№ა-1125-შ-35-2019 11 სექტემბერი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ი.ს–ი“
მოწინააღმდეგე მხარე – T.S.G.L.
განხილვის საგანი – რუსეთის, ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსეთის, ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით T.S.G.L-ს შპს „ი.ს–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 107 605,16 აშშ დოლარის გადახდა და აგრეთვე სახელმწიფო საზღაურის ხარჯის გადახდა 54 657 რუბლის ოდენობით.
2. შპს „ი.ს–მა“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მარტის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული შუამდგომლობისა და მისი წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქმეზე დადგენილია, რომ რუსეთის, ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით T.S.G.L-ს შპს „ი.ს–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 107 605,16 აშშ დოლარის გადახდა და აგრეთვე სახელმწიფო საზღაურის ხარჯის გადახდა 54 657 რუბლის ოდენობით.
5. ამავდროულად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 27 ივლისს, ამასთან, იგი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
7. ამდენად, რუსეთის, ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
8. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე-285-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი.ს–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად რუსეთის, ქალაქ მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც:
- T.S.G.L-ს შპს „ი.ს–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 107 605.16 აშშ დოლარის გადახდა და აგრეთვე სახელმწიფო საზღაურის ხარჯის გადახდა 54 657 რუბლის ოდენობით.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე