Facebook Twitter

საქმე №ას-777-2019 23 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – კ. ლ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. ჩ-ემ (შემდგომში − „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. ლ-ის (შემდგომში − „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 6000 აშშ დოლარისა და 3000 ლარის გადახდა. მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის სახით მოპასუხისათვის 3000 აშშ დოლარისა და 3750 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად. ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 10-დღიანი ვადა და დაევალა 160 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

7. სააპელაციო პალატის მითითებით, ხარვეზის დადგენის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 ივნისის განჩინების ასლი ორჯერ გაეგზავნა აპელანტს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, მხარეს გზავნილი გაეგზავნა საქმეში არსებულ სხვა მისამართზეც, მაგრამ ვერ ჩაბარდა. აპელანტს გზავნილი სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე ვერ ჩაბარდა ვერც პოლიციის ორგანოების მეშვეობით. საბოლოოდ, აპელანტს ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე სატელეფონო შეტყობინების გზით ეცნობა მის მიერ შესაგებელში მითითებულ ნომერზე 2019 წლის 24 იანვარს და განემარტა ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. სატელეფონო შეტყობინება განხორციელდა სპეციალური პროგრამის მეშვეობით და ჩანაწერი ინახება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სერვერზე. ამდენად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2019 წლის 4 თებერვლის ჩათვლით (მე-10 დღე – 3 თებერვალი დაემთხვა ყოველკვირეულ დასვენების დღეს, კვირას), რაც მას არ განუხორციელებია.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მას კანონით დადგენილი წესით ეცნობა ხარვეზის დადგენისა და მის შესავსებად განსაზღვრული ვადის შესახებ, მაგრამ იმ მომენტში ვერ გაიაზრა თუ რა უთხრა მოსამართლის თანაშემწემ ტელეფონით, ვინაიდან იმყოფებოდა საკუთარი დედის სამძიმარზე, რის გამოც ხარვეზის შევსება ვერ შეძლო.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ, რომ მას 2019 წლის 24 იანვარს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად (სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება), სატელეფონო შეტყობინების გზით, ეცნობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ (იხ. ტ.1. ს.ფ. 253). სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა ამოიწურა 2019 წლის 4 თებერვალს, ხოლო აპელანტს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

14. კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ მან ხარვეზის დადგენილ ვადაში შევსება ვერ შეძლო საპატიო მიზეზის გამო. კერძოდ, ვერ გაიაზრა სატელეფონო შეტყობინების შინაარსი, რადგან იმყოფებოდა საკუთარი დედის სამძიმარზე.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები. ზემოხსენებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული.

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

17. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და, ამასთან, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა.

18. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ განაპირობებს გაშვებული საპროცესო ვადის აღდგენას.

19. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მან ვერ გაიაზრა სატელეფონო შეტყობინების შინაარსი, რადგან იმყოფებოდა საკუთარი დედის სამძიმარზე, თუმცა კერძო საჩივარზე დართული გარდაცვალების მოწმობით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ სატელეფონო შეტყობინების განხორციელებისას გარდაცვლილი იყო აპელანტის ახლო ნათესავი (დედა). საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში პირის გარდაცვალების თარიღად მითითებულია 2019 წლის 3 მარტი (იხ. ტ.1. ს.ფ. 272), სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ კი აპელანტს აღნიშნულ თარიღამდე ერთ თვეზე მეტი ხნით ადრე, 2019 წლის 24 იანვარს ეცნობა. ამდენად, წარმოდგენილ გარდაცვალების მოწმობაში მითითებულ პირსა და აპელანტს შორის ახლო ნათესაური კავშირის არსებობის ფაქტის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, არ არსებობს ხარვეზის შევსების ვადის აღდგენის საპატიო მიზეზი.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. ამგვარად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. კ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელი დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე