საქმე №ას-94-2019 19 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „თ. ზ. ჰ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის კანონით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილად მიჩნევა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
შპს „ნ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ. ზ. ჰ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კერძო საჩივრის ავტორი ან ჰოსპიტალი) მიმართ, დავალიანების _ 14 666 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის, 1 582,26 ლარის, დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, ძირითადი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში ცნო, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებაზე მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 14 666 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის _ 1 852,26 ლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით- სარჩელის სრულად უარყოფა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის კანონით განსაზღვრულ ვადაში წარდგენილად მიჩნევა.
6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო პალატის განჩინების შესაბამისად, აპელანტმა გამოასწორა ხარვეზი და დადგენილ ვადაში ფოსტის მეშვეობით სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა, როგორც დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, ისე _ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამდენად, სასამართლოს მტკიცება, რომ მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია, დაუსაბუთებელია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.
1.3. საქმის მასალებზე დაყრდნობით საკასაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს გამოსაკვლევი საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7-დღიანი ვადის დაცვით სააპელაციო სასამართლოში დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის, ასევე, დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა;
1.3.2. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა და 2018 წლის 22 ნოემბერს პირადად ჩაბარდა აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60.2 და 61.3 მუხლების თანახმად, აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოეწურა 2018 წლის 29 ნოემბერს.
1.4. საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ მან მართლაც მიმართა სასამართლოს. მართალია, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გამოტანამდე ამგვარი დოკუმენტები საქმეში არ ყოფილა ჩაკერებული, თუმცა კერძო საჩივარზე დართული სააპელაციო საჩივრის, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტისა და საფოსტო მონაცემების შესწავლით ირკვევა, რომ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე (#2/1927-18) შედგენილია 2018 წლის 27 ნოემბერს, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2018 წლის 29 ნოემბერს და აპელანტმა თბილისის სააპელაციო სასამართლოსათვის გადაცემის მიზნით შპს „საქართველოს ფოსტაში“ კორესპონდენცია წარადგინა 2018 წლის 29 ნოემბერს. ფოსტის წერილობითი პასუხითა და ამონაწერით ელექტრონული სააღრიცხვო პროგრამიდან ირკვევა, რომ გზავნილი #C010005497619 (შპს „თბილისის ზღვის ჰოსპიტალი“) თბილისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამის მოხელეს ჩაბარდა 2018 წლის 30 ნოემბერს, ამდენად, ის ფაქტი, რომ აპელანტმა კორესპონდენცია სასამართლოში დადგენილ ვადაში გააგზავნა, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ასლებით ირკვევა, თუმცა ეს კორესპონდენცია იყო თუ არა განსახილველი საქმისათვის განკუთვნილი და რა მიზეზით არაა განთავსებული მასში, საქმის მასალებით არ დგინდება.
1.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები, შესაბამისად, ამავე კოდექსის 412-ე (1) მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე პალატა საქმეს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად უბრუნებს ქვემდგომ სასამართლოს, რომელმაც უნდა გამოარკვიოს, ზემოხსენებული კორესპონდენცია ეკუთვნოდა თუ არა განსახილველ საქმეს, რათა დაუსაბუთებლად არ შეელახოს აპელანტს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „თ. ზ. ჰ.“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე