საქმე №ას-1302-2018 6 ივნისი, 2019 წელი
№ას-1302-2018 სამცხე ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ს. ...“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.“ (მოპასუხე)
მესამე პირი _ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ს. ...“ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, ქვემენარდე ან სუბკონტრაქტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მენარდე ან კონტრაქტორი) და ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მესამე პირი ან შემკვეთი) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს 2 902 ლარამდე შემცირება, ასევე, გადახდილი 26 125 ლარის მოსარჩელისათვის დაბრუნება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სახელმწიფო შესყიდვის შესახებ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა მოპასუხემ რის საფუძველზეც, 2015 წლის 14 აგვისტოს გამარჯვებულ პრეტენდენტსა და მესამე პირს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #208 ხელშეკრულება „კ.“ სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 63 9605 ლარით, ხოლო სამუშაოს დასრულების ვადა 2015 წლის 14 აგვისტოდან 112 დღით _ 2015 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. 2015 წლის 14 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, 2015 წლის 18 აგვისტოს, მოპასუხემ მოსარჩელესთან, როგორც სუბკონტრაქტორთან, გააფორმა ხელშეკრულება. სუბკონტრაქტორმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა, რაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტები. ბოლო სამუშაოები ჩაბარდა 15 დღის დაგვიანებით (ნაცვლად 2015 წლის 4 დეკემბრისა, სამუშაო ჩაბარდა 2015 წილს 19 დეკემბერს) და დაფიქსირდა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა, ვადის გადაცილების გამო. ამასთან, მოპასუხეს დაეკისრა ვადის 15 დღით გადაცილების გამო, პირგასამტეხლო, რომელმაც შეადგინა მთლიანი სახელშეკრულებო თანხის _ 639 605-ის 0,3% _ 29 027,47 ლარი. ამ თანხის გადახდა სრულად დააკისრა მოპასუხემ მოსარჩელეს და, საბანკო გადარიცხვის გზით, იძულებით აანაზღაურებინა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დაკისრებული თანხა არაგონივრული და შეუსაბამოა ვალდებულების დარღვევისა, იგი უნდა შემცირდეს 2 902 ლარამდე, ასევე, უნდა დაბრუნდეს მოპასუხისთვის უკვე გადახდილი პირგასამტეხლოდან 26 1285 ლარი.
2. მოპასუხის/მესამე პირის პოზიცია:
2.1. მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რომელიც თანხის იძულებით გადახდის ფაქტს დაადასტურებდა, გარდა ამისა, უდავოა, რომ მოსარჩელემ დაარღვია ვალდებულების შესრულების ვადა, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობაა;
2.2. ამავე გარემოებებზე მითითებით, სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა მესამე პირიც და მისი უარყოფა მოითხოვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემენარდემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით- სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. 2015 წლის 14 აგვისტოს მესამე პირსა და მოპასუხეს შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ #208 ხელშეკრულება „კ.“ სასმელი წყლის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების თაობაზე. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება განისაზღვრა 639 605 ლარით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა 2015 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-7 მუხლით დადგინდა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, მენარდეს სამუშაოები უნდა შეესრულებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქცია გრაფიკის მიხედვით შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.3% (7.1 პუნქტი). ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი მხარე ვალდებული იყო, მეორე მხარისთვის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლო ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 0.3% არაუგვიანეს 30 საბანკო დღეში (7.5 პუნქტის მე-3 აბზაცი). ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით;
1.2.2. 2015 წლის 18 აგვისტოს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო #001 ხელშეკრულება „კ.“ სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის თაობაზე. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 612 503.55 ლარით, ხოლო სამუშაოების დასრულების ვადა _ 2015 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების მე-7 მუხლით დადგინდა მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, მოსარჩელეს სამუშაოები უნდა შეესრულებინა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, გამოყენებული იქნებოდა საჯარიმო სანქცია გრაფიკის მიხედვით შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.3%-ით. ამავე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დამრღვევი ვალდებული იყო, მეორე მხარისთვის მოთხოვნისთანავე გადაეხადა პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების 3% არაუგვიანეს 30 საბანკო დღეში. ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით;
1.2.3. მოსარჩელემ დაარღვია ქვენარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა 15 კალენდარული დღით, რის გამოც მას დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3% _ 29 027 ლარი. პირგასამტეხლოს ეს ოდენობა მოსარჩელემ ნებაყოფლობით გადაიხადა 2015 წლის 29 დეკემბერს;
1.2.4. მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ პირგასამტეხლოს იძულებით გადახდის ფაქტი, ისევე, როგორც წერილობითი შეთანხმება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე (მოსარჩელის განმარტებით, ვადის გადაცილება გამოიწვია კლიმატურმა პირობებმა, რის თაობაზეც ინფორმირებული იყო მოპასუხე), რამდენადაც ქვენარდობის წერილობითი ხელშეკრულებით მხარეებმა დათქვეს, რომ წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო, ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებული იყო, წერილობით შეეტყობინებინა მეორე მხარისათვის შესაბამისი ინფორმაცია. ხელშეკრულების შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრული იყო 2015 წლის 4 დეკემბრის ჩათვლით. დადგენილია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს 12/1-849 01.12.2015 წლის ცნობის საფუძველზე, მხარეთა შეთანხმებით, სამუშაოების დასრულების ვადა გახანგრძლივდა 2015 წლის 9 დეკემბრამდე. ქვემენარდემ, რომელიც საკუთარ მოთხოვნას სარემონტო სამუშაოების ვადის გაგრძელებაზე ამყარებდა, ვერ წარუდგინა სასამართლოს გარდა უკვე გაგრძელებული 5 დღისა, დამატებით ვადის გაგრძელების დამადასტურებელი მტკიცებულება. მან ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხე საპასუხო წერილით ვადის გაგრძელებას დასთანხმდა.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მიღებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები. პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს: უდავოა, რომ მხარეთა შორის წარმოშობილია სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლით გათვალისწინებული ურთიერთობა, რომლის ფარგლებშიც ქვემენარდეს ეკისრებოდა სამუშაოების დათქმულ ვადაში შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ მოთხოვნის უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალების _ პირგასამტეხლოს გამოყენებაზე (სკ-ის 417-ე მუხლი). დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოსარჩელემ გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას და სახეზეა სამოქალაქო მე-400 მუხლის წინაპირობები, რაც პირგასამტეხლოს დაკისრებაზე მიუთითებს. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო მოსარჩელემ ნებაყოფლობით აუნაზღაურა მოპასუხეს, ხოლო, იძულების მტკიცების თვალსაზრისით (სკ-ის 85-ე-89-ე მუხლები), მან სასამართლოს ვერ წარუდგინა სარწმუნო მტკიცებულებები, შესაბამისად, პალატამ მართებულად განმარტა, რომ სახეზე არ იყო კონდიქციური ვალდებულების არცერთი წინაპირობა (სკ-ის 978-ე მუხლი). ამ პიროებში კი, როდესაც მოვალემ ნებაყოფლობით აანაზღაურა პირგასამტეხლო, რომელსაც სახელშეკრულებო დათქმა და ვალდებულების დარღვევა ერთდროულად ედო საფუძვლად, პალატამ მართებულად განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უკვე გადაცემული დაბრუნებას ვეღარ დაექვემდებარებოდა (მრავალთა შორის იხ. მაგ: სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს მარინე კორძაძის მიერ 19.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 307 ლარის, 70% _ 914,9 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. ...“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ს. ...“ (ს/კ #224069...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ. კ-ის მიერ 19.10.2018წ. #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 1 307 ლარის 70% _ 914,9 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი