Facebook Twitter

საქმე №ას-903-2018 21 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – დ. ჩ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე, პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება

დავის საგანი – გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონულმა სამმართველომ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან სამმართველო) სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ჩ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ, გარემოსათვის მიყენებული ზიანის _ 3 120 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სამმართველოს თანამშრომლების მიერ გამოვლენილ იქნა ხემცენარეების უკანონო ჭრის ფაქტი, კერძოდ, მოპასუხემ საჩხერის რაიონის სოფელ ... მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა 9 ერთეული თხმელის ჯიშის ხე-ტყე. აღნიშნულის შედეგად გარემოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 3 120 ლარის ოდენობით. საქმის მასალები გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ პროკურატურას, რომელმაც აღძრა სისხლის სამართლის საქმე და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 მარტის განაჩენით-მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მან არა თხმელის, არამედ _ მსხლის ჯიშის ხეები მოჭრა, რომლებიც საკუთარ და მეზობლის მიწის ნაკვეთზე იყო დარგული და არა სახელმწიფო ტყის მასივში, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა 3 120 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მის გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე, პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ 2017 წლის 18 მარტს შედგენილი აქტის თანახმად, 2017 წლის 15 მარტს საჩხერის რაიონის სოფელ ... მცხოვრები მოპასუხის საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოჩენილ იქნა 57 ერთეული თხმელის ჯიშის მორი, რაზედაც რაიმე დოკუმენტაცია არ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონულმა სამმართველომ შეადგინა გარემოსათვის მიყენებული ზიანის გაანგარიშების აქტ;

1.2.2. მოპასუხის მიერ ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების შედეგად გარემოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად განისაზღვრა 3 120 ლარით;

1.2.3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განაჩენით მოპასუხე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის იანვრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ... ამავე სოფლის ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრა 9 ძირი თხმელის ჯიშის ხე-ტყე, რითაც გარემოს მიადგა 3 120 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველი დავის საგანს დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოადგენს. ამ კატეგორიის დავის სწორად გადაწყვეტისათვის კი, მნიშვნელოვანია, დგინდებოდეს სამოქალაქო კოდექსის 992-ე და 408.1 მუხლების შემადგენლობა, კერძოდ: მოვალის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, დამდგარი ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ზოგადი წესის თანახმად, დელიქტური ვალდებულებიდან ნაწარმოები მოთხოვნის წინაპირობების მითითების/დამტკიცების ვალდებულება დაზარალებულის ტვირთს წამოადგენს, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXIV3 თავით კანონმდებელმა დაადგინა ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის გამარტივებული წესით განხილვის შესაძლებლობა, რომლის თავისებურებაც, ამავე კოდექსის 30917 მუხლიდან გამომდინარე ისაა, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა. ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელი აკმაყოფილებს კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, შესაბამისად, რიგორც დელიქტური ქმედების შემადგენლობა, ისე _ ზიანის ოდენობა დადგენილად მიიჩნევა, რაც შეეხება მოპასუხეს, მას ოდენობასთან მიმართებაში დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ხოლო განაჩენის კანონიერების გადასინჯვა სამოქალაქო საქმის განხილვის ფარგლებს სცდება. საბოლოოდ, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ უზრუნველყო, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც გამარტივებული წესით ზიანის ანაზღაურების შესახებ დავებზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. კასატორის შუამდგომლობები და სასამართლო ხარჯები:

კასატორი სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე, რასაც პალატა უარყოფს საოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველ ნაწილსა და 407-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით და განმარტავს, რომ ვინაიდან საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ინსტანციას, კანონმდებლობა, მიუხედავად მტკიცებულებათა წარდგენის საპატიოობისა, ამ ინსტანციის სასამართლოს მიერ ახალი მტკიცებულებების მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს, ამგვარ ვითარებაში კი, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მხარის მოთხოვნა და დაურთოს დოკუმენტები საქმეს, შესაბამისად, ისინი უნდა დაუბრუნდეს მის წარმდგენს. სასამართლო ასევე უარყოფს მოპასუხის მოთხოვნას პროცესის ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, განუმარტავს მას, რომ ამ შუამდგომლობის წარმატებულობა დავის საბოლოო შედეგზეა დამოკიდებული, კერძოდ, ხარჯების გაღება ეკისრება წაგებულ და არა მოგებულ მხარეს. ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საქმისწარმოება დასრულდა და გადაწყვეტილება მიმართულია კასატორის წინააღმდეგ, მისი შუამდგომლობა საპროცესო ხარჯების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია. ამასთანავე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 16.07.2018წ. (წარდგენის თარიღი: 14.07.2018წ.) #45 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 104-ე, 391-ე, 401-ე, 407-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ დ. ჩ-ეს (პ/#3800102...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 16.07.2018წ. (წარდგენის თარიღი: 14.07.2018წ.) #45 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარის 70% _ 105 ლარი.

3. დ. ჩ-ის შუამდგომლობა მტკიცებულებების საქმისათვის დართვისა და პროცესის ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და მასვე დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულებები: განცხადების ასლი, საჩხერის რაიონული სასამართლოს გზავნილი და ექსპერტიზის დასკვნის ასლი 8 (რვა) ფურცლად (ს.ფ. 165-172).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე