საქმე №ას-146-2019 3 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „S. G.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „S. G.“-ის (შემდგომში − „მოპასუხე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, ჯარიმის სახით, 1250 ლარის დაკისრება.
2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის – 1250 ლარის გადახდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო.
6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივრის ფასი შეადგენდა 1250 ლარს. შესაბამისად, რადგან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 2000 ლარს, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
8. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
8.1. სააპელაციო საჩივრის დავის საგანი არ განეკუთვნება ქონებრივ-სამართლებრივი დავების კატეგორიას. მოპასუხე სააპელაციო საჩივრით დავობს იმაზე, თუ რამდენად ჯეროვნად/არაჯეროვნად შესრულდა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება;
8.2. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავები სრულებით განსხვავდება სხვა სამოქალაქო-სამართლებრივი დავებისაგან და არ მიეკუთვნება ქონებრივ დავებს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 5 მარტის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
12. გასაჩივრებული განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.
13. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.
14. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის თანხის –1250 ლარის გადახდა.
15. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელის დავის საგნის ფასი განისაზღვრება გადასახდელი თანხით.
17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, ქონებრივ დავებთან მიმართებით, კანონმდებელმა განსაზღვრა, თუ რა ღირებულების დავის თაობაზე დაიშვება სააპელაციო საჩივრის წარდგენა. ნორმის განმარტებით ირკვევა, რომ იმ გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების იმ ნაწილის მიმართ, რომელსაც მხარე სადავოდ ხდის და მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 2 000 ლარს, სააპელაციო საჩივრის შეტანა არ დაიშვება. კანონის აღნიშნული დანაწესი სწრაფი მართლმსაჯულების პრინციპიდან გამომდინარეობს და შედარებით ნაკლები ღირებულების ქონებრივი დავის სწრაფად გადაწყვეტასა და დასრულებას ემსახურება.
18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის ღირებულება 1250 ლარით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სწორედ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა დაეკისრა. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას, რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
19. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი, ვინაიდან მოცემული დავა არ არის ქონებრივი სახის დავა და მოპასუხე სააპელაციო საჩივრით დავობს იმაზე, თუ რამდენად ჯეროვნად/არაჯეროვნად შესრულდა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ მოცემული დავა ქონებრივი ხასიათის დავაა, ვინაიდან ქონებრივ-სამართლებრივი დავების დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა უდევს მას საფუძვლად, საპროცესო მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე, ფულადი ღირებულების მქონე ნივთებზე, ან უფლებებზე. განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნა მიმართულია ფულად თანხაზე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლი და სწორად განსაზღვრა სააპელაციო საჩივრის ღირებულება.
21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ვერც წინამდებარე განჩინების 8.2. პუნქტში მითითებულ პრეტენზიას. ის ფაქტი, რომ სადავო ურთიერთობა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, მოცემული დავის ქონებრივ ხასიათს არ გამორიცხავს.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „S. G.“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე