საქმე №ას-1307-2019 15 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ხ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უფლებამონაცვლის დადგენა, ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება, ფულადი ვალდებულების შესრულება, ვალდებულების შესრულების მიზნით ქონების რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ს. ბ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ხ-ის (შემდგომ – აპელანტი მოპასუხე), მ. ბ-ის, რ. კ-ისა და გ. გ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უფლებამონაცვლის დადგენის, ქონებაზე მესაკუთრედ აღიარების, ფულადი ვალდებულების შესრულებისა და, ვალდებულების შესრულების მიზნით, ქონების რეალიზაციის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები არიან გარდაცვლილი მოვალის მემკვიდრეები, თუმცა მათ სამკვიდრო არ გაუფორმებიათ.
მოპასუხის პოზიცია:
3. აპელანტმა მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც აპელანტმა მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინებით აპელანტი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ 2019 წლის 20 მაისს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ მხარეებმა და მათ შორის აპელანტმა მოპასუხემ ხელწერილზე ხელის მოწერით დაადასტურეს, რომ ეთანხმებოდნენ გადაწყვეტილებას და უარს ამბობდნენ სააპელაციო წესით მის გასაჩივრებაზე. ამავე ხელწერილით დასტურდება რომ მათ განემარტათ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შედეგებიც.
7. ზესტაფონის რაიონული სასამართლო მხარეთა მოთხოვნის შესაბამისად შემოიფარგლა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 250-ე მუხლის, 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 370-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მითითებული ნორმების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტ მოპასუხეს ჰქონდა უფლება, განეცხადებინა თანხმობა მიღებული გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებაზე და უარიც ეთქვა მის გასაჩივრებაზე, რაც განხორციელდა კიდეც კანონით დადგენილი წესით, რის შემდეგაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებება 2019 წლის 20 მაისს შევიდა კანონიერ ძალაში. შესაბამისად, მასზე სააპელაციო საჩივრის წარდგენა აღარ დაიშვება, რის გამოც სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატის მითითება თითქოს აპელანტმა მოპასუხემ უარი განაცხადა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე სინამდვილეს არ შეესაბამება. მხარისათვის არავის არ განუმარტავს, თუ რაზე აწერდა ხელს და არც სასამართლო სხდომის ოქმში ამგვარი განმარტება დაფიქსირებული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ მხარე საქმის განხილვაზე წარმოდგენილი იყო ადვოკატით, მისთვის ცნობილი არ იყო, თუ რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა სადავო ხელმოწერას, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. გასაჩივრებული განჩინებით დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ აპელანტმა მოპასუხემ და მისმა წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე და აღნიშნულის საფუძველზე სასამართლო შემოიფარგლა გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის მიღებით.
13. აღნიშნული განჩინების მიღებისას სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 370-ე და 250-ე მუხლებით, რომელთა თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით განუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება. თუ მხარეები მოითხოვენ გადაწყვეტილებას დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან ამ გადაწყვეტილებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, სასამართლოს შეუძლია შემოიფარგლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით. მოსამართლე ეკითხება მხარეებს, სურთ თუ არა დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება და ასაჩივრებენ თუ არა მოცემულ გადაწყვეტილებას. თუ მხარეები უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, მათ ასეთი განცხადება უნდა დაადასტურონ თავიანთი ხელმოწერებით.
14. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს მოცემულ საკითხზე და მიიჩნევს, რომ მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კარგავს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას იმ შემთხვევაში, თუ წერილობით გამოხატავს ნებას გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და მოითხოვს, გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის დაფიქსირების სახით. კანონის დასახელებული დანაწესი მიმართულია პროცესუალური ეკონომიის პრინციპის განხორციელებისაკენ, რა დროსაც გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილს და აღნიშნულით ასრულებს საქმის წარმოებას.
15. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აპელანტი მოპასუხე და მისი ორი წარმომადგენელი წერილობით ხელწერილზე ხელის მოწერით დაეთანხმნენ მოპასუხე მხარის მიმართ მიღებულ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებას, უარი განაცხადეს მის გასაჩივრებაზე და მოითხოვეს, სასამართლო შემოფარგლულიყო მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩამოყალიბებით (ს.ფ. 299).
16. სსსკ-ის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარეები წერილობითი ფორმით განაცხადებენ უარს მის სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე.
17. კერძო საჩივრის ავტორმა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში არსებული მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, ვერ დაადასტურა, რომ იგი ინფორმირებული არ იყო, თუ რას აწერდა ხელს და რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვებოდა აღნიშნულ ხელმოწერას.
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ხ-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე