Facebook Twitter

საქმე №ას-833-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ი. ლ-ე, ქ. მ-ი, ს. ა-ი (მოპასუხე, აპელანტები)

მოწინააღმდეგე მხარე - ბმა „ძ. თ.“, ლ. ფ-ი, ნ. ა-ი, ზ. ტ-ი, ლ. გ-მა, ე. მ-ი, ა. ნ-ე, ბმა „ძ. თ.“ თავმჯდომარე - ლ. დ-ა (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ხელშეშლის აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბმა „ძ. თ.“ (შემდეგში - ბმა) (თავმჯდომარე - ლ. დ-ა), ლ. ფ-მა, ნ. ა-მა, ზ. ტ-მა, ლ. გ-მა, ე. მ-მა, ა. ნ-ემ, ბმა „ძ. თ.“ თავმჯდომარე ლ. დ-ამ (შემდეგში - თავმჯდოარე ან ბმა-ს თავმჯდომარე) (შემდეგში: მოსარჩელეები ან მოწინააღმდეგე მხარეები) სარჩელი აღძრეს მ. ლ-ისა და ს. ა-ის (შემდეგში: მოპასუხეები ან აპელანტები ან კასატორები) მიმართ, რომლითაც მოითხოვეს მოპასუხეებისათვის უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა და ბმა „ძ. თ.“ უფლების მინიჭება მოპასუხეების ნებართვის გარეშე, საცხოვრებელი კორპუსის, მდებარე თბილისი, თ. ... გამზირი, ... (შემდეგში - სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი) გამაგრებასთან, რეკონსტრუქციასთან და მიშენებასთან, შენობის ამორტიზირებული ნაწილების დემონტაჟთან დაკავშირებით დადოს ხელშეკრულებები, განახორციელოს შესაბამისი ნებართვების მიღებასთან და ადმინისტრაციული აქტების გამოცემასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოქმედებები.

2. მოსარჩელეთა განმარტებით სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი მე-20 საუკუნის 30-იან წლებში აშენდა და ამჟამად ავარიულ მდგომარეობაშია. მისი ავარიულობის ხარისხისა და დანგრევის საშიშროების საფრთხის დადგენის მიზნით ჩატარდა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ კორპუსის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და არ იძლევა მისი უსაფრთხო ექსპლუატაციის საშუალებას. აღდგენა-გამაგრებით სამუშაოებს კი ესაჭიროება ამხანაგობის კრების ოქმი, თანამესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობით. თუმცა, მოპასუხეები ბოროტად იყენებენ თავიანთ უფლებას და უარს აცხადებენ კორპუსის გამაგრებაზე, რითაც ზიანი ადგებათ ამხანაგობის დანარჩენ წევრებს, ხოლო საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა კი დღითიდღე უარესდება და მძიმდება.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ისინი არ არიან წინააღმდეგნი მოხდეს შენობის გამაგრება, თუმცა, ეწინააღმდეგებიან შენობის დემონტაჟს, დაშენებას და ამ სახის ჩარევებს.

4. დადგენილია, რომ ი. ლ-ე და ქ. მ-ი საქმეში წარმოდგენილი გარდაცვალების მოწმობის და სამკვიდრო მოწმობის შესაბამისად წარმოადგენენ თავდაპირველი მოპასუხის - მ. ლ-ის უფლებამონაცვლეებს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს აეკრძალათ უფლების ბოროტად გამოყენება და აღიარებულ იქნა ბმა-ს უფლება მოპასუხეების ნებართვის გარეშე, სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებასთან, რეკონსტრუქციასთან და მიშენებასთან, შენობის ამორტიზირებული ნაწილების დემონტაჟთან დაკავშირებით დადოს ხელშეკრულებები, განახორციელოს შესაბამისი ნებართვების მიღებასთან და ადმინისტრაციული აქტების გამოცემასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოქმედებები.

6. თბილისის საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბმა-ს 2013 წლის 2 მარტის N1 კრების ოქმის მიხედვით მრავალბინიან სახლში ირიცხება სულ 10 ერთეული ბინა, რომელიც არის პრივატიზებული. ამავე კრების გადაწყვეტილებით (8 მომხრე) ამხანაგობის თავმჯდომარე ლარისა დანელიას გაუგრძელდა უფლებამოსილების ვადა 5 წლის ვადით. შესაბამისად, საქმის განხილვის ეტაპისთვის და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე კრების ოქმების შედგენის დროისთვის მისი უფლებამოსილება სადავო არ გამხდარა.

7. საჯარო რეესტრის ამონაწერის შესაბამისად, სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლში ბინები საკადასტრო კოდებით: N01.13.08.002.... და N01.13.08.002...., საკუთრების უფლებით ირიცხება მოპასუხეების - ი. ლ-ის და ქ. მ-ის სახელზე.

8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ცენტრის 2011 წლის 28 მარტის ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მისი შემდგომი ნორმალური უსაფრთხო ექსპლოატაციისათვის საჭიროა შენობას ჩაუტარდეს აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები სპეციალურად დამუშავებული პროექტით, სადაც, კაპიტალური აგურის კედლების გამაგრების გარდა გათვალისწინებულ უნდა იქნეს: -საძირკვლების ფუძე-გრუნტების დასველების ყველა კერის აღმოფხვრა. - ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ხის აივნების დემონტაჟი. - სახურავის დაზიანებული საფარის ახლით შეცვლა. -კარებისა და ფანჯრის ღიობების ზღუდარების ლითონის ელემენტებით გამაგრება.

9. დადგენილი იქნა, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2011 წლის 1 ივლისს განცხადებით მიმართა ბმა-ს თავმჯდომარემ პროექტის შეთანხმების შესახებ. კერძოდ, განცხადებით მოთხოვნილ იქნა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრების, რეკონსტრუქციის და მიშენება-დაშენების პროექტის შეთანხმება.

10. თბილისის არქიტექტურის 2011 წლის 20 ივლისის N01/1933 ბრძანებით შეთანხმდა სადავო მისამართზე მდებარე თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გამაგრებისა და რეკონსტრუქციის (მიშენება-დაშენებით) არქიტექტურული პროექტი.

11. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2012 წლის 15 ივნისის N3 საერთო კრების ოქმით, რომელსაც ესწრებოდა ბინის 8 მესაკუთრე (80%), ამხანაგობის წევრებმა გამოთქვეს თანხმობა შესრულებულიყო დღის წესრიგში დასმული საკითხი - ქ. თბილისის მერიის მიერ 20.07.2011 N01/1933 ბრძანებით დამტკიცებული მშენებლობის პროექტის შესაბამისად, ქ. თბილისში, თ. ... N... მდებარე საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრება, ავარიული აივნებისა და მიშენების დემონტაჟი, ახალი კაპიტალური მიშენების მშენებლობა და მე-4 სართულის დაშენება.

12. ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 13 მარტის N585847 გადაწყვეტილებით ბმა-ს პროექტის ნებართვაზე გასაცემად დაუდგინდა ხარვეზი და მოეთხოვა ამხანაგობის კრების ოქმის წარმოდგენა თანამესაკუთრეთა 100%-იანი თანხმობით.

13. ბმა-ს 2014 წლის 22 სექტემბრის საერთო კრების ოქმით ამხანაგობის 9 წევრმა მისცა ამხანაგობის თავმჯდომარეს უფლება მიმართოს სასამართლოს კრების დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხის გადასაწყვეტად. დღის წესრიგის მიხედვით კი, გადასაწყვეტ საკითხს წარმოადგენდა ამხანაგობის წევრების მიერ ამხანაგობის თავმჯდომარისათვის უფლების მიცემა მიმართოს სასამართლოს, რადგან ორი წევრის - მ. ლ-ის და ს. ა-ის წინააღმდეგობის გამო, ვერ იქნა მიღებული მერიის მშენებლობის ნებართვა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განსახორციელებლად.

14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 05 დეკემბრის N006769716 დასკვნით, რომელიც მომზადდა სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განჩინების საფუძველზე, ექსპერტმა დაადგინა შემდეგი: - სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას დღეის მდგომარეობით. - პრაქტიკულად შესაძლებელია არსებული ხის აივნებისა და დღეისათვის არსებული მიშენების დემონტაჟის გარეშე, საცხოვრებელ სახლზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, თუმცა ექსპერტს მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ტექნიკური თვალსაზრისით არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი ხის აივნების და მიშენების დემონტაჟი; - ხის აივნები, თავისი ტექნიკური არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის მიხედვით არის საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ერთ-ერთი ფაქტორი; - დღეისათვის არსებული დეფორმაციებით და განვითარებული ბზარებით, სახლი საჭიროებს გამაგრებას როგორც ეზოს, ასევე ძირითადი ფასადის მხრიდან; -აღნიშნული შენობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტები, საძირკვლები, მზიდი კედლები და სართულშუა გადახურვები საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით; - შენობის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კვლევა-გამოკვლევაში აღნიშნული გარემოებების და დეფექტების აღმოფხვრის გარეშე, შენობის ტექნიკური მდგომარეობა უარესდება; - აივნის დემონტაჟის და შენობის გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდგომ, შესაძლებელია აივნის აშენება ახალი კონსტრუქციებით ძველის სანაცვლოდ, სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით.

15. ექსპერტმა დამატებით გააკეთა განმარტება და მიუთითა შემდეგი: დასკვნაში აღნიშნული ხის აივნების და მიშენების დემონტაჟის გარეშე შენობის გამაგრება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ამის აუცილებლობა (თუ ის წარმოადგენს არქიტექტურული ან ისტორიული სტატუსის მქონე ღირებულებას, რაც განაპირობებდა მისი შენარჩუნების აუცილებლობას), ვინაიდან ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი ხის აივნების და მიშენების შენარჩუნების აუცილებლობა დღეის მდგომარეობით არ არსებობს, იგი ცალსახად ექვემდებარება დემონტაჟს, რის შემდგომაც უნდა განხორციელდეს შენობის გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები.

16. მხარეთა ახსნა-განმარტებების, ექსპერტის განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი რეალურად არის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს გარკვეულ სამუშაოებს, რათა უსაფრთხო გახდეს მისი ექსპლუატაცია.

17. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.

18. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ კოლეგიის 2017 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

19. სააპელაციო პალატამ სარჩელის დაკმაყოფილების ძირითად საფუძველზე - უფლების ბოროტად გამოყენება - გაამახვილა ყურადღება და გამოიკვლია ნამდვილად ჰქონდა თუ არა აღნიშნულს ადგილი მოპასუხეთა, როგორც ქონების მესაკუთრეთა, მხრიდან:

20. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 102-ე მუხლით და იმ გარემოების მტკიცების ტვირთი ჰქონდა თუ არა მოპასუხეებს უფლების განხორციელების ობიექტური ინტერესი და მესამე პირისათვის ზიანის მიყენების ინტერესი, მოსარჩელეებს გადააკისრა.

21. მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 15 ივლისის განჩინების საფუძველზე დაინიშნა ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. სასამართლოში წარმოდგენილი 2016 წლის 05 დეკემბრის დასკვნით დადგენილია შემდეგი: ქ. თბილისში, თ. მ. N...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარებას. დღეის მდგომარეობით პრაქტიკულად შესაძლებელია არსებული ხის აივნებისა და დღეისათვის არსებული მიშენების დემონტაჟის გარეშე, საცხოვრებელ სახლზე გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, თუმცა ექსპერტს მიაჩნია, რომ უნდა განხორციელდეს ტექნიკური თვალსაზრისით არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი ხის აივნების და მიშენების დემონტაჟი; ხის აივნები, თავისი ტექნიკური არადამაკმაყოფილებელი მდგომარეობის მიხედვით არის საცხოვრებელი სახლის ავარიულობის ერთ-ერთი ფაქტორი; დღეისათვის არსებული დეფორმაციებით და განვითარებული ბზარებით, სახლი საჭიროებს გამაგრებას როგორც ეზოს, ასევე ძირითადი ფასადის მხრიდან; აღნიშნული შენობის მზიდი კონსტრუქციული ელემენტები, საძირკვლები, მზიდი კედლები და სართულშუა გადახურვები საჭიროებს გამაგრება-გაძლიერებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით; შენობის არადამაკმაყოფილებელი ტექნიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კვლევა-გამოკვლევაში აღნიშნული გარემოებების და დეფექტების აღმოფხვრის გარეშე, შენობის ტექნიკური მდგომარეობა უარესდება; აივნის დემონტაჟის და შენობის გამაგრებითი სამუშაოების დასრულების შემდგომ, შესაძლებელია აივნის აშენება ახალი კონსტრუქციებით ძველის სანაცვლოდ, სამშენებლო ნორმების და წესების დაცვით. ექსპერტიზის დასკვნის მე-2 კითხვასთან დაკავშირებით ექსპერტმა დამატებით გააკეთა განმარტება და მიუთითა შემდეგი: დასკვნაში აღნიშნული ხის აივნების და მიშენების დემონტაჟის გარეშე, შენობის გამაგრება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ამის აუცილებლობა (თუ ის წარმოადგენს არქიტექტურული ან ისტორიული სტატუსის მქონე ღირებულებას, რაც განაპირობებდა მისი შენარჩუნების აუცილებლობას), ვინაიდან, ტექნიკურად არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი ხის აივნების და მიშენების შენარჩუნების აუცილებლობა დღეის მდგომარეობით არ არსებობს, იგი ცალსახად ექვემდებარება დემონტაჟს, რის შემდგომაც უნდა განხორციელდეს შენობის გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები.

22. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით (სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას) და გაიზიარა მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები ბოროტად იყენებენ საკუთარ უფლებებს.

23. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების მარეგულირებელი სანივთო-სამართლებრივი ნორმები აზუსტებს საკუთრებით ბოროტად სარგებლობის ინსტიტუტს. ამგვარად განიხილება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია (სსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილი). აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია.

24. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის შესაბამისად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი. ამდენად, მიუხედავად საკუთრების უფლების აღიარებისა და ხელშეუვალობისა, საქართველოს კონსტიტუცია არ გამორიცხავს საკუთრების უფლების შეზღუდვას (კონსტიტუციის 19-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

25. სააპელაციო სასამართლომ უარყო აპელანტების მითითება იმ გარემოებაზე, რომ მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონდა უფლების ბოროტად გამოყენებას.

26. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იქმნებოდა ისეთი ვითარება, როდესაც ერთ მხარეზე იდგა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების უფლება, არ მისცენ თანხმობა უძრავი ქონების გამაგრებასა და რეკონსტრუქციაზე, ხოლო მეორე მხარეს – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დანარჩენი წევრების ინტერესი, ეწარმოებინათ იმგვარი საპროექტო სამუშაოები, რომელიც აუცილებელია მათ საკუთრებაში არსებული ფართის ნორმალურად სარგებლობისათვის.

27. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმისათვის რომ ადგილი ჰქონდეს საკუთრების ბოროტად გამოყენებას, უნდა დადგეს შემდეგი კუმულატიური პირობები: ა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ უნდა მიუთითებდნენ თავიანთი უფლების გამოყენების შედეგზე და სრულიად უმოტივაციოდ უნდა ამბობდნენ უარს მის გაცემაზე; ბ. მეორე მხარეს, (მოპასუხეებს) უნდა გააჩნდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ამ უფლების შელახვის რაიმე კანონისმიერი საფუძველი.

28. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ზემოთ დასახელებული ორივე პირობა, კერძოდ, მოსარჩელეეს არ გააჩნდათ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების თანხმობა (რაც აუცილებელი იყო სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩასატარებლად), ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მოპასუხე წევრები ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ მიუთითებდნენ რაიმე არსებით და დასაბუთებულ არგუმენტზე თავიანთი ინტერესების უპირატესობის დასადასტურებლად.

29. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებების, ექსპერტის განმარტებისა და საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ საცხოვრებელი სახლი რეალურად არის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს გარკვეულ სამუშაოებს, რათა უსაფრთხო გახდეს მისი ექსპლუატაცია.

30. ასეთი მოცემულობის პირობებში, მოპასუხეები მარტოოდენ იმ მიზნით იყენებდნენ თავიანთ უფლებას, უარი ეთქვათ თანხმობის გაცემაზე, რომ ზიანი მიყენებოდა მოსარჩელეებს, მათი ამგვარი მოქმედება მიზნად არ ისახავდა უფლების განხორციელებისათვის აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას, რაც თავისთავად უთანაბრდებოდა უფლების ბოროტად გამოყენებას.

31. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს აპელანტებმა (მოპასუხეები), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

32. კასატორთა განმარტებით, გაურკვეველია თუ რა ფარგლებში დაადგინა სასამართლომ მოპასუხეთა მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტი.

33. კასატორები არ უარყოფენ, რომ სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი საჭიროებს გამაგრებით სამუშაოებს. მათი მხრიდან წინააღმდეგობა შეეხება სახლზე ზედა სართულის დაშენებას, დემონტაჟს და ახალი მიშენების განხორციელებას. ამასთან კასატორთა მითითებით მოსარჩელეებს არ გააჩნიათ პროექტი და ხარჯთარიცხვა გამაგრების სამუშაოებზე. ამგვარი პროექტი მოსარჩელეებს ბმა-ს კრებაზე არ წარმოუდგენიათ, დოკუმენტი, რომელიც მოპასუხეებს გადასცა ბმა-ს თავმჯდომარემ შედგენილია 2011 წელს და ითვალისწინებს სახლის მიშენება-დაშენებას, რასაც მოპასუხეები არ ეთანხმებიან.

34. კასატორები აღნიშნავენ, რომ ექსპერტი პირდაპირ არ უთითებს აივნების დემონტაჟის აუცილებლობაზე. პირიქით, დასკვნის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ სახლის გამგრება შესაძლებელია დემონტაჟის გარეშე. კასატორისთვის გაუგებარია საერთოდ მიშენება რამდენად ემსახურება სახლის გამაგრებას.

35. კასატორებმა აგრეთვე გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის საოქმო განჩინება, რომლითაც მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არ დაერთო საქმეს და დაუბრუნდა მხარეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

37. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

38. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ მოპასუხეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავდროულად, კასატორები მიუთითებენ, რომ სასამართლომ არ დაადგინა უფლების ბოროტად გამოყენების ფარგლები (იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები პ. 32).

39. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას და მიუთითებს ამ განჩინების პპ: 9-15, 21-ში მითითებულ და დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიმართ კასატორს დასაშვები (დასაბუთებული) საკასაციო პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია. საკასაციო პალატის მოსაზრებით, დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები წარმოაჩენს რომ სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლი რეალურად არის არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს გარკვეულ სამუშაოებს, რათა უსაფრთხო გახდეს მისი ექსპლუატაცია. ამ სამუშაოების განხორციელების დამაბრკოლებელ გარემოებად, მოპასუხეთა მხრიდან საკუთრებით სარგებლობის უფლების ბოროტად გამოყენება წარმოჩინდა. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მწვავე ობიექტური საჭიროებისა და სხვათა (მოსარჩელეთა) ქონებრივი უფლებების დაცვის თვალსაზრისით, წარმოშობილია საკუთრების დაცულ სფეროში ჩარევის აუცილებლობა. ასეთ შემთხვევაში კი, დავის გადაწყვეტის ამოსავალ დებულებად უფლების კეთილსინდისიერებისა და მართლზომიერების საფუძვლებზე განხორციელება წარმოადგენს. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში გაუსვა ხაზი მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობას, რაც არა მარტო კანონმდებლობით აკრძალულ ქმედებად, არამედ მესაკუთრის ზნეობრივ მოვალეობად იქნა წარმოჩინებული (შეადრ:№ას-1200-1129-2012, 29 ოქტომბერი, 2012 წელი).

40. უფრო მეტიც, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “bona fides“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „ius civile“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. უნდა აღინიშნოს, რომ სსკ-ის 8.3 და 115-ე მუხლი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (შეადრ: სუსგ №ას-1338-1376-2014 29 ივნისი, 2015).

41. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების ჭრილში მოქმედებას და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას აზუსტებს საკუთრების მარეგულირებელი სანივთო-სამართლებრივი ნორმებიც, რომლებიც კრძალავს საკუთრებით ბოროტად სარგებლობის შემთხვევას და ასეთად განიხილავს საკუთრებით ისეთ სარგებლობას, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია (სსკ-ის 170-ე მუხლის მეორე ნაწილი). აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა, ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლება აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და მისი შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევაში შესაძლებელია. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით იქმნება ისეთი ვითარება, როდესაც ერთ მხარეზე დგას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების უფლება, არ მისცენ თანხმობა უძრავი ქონების გამაგრებასა და რეკონსტრუქციაზე, ხოლო მეორე მხარეს – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დანარჩენი წევრების ინტერესი, აწარმოონ იმგვარი საპროექტო სამუშაოები, რომელიც აუცილებელია მათ საკუთრებაში არსებული ფართის ნორმალურად სარგებლობისათვის (იხ., ამ განჩინების პ.21).

42. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სასამართლოს არ დაუდგენია უფლების ბოროტად გამოყენების ფარგლები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სარჩელის დავის საგანს და მოსარჩელთა ინტერესს წარმოადგენდა ის, რომ მოსარჩელეებს მოპასუხეების ნებართვის გარეშე ჰქონოდათ უფლება სადავო მისამართზე მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრებასთან, რეკონსტრუქციასთან და მიშენებასთან, შენობის ამორტიზირებული ნაწილების დემონტაჟთან დაკავშირებით დაედოთ ხელშეკრულებები, შესრულებინათ შესაბამისი ნებართვების მიღებასთან და ადმინისტრაციული აქტების გამოცემასთან დაკავშირებული სხვადასხვა მოქმედებები. ამასთან, ამ განჩინების პ.21-ში დადგენილია თუ რა სამუშაოების განხორციელებაა აუცილებელი. ამდენად, მოპასუხეთა უფლების ბოროტად გამოყენება სწორედ ამ ფარგლებშია დადგენილი და აკრძალული. ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც ამ განჩინების პ.33-ში მითითებული მოსაზრება ვერ ჩაითვლება დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად.

43. რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას, საქმეზე მიღებული შუალედური საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე (იხ., საკასაციო საჩივარი ამ განჩინების პ.35), საკასაციო პალატა დაუსაბუთებლობის გამო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ საოქმო განჩინებების გაუქმების მოთხოვნა იმგვარად, რომ მხარე არ მიუთითებს განჩინების გაუქმების ფაქტობრივ საფუძვლებზე, სასამართლოს არ აძლევს უფლებას, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს მათი უსწორობის საკითხი, ამგვარი მიდგომა არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიზნებიდან, რაც ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

44. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

45. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. უფლების ბოროტად გამოყენების საფუძვლებთან დაკავშირებით დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

46. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

47. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ლ-ის, ქ. მ-ის, ს. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი. ლ-ეს (პ/ნ: 010050...), ქ. მ-ს (პ/ნ: 0100502...), ს. ა-ს (პ/ნ: 0100501...) უკან დაუბრუნდეთ 17/06/2019-ში ბ. ბ-ის მიერ საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარის) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე