Facebook Twitter

საქმე №ას-1724-2018 6 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ა. ნ. ყ-ის ს. ც. ს. კ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ო.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. შპს „ო.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, გამყიდველი ან კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. ნ. ყ-ის ს. ც. ს. კ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, მყიდველი ან კლინიკა) მიმართ, ვალდებულების შეუსრულებლობის, გამო ზიანის _ 15 590 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოპასუხემ გაიმარჯვა სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვაზე 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერში. სატენდერო ღირებულება შეადგენდა 27 830 ლარს, რის მიუხედავადაც გამყიდველმა გაცილებით დაბალი ფასი - 18 980 ლარი შესთავაზა კლინიკას. 2015 წლის 5 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა #187/ელ ხელშეკრულება მოწყობილობების ნასყიდობისა და მიწოდების შესახებ. ხელშეკრულებით განისაზღვრა მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და მიწოდების ვადებიც, კერძოდ, საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიწოდების ბოლო ვადად დადგინდა 2015 წლის 31 დეკემბერი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების საერთო ვადად - 2016 წლის 31 იანვარი. მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულება და მთლიანი ღირებულებიდან შეისყიდა მხოლოდ 3 390 ლარის ღირებულების საქონელი, დანარჩენის შესყიდვაზე განაცხადა უარი. აღნიშნული მან ახსნა იმით, რომ სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების მიხედვით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო მხოლოდ მისი მოთხოვნის შემთხვევაში, ხოლო მითითება მიწოდების საბოლოო თარიღზე გულისხმობდა, რომ აღნიშნული თარიღის შემდეგ შემსყიდველი კარგავდა უფლებას, მოეთხოვა საქონლის მიწოდება. აღნიშნულის შედეგად მოსარჩელეს მიადგა ზიანი, რაც ხელშეკრულების შეთანხმებული ღირებულებისა და ანაზღაურებული თანხის სხვაობას შეადგენს.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის შემწყვეტი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად, მას არ ეკისრებოდა სატენდერო დოკუმენტებში მითითებული საქონლის სრულად შესყიდვა. 2015 წლის 5 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, რა დროსაც სასაქონლო ზედნადებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ საკუთრების უფლება გადადიოდა შემსყიდველზე. ჩვეული პრაქტიკაა სატენდერო განაცხადში შესასყიდი პროდუქციის მაქსიმალური ოდენობის მითითება, რაც ნიშნავს იმას, რომ კონტრაქტორის მხრიდან შესრულება უნდა მოხდეს შეთანხმებული ოდენობის ფარგლებში, მაგრამ არა აუცილებლად ამ ოდენობის პროდუქციის მიწოდებით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მაქსიმალური ზღვარი ამ შემთხვევაში წარმოადგენს პროდუქციის შესაძლო დეფიციტისაგან დაზღვევის შესაძლებლობას, თუმცა აღნიშნული რისკის რეალიზაცია, ბუნებრივია, ყოველთვის არ ხდება. სატენდერო დოკუმენტაცია მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებასთან მიმართებით არ არის უპირატესი ძალის მქონე და სწორედ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განიმარტოს თითოეული მხარის უფლება-მოვალეობები. მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენს მის მიერ მიღებული პროდუქციის შესაბამისი საფასურის გადახდა მოსარჩელისათვის, ხოლო ამ უკანასკნელის ვალდებულებას - მიაწოდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია. გამყიდველისთვის იმთავითვე იყო ცნობილი, რომ მოპასუხის მხრიდან მისაღები პროდუქციის მოცულობა იყო რეალურ საჭიროებებზე დამოკიდებული და გამოუყენებელი პროდუქციის მიღების ინტერესი ამ ხელშეკრულების შესრულების მიმართ არ არსებობდა. შესასყიდი პროდუქციის მოცულობა შემოფარგლულია 18 980 ლარით, რაც არ ნიშნავს იმას, რომ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს აღნიშნული თანხის ღირებულების პროდუქციის სრულად მიღება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით-სარჩელი დაკმაყოფილდა, მყიდველს გამყიდველის სასარგებლოდ დაეკისრა 15 590 ლარის ანაზღაურება.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით-სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩვრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 2015 წლის 5 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა #187/ელ ხელშეკრულება მოწყობილობების ნასყიდობის/მიწოდების შესახებ. მისაწოდებელი საქონლის ჯამი განისაზღვრა 18 980 ლარით. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, მყიდველმა ელექტრონული ტენდერის საშუალებით შეისყიდა სამედიცინო მოწყობილობები. გამყიდველმა აიღო ვალდებულება, მიაწოდოს მყიდველს შესაბამისი საქონელი 18 980 ლარად. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა საკუთარი შემოსავლის ფარგლებში, რომელთა სრული ჩამონათვალი მოცემულია #2 დანართში, ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და მოქმედებს მასთან ერთად. 7.1 პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მიმწოდებლის სატენდერო წინადადების შესაბამისად, როდესაც სასაქონლო ზედნადებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, საკუთრების უფლება გადადის შემსყიდველზე. 14.1 პუნქტის თანახმად, არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორების გარდა, ხოლო, 14.2 პუნქტის თანახმად, თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ხელშეკრულების 14.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან/და შემცირება არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 5%-ს. 14.6 პუნქტის თანახმად კი, ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად;

1.2.2. მოპასუხემ მთლიანი ღირებულებიდან შეისყიდა 3 390 ლარის ღირებულების საქონელი;

1.2.3. მოსარჩელემ სატენდერო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა წერილით და აცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია, 2015 წლის 31 დეკემბრამდე სრულად შეისყიდოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იგი სრულად არ შეისყიდის პროდუქციას, ეს იქნება ხელშეკრულებაზე ცალმხრივად უარის თქმა;

1.2.4. მოპასუხის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, ხოლო შემსყიდველის მოთხოვნა ნიშნავს მისთვის დამდგარ საჭიროებას, შეიძინოს ესა თუ ის საქონელი. საჭიროების გარეშე საქონლის შეძენა განიხილება შემსყიდველისთვის ხელშეკრულების პირობების გაუარესებად, რაც 14.5. პუნქტით დაუშვებელია;

1.2.5. საქონლის ღირებულება, რომელიც მოპასუხეს არ მიუღია, შეადგენს 15 590 ლარს.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე რეალურად ნასყიდობის საზღაურის დაკისრებას მოითხოვს, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სამოქალაქო კოსდექსის 477-ე მუხლის მე-2 ნაწილია. უდავოა, რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელიც კონსესუალური გარიგებაა და დადებულად მიიჩნევა არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხმების მომენტიდან, შესაბამისად, მხარეებს წარმოეშვათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობა. მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხეს ნასყიდობის საგანი, თუმცა მოპასუხემ უარი განაცხადა მის მიღებასა და თანხის ანაზღაურებაზე. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებაზე უარის საფუძველი არც საქმის მასალებით დადგენილა და არც მხარეებს აქვთ პრეტენზია ამ საკითხთან მიმართებით (მაგ: ნივთის ნაკლი, არაჯეროვანი შესრულება; ვადის გადაცილება და სხვა), ხოლო ის ფაქტორი, რომ მყიდველმა ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ვერ გაითვალისწინა, თუ რა რაოდენობის პროდუქცია დასჭირდებოდა სამომავლოდ, მას ნასყიდობის საგნის მიღებისა და ფასის გადახდის ვალდებულებისგან ვერ გაათავისუფლებს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც გამყიდველის მხრიდან დასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, მყიდველს წარმოეშობა საპასუხო მოვალეობა _ მიიღოს საქონელი და გადაიხადოს თანხა. საკასაციო პალატა აქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა და, იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელეს ნივთის მიღების დავალდებულება არ ჰქონია მოთხოვნილი, მოპასუხეს არ დაუკარგავს უფლება, მოითხოვოს ნასყიდობის საგნის მფლობელობაში გადაცემა (პრაქტიკის თვალსაზრისით-იხ. სუსგ №ას-1076-996-2017, 19 აპრილი, 2019 წელი). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ უზრუნველყო, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.

1.5. განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც ნასყიდობის საზღაურის დაკისრების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი), კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 04.09.2018წ. #553437 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 780 ლარის, 70% _ 546 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა. ნ. ყ-ის ს. ც. ს. კ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ა. ნ. ყ-ის ს. ც. ს. კ.“ (ს/კ #20516...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 04.09.2018წ. #553437 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 780 ლარის 70% _ 546 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი