№ა-2066-შ-50-2018 5 ნოემბერი, 2019 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „რ.ა–ა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ.გ.“
განხილვის საგანი – სომხეთის რესპუბლიკის ქალაქ ერევანის აჩაპნიაკისა და დავთაშენის ადმინისტრციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილების (მოწინააღმდეგე მხარისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 35 950 აშშ დოლარის, როგორც ვალის ძირითადი თანხისა და 39 310 აშშ დოლარის, როგორც ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული საურავის სახით დაკისრების ნაწილში) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სომხეთის რესპუბლიკის, ქალაქ ერევნის აჩაპნიაკისა და დავთაშენის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ.გ–ს“ შპს „რ.ა–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 35 950 აშშ დოლარის, როგორც ვალის ძირითადი თანხისა და 39 310 აშშ დოლარის, როგორც ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული საურავის გადახდა.
2. შპს „რ.ა–ამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 ივნისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. აღნიშნული შუამდგომლობისა და მისი წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლები კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც რაიმე მოსაზრება შუამდგომლობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საქმეზე დადგენილია, რომ სომხეთის რესპუბლიკის, ქალაქ ერევნის აჩაპნიაკისა და დავთაშენის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „მ.გ–ს“ შპს „რ.ა–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 35 950 აშშ დოლარის, როგორც ვალის ძირითადი თანხისა და 39 310 აშშ დოლარის, როგორც ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული საურავის გადახდა.
5. ამავდროულად, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და იგი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
7. ამდენად, სომხეთის რესპუბლიკის, ქალაქ ერევნის აჩაპნიაკისა და დავთაშენის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი საქართველოს ტერიტორიაზე.
8. ამავდროულად, არსებობს დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევის კანონით გათვალისწინებული საფუძველი, კერძოდ, შუამდგომლობა აკმაყოფილებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 71-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე-285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „რ.ა–ას“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად სომხეთის რესპუბლიკის, ქალაქ ერევნის აჩაპნიაკისა და დავთაშენის ადმინისტრაციული რაიონების საერთო იურისდიქციის სასამართლოს 2017 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც:
- შპს „მ.გ–ს“ შპს „რ.ა–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 35 950 აშშ დოლარის, როგორც ვალის ძირითადი თანხისა და 39 310 აშშ დოლარის, როგორც ვალდებულების დროულად შეუსრულებლობის გამო დარიცხული საურავის გადახდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე