საქმე №ას-1282-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ჩ-ე, კ. და ნ. ბ-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. გ-ე, ი. დ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ქ. გ-ემ და ი. დ-მა (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ჩ-ის, ნ. ბ-ისა (შემდგომ – მოპასუხეები) და კ. ბ-ის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა და სადავო უძრავი ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელეებისათვის ჩაბარება, ხოლო მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელეთა განმარტებით, 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და ა. ბ-ეს (შემდგომ – ბინის თავდაპირველი მესაკუთრე, მამკვიდრებელი) მათ სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ფულადი ვალდებულების შესრულება, შეუსრულებლობის შემთხვევაში კი იპოთეკით დატვირთული ქონების მოსარჩელეთა საკუთრებაში გადაცემა.
3. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მოსარჩელეებმა სადავო ქონება საჯარო რეესტრში მათ სახელზე დაარეგისტრირეს. ამჟამად ქონება ირიცხება მოსარჩელეთა საკუთრებად. 2017 წლის 21 აგვისტოს, ბინის თავდაპირველი მესაკუთრე გარდაიცვალა, ხოლო ბინაში მათი ინფორმაციით საცხოვრებლად დარჩნენ მისი მეუღლე და რძალი, ხოლო შვილის ადგილსამყოფელი უცნობია. აღნიშნულის გამო, მოსარჩელე მხარემ შეამცირა მოპასუხეთა წრე.
4. მოსარჩელეთა მხრიდან მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ თანასაკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ფართს და ისინი ვერ სარგებლობენ კუთვნილი ქონებით. ორივე მოსარჩელეს ბინა ესაჭიროება საცხოვრებლად.
მოპასუხის პოზიცია:
5. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით, სადავო ქონება მოსარჩელეებს თანასაკუთრებაში უნდა გადასცემოდათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მამკვიდრებელი არ შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ვალდებულების დროული შეუსრულებლობა კი გამოწვეულ იქნა მამკვიდრებლის გარდაცვალებით. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებს ჰქონდათ მოსარჩელეთათვის დაკისრებული თანხის გადახდისა მცდელობა, თუმცა მოსარჩელე მხარემ უარი განაცხადა. ამ უკანასკნელს სურდა, რომ დაკისრებულ თანხას დამატებით დარიცხვოდა პროცენტები და გაზრდილი თანხა მიეღო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით მოპასუხეთა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო უძრავი ქონება არის მოსარჩელეების თანასაკუთრება.
9. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის სააღსრულებო ფურცელი.
10. აპელანტები არც საჯარო რეესტრის ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებიან მოსარჩელეებს.
11. მოპასუხეებს სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.
12. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტებს და მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 172-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, აპელანტები ვალდებულნი იყვნენ, დაებრუნებინათ მესაკუთრისათვის კუთვნილი ქონება.
13. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის პრეტენზია არამართლზომიერი მფლობელის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.
14. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
15. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ყველა წინაპირობა.
16. სააპელაციო პალატამ არ გაზიარა აპელანტების პოზიციას, რომ მათ სადავო ქონების ფლობის უფლება აქვთ, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, გარდა ახსნა-განმარტებისა, წარმოდგენილი არ არის.
17. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრებად. აპელანტები არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებიან.
18. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ – სსსკ) 102-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება მხარეებს აკისრიათ, რომლებიც თავიანთ სამართლებრივ მოთხოვნას აღნიშნულ გარემოებებს აფუძნებენ.
19. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებს/აპელანტებს სასამართლოსათვის არ მიუთითებიათ კანონით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით სადავო უძრავი ქონების მართლზომიერი ფლობის თაობაზე და ამ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებაზე, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აპელანტები არ წარმოადგენენ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ქონების მართლზომიერ მფლობელებს და ამ ქონების დაკავების უფლება მათ არ გააჩნიათ.
20. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები არიან მესაკუთრეები, ხოლო მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ უძრავ ქონებას ფლობენ კანონიერად. ამასთან, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხეებთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობს არც კანონისმიერი საფუძველი რაიმე შებოჭვისათვის და შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია, სრულყოფილად განახორციელოს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
21. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება აპელანტების მიერ უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას; ამდენად, ვინაიდან დადასტურდა ამავე კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა: (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.
22. რაც შეეხება მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქცევას, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ე1 პუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ. კანონის აღნიშნული დანაწესი, წარმოადგენს მესაკუთრის გარანტიას, თავისუფლად ისარგებლოს მისი კუთვნილი ქონებით, მით უფრო, როდესაც ეს დაკავშირებულია უძრავი ქონების საცხოვრებლად გამოყენებასთან. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეები წარმოადგენენ ურავი ქონების მესაკუთრეებს, ხოლო აპელანტებს არ მიუთითებიათ რაიმე ისეთ გარემოებაზე, რითაც მესაკუთრისაგან განსხვავებით უპირატესობა მიენიჭებოდათ სადავო ქონების ფლობას და გამოირიცხებოდა დაუყოვნებლივი აღსრულების წესის დადგენა.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
24. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ ზერელედ შეისწავლა საქმის მასალები და საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
25. სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია კ. ბ-ის ბინიდან გამოსახლების ნაწილში, არამედ განჩინება მიიღო მხოლოდ მოპასუხეების წინააღმდეგ.
26. სააპელაციო პალატას არ შეუფასებია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების მითითება, რომ ვალდებულების შესრულების მიზნით, მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში გადაცემა. ამდენად, ნივთი გადაფორმდა ვალდებულების შესრულების მიზნით და მამკვიდრებლის მემკვიდრეების მიერ კრედიტორის მიმართ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეს მამკვიდრებელის უფლებამონაცვლეებს.
27. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ მოსარჩელეებმა ვერ დაასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის წინაპირობების არსებობა, თუ რა ზიანი შეიძლებოდა მიდგომოდათ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების გამოყენების გარეშე.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ოქტომბერის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
29. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
31. სადავო უძრავი ქონება არის მოსარჩელეების თანასაკუთრება.
32. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებად საჯარო რეესტრის ამონაწერში მითითებულია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 19 ივლისის სააღსრულებო ფურცელი.
33. აპელანტები არც საჯარო რეესტრის ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებიან მოსარჩელეებს.
34. მოპასუხეებს სადავო ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.
35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
36. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
37. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)
38. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
39. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
40. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
41. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
42. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
43. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
44. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემებით. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია სააპელაციო პალატის მიერ. კასატორს კი მითითებული გარემოების გამაქარწყლებელი, ასევე, მის მიერ სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის დამადასტურებელი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.
45. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორების მითითება, რომ სადავო უძრავი ნივთი მოსარჩელეს გადაუფორმდა ვალდებულების შესრულების მიზნით და მამკვიდრებლის მემკვიდრეების მიერ კრედიტორის მიმართ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში უძრავი ქონება უნდა დაუბრუნდეს მამკვიდრებელის უფლებამონაცვლეებს.
46. მხარეთა შორის ამგვარი შეთანხმების არსებობა საქმის მასალებიდან არ დასტურდება. მეტიც, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ადასტურებს, რომ სადავო ქონება მოსარჩელეთა საკუთრებაა და მოპასუხეთა სასარგებლოდ რაიმე სახით უფლებრივად დატვირთული არ არის.
47. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიად ვერ შეფასდება კასატორთა არგუმენტი ვერც იმ ნაწილშიც, რომლითაც კასატორებმა აღნიშნეს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბინიდან გამოსახლდნენ მხოლოდ მოპასუხეები, კონსტანტინე ბრეგაძის გამოსახლების თაობაზე კი სასამართლოს არ უმსჯელია და არც სააპელაციო პალატას აღნიშნული გარემოება არ შეუფასებია.
48. სსსკ-ის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
49. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილების მქონე პირთა წრეს და პირდაპირ ასახელებს იმ საპროცესო სტატუსს, რომლის მქონე პირებს ყველა შემთხვევაში შეუძლიათ სააპელაციო საჩივრის წარდგენა, ასეთად მიიჩნევიან უშუალოდ დავის მხარეები და მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
50. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელეებმა დააზუსტეს მოპასუხეთა წრე და სასარჩელო მოთხოვნა მიმართეს მხოლოდ ორი მოპასუხის წინააღმდეგ (ს.ფ 144), შესაბამისად, კ. ბ-ე აღნიშნული ეტაპიდან მოცემულ საქმეზე მოპასუხეს აღარ წარმოადგენდა და სასამართლო გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ არ გამოტანილა. პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა მხოლოდ ორი მოპასუხის მიმართ, ხოლო კ. ბ-ეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრისა და, შემდგომ, სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება არ გააჩნდა.
51. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორთა კანონიერ უფლებებს არცერთ ასპექტში არ არღვევს ის ფაქტი, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა იმსჯელეს თუ არა კ. ბ-ის ბინიდან გამოსახლების საკითხზე. შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ ნაწილშიც დაუსაბუთებელია.
52. სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
53. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის ძალით სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე.
54. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
55. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
56. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
57. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
59. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მოპასუხე კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გია გურგენიძის მიერ 2019 წლის 15 ოქტომბერის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჩ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ თ. ჩ-ეს (პირადი №0200101....) და ნ. ბ-ეს (პირადი №6000109...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით გ. გ-ის მიერ 2019 წლის 15 ოქტომბერის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. კონსტანტინე ბრეგაძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე