელი უნდა გადახდილიყო ყოველი თვის 18 რიცხვში. 2015 წლის 19 ივლისიდან მეორე მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულება და სწორედ ამ დროიდან დაერიცხა პირგასამტეხლო. სადავო სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი თანხაც სწორედ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს, სადაც სესხის ძირი შეადგენს 9 753 აშშ დოლარს, სარგებელი _ 292 აშშ დოლარს, ხოლო, პირგასამტეხლო _ 1 511 აშშ დოლარს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტების მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალ გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორების მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, პირგასამტეხლოს 1 000 აშშ დოლარამდე შემცირება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2015 წლის 18 ივნისს, ერთი მხრივ, კრედიტორსა და, მეორე მხრივ, მეორე მოსარჩელეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით:
- სესხის თანხა - 9 753 აშშ დოლარი;
- კრედიტის ვადა - 35 თვე;
- პროცენტის გადახდის თარიღი - ყოველი თვის 18 რიცხვი;
- წლიური სარგებელი - 18%;
- პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - დარჩენილი სესხის თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.2.2. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 18 ივნისს მოპასუხესა და პირველ მოსარჩელეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში;
1.2.3. 2015 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება მეორე მოსარჩელეს არ შეუსრულებია. არსებული მდგომარეობით ვალდებულების მოცულობა შეადგენს შემდეგს:
- სესხის ძირი თანხა - 9 753 აშშ დოლარს;
- საპროცენტო სარგებლის დავალიანება - 292.60 აშშ დოლარს;
- პირგასამტეხლო - 1 511.27 აშშ დოლარს;
1.2.4. 2015 წლის 19 აგვისტოს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის საფუძველზეც კრედიტორის მიმართ აღსასრულებელი მოთხოვნის მოცულობა განისაზღვრა 11 556 აშშ დოლარით (საიდანაც 9 753 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, 292.60 აშშ დოლარი დარიცხული პროცენტი და 1 511.72 აშშ დოლარი _ პირგასამტეხლო). დავალიანების ამოღების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცა პირველი მოსარჩელის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორთა პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი სამართალურთიერთობის მარეგულირებელ დანაწესს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, მე-400, 417-ე და 286-ე მუხლები წარმოადგენს, რომელთა ფარგლებშიც უდავოა მსესხებლის მიერ თანხის მიღება გამსესხებლისათვის სარგებელთან ერთად დაბრუნების პირობით, ამ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად კი, მხარეთა შორის გაფორმებულია იპოთეკის ხელშეკრულება, ასევე უდავოა, რომ მოვალემ დაარღვია ვალდებულება, ხოლო, კრედიტორმა, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განკარგა „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5 მუხლითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული საშუალება _ აიღო სააღსრულებო ფურცელი, ამასთან, ვალდებულების დარღვევის გამო, დავალიანებასთან ერთად მოითხოვა მოვალისათვის წერილობითი ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრება. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ ვალდებულების დარღვევის, კრედიტორის მიერ მოთხოვნის (სააღსრულებო ფურცლის აღებისა და აღსასრულებლად წარდგენის) წარდგენის ვადის, ამ მოთხოვნის შესრულებასთან მიმართებაში მხარეთა ორმხრივი ინტერესისა და თავად პირგასამტეხლოს ვალდებულების დარღვევასთან თანაფარდობის გათვალისწინებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის და არ არსებობს მისი კვლავ შემცირების სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა. ამდენად, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორებმა ვერ უზრუნველყვეს, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობის განსაზღვრის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორები ვერ მიუთითებენ იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორები ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებენ მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასააციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) საფუძველზე, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ შ. კ-ის მიერ 16.07.2018წ. სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. მ-ასა და ი. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორებს: რ. მ-ასა (პ/#0101000.... და ი. მ-ს (პ/#0101000...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ შ. კ-ის მიერ 16.07.2018წ. სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე