გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-39-57-კს-03 25 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: საჯარო რეესტრში მიწის მართვის სამმართველოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “ს. ს. ბ-მა” სარჩელით მიმართა გურჯაანის რაიონული სასამართლოს და მოითხოვა გურჯაანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 14 იანვარს საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობა შპს “.. ..-ის” 2001წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სს “ს. ს. ბ-ის”-თვის საკუთრებაში გადაცემული ქონების გირავნობის შესახებ. მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა სკ-ს 254-ე, 286-310-ე მუხლებსა (გირავნობის და იპოთეკის ნორმები) და 150-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილი), ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილებით სს “ს. ს. ბ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ 2002წ. 14 იანვარს საჯარო რეესტრში განხორციელებული ჩანაწერი შპს “.. ..-ის” 2001წ. 9 ოქტომბრის გადაწყვეტილების საფუძველზე სს “ს. ს. ბ-სათვის” საკუთრებაში გადაცემული ქონების გირავნობის შესახებ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ და მოითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სს “ს. ს. ბ-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2002წ. 22 მაისს თბილისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა “I. ჭ. ჩ. L-ედ”-ის წარმომადგენელმა დიმიტრი გ-მ და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე ითხოვა საქმეში მესამე პირად ჩართვა, რაც დაკმაყოფილებული იქნა და თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 ივნისის განჩინებით I. ჭ. ჩ. L-ედ ჩაბმული იქნა საქმეში მესამე პირად.
გურჯაანის რაიონის მიწის მართვის სამმართველომ ჯერ 2003წ. 28 თებერვალს, ხოლო შემდეგ 2003წ. 27 მარტს განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს, სსკ-ს 378-ე მუხლის საფუძველზე უარი განაცხადა სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მარტის განჩინებით გურჯაანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა.
აღნიშნულ განჩინებაზე 2003წ. 8 მაისს Iჭჩ-ის წარმომადგენელმა დ. გ-მ კერძო საჩივარი შეიტანა თბილისის საოლქო სასამართლოში, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, საქმის წარმოების შეწყვეტით, სასამართლომ უზრუნველყოფის გარეშე დატოვა “ი. ვ. კ-ის” სესხი 210000 აშშ დოლარის ოდენობით, მისივე აზრით, სასამართლომ მესამე პირად ჩაბმის შესახებ 2002წ. 17 ივნისის განჩინებაში იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლით, რაც საკმარისი საფუძველი იყო იმისათვის, რომ “ი. ვ. კ-ის” მისი უფლებების რეალიზაცია მოეხდინა, მაგრამ სასამართლომ განჩინების გამოტანისას შეგნებულად არ დაინიშნა ზეპირი განხილვის დღე, რადგან სსკ-ს 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად “სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობით”, აღნიშნულზე კი ისინი უარს განაცხადებდნენ.
კერძო საჩივარის ავტორმა აღნიშნა, რომ საოლქო სასამართლომ გადაამეტა თავისი უფლებამისილების ფარგლებს, რადგან მას არ აქვს საპროცესო კოდექსით მინიჭებული საქმის ზეპირი განხილვის გარეშე მოსმენის უფლება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მაისის განჩინებით “ი. ვ. კ-ის” წარმომადგენელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ “ი. ვ. კ-ის” წარმომადგენლის დ. გ-ს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მარტის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
კერძო საჩივრის ავტორის მარწმუნებელი კომპანია “ი. ვ. კ.” მოცემულ საქმეში ჩაბმული იქნა მესამე პირად სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16-ე მუხლის საფუძველზე.
სსკ-ს 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. საქმის ზეპირი განხილვისას სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია მიწინააღმდეგე მხარის თანხმობით. ვინაიდან საქმეში “ი. ვ. კ.” ჩაბმული იქმა მესამე პირად და ფაქტობრივად აპელანტის, გურჯაანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მხარეზე, ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა არ საჭიროებდა “იმპერიალ ვაინ კომპანის” თანხმობას, რადგან პროცესუალური მდგომარეობით, იგი არ წარმოადგენდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მარტის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი და იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებულლი.
ამავე დროს საკასაციო სასამართლო აღნიშნავს იმ გარემოებებს, რომ “. ვ. კ-ის” უფლებები და ინტერესები აშკარად იქნა შელახული რაიონული სასამართლოს მიერ, რომელმაც იგი სსკ-ს 85-ე მუხლის შესაბამისად არ ჩააბა მხარედ, კერძოდ, თანამოპასუხედ სს “ს. ს. ბ-ის” სარჩელთან დაკავშირებით გურჯაანის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსთან ერთად, მაშინ, როდესაც სარჩელი პირდაპირ ეხებოდა მის კანონიერ უფლებებს და კომპანია იმ სამართალურთიერთობის უშუალო მონაწილე იყო, რომელზეც მიმდინარეობდა დავა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება კანონიერ საფუძველს აძლევს “ი. ვ. კ-ის” სსკ-ს 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად მიმართოს განცხადებით გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვოს 2002წ. 4 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ამავე კოდექსის 426-ე მუხლით გათვალისწინებული აღნიშნული საფუძვლით განცხადების შემოტანის ერთთვიანი ვადის ათვლა მხარეთათვის უნდა დაიწყოს მოცემული განჩინების მათთვის ჩაბარების დღიდან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაცილი საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. “ი. ვ. კ-ის” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლალად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 28 მარტის განჩინება
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.