საქმე №ას-1897-2019 3 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ს. ბ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჭ-ე, ნ. ღ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების, ასევე, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველად დანიშვნის შესახებ განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. სს „ს. ბ.“ (შემდგომში _ მოსარჩელე, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი ან ბანკი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჭ-ისა და ნ. ღ-ის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ, მოპასუხეებისათვის 293 832,13 აშშ დოლარის დაკისრების, ასევე, დავალიანების ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2010 წლის 27 აპრილს, #გაი013... საბანკო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული #გაი-013427... შემადგენელი იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულებით პირველ მოპასუხეზე გაიცა სესხი 215 200 აშშ დოლარი, 180 თვით, წლიური 10%-ის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (ს/კ #01.14.03.038....). მსესხებლმა დაარღვია თანხის გადახდის ვალდებულება, რის გამოც მას უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის, დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს _ 293 832,13 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო, დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგანი.
2. მოპასუხეების პოზიცია:
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადეს, პირველი მოპასუხის შესაგებლით ძირითადად შედავებულია დავალიანების ოდენობა, რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, მისი შესაგებლით სადავოდაა გამხდარი ქონების იპოთეკით დატვირთვის ფაქტი, კერძოდ, მხარე განმარტავს, რომ მისთვის არ იყო ცნობილი სესხის არსებობა და მას სადავო ვალდებულების უზრუნველსაყოფად ქონების იპოთეკით დატვირთვაზე თანხმობა არ განუცხადებია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების/განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით- (მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო) სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
3.2. ამავე სასამართლოს 2018 წლის 8 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი უარყოფილ იქნა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მათი გაუქმება და საქმისწარმოების განახლება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით-სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/ განჩინება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა და მოითხოვა მისი, ასევე, საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განსახილველად დანიშვნის შესახებ განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:
1.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 აპრილის განჩინებით-სამოქალაქო საქმის №2/5943-18 განხილვა დაინიშნა მოსამზადებელ სხდომაზე 2018 წლის 25 აპრილს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს #26 სხდომის დარბაზში. მოსარჩელის წარმომადგენელს 2018 წლის 25 აპრილს, 16:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის შესახებ ეცნობა 2018 წლის 13 აპრილს ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ტელეფონით) და აღნიშნულის შესახებ სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილია მხარის ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტი, რომელიც შეიცავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72.1. მუხლით დადგენილ სავალდებულო რეკვიზიტებს, ამასთან, მხარისათვის მითითებას არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის მიმართ გამოსაყენებელი ზომების შესახებ;
1.2.2. 2018 წლის 25 აპრილს, 16:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი. მოპასუხეთა წარმომადგენლებმა სასამართლოს სხდომაზე, მოსარჩელე მხარის გამოუცხადებლობის გამო, იშუამდგომლეს გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2.3. მოსარჩელის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 25 აპრილს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
1.2.4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე წარდგენილი საჩივრით, ასევე, სააპელაციო საჩივრით მხარე მის გაუქმებას მოითხოვდა შემდეგი საფუძვლებით:
- მოსარჩელის მიმართ დარღვეულ იქნა მხარის სათანადოდ შეტყობინების კანონით დადგენილი წესი და სატელეფონო შეტყობინება არ შეიცავდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 72.1 მუხლით დადგენილ სავალდებულო რეკვიზიტებს;
- ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბანკის წარმომადგენელი ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, არის მხოლოდ მექანიკური, უნებლიე შეცდომა - სასამართლო სხდომის თარიღის არასწორი აღქმა-დამახსოვრება, რაც, აპელანტის მოსაზრებით, საპატიო მიზეზად უნდა იქნეს მიჩნეული;
- 2018 წლის 25 აპრილს, 16:00 საათზე, დავით რამიშვილს, როგორც ბანკის წარმომადგენელს, ჰქონდა სხვა სასამართლო პროცესი ქ.რუსთავის საქალაქო სასამართლოში. აღნიშნული ობიექტური გარემობა მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდიდა პროცესზე გამოცხადებას.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სადავო საკითხის მოწესრიგებას გვთავაზობს არა მატერიალური, არამედ _ საპროცესო სამართალი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობისას მის მიერ წარდგენილი მოთხოვნის გადაწყვეტის წესს, კერძოდ, თუკი მოსარჩელე, რომელიც კანონით დადგენილი წესით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება, ამასთანავე, სასამართლოს არ გააჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის წინაპირობა (სსსკ-ის 233.1 მუხლი), სარჩელი უარყოფილ იქნება იმ შემთხვევაში, თუკი გამოცხადებული მოპასუხე მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი, სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტით ირკვევა, რომ მოსარჩელე სასამართლო სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ამ მხრივ კასატორის პრეტენზიები არ არის დასაბუთებული და ვერ დასტურდება სასამართლოს მხრიდან მისი დაბარების საპროცესო წესების დარღვევა. პალატა აქვე შენიშნავს, რომ საპროცესო კოდექსი სასამართლოს მოხელეს ავალდებულებს, სატელეფონო შეტყობინების განხორციელებისას საქმეში ჩააკეროს შესაბამისი აქტი და არა მისი აუდიოჩანაწერი, თუმცა, დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, მხარეს, რომელიც შეტყობინების შინაარსს ხდის სადავოდ, შეუძლია, გამოითხოვოს იგი, რომლის საფუძვლიანობასაც გამოიკვლევს სასამართლო. ამგვარი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება, ხოლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინების ელექტრონული ვერსიის გამოთხოვა და საჩივარზე დართვა მოსარჩელის და არა სასამართლოს ვალდებულებას წარმოადგენს. თუკი მხარე ამ გზით არ დაიცავს საკუთარ უფლებებს, პრეზუმირებულია, რომ სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი შეესაბამება სატელეფონო შეტყობინების ელექტრონულ ვერსიას და მას მტკიცებულებითი ძალა გააჩნია. უდავოა ის ფაქტიც, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლოს არ მოეპოვებოდა რაიმე ცნობა, რომელიც მოსარჩელის გამოცხადების შეუძლებლობას დაადასტურებდა. გარდა ამისა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ გამოცხადებულმა მხარემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. ხსენებული მოცემულობა კი, იურიდიულად დასაბუთებულს ხდის ქვემდგომი სასამართლოების დასკვნებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გატანის წინაპირობებთან დაკავშირებით. რაც შეეხება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საკითხს, პალატა მოიშველიებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლს, რომლის თანახმადაც, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებია თუ: გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო, ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები; არსებობს სხვა საპატიო მიზეზი (მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე). მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე წინაპირობის არსებობას ვერ ადასტურებს, რაც შეეხება მის მტკიცებას, რომ მან არასწორად გაიგონა სხდომის დრო და ადგილი ან სასამართლო მოხელის მხრიდან განმეორებით განხორციელდა მასთან კომუნიკაცია, ასევე ის, რომ მას ჰქონდა სხვა სასამართლოში პროცესი, ხსენებული ვერ გახდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების წინაპირობა, ვინაიდან ისინი არ წარმოადგენენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საპატიო მიზეზს. მოსარჩელის წარმომადგენელს სრული შესაძლებლობა და ვალდებულება გააჩნდა, თუკი არასწორად გაიგო სხდომის დრო და ადგილი, ან სხდომა ემთხვეოდა სხვა სასამართლოში უკვე ჩანიშნულ სხდომას, დადგენილი ფორმით მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადება, თუმცა მას არც ამგვარი მოქმედებები არ განუხორციელებია. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი სასამართლოების დასკვნები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, რომელთა გაქარწყლებაც კასატორმა ვერ შეძლო, ამდენად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები.
1.5. პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაოაბაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. კასატორის შუამდგომლობები:
2.1. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო პალატის იმ შუალედურ განჩინებას, რომლითაც ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვა, ასევე, მოითხოვს მოსამართლის თანაშემწესთან განხორციელებული სატელეფონო საუბრის ჩანაწერის საქმისათვის დართვას.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში პალატამ შეამოწმა ხსენებული განჩინების კანონიერება და მიიჩნევს, რომ ამ მხრივ საკასაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები დაუსაბუთებელია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3761 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე, თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, განსახილველი საქმის განხილვას კანონმდებელი ადგენს როგორც მხარეთა დასწრებით, ისე _ მათი დასწრების გარეშე და საკითხის გადაწყვეტა მოსამართლის დისკრეციაა, აღნიშნული, ბუნებრივია, არ წარმოადგენს პირის ევროკონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას, რადგანაც მას გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი _ განსაზღვრულია კანონით და ემსახურება კონკრეტულ მიზანს _ სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელებას, გარდა ამისა, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო განხილვის თითოეული ეტაპი ცნობილი იყო მხარეებისათვის, მათ გადაეგზავნათ საქმეში არსებული მასალები და ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თარიღის, ასევე, განხილვის ფორმის თაობაზე, შესაბამისად, მხარეებს სრული უფლება ჰქონდათ, სასამართლოსათვის წერილობით წარედგინათ ნებისმიერ საკითხზე საკუთარი პოზიცია. პალატა დამატებით მოიშველიებს პრეცედენტულ პრაქტიკასაც. ადამიანის უფლებათა ევროსასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ მიიჩნია ევროკონვენციის 6.1. მუხლის დარღვევად და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეს ეცნობა, როგორც საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გადადების შესახებ, ასევე ჩაბარდა სათანადო შეტყობინება საქმის განხილვის დაწყებამდე, ხოლო საქმის მასალები არ მიუთითებდა იმაზე, რომ ზეპირი განხილვის სანაცვლოდ მხარისათვის შეთავაზებული წერილობითი პროცედურა არ იყო გამჭვირვალე და შეიცავდა სხვა წინაპირობებს, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა მის სამართლიანობას (იხ. ECHR: „რიჟამაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი no: 2745/03, 31.07.2007წ. გადაწყვეტილება). ამდენად, კასატორის მოთხოვნა დაუსაბუთებელია და არ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.
2.3. საკასაციო სასამართლო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104.1 და 407.1 მუხლებზე დაყრდნობით, უარყოფს კასატორის შუამდგომლობას სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერის საქმისათვის დართვის თაობაზე და, გარდა ზემოხსენებული საფუძვლისა (მხარეს ის არც საჩივარზე და არც სააპელაციო საჩვარზე არ დაურთავს, ამასთან, სრული შესაძლებლობა ჰქონდა წარედგინა ხსენებული მტკიცებულბა) ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ამ ინსტანციის სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენს, კანონმდებლობა, მიუხედავად მტკიცებულებათა წარდგენის საპატიოობისა, საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი მტკიცებულებების მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს, ამგვარ ვითარებაში კი, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მხარის მოთხოვნა, შესაბამისად, წარმოდგენილი CD დისკი უნდა დაუბრუნდეს ბანკს.
3. სასამართლო ხარჯები:
საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 27.12.2018წ. #1481 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე, 391-ე, 401-ე, 404-ე, 407-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. ბ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 7 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. სს „ს. ბ.“ უარი ეთქვას მტკიცებულების საქმისათვის დართვაზე და დაუბრუნდეს 2019 წლის 3 ივნისს წარმოდგენილი CD დისკი 1 (ერთი) ცალად.
4. კასატორ სს „ს. ბ.“ (ს/კ #204378...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 27.12.2018წ. #1481 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8 000 ლარის 70% _ 5 600 ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი