Facebook Twitter

ბს-396-380 (კს-06) 21 სექტემბერი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ო.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თბილისის «არქმშენინსპექცია» (მოსარჩელე)

მესამე პირი ­_ გ. დ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 თებერვლის განჩინება.

დავის საგანი ­_ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის «არქმშენინსპექციამ» 2005 წლის 23 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე ლ. ო.-ას წინააღმდეგ და მისთვის ჯარიმის სახით 3000 ლარის დაკისრება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მოპასუხე თბილისში, ...-ის ქ.¹4-ში მიშენებით სამუშაოებს პროექტისა და მშენებლობისათვის სათანადო ნებართვის გარეშე აწარმოებს, რითაც დარღვეულია «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «კ» პუნქტის «კ.ა» და «კ.ბ» ქვეპუნქტების მოთხოვნები, სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესები, მოპასუხე კი გაფრთხილების მიუხედავად არ ასწორებს დარღვევას. (ს.ფ. 1)

2005 წლის 22 ნოემბერს ლ. ო.-ამ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მისთვის ადვოკატის სახაზინო წესით დანიშვნის შესახებ. (ს.ფ. 9)

ამავე სასამართლოს 2005 წლის 22 ნოემბრის მოსამზადებელი სხდომის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული მოპასუხის მეზობელი გ. დ.-ი. ლ. ო.-ას შუამდგომლობასთან დაკავშირებით კი განმარტებულ იქნა, რომ მოპასუხე მხარეს მთავარ სხდომამდე მიეცემა დრო, მიმართოს იურისტთა ასოციაციას და მისი უფლებები ადვოკატმა დაიცვას. (ს.ფ. 21)

საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვისას თბილისის «არქმშენინსპექციამ» სარჩელს მხარი დაუჭირა და განმარტა, რომ მოპასუხე უნდა დაჯარიმდეს 3000 ლარით «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის «თ» ქვეპუქტის «თ.დ» ნაწილის და ამავე კანონის მე-2 მუხლის «კ» პუნქტის «კ.ა» და «კ.ბ» ქვეპუნქტების შესაბამისად. აღნიშნული მშენებლობა უნებართვოა და ექვემდებარება დანგრევას, მხარისათვის სზაკ-ის მე-6 თავის შესაბამისად ცნობილი იყო ადმინისტრაციული სამართალწარმოების შესახებ, მან უარი განაცხადა განცხადებაზე ხელის მოწერაზე, 10 დღის შემდეგ მიღებული დადგენილება მას დაზღვეული ფოსტით გაეგზავნა და მიეცა 10-დღიანი ვადა გასაჩივრებისათვის, «არქმშენინსპექციამ» მხოლოდ ამის შემდეგ მიმართა სასამართლოს. (ს.ფ. 37)

ლ. ო.-ამ სარჩელს მხარი არ დაუჭირა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ამასთან განაცხადა, რომ იგი მისული იყო არქმშენინსპექციაში და შეხვდა უფროსს, რომელმაც უთხრა, რომ შეცდომა მოუვიდათ და სასამართლოდან სარჩელს უკან გამოიტანდნენ. მას ობიექტზე არავინ უნახავს, ოქმი კარებთან ჩაუგდეს, მის შედგენას არ დასწრებია. ოქმი საერთოდ არ უნახავს. მშენებლობა კანონიერად აქვს ნაწარმოები. ნებართვა ჰქონდა 1988 წელს, ამავე წელს დაანგრია, ააშენა ხის ნაგებობა და დროებით იყენებდა. (ს.ფ. 38)

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით თბილისის «არქმშენინსპექციის» სარჩელი დაკმაყოფილდა: ლ. ო.-ა დაჯარიმდა 3000 ლარით და მასვე დაევალა ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის პირველი მაისის რაისაბჭოს აღმასკომის საუწყებათაშორისო ტექნიკური კომისიის 1988 წლის 11 ნოემბერს ¹24§26 სხდომის ოქმით ლ. ო.-ას ტერასაზე სველი წერტილების მოწყობის მიზნით დამხმარე სათავსოს აშენების ნება მიეცა. აღნიშნული ნებართვის საფუძველზე მას მშენებლობა არ უწარმოებია.

1998 წლის 14 აპრილს მიღებულ იქნა კანონი «არქიტექტურული საქმიანობის შესახებ,» რომლის თანახმად მშენებლობისათვის აუცილებელია არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება და მშენებლობის ნებართვა. ასეთი დავალების საფუძველს კი წარმოადგენს დამკვეთის განაცხადი და მიწის ნაკვეთზე მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთი ან მესაკუთრის ნებართვა, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება, თუ მიწა მათი საკუთრებაა. იმავე წელს მიღებული იქნა კანონი «მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ,» რომლის მიზანია არქიტექტურულ-გეგმარებით და ქალაქმშენებლობით საპროექტო გადაწყვეტილებათა დონის ამაღლება, ადამიანთა ჯანმრთელობისათვის უვნებელი საცხოვრებელი გარემოს შექმნის პროცესის თანმიმდევრული სრულყოფა.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მშენებლობის დარგში ახალი კანონების მიღების შემდეგ ლ. ო.-ას მის მიერ წარმოებული მშენებლობის ნებართვის ასაღებად სათანადო ორგანოებისათვის არ მიუმართავს და მან თბილისის პირველი მაისის რაიაღმასკომის მიერ 1988 წელს გაცემული, ძალადაკარგული გადაწყვეტილების საფუძველზე ჯერ კიდევ 1999 წელს წამოიწყო მშენებლობა, რომელიც შეაჩერებინეს და განუმარტეს, რომ სათანადო ნებართვის გარეშე მშენებლობის წარმოების უფლება არ ჰქონდა.

სასამართლოს მითითებით, მოქმედი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთი, შენობის ნაწილი და ის ნაგებობა-დანადგარები, რომლებიც არ წარმოადგენს ინდივიდუალურ საკუთრებას, ბინის მესაკუთრეთა საერთო საკუთრებაა. ...-ის ქ. ¹4-ში მდებარე მრავალბინიანი სახლის მობინადრეებს კი, რომლებიც ამ სახლის წინ მდებარე ეზოს მიწის ნაკვეთის თანამესაკუთრეები არიან და მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მათი თანხმობა მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია, ლ. ო.-ასათვის ასეთი არ მიუციათ. შესაბამისად, სასამართლოს აზრით, თბილისის «არქმშენინსპექციამ,» რომელიც იურიდიული თუ ფიზიკური პირების მიერ მშენებლობის შეთანხმებული, ექსპერტიზაგავლილი პროექტების მოთხოვნათა სრული დაცვით წარმოებაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს, 2005 წლის 27 ივნისის ¹28-3 დადგენილება ლ. ო.-ას დაჯარიმებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით გამოიტანა.

სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის შესახებ 2005 წლის 16 ივნისის ოქმის შედგენას ლ. ო.-ა ესწრებოდა, თუმცა ოქმს ხელი არ მოაწერა, მან ასევე არ ჩაიბარა არც 2005 წლის 27 ივნისის ¹28-3 დადგენილება უნებართვო მშენებლობის წარმოებისათვის დაჯარიმებისა და დარღვევის გამოსწორების დაკისრების შესახებ. (ს.ფ. 46-48)

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ო.-ამ და აღნიშნა, რომ მისი დაჯარიმება მოხდა უკანონოდ, რის დასადასტურებლადაც წარმოადგენდა საბუთს, რომლის თანახმად მიშენება არის კანონიერი. მან სასამართლოს წარუდგინა თბილისის «არქმშენინსპექციის» 2005 წლის 28 დეკემბრით დათარიღებული ¹1393 პასუხი თბილისის პრემიერ თ. ქურხულისადმი. (ს.ფ. 67-69)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 თებერვლის განჩინებით აპელანტს დაევალა საპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს _ გაურკვეველია აპელანტის მიერ რომელი პროცესუალური დოკუმენტია გასაჩივრებული და რა ნაწილში. (ს.ფ. 72)

2006 წლის 6 თებერვალს აპელანტმა ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს წარუდგინა სააპელაციო საჩივარი, სადაც მიუთითა, რომ ასაჩივრებს 2005 წლის 9 დეკემბერის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებას (მოსამართლე ნ.შ.-ე, ლ.გ.-ის მდივნობით; მოსარჩელე _ ქ. თბილისის არქმშენინსპექცია, წარმომადგენელი კ.არაბიძე, მოპასუხე _ ლ.ო.-ა, მესამე პირი _ გ.დ.-ი) მისთვის 3000 ლარის დაკისრებისა და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის შესახებ.

აპელანტის განცხადებით, მან მიმართა ქ. თბილისის არქმშენინსპექციას და მათ 2005 წლის 28 დეკემბრის 23927 თ-14თ-16 წერილით დაუდასტურეს, რომ მის მიერ წარდგენილი გამგეობის 28.12.88 წლის ¹29/51-2692 გადაწყვეტილების, ღია აივნის აშენებაზე და მასში სველი წერტილების მოწყობაზე, აგრეთვე, საინვენტარიზაციო ბიუროს 1988 წლის ¹015311 გეგმის თანახმად მიშენება არის კანონიერი. ნაწარმოები მშენებლობა დაინგრა მიწისძვრის შედეგად, აღდგა იმავე გაბარიტულ ზომებში, რაც იყო 1988 წელს. აქედან გამომდინარე, აპელანტის მითითებით, იგი გადაწყვეტილებას ასაჩივრებს ახლად აღმოჩენილ გარემოებებიდან გამომდინარე და აღნიშნული დოკუმენტი, მოცემული «არქმშენინსპექციიდან,» მიჩნეული უნდა იქნეს მტკიცებულებად. (ს.ფ. 75-76)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 თებერვლის განჩინებით ლ. ო.-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებული იქნა განუხილველად. სასამართლომ განჩინებაში მიუთითა, რომ აპელანტს მიეცა ვადა ხარვეზის შესავსებად, კერძოდ: გაურკვეველი იყო მხარის მიერ რომელი პროცესუალური დოკუმენტია გასაჩივრებული და რა ნაწილში. აპელანტმა დადგენილ ვადაში წარმოადგინა განცხადება მასზე თანდართული ადმინისტრაციული აქტების დასახელებით. სასამართლოს მითითებით, ბუნდოვანია შინაარსი განცხადებისა, რომელშიც მითითებულია საქმის განხილვაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო. აღნიშნულით, სასამართლოს აზრით, ფაქტიურად, ხარვეზი არ გამოსწორდა. სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 369-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებს და დატოვებული უნდა იქნას განუხილველად. (ს.ფ. 91-92)

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ. ო.-ამ და განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა მოითხოვა.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2005 წლის წლის 18 აგვისტოს თბილისის არქმშენინსპექციამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლგიას და მისთვის ჯარიმის სახით 3000 ლარის დაკისრება და ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის დავალება მოითხოვა, რაც სასამართლოს 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით მთლიანად დაკმაყოფილდა. აღნიშნული მას მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რის საფუძვლადაც მიუთითებს ქ. თბილისის «არქმშენინსპექციის» 2005 წლის 28 დეკემბრის წერილს, რომელშიც ეს უკანასკნელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მშენებლობა არის კანონიერი და იმავე გაბარიტულ ზომებში აღდგენილი, რაც იყო 1988 წლის საინვენტარიზაციო გეგმაში. სწორედ ამიტომ სააპელაციო საჩივრით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, 2006 წლის 3 თებერვალს კი მისი საჩივარი ხარვეზიანად იქნა მიჩნეული, რის გამოსასწორებლადაც მიეცა შვიდდღიანი ვადა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი მეუღლე საავადმყოფოში იმყოფებოდა გულის ძლიერი შეტევით, თუმცა, მიუხედავად ამისა, საკუთარი ძალებით, იურისტის დახმარების გარეშე შეძლებისდაგვარად მოცემული ვადის გასვლამდე ხარვეზშევსებული განცხადებით კვლავ მიმართა სასამართლოს, მაგრამ ესეც მოსამართლემ ხარვეზიანად მიიჩნია და მიუთითა, რომ ბუნდოვანია განცხადების შინაარსი, რის გამოც 2006 წლის 10 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

ლ. ო.-ამ აღნიშნა, რომ არის მრავალშვილიანი დედა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით, მეუღლე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე ომის ვეტერანისა, რომელიც სისტემატური სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება, აქვს უმძიმესი მატერიალური და ეკონომიური მდგომარეობა, რაც მისთვის შეუძლებელს ხდის საადვოკატო მომსახურების უზრუნველყოფას. (ს.ფ. 98-99)

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 22 მაისის განჩინებით ლ. ო.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, იმ მოტივით, რომ კერძო საჩივარი შინაარსობრივად სააპელაციო საჩივრის იდენტურია და მასში არ არის მოყვანილი გასაჩივრებული განჩინების არგუმენტაციის გამაბათილებელი გარემოებანი. (ს.ფ. 134-135)

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 თებერვლის განჩინება, ლ. ო.-ას სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად და განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას ლ. ო.-ას სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესოსამართლებრივი საფუძვლის არსებობის შესახებ.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 3 თებერვლის განჩინებით ლ. ო.-ას დაევალა საპელაციო საჩივრის ხარვეზის შევსება იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს _ გაურკვეველი იყო აპელანტის მიერ რომელი პროცესუალური დოკუმენტი იყო გასაჩივრებული და რა ნაწილში.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 10 თებერვლის განჩინებით ლ. ო.-ას სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად, იმ საფუძვლით, რომ ბუნდოვანი იყო აპელანტის მიერ ხარვეზის შესავსებად წარმოდგენილი განცხადების შინაარსი, რომელშიც მითითებული იყო საქმის განხილვაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, რითაც, სასამართლოს აზრით, ფაქტიურად, ხარვეზი არ გამოსწორდა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ო.-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ არის დატოვებული იმ ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რომელიც მას სააპელაციო სასამართლომ დაუნიშნა. სააპელაციო საჩივარი განუხილველადაა დატოვებული ახალი საფუძვლით _ განცხადების შინაარსის ბუნდოვანების მოტივით, რაც ხარვეზის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 3 თებერვლის განჩინებაში მითითებული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად დაუშვებელია ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევა და განუხილველად დატოვება ისეთ გარემოებებზე მითითებით, რაც არ ყოფილა ხარვეზის საფუძველი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს აპელანტის საპროცესო უფლებას, შეიტყოს სააპელაციო საჩივრის არსებული ხარვეზის თაობაზე და შეავსოს იგი, ხოლო სააპელაციო სასამართლო ვალდებულია, აცნობოს აპელანტს აღნიშნული ხარვეზის თაობაზე და დაუნიშნოს ვადა მის შესავსებად. თუკი ხარვეზის შევსების მიზნით წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი შეიცავს ხარვეზის მიცემის ახალ საფუძველს, ასეთ შემთხვევაში ხარვეზის შესავსებად დანიშნული საპროცესო ვადა ექვემდებარება გაგრძელებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად. ხარვეზის შევსების საპროცესო შესაძლებლობის მიუცემლად სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება 368-ე მუხლის საფუძველზე დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარვეზის შესავსებად დადგენილ ვადაში ლ. ო.-ას მიერ ხარვეზის გამოსწორების მიზნით წარდგენილია სააპელაციო საჩივარი, რომელშიც მითითებულია კონკრეტული გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო საჩივარში ასევე მითითებულია ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც, აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობასა და მისი სარჩელის საფუძვლიანობას ადასტურებს და პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის რომ ყოფილიყო ცნობილი, გამოიწვევდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.

შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტ. ლ. ო.-ას სააპელაციო საჩივარში არსებითად უზრუნველყოფილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ», «ე» და «ვ» ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები _ მითითება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე, ასევე მითითება, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი, მითითება გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და ლ. ო.-ას სააპელაციო საჩივარს წარმოებაში მისაღებად და განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ო.-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის განჩინება;

3. ლ. ო.-ას სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მისაღებად და განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.