საქმე #ას-1242-2019 11 ნოემბერი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ც. და ე. კ-ების კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე ც. და ე. კ-ების სარჩელის გამო ნ. კ-ის მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, ასევე, ნ. კ-ის შეგებებული სარჩელის გამო, ც. და ე. კ-ების მიმართ, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ც. და ე. კ-ების კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით. თუ მხარე დაკისრებულ საპროცესო მოქმედებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეასრულებს, მისი საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლიც, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ც. და ე. კ-ების კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ 3 (სამი) დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა ე. კ-ეს კერძო საჩივარში მითითებულ ტელეფონის ნომერზე 2019 წლის 22 ოქტომბერს (იხ. შეტყობინების აქტი), მასვე ამომწურავად განემარტა დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ. როგორც სატელეფონო შეტყობინების შინაარსიდან, ისე საქმის მასალებით დასტურდება, რომ ც. და ე. კ-ები ერთსა და იმავე მისამართზე მცხოვრები პირები არიან, ხოლო, სასამართლოს მოხელესთან სატელეფონო გასაუბრებისას შეტყობინების მიმღებმა ე. კ-ემ დაადასტურა, რომ ც. კ-ე მისი ოჯახის წევრია და იკისრა ვალდებულება, გადაეცა მისთვის სატელეფონო შეტყობინების შინაარსი. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორები კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე და 74-ე მუხლების პირველი ნაწილებით დადგენილი წესით (სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით).
ამდენად, საკასაციო პალატა ზემოხსენებული ნორმების დისპოზიციიდან გამომდინარე, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორებს დაკისრებული საპროცესო მოქმედების შესახებ ეცნობათ სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს - 2019 წლის 22 ოქტომბერს. შესაბამისად ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის დენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2019 წლის 23 ოქტომბერს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამოიწურა 2019 წლის 25 ოქტომბერს.
საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ განცხადებაზე დართული საფოსტო დოკუმენტაციით დგინდება, რომ მხარეებმა ხარვეზის გამოსწორების მიზნით დოკუმენტები ფოსტას 2019 წლის 26 ოქტომბერს ჩააბარეს, შესაბამისად, უდავოა, რომ მათ დაარღვიეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. საკასაციო პალატა საპროცესო ვადის დარღვევის დასტურად მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მხარემ წარმოდგენილი განცხადებაც ამავე დღეს შეადგინა და სახელმწიფო ბაჟიც ვადის დარღვევით გადაიხადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 374-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, ც. კ-ესა (პ/#6100607..) და ე. კ-ეს (პ/#6100605...) უნდა დაუბრუნდეთ 2019 წლის 26 ოქტომბრის #8598677... საგადახდო დავალებით ც. კ-ის მიერ გადახდილი 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე, 396-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. და ე. კ-ების კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 1 ივლისის განჩინებაზე განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ც. კ-ესა (პ/#61006070...) და ე. კ-ეს (პ/#610060...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ 2019 წლის 26 ოქტომბრის #8598677927 საგადახდო დავალებით ც. კ-ის მიერ გადახდილი 50 ლარი.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე