საქმე №ას-1840-2019 6 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შ. გ-ი, გ. გ-ის უფლებამონაცვლე ა. გომარელი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შ. და გ. გ-ებმა (გოდერძი გომარელის უფლებამონაცვლე ამირამ გომარელი, შემდგომში _ პირველი და მეორე მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარეები, დაზარალებულები ან კრედიტორები) სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის, პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, 12 415,26 ლარის, ხოლო, მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ-13 262,15 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების დაკისრება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ხაშურის რაიონის სოფელ ... ტერიტორიაზე მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 50-100 მეტრის მოშორებით, მოპასუხე აშენებს სარკინიგზო გვირაბს. გამუდმებულ აფეთქებებს აქვს ინტენსიური ხასიათი, ირღვევა ტექნოლოგიური პირობები და ამის შედეგად სოფელში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, მათ შორის, მოსარჩელეების, რომლებიც მდებარეობს გვირაბის უშუალო სიახლოვეს _ მის შესასვლელთან. მდგომარეობის გარკვევის მიზნით, მოსარჩელეებმა მიმართეს სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში მდებარე პირველი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად დამაკმაყოფილებელია. შენობაში განვითარებული ახალი ბზარები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები II ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობა შემდგომი ექსპლუატაციისათვისაც ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში უნდა გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ _ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). ინდმეწარმე ზ. გ-ის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, პირველი მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 12 415,26 ლარი. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ასევე დადგინდა, რომ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... მდებარე მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი სახლი და ერთსართულიანი დამხმარე ნაგებობის საერთო ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობებზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანებები საცხოვრებელ სახლზე ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბების მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებით წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვებით, ხოლო დამხმარე ნაგებობაზე განვითარებული დაზიანებები გამოწვეულია, როგორც დინამიური დატვირთვებით, ასევე _ უხარისხო მშენებლობით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები ძირითადად II ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობების შემდგომი ექსპლუატაცია შესაძლებელია, თუმცა აუცილებელია დაკვირვება. სახლის შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად, დამუშავებული პროექტის მიხედვით. დაკვირვების მიზნით ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში უნდა გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ _ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, დამხმარე ნაგებობაზე წარმოქმნილი დაზიანებები III ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობების შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და მასზე აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. ზარალის ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ აღდგენა-გაძლიერებითი პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ. გაძლიერების შემდეგ სახლი საცხოვრებლად იქნება ვარგისი და უსაფრთხო. ინდმეწარმე ზ. გ-ის მიერ მომზადებული გამაგრება-შეკეთების სამუშაოების რესურსული ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მიხედვით, მეორე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის დაზიანებით გამოწვეულმა ზიანმა შეადგინა 13 262,15 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლები არ მდებარეობს მშენებლობის ახლოს და ისინი არ ხვდებიან ფეთქებადსაშიშ არეალში. მოსარჩელეთა მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნები აგებულია ვარაუდზე. ექსპერტები ვერ უთითებენ, თუ რა კვლევები ჩაატარეს და რის საფუძველზე გამოიტანეს კონკრეტული დასკვნები. ექსპერტებს არ დაუდგენიათ სარკინიგზო გვირაბსა და სადავო ობიექტებს შორის არსებული მანძილი, მათი განლაგება გვირაბთან, წარმოებული აფეთქებების მუხტის სიმძლავრე და მათი გავრცელების არეალი. აღნიშნულის გარეშე კი შეუძლებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა აფეთქებით სამუშაოებსა და შენობებზე არსებულ დაზიანებებს შორის. მოსარჩელეთა სახლებზე დაზიანებები მოპასუხის ბრალით არ არის გამოწვეული, აშკარაა, რომ ხანდაზმულობის გამოა დაზიანებული. ხარჯთაღრიცხვები კი, გაზრდილია და ფაქტობრივად ახალ მშენებლობაზეა გათვლილი. 2017 წლის 4 სექტემბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონულ სავაჭრო-სამრეწველო პალატის სამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, პირველი მოსარჩელის სახლის კოსმეტიკური შეკეთებისათვის 9 068.60 ლარი, ხოლო მეორე მოსარჩელის სახლისათვის 5974.15 ლარია საჭირო.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 415,26 ლარის, ხოლო მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ _ 13 262,15 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება მეორე მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა და, ახალი გადაწყვეტილებით, მოპასუხეს მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 12 335,83 ლარის, ასევე, პროცესის ხარჯების გადახდა.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის უარყოფა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება ძირითადად შემდეგ დასკვნებს ეფუძნება:
1.2.1. მოპასუხე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ... აშენებს სარკინიგზო გვირაბს. მშენებლობის პროცესში გამოიყენება მიწისქვეშა აფეთქებები. მოსარჩელეების საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ...;
1.2.2. ხაშურის რაიონის სოფელი .. მდებარე 1237 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა #1 (საერთო ფართით: 190,1 კვ.მ), შენობა-ნაგებობა #2 (საერთო ფართით 17,9 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 69.06....), საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია პირველი მოსარჩელის, ხოლო ხაშურის რაიონის სოფელ ... მდებარე 775 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი #1 (საერთო ფართით 236 კვ.მ), #2 (საერთო ფართი 15,3 კვ.მ) და #3 (11.1 კვ.მ, საკადასტრო კოდი 69.06....) შენობა-ნაგებობები, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მეორე მოპასუხის საკუთრებად;
1.2.3. მოსარჩელეების კუთვნილი უძრავი ნივთების დაზიანება ძირითადად გამოწვეულია მოპასუხის მიერ სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებით წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვებით. მოსარჩელეების მიერ წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 16 მაისისა და 2017 წლის 27 მარტის დასკვნების (ექსპერტიზის კვლევის საგანი იყო მოსარჩელეების საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა და დაზიანების გამომწვევი მიზეზები) თანახმად:
- ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე, მოქ. შ. გ-ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის საერთო ტექნიკური მდგომარეობა, მიუხედავად არსებული დაზიანებებისა, ძირითადად დამაკმაყოფილებელია. შენობაში განვითარებული ახალი ბზარები გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები მე-2 ხარისხისაა, ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობა, შემდგომი ექსპლუატაციისათვის ვარგისია, თუმცა საჭიროებს დაკვირვებას. ამ მიზნით, ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). (კვლევითი ნაწილით დგინდება, რომ 2012 წლის 12 სექტემბერს, ბიუროს სპეციალისტების მიერ შემოწმდა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი და გაცემული იქნა შესაბამისი დასკვნა, სადაც აღინიშნა, რომ შენობაში დაფიქსირებული ბზარები, ძირითადად, გამოწვეულია რკინიგზის #... გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებებით... განმეორებითი შემოწმებით დადგინდა, რომ საცხოვრებელ სახლში განვითარებული ბზარები და დაზიანებები ადრეული წარმოშობისაა. არსებულმა ზოგიერთმა ბზარის სიგანემ განიცადა უმნიშვნელო გაზრდა. დღევანდელი მდგომარეობით ვიზუალურად შენობის გარშემო ჯდენითი დეფორმაციები და სხვა რაიმე მაპროვოცირებელი ნიშნები არ ფიქსირდება. ბოლო პერიოდში, მეორე სართულზე შესასვლელ ოთახის ფანჯრის ქვეშ, გაჩენილია ახალი ვერტიკალური ბზარები, რომელიც დიდი ალბათობით გამოწვეულია რკინიგზის #... გვირაბის მშენებლობის პროცესში წარმოებული აფეთქებებით, რაც დაფიქსირებულია ჩინური კომპანიის მიერ ქაღალდის ყალაურებით; საძინებელ ოთახში ფანჯრის ქვეშ გაჩენილი ბზარი საკუთარი ძალებით შეავსეს და გალესეს. პირველი სართული ახალი გარემონტებულია. შიდა ოთახებში ბზარები არ ფიქსირდება. ოთახში შესასვლელი კარი დეფორმირებულია, ძნელად იხურება. აბაზანაში მეტლახი დაზიანებულია. აღწერილი ბზარების უმეტესი ნაწილი, გამოწვეულია რკინიგზის გვირაბის მშენებლობის პროცესში მრავალჯერადი აფეთქებების შედეგად წარმოქმნილი ვიბრაციით). საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ა. გ-ას - კ. ზ-ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სესიმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 45 წლის სტაჟით;
- ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფ. ... მდებარე, მოქალაქე გ. გ-ის საკუთრებაში არსებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და ერთსართულიანი დამხმარე ნაგებობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. შენობებზე ბზარების განვითარების ხასიათი და გავრცელების არეალი მიუთითებს იმაზე, რომ დაზიანებები საცხოვრებელ სახლზე ძირითადად გამოწვეულია სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის პროცესში განხორციელებული მრავალჯერადი აფეთქებით წარმოქმნილი დინამიკური დატვირთვებით, ხოლო, დამხმარე ნაგებობაზე განვითარებული დაზიანებები გამოწვეულია, როგორც დინამკიური, დატვირთვები, ასევე-უხარისხო მშენებლობით. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით, საცხოვრებელ სახლზე წარმოქმნილი დაზიანებები, ძირითადად მე-2 ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობების შემდგომი ექსპლუატაცია შესაძლებელია, თუმცა, აუცილებელია დაკვირვება. სახლზე, შემდგომი ექსპლუატაციისათვის საჭიროა აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად, დამუშავებული პროექტის მიხედვით. დაკვირვების მიზნით, ბზარწარმოქმნის ადგილებზე, შენობის შიგა სივრცეში გაიკრას თაბაშირის, ხოლო გარეთ ქვიშა-ცემენტის ხსნარის ყალაურები (მანიშნები). დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით დამხმარე ნაგებობაზე წარმოქმნილი დაზიანებები მე-3 ხარისხისაა. ასეთ ხარისხში დაზიანებული შენობების შემდგომი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და მასზე აუცილებელია აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოების ჩატარება შესაბამისად დამუშავებული პროექტის მიხედვით. ზარალის ოდენობის განსაზღვრა შესაძლებელია მხოლოდ აღდგენა-გაძლიერების პროექტისა და შესაბამისი ხარჯთაღრიცხვის შედგენის შემდეგ. გაძლიერების შემდეგ, სახლი საცხოვრებლად იქნება ვარგისი და უსაფრთხო. საექსპერტო კვლევა ჩატარებული აქვს ექსპერტ ა. რ-ს - კ. ზ-ის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობისა და საინჟინრო ექსპერტიზის ცენტრის (დეპარტამენტის) სამშენებლო მექანიკისა და ნაგებობათა სესიმომედეგობის სამმართველოს ექსპერტს, სპეციალობით მუშაობის 30 წლის სტაჟით;
1.2.4. მოსარჩელეებმა წარადგინეს ინდმეწარმე ზვიად გოგოლაძის მიერ შედგენილი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც პირველი მოსარჩელის სახლის გამაგრება-შეკეთების სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 12 415,26 ლარს, ხოლო მეორე მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე ნაგებობის დაზიანებით მიღებულმა ზარალმა ჯამში შეადგინა 13 262,15 ლარი. ამ მტკიცებულებათა საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ წარადგინა კომპანია „ე.“ მიერ გაცემული დასკვნა, ასევე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის #.. #1.. აქტები. კომპანია „ე-ის“ დასკვნა შეეხება აფეთქებადი ვიბრაციის მონაცემების შეფასებას სოფელ ქვიშხეთში მდებარე მე-9 გვირაბის აღმოსავლეთ პორტალის სამშენებლო ობიექტისათვის და ის ზოგადი ხასიათისაა. აღნიშნული დასკვნით შეფასდა აფეთქების ზემოქმედების ზონა და გვირაბის აფეთქებით გამოწვეული ზიანის რისკი შენობებისათვის. კვლევისას არ შესწავლილა კონკრეტული შენობა-ნაგებობები, მათზე ფაქტობრივი ზემოქმედების დაკვირვება, მისი ხანგრძლივობის შესწავლა და, რაც მთავარია, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის, კერძოდ, მათი სეისმომედეგობის გათვალისწინებით, დამდგარ ზიანთან აფეთქებების მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. დასკვნა ზოგადად სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისას აფეთქებითი სამუშაოების მონიტორინგს, სამუშაოების წარმოების კონსულტაციას შეეხება და არ არის მიღებული კონკრეტული უძრავი ნივთების გამოკვლევის შედეგად, შესაბამისად, არ ადასტურებს მოპასუხის მითითებას მასზედ, რომ კომპანია „ე-ის“ დასკვნით აფეთქებები წარმოებდა დაშვებული ნორმების ფარგლებში, რასაც არ შეეძლო გამოეწვია სახლების დაზიანება, ვინაიდან, ეს აფეთქებები იყო მრავალჯერადი სიხშირის, რაც იწვევდა ნიადაგის ჯდენითი პროცესების პროვოცირებას, შესაბამისად, დაზიანებების წარმოშობას. კომპანიის დასკვნის თანახმად, შალვა გომარელის სახლი გვირაბის ღერძიდან ჰორიზონტალურად მდებარეობს 16 მეტრში, ხოლო დახრილი კუთხით სახლამდე არის 44 მეტრი, გოდერძი გომარელის სახლი კი-მდებარეობს გვირაბის ღერძიდან შესაბამისად 23 და 57 მეტრ მანძილზე, რაც მიუთითებს ზემოქმედების არეალის უშუალო სიახლოვეზე. გარდა ამისა, დოკუმენტი არ აქარწყლებს კონკრეტული სახლის დათვალიერებისა და დაზიანებების შესწავლის საფუძველზე შედგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცალსახა დასკვნას“;
1.2.5. რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტებმა: ა. რ-მა და ა. გ-ამ განმარტეს, რომ სარკინიგზო გვირაბში ხშირმა და სისტემატურმა აფეთქებითმა სამუშაოებმა განაპირობა მოსარჩელეთა სახლების დაზიანება, ეს აფეთქებები უტოლდებოდა 5-ბალიან მიწისძვრას. ბოლო 10 წლის განმავლობაში მოცემულ ტერიტორიაზე ამ სიმძლავრის მიწისძვრის ფაქტი არ დაფიქსირებულა, რაც მიუთითებს შენობების დაზიანების კავშირზე გვირაბის მშენებლობის დროს წარმოებულ აფეთქებებთან. ექსპერტ ა. რ-ის განმარტებით, ეს დასკვნა ასახავს მდგომარეობას 2012 წლის ოქტომბრიდან, მაშინ, როდესაც სამხარაულის ბიუროს ექსპერტები მონიტორინგს ახორციელებენ 2012 წლიდან და ყველაზე დიდი აფეთქებები ხორციელდებოდა 2012 წლის ზაფხულში. რაც შეეხება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და გურიის რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის #1../1..1 აქტებს, როგორც თავად ამ აქტებშია აღნიშნული, ექსპერტიზის ამოცანა იყო არა დაზიანებების გამომწვევი მიზეზების კვლევა, არამედ ვიზუალური დათვალიერების (ფოტოსურათების მეშვეობით) საფუძველზე შენობის ტექნიკური მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების დადგენა. ამასთან, საცხოვრებელი სახლების დაზიანებებზე მსჯელობისას, მისი ავტორები დაეყრდნენ „ე-ის“ ზემოთ მითითებულ დასკვნას.
1.2.6. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2017 წლის 27 მარტის დასკვნით, მეორე მოპასუხის საკუთრებაში არსებულ დამხმარე ნაგებობაზე განვითარებული დაზიანებები გამოწვეულია, როგორც დინამიური დატვირთვებით, ასევე, უხარისხო მშენებლობით. ამდენად, დამხმარე ნაგებობაზე მიყენებული ზიანი მხოლოდ მოპასუხის მიერ ნაწარმოები სამშენებლო სამუშაოებისას განხორციელებული აფეთქებებით არ არის განპირობებული;
1.2.7. ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, მოპასუხემ წარადგინა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ექსპერტიზის #1../1.. აქტები, რომლებითაც აღდგენითი სამუშაოებისთვის მაქსიმალურ საორიენტაციო ღირებულებად განსაზღვრულია შ. გ-ის სახლის კოსმეტიკური შეკეთებისათვის 9 068.60 ლარი, ხოლო გოდერძი გომარელის სახლის კოსმეტიკური შეკეთებისათვის - 5 974.15 ლარი თუმცა, ამ აქტებში მითითებული თანხა შეადგენს კოსმეტიკური რემონტისა და არა ექსპერტიზით დადგენილი აღდგენა-გაძლიერებითი სამუშაოებისათვის საჭირო სარემონტო ხარჯის ანგარიშს;
1.2.8. ვინაიდან მოპასუხის ბრალეულობა მეორე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ დამხმარე ნაგებობაზე მიყენებულ ზიანში არის ნაწილობრივი, დამხმარე ნაგებობაზე ზიანის ოდენობა სწორედ თანაბრალეულობის პრინციპის გათვალისწინებით უნდა დაანგარიშდეს, ზიანის დადგომაში მოსარჩელისა და მოპასუხის ბრალეულობა თანაბრად უნდა განისაზღვროს, ვინაიდან ბრალეულობის ხარისხის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი მტკიცება არცერთ მხარეს არ წარუდგენია.
1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.4. საკასაციო პალატა უარყოფს კასატორის პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი წარმოადგენს, რომელიც დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნის გენერალურ დათქმას შეიცავს და ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობის წინაპირობად მიიჩნევს შემდეგს: ვალდებული პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, ზიანის დადგომა და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ფორმალურად გამართულია, მასში გადმოცემულია მოთხოვნის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, თავის მხრივ, მოპასუხე შესაგებლით ედავება მოთხოვნის წინაპირობების არსებობას, თუმცა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს წარდგენილი აქვს მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურებისათვის შესაბამისი მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის მასალებს და იურიდიული დამაჯერებლობის თვალსაზრისით, სწორად მიანიჭა პრიორიტეტი სარჩელზე დართულ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებს მოპასუხის მიერ წარდგენილ ზოგადი ხასიათის გამოკვლევასთან შედარებით, ამ მხრივ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია, ისევე, როგორც ზიანის ოდენობასთან მიმართებით წარდგენილი პრეტენზიის ნაწილში, რამდენადაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სააპელაციო პალატამ პირველი მოპასუხის მიმართ სრულად გაიზიარა აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოების ღირებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით იყო განსაზღვრული და მოპასუხეს მისი საპირწონე მტკიცება არ შეუთავაზებია სასამართლოსათვის, რაც შეეხება მეორე მოპასუხეს, ვინაიდან დამხმარე ნაგებობის დაზიანებაში მისი ბრალეულობაც გამოიკვეთა იმგვარად, რომ შეუძლებელი იყო მხარეთა ბრალის ხარისხის განსაზღვრა, სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის საფუძველზე მართებულად გაანაწილა პასუხისმგებლობა მხარეთა შორის. საბოლოოდ, პალატა ასკვნის, რომ კასატორი ვერ ამტკიცებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობას.
1.5. ამდენად, განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც დელიქტური ვალდებულების საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ვერ ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
1.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
2. სასამართლო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის (საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი) თანახმად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (ს/კ #40438...) მიერ 11.12.2018წ. #347 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 620,76 ლარისა და 11.12.2018წ. #349 საგადახდო დავალებით გადახდილი, 616,79 ლარის, სულ _ 1 237,55 ლარის 70% _ 866,285 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (საწარმოს ლიცენზიის #51010900006...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს შპს „ჩ. რ. ...-ე ბ. ჯ.“ (ს/კ #404385...) მიერ 11.1.2.2018წ. #347 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 620,76 ლარისა და 11.12.2018წ. #349 საგადახდო დავალებით გადახდილი 616,79 ლარის, სულ _ 1 237,55 ლარის 70% _ 866,285 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ზ. ძლიერიშვილი