საქმე #ას-1505-2019 21 ოქტომბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე თ. და ვ. ბ-ების საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებაზე, საქმეზე _ თ. და ვ. ბ-ების სარჩელის გამო, ე. და ა. გ-ების მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, ვალდებულების შესრულების გამო ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა და ზედმეტად გადახდილი თანხის ანაზღაურების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
თ. და ვ. ბ-ების საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინება კასატორის წარმომადგენელმა ზ. ხ-მა (იხ.მინდობილობა ტ.1, ს.ფ.68-71) ჩაიბარა 2019 წლის 28 ივნისს (ტ.2, ს.ფ. 51).
ზემოხსენებული წესების შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 29 ივნისს – დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მეორე დღეს და დასრულდა 2019 წლის 19 ივლისს. საქმეში წარმოდგენილი, საკასაციო საჩივარზე დართული საფოსტო ბილით დასტურდება, რომ იგი საფოსტო განყოფილებას ჩაბარდა 2019 წლის 22 ივლისს - საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევით. ამასთან, საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღადაც მითითებულია 2019 წლის 22 ივლისი, რაც ასევე უტყუარად ადასტურებს საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. და ვ. ბ-ების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე