ბს-395-379(კს-06) 20 სექტემბერი, 2006 წელი
ქ. .თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიზე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ გ. ა.-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები):
1. ს. ა.-ი; 2. ა. ნ.-ი; 3. თბილისის დიდუბე_ჩუღურეთის რაიონის გამგეობა
მესამე პირები: 1. ქ. თბილისის ¹... სანოტარო კანტორა; 2. ქ. თბილისის ნოტარიუსი ა. შ.-ი.
დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1988 წლის 11 ივლისს ს. ა.-მა სარჩელი შეიტანა ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სასამართლოში ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის აღმასკომის მიმართ კომუნალური საცხოვრებელი სახლის პირად საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, 1931 წელს მის მამას _ ბ. ა.-ს საფინანსო განყოფილებამ უკანონოდ ჩამოართვა ქ. თბილისში, ...-ის ქუჩის მე-2 შესახვევში მდებარე ¹5 საცხოვრებელი სახლი და გადასცა საბინაო ტრესტს. ამასთან, 1931 წლიდან მოყოლებული მოსარჩელემ დაფარა ბ. ა.-ის ყველა ფულადი დავალიანება, ხოლო მოსარჩელის თხოვნაზე დაებრუნებინათ მისთვის აღნიშნული სახლი, საფინანსო განყოფილებამ უარი განაცხადა.
ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 1988 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ს. ა.-ის სარჩელი უსაფუძვლობის გამო, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს 1988 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით დარჩა უცვლელად. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1990 წლის 27 ივლისის დადაგენილებით გაუქმდა ქ. თბილისის ოქტომბრის რაიონის სასამართლოს 1988 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება, აგრეთვე, საქალაქო სასამართლოს 1988 წლის 11 ოქტომბრის განჩინება და საქმის წარმოება შეწყდა.
1992 წლის 21 თებერვალს ს. ა.-მა კიდევ ერთხელ მიმართა სასარჩელო განცხადებით თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს მოპასუხე ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის მიმართ და მოითხოვა უკანონოდ ჩარიცხული სადავო სახლის კომუნალური ფონდიდან ამორიცხვა და ამავე სახლზე მისი მემკვიდრედ ცნობა. თბილისის ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1992 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებით ს. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; 86 კვ.მ ფართის სადავო სახლთმფლობელობა _ 4 ოთახი, დამხმარე სათავსებით ამოირიცხა კომუნალური ფონდიდან და ს. ა.-ს აღუდგა ფართზე მემკვიდრეობის მიღების ვადა და ცნობილ იქნა სადავო ქონებაზე მემკვიდრედ. ხსენებული გადაწყვეტილება გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1993 წლის 12 მარტის დადგენილებით და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.
1992 წლის 13 ოქტომბერს ს. ა.-მა აღძრა სარჩელი მოპასუხეების _ ვ. ნ.-ის და ა. ნ.-ის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა ¹... სანოტარო კანტორასა და ჩუღურეთის რაიონის საბინაო-საექსპლუატაციო უბანზე და ზემოაღნიშნული პრივატიზების ხელშეკრულებების გაუქმება მოითხოვა. ჩუღურეთის რაიონის სასამართლოს 1993 წლის 6 ივლისის განჩინებით ს. ა.-ის სარჩელზე საქმის წარმოება კვლავ შეწყდა, რაც ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 1993 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით.
1999 წლის 6 აპრილს გ. ა.-მა სასარჩელო განცხადებით კვლავ მიმართა თბილისის ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ს. ა.-ისა და ა. ნ.-ის მიმართ, ხოლო მესამე პირებად მიუთითა ჩუღურეთის რაიონის სერვის ცენტრის უბან «ჩ.-ის» ადმინისტრაციასა და ¹... სანოტარო კანტორაზე. მოსარჩელემ მოითხოვა ჩუღურეთის ¹... საბინაო-საექსპლუატაციო უბნის მიერ ვ. ნ.-თან 1992 წლის 16 ივლისს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების, ასევე ჩუღურეთის რაიონის სანოტარო კანტორის მიერ 1992 წლის 7 აგვისტოს ა. ნ.-ისთვის დამტკიცებული პრივატიზაციის ხელშეკრულების გაუქმება და მოპასუხეთა გამოსახლება პრივატიზებული ოთახებიდან.
თბილისის დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გ. ა.-ს, როგორც პოლიტრეპრესიების მსხვერპლის პირველი რიგის მემკვიდრეს, საკუთრების უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, ...-ის მე-2 შესახვევის ¹5-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი; გაუქმდა ჩუღურეთის რაიონის სანოტარო კანტორის მიერ 1992 წლის 7 აგვისტოს დამტკიცებული პრივატიზაციის ხელშეკრულება მოპასუხე ა. ნ.-ისთვის 24 კვ.მ ფართის გადაცემის შესახებ, აგრეთვე, 1992 წლის 16 ივლისის პრივატიზაციის ხელშეკრულება, დამოწმებული ¹... სანოტარო კანტორის მიერ, ვ. ნ.-ისათვის 15 კვ.მ ფართის გადაცემის შესახებ; გ. ა.-ს უარი ეთქვა ა. ნ.-ისა და ვ. ნ.-ის მემკვიდრე ს. ა.-ის გასახლებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა.-მა და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ცალ-ცალკე გაასაჩივრეს მოპასუხეებმაც _ ს. ა.-ის წარმომადგენელმა ე. ნ.-მა, ა. ნ.-მა და ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით გ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ს. ა.-ის წარმომადგენელ ე. ნ.-ისა და ა. ნ.-ის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის დიდუბე_ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება; გ. ა.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმთა პალატის 2002 წლის 11 სექტემბრის განჩინებით გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
2004 წლის 15 ივნისს გ. ა.-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2002 წლის 11 სექტემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
განმცხადებლის განმარტებით, ქ. თბილისში, ...-ის ქუჩის მე-2 შესახვევში მდებარე ¹5 საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა ოსეპ ა.-ს, რომლის გარდაცვალების შემდეგ, 1921 წელს სახლი გადაფორმდა მის შვილზე, ბ. ა.-ზე, შემდეგ კი ს. ა.-ზე (გ. ა.-ის მამა). ბ. ა.-ი 6 წლისა იყო ხსენებული საცხოვრებელი სახლი რომ ჩამოართვეს, ხოლო ს. ა.-მა იმისათვის, რომ გაერკვია სახლის ჩამორთმევის საფუძვლიანობა, მიაკითხა საელმწიფო არქივსა და სათანადო სამთავრობო ორგანოებს, აღნიშნულ ორგანოებში კი არავითარი ოფიციალური საბუთი ამის თაობაზე არ აღმოჩნდა.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ «საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ» კანონის საფუძველზე ს. ა.-ის შვილი _ გ. ა.-ი სასამართლომ აღიარა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით განმცხადებლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ მას დაუბრუნდა ჩამორთმეული სახლი და, თუმცა მოპასუხეები _ ა. ნ.-ი და ვ. ნ.-ის მემკვიდრე ს. ა.-ი სასამართლომ სადავო ბინაში დატოვა, როგორც ფართით მოსარგებლეები. გარდა ამისა, ზემოხსენებული პრივატიზაციის ხელშეკრულებები, ნაცვლად ჩუღურეთის რაიონისა, საეჭვოდ გაფორმდა სამგორის რაიონში, ასევე საეჭვო იყო პრივატიზაციის ხელშეკრულებაზე ვ. ნ.-ის ხელმოწერა. ამასთან, ს. ა.-ს ცალკე ჰქონდა 270 კვ.მ ბინა, ხოლო იმ 15 კვ.მ ოთახში, რომელიც ბებიამ _ ვ. ნ.-მა დაუტოვა მემკვიდრეობით, არასოდეს უცხოვრია, გაქირავებული ჰქონდა იგი და აპირებდა მის გაყიდვას, მაშინ, როდესაც გ. ა.-ის ოჯახი განიცდიდა ფართის ნაკლებობას, აღნიშნული გარემოება კი, განმცხადებლის განმარტებით, წარმოადგენდა ახლად აღმოჩენილ გარემოებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმთა პალატის 2004 წლის 24 ივნისის განჩინებით გ. ა.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას.
2004 წლის 15 ოქტომბერს გ. ა.-მა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე კიდევ ერთი განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას და ამავე პალატის 2002 წლის 21 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. განმცხადებელმა მიუთითა იგივე გარემოებებზე, რაც პირველ განცხადებაში.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინებით გ. ა.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა.-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმთა პალატის 2005 წლის 13 აპრილის განჩინებით გ. ა.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 9 დეკემბრის განჩინება.
2005 წლის 26 დეკემბერს გ. ა.-მა კვლავ მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებით და აღნიშნა, რომ ქ. თბილისის პროკურატურამ 2005 წლის 1 ნოემბერს გამოიტანა დადგენილება ¹... სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, ხსენებულ დადგენილებაში კი მითითებული იყო, რომ 2005 წლის 6 მაისს ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ¹... სისხლის სამართლის საქმეზე ჩუღურეთის რაიონის ¹46 საბინაო-საექსპლუატაციო უბნის თანამშრომელთა მიერ ჩადენილი სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით, ხოლო შემდგომში მათი ქმედება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 381-ე მუხლზე. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიება შეწყდა ვითარების შეცვლის გამო, ხოლო ხსენებულმა გამოძიებამ დაადასტურა დანაშაულის ჩადენის ფაქტი, რითაც შეილახა განმცხადებლის კანონიერი ინტერესები და აღნიშნული გარემოება საქმის განმხილველი სასამართლოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, გ. ა.-ის სასარგებლოდ გამოიტანდა გადაწყვეტილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 მარტის განჩინებით გ. ა.-ს დაევალა 2006 წლის 13 მარტის განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, რადგან მისი განცხადება არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს _ მასში არ იყო მოყვანილი ამ ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი გარემოება.
2006 წლის 20 აპრილს გ. ა.-მა თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა წარადგინა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება, რომელშიც მიუთითა იმავე გარემოებებზე, რაც მანამდე, როგორც 2004 წლის 15 ივნისს, ისე 2005 წლის 26 დეკემბერს წარდგენილ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებებში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინებით გ. ა.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დატოვებულ იქნა განუხილველად, ვინაიდან იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმცხადებელს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, მაგრამ მას ამ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია _ წარადგინა შინაარსით იგივე განცხადება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ა.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ 2006 წლის 13 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზი სრულად შეავსო და მისი განცხადება სრულად აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. კერძოდ, გ. ა.-ის განმარტებით, სასამართლოს წარედგინა თბილისის პროკურატურის 2005 წლის 1 ნოემბრის დადგენილება ¹... სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების შეწყვეტის შესახებ, სადაც პირდაპირ არის მითითებული ჩუღურეთის რაიონის ¹... საბინაო-საექსპლუატაციო უბნის თანამშრომელთა და ჩუღურეთის საბინაო-საექსპლუატაციო ტრესტის თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მათი ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 341-ე და 381-ე მუხლებით და საქმეზე წინასწარი გამოძიება შეწყდა მხოლოდ ვითარების შეცვლის გამო, რაც არ გამორიცხავს ზემოაღნიშნული პირების დანაშაულებრივ ქმედებას, რის შედეგადაც, დადგა მისი ინტერესების საწინააღმდეგო შედეგი. კერძო საჩივრის ავტორი ამტკიცებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს და ამ გარემოების საფუძველზე სასამართლოს უნდა განეახლებინა საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 19 მაისის განჩინებით გ. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კერძო საჩივარი, შინაარსობრივად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ა.-ის განცხადების იდენტური იყო და შესაბამისად, მასში არ იყო მოყვანილი გასაჩივრებული განჩინების არგუმენტაციის გამაბათილებელი გარემოებანი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას, რომ 2006 წლის 13 მარტის განჩინებაში მითითებული ხარვეზი სრულად შეავსო და მისი განცხადება სრულად აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილით რეგლამენტირებულია ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება იმისათვის, რომ იგი დასაშვებად იქნეს ცნობილი. კერძოდ, აღნიშნული ნაწილის თანახმად, განცხადება უნდა შეიცავდეს: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ გ. ა.-ის განცხადება საერთოდ არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ 2006 წლის 20 აპრილს გ. ა.-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა წარდგენილი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაც არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს და გ. ა.-ს ამ განცხადებაში არ მიუთითებია ახალ, წინა გან\ცხადებისაგან განსხვავებულ გარემოებებზე და ამდენად, მას არ შეუვსია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს კონკრეტული პირების დანაშაულებრივ ქმედებაზე, რის შედეგადაც, მისი ინტერესების საწინააღმდეგო შედეგი დადგა, მაგრამ სააპელაციო სასამართლო მხოლოდ აღნიშნულის საფუძველზე ვერ განაახლებდა საქმის წარმოებას, ვინაიდან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ გ. ა.-ის განცხადება, პირველ ყოვლისა, არ შეიცავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ა.-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ა.-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 28 აპრილის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.