Facebook Twitter

საქმე №ას-1907-2018 6 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. დალი ბუხრიკიძემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, დაზარალებული ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ მიყენებული ზიანის _ 19 823,78 ლარისა და პროცესის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მოსარჩელე საკუთრების უფლებით ფლობს უძრავ ქონებას _ ორსართულიან სახლს. მოპასუხე ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ ... აშენებს სარკინიგზო გვირაბებს. მშენებლობა დაკავშირებულია აფეთქებით სამუშაოებთან, ზიანდება შენობა-ნაგებობები. გვირაბის მშენებლობის დროს აფეთქებითმა სამუშაოებმა დააზიანა მოსარჩელის სახლი, რომლის კედლებზე გაჩენილია დახრილი და ჰორიზონტალური გამჭოლი ბზარები, რაც გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ ჰქონია. მდგომარეობის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, რომელმაც შეამოწმა სახლის ტექნიკური მდგომარეობა, შეისწავლა დაზიანების გამომწვევი მიზეზები და გაიცა შესაბამისი დასკვნა. დასკვნის მიხედვით „ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური კვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ... სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ, აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და ხშირად, რის გამოც, მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე მეზობლად მდებარე შენობებშიც აღინიშნებოდა საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები. ამდენად, თუ გავითვალისწინებთ დ. ბ-ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებების, ასევე სოფელ .... მდებარე სხვა შენობების დაზიანების ხასიათსა და თავისებურებებსაც, შეიძლება, დავასკვნათ, რომ სოფელ ... მდებარე დ. ბ-ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოების შედეგად. ამრიგად, ხაშურის რაიონის სოფელ ... მდებარე მოქალაქე დალი ბუხრიკიძის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარჯვენა კუთხე ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელია, შენობის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელია ჩატარდეს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით, ასევე, აუცილებელია შენობის უკანა კედლის მხარეს მდებარე ხის კონსტრუქციებით მოწყობილი გრუნტის მასივის შესაკავებლად დროებითი საყრდენი კედლის შეცვლა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლით, რომლის კონსტრუქციაც დამუშავებული უნდა იქნეს, შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული საწყისი მონაცემებით, ჩატარებული გაანგარიშების შემდეგ“. ინდმეწარმე ზ. გ-ის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, დაზარალებული საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 19 823.87 ლარი.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიას მოსარჩელის სახლის დაზიანებაში ბრალი არ მიუძღვის. სახლი მდებარეობს გვირაბიდან მოშორებით, საკმაო მანძილზე და მისი დაზიანება არ არის გამოწვეული მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალში წარმოებული აფეთქებითი სამუშაოების შედეგად. „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 19 ივნისის დასკვნა სავარაუდოა, მისი კვლევითი ნაწილი ეფუძნება მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგებსა და მოსარჩელის განმარტებას. გამოყენებულ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ ექსპერტმა გამოიყენა განცხადება. მასში არ არის აღნიშნული, რომ დაზიანება გამოწვეულია მე-9 გვირაბის მშენებლობით. ექსპერტი მიუთითებს, რომ ინფორმაცია დაზიანებების წარმოქმნის მიზეზის შესახებ მოსარჩელემ მიაწოდა. დასკვნის თანახმად, სახლი აშენებულია დამრეცზე, მაგრამ არ გაურკვევია, გასულ პერიოდში ჰქონდა თუ არა ადგილი მიწისძვრებს და ადგილი, სადაც მოსარჩელის სახლია აშენებული, არის თუ არა მეწყრული ზონა. დასკვნის შედგენის დროს ექსპერტმა უგულვებელყო კანონის მოთხოვნა (სსსკ-ის 170.2 მუხლი). სამუშაოების გავლენა სოფელ ..., „ს. რ.“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში „ს. რ.“ დაკვეთით შეაფასა კომპანია „ე.“ იმ მიზნით, რომ განხორციელებულიყო აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგი და გაუმჯობესებულიყო აფეთქებითი სამუშაოების ტექნიკური მაჩვენებლები, ასევე, აფეთქების შედეგად გამოწვეული ბიძგები ყოფილიყო დასაშვებ ნორმებში. აღნიშნული კვლევის შედეგები საერთოდ არ შეუფასებია „სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“, ხოლო სხვა ალტერნატიული მონაცემები აფეთქების ირგვლივ მას არ გააჩნდა. მოპასუხე კომპანიას არ მიუძღვის მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე არსებული დაზიანებების წარმოქმნაში ბრალი. გარდა ამისა, ინდმეწარმე ზ. გ-ის მიერ ხარჯთაღრიცხვის შედგენისას მითითებულია, რომ სახლი ნაწილობრივაა გალესილი, ხარჯთაღრიცხვაში კი ლესვის ხარჯები მთლიანადაა გაანგარიშებული, რაც არ შეიძლება, იყოს ზიანი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 17 723 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:

1.2.1. მოპასუხე საქართველოში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... სარკინიგზო გვირაბს აშენებს. მშენებლობის პროცესში გამოიყენება მიწისქვეშა აფეთქებები;

1.2.2. მოსარჩელის სახლი მდებარეობს ხაშურის რაიონის სოფელ ...;

1.2.3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 19 ივნისის დასკვნაში მითითებულია: ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის გამოკვლევა, არსებული დაზიანებების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ამდენად, შენობის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე არ არსებობს. მობინადრის განცხადებით, მის საცხოვრებელ სახლზე დაზიანებები გაჩნდა და პროგრესირება დაიწყო სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, კერძოდ, აფეთქებით გამოწვეული ვიბრაციით, რომელიც მიმდინარეობდა ხანგრძლივად და ხშირად, რის გამოც, როგორც მათ საცხოვრებელ სახლში, ასევე, მეზობლად მდებარე შენობებშიც საკმაოდ ძლიერი მიწისძვრის მსგავსი ბიძგები აღინიშნებოდა. ამდენად, თუ გავითვალისწინებთ დაზარალებულის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებებისა და სოფელ ... მდებარე სხვა შენობების დაზიანების ხასიათს, შეიძლება, დავასკვნათ, რომ სოფელ ... მდებარე დ. ბ-ის საკუთრებაში არსებული შენობის დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების შედეგად. ამრიგად, ხაშურის რაიონის სოფელ ... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული შენობის ფასადის მხრიდან მარჯვენა კუთხის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია, შენობის შემდგომი ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელია შენობის ტექნიკური დეტალური გამოკვლევა და მიღებული შედეგების ანალიზის შემდეგ, აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოები ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გამაგრების პროექტის მიხედვით. ასევე, აუცილებელია შენობის უკანა კედლის მხარეს მდებარე ხის კონსტრუქციებით მოწყობილი გრუნტის მასივის შესაკავებლად დროებითი საყრდენი კედლის შეცვლა რკინა-ბეტონის საყრდენი კედლით, რომლის კონსტრუქციაც დამუშავებული უნდა იქნეს, შესაბამისი გამოკვლევებით მიღებული საწყისი მონაცემებით, გაანგარიშების შემდეგ;

1.2.4. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნა არაორაზროვნად და იმპერატიულად ადგენს, რომ საკვლევი უძრავი ქონების დაზიანება, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული სამუშაოების შედეგია, ასევე, მითითებულია, რომ შენობის გარე პერიმეტრზე პირველ სართულზე, ფასადისა და მარჯვენა ტორსულ კედლებზე დახრილი, ჰორიზონტალური და ვერტიკალური, გამჭოლი ბზარები აღინიშნება. გახსნილია თაბაშირის მანიშები, რაც დინამიკურ პროცესზე მიანიშნებს. დასკვნას თან ახლავს მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის ფოტოსურათები, სადაც ნათლად ჩანს დაზიანებების კვალი. ამასთანავე, აღნიშნულია, რომ, ზოგადად, ახალი მშენებლობის დაწყებამდე აუცილებელია მიმდებარედ არსებული შენობა-ნაგებობების ტექნიკურად გამოკვლევა, არსებული დაზიანების დაფიქსირება და მშენებლობის პროცესში ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აღნიშნულ შემთხვევაში არ ჩატარებულა. ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია საქართველოში ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური საექსპერტო ბიუროს მიერ, შემსრულებელ ექსპერტს მუშაობის 31-წლის სტაჟი აქვს, დასკვნა იმპერატიული სახისაა და აღნიშნულია, რომ შენობაზე არსებული ბზარების სიხშირე და მათი მიმართულება დინამიკური პროცესის და არა სახლის ჯდენითი პროცესების მიმდინარეობაზე მიუთითებს. აპელანტის მხოლოდ სიტყვიერი მითითება, მასზე, რომ ექსპერტს ექსპერტიზის ჩასატარებლად შესაბამისი მასალები და ლიტერატურა არ გააჩნდა, ამ დასკვნის წონადობას ვერ ასუსტებს, მით უფრო ისეთ პირობებში, როდესაც დასკვნა აპელანტ მხარეს კანონით დადგენილი წესით სადავოდ არ გაუხდია;

1.2.5. კომპანია „ე.“ მიერ გაცემული დასკვნები ზიანის მიყენებას არ გამორიცხავს მხოლოდ იმ მოტივით, რომ მოსარჩელის სახლი აფეთქებების ზემოქმედების ფარგლებს გარეთ მდებარეობს. კომპანია „ე.“ დასკვნა შეეხება ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას და კონკრეტული უძრავი ნივთის გამოკვლევის შედეგად, არ არის მიღებული. შესაბამისად, ვერ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას, რომლის თანახმადაც, სახლზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს მასზე, რომ დაზიანებები, ძირითადად, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებებით არის გამოწვეული. „ე.“ დასკვნაში, მიუხედავად უძრავი ქონების საკადასტრო კოდების ჩამონათვალისა, მოსახლეობის უძრავი ქონების ინდივიდუალური გამოკვლევა/შესწავლა და მდგომარეობის შეფასების თაობაზე მითითება არ არსებობს. გვირაბის მშენებლობის სამუშაოები 2012 წლის ივლისში დაიწყო, თუმცა კომპანიამ მონიტორინგი 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო და მხოლოდ 2013 წლის მარტში დაასრულა. „ე.“ დასკვნები 2017 წლითაა დათარიღებული, შესაბამისად, იგი სრულად არ ასახავს გვირაბის მშენებლობის დაწყებამდე ან მისი დაწყებიდან მოკლე ვადაში მოსახლეობის სახლების მდგომარეობის ან/და მოსარჩელის სახელზე რიცხული კონკრეტული ქონების დაზიანებების კვლევას. 2018 წლის 29 იანვრით დათარიღებული „ე.“ მიერ გაცემული დასკვნაც ემყარება 2017 წელს შედგენილ დასკნას და მასში ზოგადი ინფორმაციაა მითითებული, იმგვარად, რომ სადავო ქონების კვლევის შედეგად გამოტანილ დასკვნებს არ შეიცავს. გარდა ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების თანახმად (მასში შემდგომში განხორციელებული შესაბამისი ცვლილებების გათვალისწინებით), ყველა ორგანიზაციას, რომელიც მსგავს მასშტაბური ხასიათის მშენებლობების წარმოებას დაიწყებდა, უნდა გამოეკვლია რისკის ზონაში მყოფი მოსახლეობის სახლების მდგომარეობა, რათა შემდგომ მარტივად ყოფილიყო აღქმადი, თუ რა დაზიანებები გამოიწვია წარმოებულმა მშენებლობამ ან საერთოდ გამოიწვია თუ არა ის;

1.2.6. დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის სახლი რისკის მაღალ ზონაში არ მდებარეობდა და იქ ვიბრაციის დასაშვებ ლიმიტზე მაღალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ აფეთქებას არ ჰქონია ერთჯერადი ხასიათი, იგი ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობდა და ცალსახაა, რომ პროექტი არ არის დამთავრებული, შესაბამისად, თუნდაც ის ფაქტი, რომ ლიმიტის ფარგლებში განხორციელებულმა მრავალჯერადმა ბიძგებმა, ... სოფელში (რომელიც აპელანტის მიერვე წარმოდგენილი დასკვნის თანახმად, „საშუალო“ ზონაში მდებარეობს) მდებარე მოსარჩელის სახლის დაზიანებაზე ნეგატიური ეფექტი არ იქონია და დაზიანებების ხშირი აფეთქებების ზემოქმედებით არ არის გამოწვეული, აპელანტის მეირ ვერ იქნა დადასტურებული;

1.2.7. ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ზიანის ოდენობის განსაზღვრა მხოლოდ აღდგენა-გაძლიერების პროექტის მიხედვით, შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ არის შესაძლებელი. ამ მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა ინდმეწარმე ზ. გ-ის მიერ შედგენილი სადავო სახლის რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვით მოსარჩელის სახლის სარეაბილიტაციო ხარჯი 19 823,87 ლარს შეადგენს. მოვალის მიერ მიყენებულ ზიანთან კავშირში იყო მხოლოდ 17 723 ლარი. ამ ხარჯის უზუსტობის, სხვა ოდენობით გამოთვლის ან/და სხვა სახის გამაბათილებელი მტკიცებულება მოვალეს არ წარუდგენია, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნით დაანგარიშებული ზიანის ოდენობა საქმეში არსებული სხვა სახის მტკიცებულებით გაქარწყლებული არ არის. აპელანტის მხოლოდ სიტყვიერი მითითება ხარჯთაღრიცხვის შემდგენი კომპანიის უფლებამოსილების არარსებობის შესახებ დაუსაბუთებელია, რადგან დოკუმენტი 2017 წელსაა შედგენილი, აპელანტი კი კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებზე მიუთითებდა, რომელიც, მისივე განცხადებით, 2018 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი, რომელიც დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნის გენერალურ დათქმას შეიცავს და ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის წინაპირობად მიიჩნევს შემდეგს: ვალდებული პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანის წარმოშობა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ფორმალურად გამართულია, მასში გადმოცემულია მოთხოვნის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, თავის მხრივ, მოპასუხე შესაგებლით ედავება მოთხოვნის წინაპირობების არსებობას, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს წარდგენილი აქვს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებისათვის შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს და, იურიდიული დამაჯერებლობის თვალსაზრისით, სწორად მიანიჭა პრიორიტეტი სარჩელზე დართულ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას მოპასუხის მიერ წარდგენილ ზოგადი ხასიათის გამოკვლევასთან შედარებით, ამ მხრივ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ისევე, როგორც ზიანის ოდენობასთან მიმართებით წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში, რამდენადაც გასაჩივრებული განჩინებით, სააპელაციო პალატამ მხოლოდ ნაწილობრივ მიიჩნია ზიანის ოდენობა ვალდებული პირის პასუხისმგებლობის ადეკვატურად, ამ დასკვნას კრედიტორი არ ხდის სადავოდ, ხოლო მოვალეს, როგორც ზიანის მიმყენებელს, არ წარმოუდგენია შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც ქვემდგომი სასამართლოს დასკვნებს გააქარწყლებდა დაკისრებული თანხის ოდენობის თანაზომიერებასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.

1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტური ვალდებულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (ს/კ #404385...) მიერ 05.12.2018წ. #184 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 886,15 ლარის, 70% _ 620,305 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (საწარმოს ლიცენზიის #51010900006...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (ს/კ #404385...) მიერ 05.12.2018წ. #184 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 886,15 ლარის 70% _ 620,305 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი