Facebook Twitter

საქმე №ას-1959-2018 19 აპრილი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – გ. მ-ა, მ. გ-ა (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. ა-ი (მოპასუხე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით - რ. მ-ი

თავდაპირველი მოსარჩელე - ფ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. მ-ამ (შემდგომში − „პირველი მოსარჩელე“), მ. გ-ამ (შემდგომში − „მეორე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად − „კერძო საჩივრის ავტორები“) და ფ. ა-მა (შემდგომში − „მესამე მოსარჩელე“) (შემდგომში ერთობლივად − „მოსარჩელეები“) სარჩელი აღძრეს სასამართლოში ალიასლან ასკეროვის (შემდგომში − „მოპასუხე“) მიმართ სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამკვიდრო ქონების წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. სარჩელი წარადგინა სასამართლოში ასევე რ. მ-მა (შემდგომში − „მესამე პირი“) მესამე მოსარჩელის, მოპასუხისა და მესამე პირების: პირველი და მეორე მოსარჩელეების მიმართ მამობის დადგენის, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, სამკვიდრო ქონების წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის თაობაზე და მოითხოვა საქმეში დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირად ჩაბმა.

4. მოპასუხემ მესამე პირის სარჩელი არ ცნო, ხოლო მესამე მოსარჩელეს შესაგებელი არ წარუდგენია.

5. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელეების სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მესამე პირის სარჩელი დაკმაყოფილდა.

6. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ყველა მხარემ.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით მესამე პირის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა და მის სააპელაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. მათი სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ: ა) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა; ბ) სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტში 586,62 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების (დედნის) ამ განჩინებით დადგენილ ვადაში სასამართლოში წარდგენა.

11. სააპელაციო პალატის მითითებით, რადგან ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის ბოლო დღე დაემთხვა ყოველკვირეულ დასვენების დღეს – კვირას, მოსარჩელეებს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეევსოთ. თუმცა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში მათ ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის. შესაბამისად, არსებობდა მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე პირველმა და მეორე მოსარჩელეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

13. კერძო საჩივრის ავტორებმა მიუთითეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:

13.1. სადავო არ არის ის გარემოება, რომ კერძო საჩივრის ავტორები არ ფლობენ სახელმწიფო ენას (სასამართლო უწყებებსა და ხელწერილებზე აღნიშნული პირები რუსულად აწერენ ხელს; პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ ყველა სასამართლო სხდომაში მონაწილეობდა თარჯიმანი). კერძო საჩივრის ავტორებს საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას ჰყავდათ ადვოკატი (დ. ნ-ი) და სასამართლოსთან კომუნიკაცია ჰქონდა მას. სადავო არ არის ისიც, რომ დ. ნ-ი საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას აღარ იცავდა პირველი და მეორე მოსარჩელეების ინტერესებს. ადვოკატები – გ. ჭ-ე და ლ. ხ-ე კი მათ წარმომადგენლობას ახორციელებენ მხოლოდ 2018 წლის 26 ნოემბრიდან. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორებს 2018 წლის ოქტომბრის თვეში, ისევე როგორც ნოემბრის ბოლომდე, ადვოკატი არ ჰყოლიათ;

13.2. საქმეში არსებული მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უშუალოდ პირველ და მეორე მოსარჩელეებს არ ჩაბარებიათ. ორივე გზავნილი ჩაბარდა რ. გ-ს (მეორე მოსარჩელის შვილი), რომელიც ასევე არ ფლობს სახელმწიფო ენას, რაც დასტურდება უკუგზავნილებზე მის მიერ რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერებით. შესაბამისად, ვერც იგი გაარკვევდა თუ რა გზავნილი ჩაიბარა და რა მოქმედება უნდა განეხორციელებინა;

13.3. პირველი მოსარჩელე და რ. გ-ი ერთად არ ცხოვრობენ. ეს უკანასკნელი არ არის პირველი მოსარჩელის ოჯახის წევრი. შესაბამისად, მის მიერ გზავნილის ჩაბარება ვერ ჩაითვლება პირველი მოსარჩელისთვის გზავნილის ჩაბარებად;

13.4. უწყება თუ გზავნილი მხარეს უნდა ჩაბარდეს იმ ვარაუდით, რომ იგი შეძლებს მის გაცნობას და სათანადო მომზადებას. გზავნილის სხვა პირისათვის ჩაბარება უკვე მაღალი რისკია, მითუმეტეს, როდესაც მიმღებმა არ იცის ქართული ენა და, რაც მთავარია, არც მხარეები ფლობენ მას. აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე მოსარჩელეებს აღნიშნულ მომენტში ადვოკატი არ ჰყავდათ;

13.5. სამართალწარმოება არ შემოიფარგლება მხოლოდ სასამართლო დარბაზით. უწყებების/გზავნილების/ კორესპონდენციების მიღება-გაგზავნაც სამართალწარმოების არსებითი შემადგენელი ნაწილია. თუკი ამ დროს დაირღვევა ენის არმცდონე პირის უფლებები, ვერ ვიტყვით, რომ მისი უფლებები დაცულია მხოლოდ სასამართლო პროცესებში თარჯიმნის მონაწილეობის გამო. მოცემულ საქმეში თარჯიმნის მონაწილეობა მხოლოდ სასამართლო პროცესებში მისი ჩართულობით არ შემოიფარგლებოდა. მაგალითად, მესამე პირს სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით. შეტყობინების გადაცემის პროცესში მონაწილეობდა თარჯიმანი ნ. ი-ა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამართალწარმოება მხოლოდ სასამართლოს დარბაზებით არ არის შემოფარგლული;

13.6. პირველმა და მეორე მოსარჩელეებმა სააპელაციო საჩივარი ჯერ კიდევ 2017 წლის 8 ივნისს შეიტანეს და სააპელაციო საჩივარშივე იშუამდგომლეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე. ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 30 ივნისის განჩინება წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაგზავნილა მხარეებთან. შესაბამისად, პირველ და მეორე მოსარჩელეებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ სასამართლომ მათ გადაუვადა ბაჟის გადახდა და სააპელაციო საჩივარი მიიღო განსახილველად. აქედან გამომდინარე, ისინი ვერ ივარაუდებდნენ, რომ 2018 წლის ოქტომბერში შეიძლება მიეღოთ მსგავსი მოთხოვნა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 31 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

17. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება პირველ და მეორე მოსარჩელეებს გაეგზავნათ სააპელაციო საჩივარში მათ მიერ მითითებულ მისამართზე და ორივე ადრესატისათვის განკუთვნილი გზავნილი 2018 წლის 11 ოქტომბერს ჩაბარდა მეორე მოსარჩელის შვილს – რ. გ-ს (იხ. ტ.2. ს.ფ. 124-125).

18. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2018 წლის 21 ოქტომბერს, რომელიც დაემთხვა უქმე დღეს (კვირას), შესაბამისად, პირველ და მეორე მოსარჩელეებს ხარვეზის გამოსწორება 2018 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით შეეძლოთ. თუმცა მათ დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის.

19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად კი, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

20. ზემოაღნიშნული ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ საპროცესო ვადაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსთვის მიუმართავს შუამდგომლობით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები.

21. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორების შედავება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება უშუალოდ მათ არ ჩაბარებიათ.

22. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებზე, რომლებიც განსაზღვრავს სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესს. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

23. ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს იმის შესაძლებლობას, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში, გზავნილი ჩაბარდეს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, რაც ჩაითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად და სასამართლოს შეუძლია განახორციელოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება.

24. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მეორე მოსარჩელეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაიბარა ადრესატის შვილმა – რ. გ-მა, რასაც იგი ადასტურებს საკუთარი ხელმოწერით (იხ. ტ.2. ს.ფ. 124). შესაბამისად, რადგან გზავნილი ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა – ადრესატის ოჯახის წევრმა, გზავნილი მეორე მოსარჩელისათვის ჩაბარებულად ითვლება.

25. დადგენილია ასევე, რომ პირველი მოსარჩელისათვის განკუთვნილი გზავნილიც ჩაიბარა რ. გ-მა, ადრესატის დისშვილმა.

26. კერძო საჩივრის ავტორების მითითებით, რამინ გურბანოვის მიერ გზავნილის ჩაბარება ვერ ჩაითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად, რადგან რ. გ-ი არ არის პირველი მოსარჩელის ოჯახის წევრი.

27. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტავს, რომ თუ მხარის მიერ დასახელებულ მისამართზე სასამართლო კორესპოდენციის გაგზავნისას ადრესატი საცხოვრებელ ადგილას დროებით არ იმყოფება და ამავე მისამართზე მყოფი პირი უფლებამოსილ სასამართლო თუ საფოსტო კურიერს განუმარტავს, რომ არის მხარის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი, სასამართლო უფლებამოსილია ჩათვალოს, რომ სასამართლო გზავნილი ჩაბარდა მხარის ოჯახის წევრს, რაც თავად მხარისათვის გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას უთანაბრდება. აღნიშნული ვარაუდის საწინააღმდეგო გარემოების არსებობის დადასტურება ევალება მხარეს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული საშუალებების საფუძველზე.

28. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება პირველ მოსარჩელეს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე.

29. საქმის მასალებში არსებულ საფოსტო უკუგზავნილში მითითებულია, რომ პირველი მოსარჩელისთვის განკუთვნილი გზავნილი ჩაიბარა ადრესატის ოჯახის წევრმა, რ. გ-მა (იხ. ტ.2. ს.ფ. 125).

30. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან რ. გ-მა, როგორც ადრესატის ოჯახის წევრმა, ჩაიბარა სასამართლო გზავნილი, რაც დაადასტურა საკუთარი ხელმოწერით, არსებობს პრეზუმფცია, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა უფლებამოსილმა პირმა.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორებმა ვერ წარმოადგინეს იმ პრეზუმფციის გამაქარწყლებელი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლოს შეუქმნიდა დასაბუთებულ ვარაუდს, რომ გზავნილის მიმღები პირი არ იყო მის მიღებაზე უფლებამოსილი პირი.

32. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს არ წარმოადგენს კერძო საჩივრის ავტორების მიერ მითითებული არც ის გარემოება, რომ პირველი და მეორე მოსარჩელეები არ ფლობენ სახელმწიფო ენას.

33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე. სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს მიეჩინება თარჯიმანი. საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით კი, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში − აგრეთვე აფხაზური.

34. კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოში სამართალწარმოების ენა არის სახელმწიფო ენა, ანუ ქართული ენა. რაც შეეხება კანონის დათქმას − სახელმწიფო ენის არმცოდნე პირისათვის თარჯიმნის მიჩენის თაობაზე, იგი გამოიყენება სასამართლო სხდომაზე საქმის ზეპირი განხილვისას. სამოქალაქო სამართალწარმოების სხვა ეტაპზე სასამართლოს არ გააჩნია ვალდებულება, რომ სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს შეტყობინება (ინფორმაცია) არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს (იხ. სუსგ-ები: №ას-682-648-2013, 10 მარტი, 2015 წელი; №ას-102-97-2013, 7 მაისი, 2013 წელი; №ას-933-898-2016, 5 იანვარი, 2017 წელი; №ას-522-522-2018, 29 ივნისი, 2018 წელი).

35. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სახელმწიფო ენის არცოდნა არ ათავისუფლებს მხარეს სასამართლოს მიერ დავალებული ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულების ვალდებულებისაგან.

36. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირველი და მეორე მოსარჩელეების მიერ წარდგენილი სარჩელიც და სააპელაციო საჩივარიც შედგენილია ქართულ ენაზე, რაც მოწმობს იმას, რომ ქართული ენის არცოდნის მიუხედავად, მათ შეძლეს საკუთარი უფლების განხორციელება სახელმწიფო ენაზე. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება საჩივრის ავტორთა მითითება იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მათ არ ჰყავდათ ადვოკატი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ხარვეზის აღმოფხვრისათვის პირველ და მეორე მოსარჩელეებს განსაზღვრული ჰქონდათ 10-დღიანი ვადა, რაც სავსებით საკმარისი იქნებოდა სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირის მოძიებისათვის, რათა მათთვის გასაგები გამხდარიყო ხსენებული განჩინების შინაარსი.

37. კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ გახდება ვერც წინამდებარე განჩინების 13.6 პუნქტში მითითებული გარემოებები. განსახილველ შემთხვევაში მხარეს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამასთან, განემარტა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები. მიუხედავად ამისა, პირველ და მეორე მოსარჩელეებს ხარვეზი დადგენილ ვადაში არ გამოუსწორებიათ.

38. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, არ არის აბსოლუტური და სამოქალაქო პროცესში შეიძლება შეიზღუდოს სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

39. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).

40. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად პირველი და მეორე მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. მ-ას და მ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე