№ ას-1581-2018 13 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ. ბ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ჯ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ბ. ქუჩა №...-ში (ს/კ: №01.10.17.002.009....) მდებარე უძრავი ქონება (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“) რეგისტრირებულია ვ. ჯ-ის (შემდგომში − „მოსარჩელე“) საკუთრებად.
2. სადავო უძრავ ქონებას არამართლზომიერად ფლობს ბ. ბ-ი (შემდგომში − „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“).
3. 2017 წლის 26 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ, მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტები.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, უსაფუძვლო იყო მოპასუხის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ მან მოსარჩელის მეუღლესთან – ხ. დ-თან გაფორმებული ხელშეკრულებით, სამოქალაქო კოდექსის 1158-1160-ე მუხლების საფუძველზე, სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლება მოიპოვა. სააპელაციო პალატამ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში (რომელიც შექმნილია 2008 წლიდან) მოსარჩელის ქორწინების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სადავო გარემოების დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია.
10. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები, რაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.
11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
12.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოპასუხე სადავო უძრავი ქონების არამართლზომიერ მფლობელად;
12.2. ხ. დ-მა მოპასუხისგან ისესხა თანხა. სანაცვლოდ კი, სესხის დაბრუნებამდე, მას საცხოვრებლად გადასცა სადავო უძრავი ქონება. ხ. დ-ს სესხი უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 24 მაისამდე. თუმცა მას აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია და გაემგზავრა კანადის რესპუბლიკაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე და ხათუნა დადუნაშვილი არ არიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ამ უკანასკნელს არ ჰქონდა უფლება სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებით მოპასუხესთან დაედო რაიმე გარიგება. თუმცა მოსარჩელისა და ხ. დ-ის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი დღემდე არ არის დადგენილი, რადგან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოპასუხეს არ მისცა აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოითხოვა იგი, სააპელაციო სასამართლომ კი მიიღო პასუხი, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში (რომელიც შექმნილია 2008 წლიდან) მოსარჩელის ქორწინების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. ამ გარემოების გარკვევას საკითხის ობიექტურად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა. თუ ხ. დ-ი სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრეა, სამოქალაქო კოდექსის 1158-1160-ე მუხლების შესაბამისად, მას ამგვარი გარიგების დადების უფლებაც ჰქონდა;
12.3. მოსარჩელისა და ხ. დ-ის ქორწინებაში ყოფნის სხვა უტყუარ მტკიცებულებად შესაძლებელია ჩაითვალოს მათი საერთო საოჯახო მეურნეობა და მათივე ქალიშვილის – 19... წელს დაბადებული ი. ჯ-ის დაბადების მოწმობა, რომელშიც მამად მითითებულია მოსარჩელე;
12.4. მოპასუხე მოსარჩელისა და ხ. დ-ის შეთანხმების საფუძველზე დაეუფლა სადავო უძრავ ქონებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელე ხ. დ-ის უცხოეთში წასვლამდე გამოითხოვდა მას მოპასუხის მფლობელობიდან.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
21. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
22. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.1. ს.ფ. 15-16), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
23. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
24. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას, რომ მან მოსარჩელის მეუღლესთან, ხ. დ-თან დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, სესხის თანხის დაბრუნებამდე, მოიპოვა სადავო უძრავ ქონებაში ცხოვრების უფლება და მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით სადავო უძრავ ქონებაზე ხ. დ-ის საკუთრების უფლება არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება სადავო უძრავი ქონების მესაკუთრისა (მოსარჩელე) და ხ. დ-ის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი. შესაბამისად, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის საფუძველზე ამ უკანასკნელის სადავო უძრავი ქონების თანამესაკუთრედ მიჩნევის საფუძველი.
26. საკასაციო საჩივრის ავტორი მის მიერ წარმოდგენილ საჩივარში უთითებს, რომ მოსარჩელისა და ხ. დ-ის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტი დადგენილი არ არის, რადგან სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოპასუხეს არ მისცა აღნიშნულის დამადასტურებელი ცნობა, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გამოითხოვა იგი, სააპელაციო სასამართლომ კი მიიღო პასუხი, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში მოსარჩელის ქორწინების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება.
27. საკასაციო სასამართლო კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ, მართალია, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის საოქმო განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოსარჩელესა და ხ. დ-ს შორის ქორწინების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვასთან დაკავშირებით, თუმცა, როგორც თავად კასატორიც აღნიშნავს, ეს ინფორმაცია, ორივე მხარის თანხმობით, გამოითხოვა სააპელაციო სასამართლომ.
28. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში მოსარჩელის ქორწინების შესახებ ინფორმაცია არ იძებნება (იხ. ტ.1. ს.ფ. 145). მოსარჩელეც უარყოფს ხ. დ-თან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტს (იხ. სააპელაციო შესაგებელი, ტ.1. ს.ფ. 115-123). საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეს ეკისრებოდა, რაც მან სათანადოდ ვერ გასწია.
29. მოსარჩელისა და ხ. დ-ის რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის ფაქტის დასადასტურებლად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, (საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით) არ გამოდგება წინამდებარე განჩინების 12.3 პუნქტში მითითებული გარემოებები. აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება კი მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.
30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
31. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
32. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
33. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა და მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველი დავა წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, რის გამოც ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობა, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ნახევრდება და შეადგენს 150 ლარს. კასატორმა საკუთარი ინიციატივით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის ანალოგიით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლი) ზედმეტად გადახდილი 150 ლარი ექვემდებარება მხარისათვის დაბრუნებას. რაც შეეხება დარჩენილ 150 ლარს, ვინაიდან წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე კასატორს უნდა დაუბრუნდეს დარჩენილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ ბ. ბ-ს (პ/ნ: 1300101...) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 1 ოქტომბერს №18124059 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 (სამასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 150 ლარი და სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის 70% - 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე