Facebook Twitter

საქმე #ას-1555-2019 31 ოქტომბერი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „გ.“ დირექტორ მ. ფ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე, ა. ო-ის სარჩელის გამო, შპს „გ.“ მიმართ, მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების თაობაზე და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

შპს „გ.“ დირექტორ მ. ფ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო (კერძო) საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო (კერძო) საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, იგი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის საოქმო განჩინებით, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის მოტივით, შპს „გ.“ სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განულიხველად.

საქმეში წარმოდგენილი სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მ. ფ-ე შპს „გ.“ დირექტორია (იხ. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის). ამონაწერში დირექტორის ხელმძღვანელობითი ან/და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა არ ფიქსირდება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება მ. ფ-ეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პირადად ჩაბარდა ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით 2019 წლის 8 აგვისტოს (იხ.ხელწერილი, ს.ფ 176).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ხოლო, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 9 აგვისტოს და ამოიწურა 2019 წლის 20 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი, კერძო საჩივრით კი დასტურდება, რომ იგი საქართველოს უზენაეს სასამართლოს ელექტრონული ფორმით ჩაბარდა 2019 წლის 22 აგვისტოს, ხოლო, მატერიალური ფორმით - 2019 წლის 26 აგვისტოს, (თავად კერძო საჩივარი დათარიღებულია 22.08.2019) კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დარღვევით. აღნიშნული კი, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (იხ.ჩაბარების დასტური,ს.ფ207).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე, 416-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „გ.“ დირექტორ მ. ფ-ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე