Facebook Twitter

საქმე №ას-326-2019 23 მაისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. დ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ- ბ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. მ. ბ-მა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ირაკლი დემეტრაშვილის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2018 წლის 29 ნოემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე, რომელსაც ესწრებოდა მოპასუხე. სასამართლო სხდომაზე მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა. მოპასუხემ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2018 წლის 20 დეკემბერს.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 21 დეკემბრიდან და ამოიწურა 2019 წლის 3 იანვარს. მოპასუხემ კი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 2019 წლის 4 იანვარს, გასაჩივრების ვადის დარღვევით წარადგინა, რის გამოც არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ მან რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა 2018 წლის 20 დეკემბერს. სააპელაციო საჩივრის შეტანის ბოლო ვადა იყო 2019 წლის 3 იანვარი. მან სააპელაციო საჩივარი 2019 წლის 4 იანვარს წარადგინა, რაც სააპელაციო სასამართლომ საპატიოდ არ მიიჩნია.

10. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას საქმისადმი გააჩნია განსაკუთრებული ინტერესი. სააპელაციო საჩივრის წარდგენის პერიოდი დაემთხვა ახალ წელს. უსახსრობის გამო ვერ მოიძია ადვოკატი. თავად კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით ვერ წარადგინა სააპელაციო საჩივარი. მას ფიზიკურად არ შეეძლო სახლიდან გასვლა, ვინაიდან აქვს ქრონიკული ნერვული დეპრესია.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 259​1 მუხლის შესაბამისად, ასევე 259​1 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

15. მითითებული ნორმა განსაზღვრავს სააპელაციო საჩივრის შეტანის იმპერატიულ ვადას – 14 დღეს და ადგენს, რომ აღნიშნული საპროცესო ვადის ათვლა დაიწყება მხარისათვის დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

17. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

20. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის გარემოება, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 21-ე დღეს მოპასუხემ პირადად ჩაიბარა დასაბუთებული გადაწყვეტილება (იხ. ტ.1. ს.ფ. 60). ასევე სადავო არ არის, რომ აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით – 2019 წლის 3 იანვრის ნაცვლად, ამავე წლის 4 იანვარს (იხ. ტ.1. ს.ფ. 61-70).

21. კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო კანონით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა და ითხოვს გაშვებული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევას.

22. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ შედავებას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით უზრუნველყოფილი სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება გარკვეულ ლეგიტიმურ შეზღუდვებს ექვემდებარებოდეს. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, განცხადების მიღებასა და საქმის განხილვაზე უარის თქმა სასამართლოს შეუძლია მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლებითა და წესით. მითითებული ნორმა თანაბრად ვრცელდება როგორც პირველი ინსტანციის, ისე ამ ინსტანციის გადაწყვეტილების ზემდგომი წესით გასაჩივრების უფლებაზე. სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ მაგალითს საპროცესო ვადა წარმოადგენს, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. სააპელაციო გასაჩივრების უფლების რეალიზაციისათვის სპეციალურ დანაწესს გვთავაზობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. აღნიშნული სპეციალური ნორმა იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია. ანუ, იმ პირობებშიც, კი თუ საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდება გასაჩივრების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სასამართლოში საჩივრის საპატიო მიზეზით წარდგენის შეუძლებლობა, კანონი არ უშვებს დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენას.

23. სასამართლოსადმი მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას უშვებს საერთაშორისო პრაქტიკაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №. 8225/78, გვ, 20, §57, 28 მაისი, 1985 წელი).

24. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევდა საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში მხარის მიერ გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან კერძო საჩივრის ავტორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად (ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე), სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ იგი თავისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა სააპელაციო საჩივრის სასამართლოსთვის წარდგენას ან მის გაგზავნას ფოსტის მეშვეობით.

25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. დ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე