Facebook Twitter

საქმე №ას-658-2019 19 ივლისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სს „თ“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. კ-ის უფლებამონაცვლეები: გ. და დ. კ-ეები (მოსარჩელე)

თანამოსარჩელეები: მ. გ-ე, დ. ც-ი, გ. ა-ე, გ. ტ-ი, თ. ა-ი;

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა და კომპენსაციის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

თ. ა-მა, ბ. კ-მ, მ. გ-მ, დ. ც-მა, გ. ა-მ, გ. ტ-მა და ე. ხ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში სს „თ-ს“ მიმართ, შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობა კანონის მოთხოვნათა დაცვით მოიშალა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით-სარჩელი ნაწილობივ დაკმაყოფილდა (გარდა ე.ხ-ის მოთხოვნისა), ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის სადავო ბრძანება და მასვე მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა.

4. აპელანტების მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თ. ა-მა, ბ. კ-მ, მ. გ-მ, დ. ც-მა, გ. ა-მ და გ. ტ-მა, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემაც, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინებით ბ. კ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მის უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ გ. და დ. კ-ეები.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და უფლებამონაცვლის დადგენის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით: შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე კომპენსაციის დაკისრების მოთხოვნა, სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რომელიც ძირითადი უფლების _ სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერების გარეშე არ არსებობს, ამასთან, შრომითი ურთიერთობის სპეციფიკა ისაა, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის ინტერესი დამსაქმებელს კონკრეტულ სუბიექტთან შეიძლება გააჩნდეს, შესაბამისად, უფლებამონაცვლეობა არ შეიძლება დადგინდეს. მხოლოდ თანხის დაკისრების ნაწილში უფლებამონაცვლის დაშვება ეწინააღმდეგება კანონსა და სასამართლო პრაქტიკას (სუსგ #3კ-530-03, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამუშაოზე აღდგენის ნაწილში უფლებამონაცვლეობა არ დაიშვებოდა), ამასთანავე, უდავოა, რომ გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ბრძანების ბათილად ცნობა, შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა დაეშვა უფლებამონაცვლეობა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ-ს“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.

1.2. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს პირის უფლებამონაცვლედ ცნობის კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით კი, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი გარემოებები:

1.2.1. შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით სარჩელი თავად აღძრა სასამართლოში ბ.კ-მ, რომელმაც მოგვიანებით დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის ფარგლებში მოითხოვა კომპენსაციის ანაზღაურება;

1.2.2. მანვე წარადგინა სააპელაციო საჩივარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლის თაობაზე;

1.2.3. საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე სს „თ-მ“ წარადგინა ბ. კ-ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომლის თანახმადაც დასაქმებული გარდაიცვალა 2019 წლის 7 იანვარს;

1.2.4. სასამართლოს რაიმე საპროცესო აქტი სს „თ-ს“ განცხადების საფუძველზე არ მიუღია;

1.2.5. 2019 წლის 21 მარტს სააპელაციო სასამართლოს გადაეცა გარდაცვლილი პირის წარმომადგენლის განცხადება უფლებამონაცვლის დადგენის მოთხოვნით. განცხადებას ერთვის 2019 წლის 19 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც ბ. კ-ს კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა, შვილებმა: გ. და დ. კ-ეებმა სრულად მიიღეს მამის სამკვიდრო;

1.2.6. 2019 წლის 10 აპრილის საოქმო განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ზემოხსენებული შუამდგომლობა და გარდაცვლილი პირის უფლებამონაცვლეებად ჩააბა მისი პირველი რიგის მემკვიდრეები.

1.3. საკასაციო სასამართლო უარყოფს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ დავაში უფლებამონაცვლეობა დაუშვებელია. ამ მხრივ მიღებული განჩინება არ განსხვავდება სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, გარდა ამისა, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების უფლება, მიუხედავად მისი აქცესორული ბუნებისა (სკ-ის 153-ე მუხლი), არ გამორიცხავს უფლებამონაცვლეობის დადგენის შესაძლებლობას შემდეგი გარემოებების გამო: საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გარდაცვლილმა ბ. კ-მ სიცოცხლეში აღძრა სარჩელი და სადავო გახადა მასთან შრომითი ურთიერთობის მოშლა. მან ასევე მოითხოვა კომპენსაციის დაკისრება. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების მოშლის ერთ-ერთი საფუძველი დასაქმებულის გარდაცვალებაა, ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი სასამართლო დაადგენს შრომითი ურთიერთობის მოშლის შესახებ დამსაქმებლის ნების ბათილობას, დღის წესრიგში დადგება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის საკითხი, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, კომპენსაციის დაკისრების გზითაა მოთხოვნილი. იმ ვითარებაში, თუკი სასამართლოს გადაწყვეტილება ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე შევა კანონიერ ძალაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერი საფუძვლის დადგომამდე (შკ-ის 37.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტი) კომპენსაციის მოთხოვნის უფლება სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლით განსაზღვრულ აქტივად გვევლინება და, ბუნებრივია, ამ ნაწილში უფლებამონაცვლეობა დასაშვებია (სკ-ის 1421-ე მუხლი). რაც შეეხება კერძო საჩივარში მოხმობილ სასამართლო პრაქტიკას, თავად მხარე აღნიშნავს, რომ სასამართლომ უფლებამონაცვლეობა დაუშვებლად მიიჩნია სამუშაოზე აღდგენისა და არა კომპენსაციის მოთხოვნის ნაწილში.

1.4. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ გარდაცვლილი პირის პირველი რიგის მემკვიდრეები სასამართლომ მართებულად მიიჩნია ბ. კ-ს უფლებამონაცვლეებად. მიუხედავად ამისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე და 281-ე მუხლების „ა“ ქვეპუნქტების თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმისწარმოება მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავოსამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას. ასეთ შემთხვევაში, საქმისწარმოება შეჩერდება გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა. მოსარჩელის გარდაცვალებისას, თუ ამ ვადის გასვლის შემდეგ საქმეში უფლებამონაცვლე არ ჩაერთო, სარჩელი განუხილველად დარჩება. ასევე განუხილველად დარჩება მოსარჩელის მიერ შეტანილი სააპელაციო და საკასაციო საჩივრები. მოპასუხის გარდაცვალების შემთხვევაში, მოსარჩელე ვალდებულია, ერთწლიანი ვადის გასვლამდე მიუთითოს მოპასუხის უფლებამონაცვლე პირი (პირი, რომელმაც სამკვიდრო ქონება მიიღო, უმკვიდრო ქონების შემთხვევაში – სახელმწიფო ან შესაბამისი ორგანიზაცია ან სხვა უფლებამონაცვლე). თუ აღმოჩნდება, რომ სამკვიდრო ქონება არ არსებობს, საქმისწარმოება შეწყდება. მოსარჩელის დასაბუთებული შუამდგომლობის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია, გააგრძელოს ერთწლიანი ვადა არა უმეტეს 6 თვით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით განსაზღვრული საქმისწარმოების შეჩერების ვადები, გარდა პროცესის სუბიექტებისა, უზრუნველყოფს იმ სავარაუდო უფლებამონაცვლეთა ინტერესების დაცვას, რომლებიც შესაძლოა, პრეტენზიას აცხადებდენ სამკვიდროზე და უფლება აქვთ, მიიღონ იგი. ამასთანავე, ნორმის მიზანს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით ან 422-ე მუხლის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევების თავიდან არიდება წარმოადგენს. კანონით განსაზღვრული საქმის წარმოების შეჩერების ვადები კი, გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე და 1424-ე მუხლების შინაარსიდან (ნოტარიუსისათვის მიმართვის ან ფაქტობრივად დაუფლების გზით სამკვიდროს მიღების ვადა შეადგენს ექვს თვეს სამკვიდროს გახსნის დღიდან).

1.5. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს საქმისწარმოების შეჩერების საკითხზე არც კი უმსჯელია, უფრო მეტიც, მან ისე ჩააბა უფლებამონაცვლეები დავაში, რომ მხედველობაში არ მიიღო მამკვიდრებლის გარდაცვალებისა და სამკვიდრო მოწმობის გაცემის ვადები (სამკვიდრო მოწმობა გაცემულია სამკვიდროს მიღების 6-თვიანი ვადის დაუცველად).

1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება ემყარება, როგორც მატერიალური, ისე-საპროცესო ნორმების დარღვევას, რის გამოც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის საფუძველზე, უნდა გაუქმდეს იგი და საქმისწარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „თ-ს“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 აპრილის განჩინება და საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური