№ას-480-480-2018 30 ივლისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „ს–ა“
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მოძრავ ნივთზე მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 1995 წლის 12 ივნისს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ქვის დამამუშავებელი საამქროს ამხანაგობას (შემდეგში -ამხანაგობა) შორის სახელმწიფო ქონების ყიდვა-გაყიდვის №25 ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების საგანს ქუთაისში - წ–ოს გზატკეცილზე მდებარე ქვის დამამუშავებელი საამქრო წარმოადგენდა.
2. 1995 წლის 2 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, რომლითაც სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, ხელშეკრულების წინმსწრებად, ამხანაგობას ქუთაისში - წ–ოს გზატკეცილზე მდებარე ქვის დამამუშავებელი საამქრო გადასცა, აერთიანებდა შემდეგ ქონებას: ქვის საამქროს, ქვის სახერხ დაზგას, ტრანსფორმატორს, მცირეფასიან საგნებს.
3. 1995 წლის 15 ივნისს საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ, 1995 წლის 12 ივნისის ხელშეკრულებისა და 1995 წლის 2 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ამხანაგობას ქვის დამამუშავებელი საამქროს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №.. გადასცა.
4. 1995 წლის 25 აპრილს ამხანაგობის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს, ამხანაგობის ბაზაზე, „მეწარმეთა შესახებ“ ახლად ამოქმედებული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,ს–ის“ (შემდეგში - მოსარჩელე) დასარეგისტრირებლად.
5. 2014 წლის 19 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა (შემდეგში - პირველი მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) შპს ,,ქ.ტ–ის“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე, მოვალე) მოძრავი ქონების დაყადაღების თაობაზე აქტი გამოსცა. მეორე მოპასუხის მიერ პირველი მოპასუხისადმი წარდგენილ ქონების ნუსხაში, მოვალის საკუთრებაში რიცხულ სხვა მოძრავ ქონებასთან ერთად მითითებული იყო სადავო ტრანსფორმატორიც, შესაბამისად, 2015 წლის 8 ოქტომბერს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით, ყადაღა დაედო მოვალის ბალანსზე რიცხულ ტრანსფორმატორსაც.
6. 2016 წლის 6 ივლისით დათარიღებული მოსარჩელის უძრავი ქონების საკუთრების ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საკადასტრო აღწერის თანახმად, №3 განაშენიანების 2.25 კვ.მ ფართი დაკავებული აქვს ელქვესადგურს (სადავო ტრანსფორმატორს).
7. 2015 წლის 15 ოქტომბერს მოსარჩელემ პირველ და მეორე მოპასუხეთა, ასევე აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც სადავო ნივთის მესაკუთრედ ცნობა და მასზე ყადაღის გაუქმება მოითხოვა.
8. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყვეს მისი საფუძვლიანობა.
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა; სასამართლომ მოსარჩელე სადავო ნივთის მესაკუთრედ ცნო; სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის 148-ე,149-ე,186-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) მე-4, 102-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
9.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
9.2. სასამართლომ წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული გარემოებების შეფასება-გაანალიზების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მფლობელობაში იყო სადავო ნივთი, რომლითაც ის უწყვეტად სარგებლობდა.
9.3. სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ არსებობდა მოძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობისთვის, სსკ-ის 186-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები (ნამდვილი უფლება და ნივთის გადაცემა).
9.4. სასამართლომ არ გაიზიარა პირველი მოპასუხის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სადავო ყადაღადადებული ნივთი მეორე მოპასუხეს ეკუთვნოდა, რადგან მეორე მოპასუხეს ქონების შეძენის დამადასტურებელი საბუთი სასამართლოსთვის არ წარუდგენია.
10. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, რომელმაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10.1. აპელანტის განმარტებით, ქონებაზე ყადაღის დადების დროს სადავო ნივთი მეორე მოპასუხის ბალანსზე იყო აღრიცხული, რაც, ერთი მხრივ, მასზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას გამორიცხავდა, ხოლო, მეორე მხრივ, ცხადყოფდა, რომ პირველი მოპასუხე მოქმედებდა უფლებამოსილების ფარგლებში - ყადაღა დაედო მოვალის ბალანსზე რიცხული ქონებისათვის.
10.2. აპელანტის მოსაზრებით, სადავო იყო ადმინისტრაციული ორგანოს ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის კანონიერება, რისი გათვალისწინებითაც დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო.
10.3. 1995 წლის 12 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებით არ შეიძლებოდა, დადასტურებულიყო, რომ ტრანსფორმატორი სასამართლოში სარჩელის აღძვრის დროსაც მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა.
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
11.1. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
11.2. პალატამ აღნიშნა, რომ, ვინაიდან სარჩელი მიზნად ისახავდა მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობას სადავო მოძრავ ნივთზე, დავა განეკუთვნებოდა არა ადმინისტრაციულ, არამედ სამოქალაქო სამართაწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას.
11.3. სასამართლომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაადგინა, რომ სადავო ტრანსფორმატორის მესაკუთრე იყო სახელმწიფო, რომელმაც საკუთრების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს (ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველო) მეშვეობით ნამდვილი უფლების საფუძველზე ეს ნივთი პირდაპირი მიყიდვის წესით საკუთრებაში გადასცა მოსარჩელე საზოგადოებას.
11.4. პალატის განსჯით, მეორე მოპასუხემ დავის ფარგლებში ვერ დაადასტურა სადავო ნივთზე მისი საკუთრების უფლება, კერძოდ, ვერ მიუთითა სადავო ნივთის საკუთარ ბალანსზე აღრიცხვის საფუძვლად სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებაზე. გარდა ამისა, სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილა, რომ მეორე მოპასუხემ მონაწილეობა არ მიიღო არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში, არ ისარგებლა მხარის პროცესუალური უფლებებით, არ გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება და არც სააპელაციო შესაგებელი არ წარადგინა.
12. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:
12.1. 2014 წლის 15 აგვისტოს მოვალემ პირველ მოპასუხეს დავალიანების ამოღების მიზნით მის ბალანსზე რიცხული ქონების ჩამონათვალი წარუდგინა, სადაც სხვა ქონებასთან ერთად მითითებული იყო სადავო ტრანსფორმატორიც, რის საფუძველზეც 2014 წლის 19 სექტემბერს კასატორმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ" აქტი გამოსცა.
12.2. კასატორის განმარტებით, მართალია, საქმეში წარმოდგენილია 1995 წლის 12 ივნისით დათარიღებული სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ქუთაისის სამმართველოსა და ქვის დამამუშავებელი საამქროს ამხანაგობას შორის გაფორმებული სახელმწიფო ქონების ყიდვა–გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქვის დამამუშავებელი საამქროს ქონება: ქვის საამქრო, ქვის სახერხი დაზგა, ტრანსფორმატორი და მცირეფასიანი საგნები, მაგრამ ამ დოკუმენტით არ შეიძლება დადასტურდეს, რომ ტრანსფორმატორი, ამჟამადაც მოსარჩელის საკუთრებაა. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურმა წარადგინა სასამართლოში მოსარჩელის ქონების გადასახადის 2012–2015 წლის წლიური დეკლარაციები, რომლითაც დასტურდება 2012 წელს 50850 ლარის ქონების (გარდა მიწისა) არსებობა, ხოლო 2013–2015 წლის ქონების დეკლარაციებით - გადასახადის გადამხდელს, გარდა მიწისა, სხვა ქონება არ ერიცხება. ქონების გადასახადის დეკლარაციები პირველმა მოპასუხემ სასამართლოში იმის დასადასტურებლად წარადგინა, რომ მოსარჩელეს, გარდა მიწისა, 2012 წლის შემდეგ სხვა ქონება არ ერიცხებოდა.
12.3. კასატორის მოსაზრებით, ქონება დაყადაღდა ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის საფუძველზე. კასატორის მტკიცებით, ქონების ყადაღის სიიდან ამორიცხვისა და სადავო ნივთზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობის საკითხიც ადმინისტრაციულ საქმეთა სამართალწარმოების წესით უნდა განხილულიყო.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 აპრილის განჩინებით, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
16. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:
18. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: სსკ-ის 477.1-ე (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი) და 186-ე (მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი, ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში) მუხლები და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები (თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით. სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს).
19. ზემოაღნიშნულ ნორმათა დანაწესის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სარჩელი წარმატებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე დაამტკიცებს, რომ სადავო ნივთი მისი საკუთრებაა.
20. დადგენილია, რომ 1995 წლის 12 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულებითა და მიღება-ჩაბარების 2 ივლისის აქტით, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა სადავო ნივთი. ამ გარემოებას არც კასატორი არ უარყოფს. საკასაციო პრეტენზიის ძირითადი არსი ისაა, რომ კასატორის შედავებით, დასახელებული ნასყიდობის ხელშეკრულება იმთავითვე არ ცხადყოფს, რომ ტრანსფორმატორი დღეის მდგომარებითაც მოსარჩელის საკუთრებაა.
20.1. საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ, მიუხედავად იმისა, სადავო ნივთი აღრიცხულია მეორე მოპასუხის ბალანსზე, ის კვლავ ქვის საამქროს და, ამდენად, მოსარჩელის მფლობელობაში იმყოფება. პალატა მიზნაშეწონილად მიიჩნევს აქვე მოიხმოს სსკ-ის 158-ე მუხლი, რომლის თანახმად, მოძრავი ნივთის მფლობელი მიიჩნევა მის მესაკუთრედ. ამ პრეზუმფციის გაქარწყლება კი, მოცემული დავის ფარგლებში მხოლოდ მეორე მოპასუხის მხრიდან საწინააღმდეგოს დამდგენი უტყური მტკიცებულებების წარდგენით იქნებოდა შესაძლებელი, ასეთად კი, მეორე მოპასუხის მიერ შედგენილი, მის ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხა არ განიხილება. მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების წარმოშობას სსკ-ის 186-ე მუხლი განსაზღვრავს, რომელიც საკუთრების უფლების წარმოშობას ორი აუცილებელი სამართლებრივი წინაპირობის ერთდროულად, თანხვედრად არსებობას უკავშირებს, კერძოდ, საკუთრების უფლება წარმოიშობა ნამდვილი უფლების და ამ უფლების საფუძველზე განხორციელებული რეალაქტის – ნივთის შემძენისათვის ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში დაცული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ 1995 წლის 12 ივნისს ქვის საამქროს ამხანაგობას, რომლის ბაზაზეც შემდგომში შეიქმნა მოსარჩელე საწარმო, საკუთრების უფლებით გადაეცა ქვის საამქრო, საკუთრების უფლების გადაცემის თანხმლები დოკუმენტაციის სახით საქმეში დაცული მიღება-ჩაბარების აქტი ცხადყოფს, რომ მოსარჩელეს გადაეცა ტრანსფორმატორიც. ნასყიდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს ყველა იმ არსებით პირობას (მხარეების ვინაობას, შეთანხმებას ნასყიდობის საგანზე და ფასზე), რაც ნასყიდობის ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე უფლებრივი მდგომარეობის ნამდვილობის შეფასებისთვის - განმსაზღვრელია. მიღება-ჩაბარების აქტი კი, ადასტურებს ნასყიდობის საგნის (მათ შორის, სადავო ნივთის) გადაცემას, შესაბამისად, საქმის გარემოებები ქმნის რა სსკ-ის 186-ე მუხლის შემადგენლობას, სადავო ნივთზე გამოირკვა მოსარჩელის საკუთრების უფლების არსებობის ფაქტი. ამასთან, ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მეორე მოპასუხემ, რომლის იურიდიულ ინტერესშიც იყო, დაემტკიცებინა სადავო ნივთზე მისი, საკუთრების უფლება, სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ეტაპზე არც სააპელაციო საჩივარი და არც შესაგებელი არ წარადგინა, ეს იმას ნიშნავს, რომ მეორე მოპასუხე ფაქტობრივად დაეთანხმა ტრანსფორმატორზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას და მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლით, მან დაკარგა სადავო ნივთზე საკუთრების უფლების დადგენის პროცესუალური შესაძლებლობა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ, რომელსაც მოცემული დავის ფარგლებში უნდა ემტკიცებინა სადავო ნივთზე მისი საკუთრების უფლება, უარი თქვა ამ სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენებაზე, პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარს მოცემული დავის ფარგლებში წარმატების პერსპექტივა აღარ აქვს, მაშინაც კი, თუ სადავო ნივთზე ყადაღის დადების დროს იგი კანონის ფარგლებში, კეთილსინდისიერად მოქმედებდა. საკასაციო სასამართლო მიზნაშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ანდა ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში. აღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ყადაღა შეიძლება, დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ მოძრავ ქონებას. ამავე კანონის 32-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად კი, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია, აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება (იხ. სუსგ-ები: №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი).
20.2. ამრიგად, იმ გარემოების გათვალსიწინებით, რომ სადავო ნივთზე გამოირიცხა მოვალის საკუთრების უფლება, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოთ მითითებული ნორმატიული დათქმების გათვალისწინებით, საფუძველი გამოეცალა ყადაღის მართლზომიერებასაც.
21. კასატორის ერთ-ერთი პრეტენზია დავის განსჯადობას შეეხება. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას დავის ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვის თაობაზე და განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში დავის საგანია არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული აქტის კანონიერება, არამედ მესაკუთრის უფლებების დაცვა დაუშვებელი ხელყოფისაგან. სადავო ნივთზე დადებული ყადაღის გაუქმება კი, სუბიექტის საკუთრების უფლებების დაუშვებელი ხელყოფის აღმოფხვრის უშუალო სამართლებრივი შედეგია. შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ დავა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს წარმოადგენდა, უსაფუძვლოა. ამასთან, საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს. რომ ანალოგიური შინაარსის დავის მიმართ არსებობს სტაბილური ერთგვაროვანი სამოსამართლო პრაქტიკაც (იხ. სუსგ. საქმე №ას-657-657-2018, 30.07. 2018 წელი, №ას-775-742-2016, 29.12.. 2016 წელი,№ას-914-954-2011, 27.10.2011; №ას-658-625-2014, 5.12.2014; №ას-1189-1119-2015, 23.03.2016; №ას-1777-1755-2011, 04.06.2012; №ას-1107-1027-2017, 23.02.2018).
22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ.იხ. სუსგ-ებები №ას-262-253-2012, 25 ივნისი, 2012 წელი; №ას-305-293-2012, 7 მაისი, 2012 წელი; №ას-1522-1529-2011, 29 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-1777-1755-2011, 4 ივნისი, 2012 წელი; №ას-1101-1050-2014, 6 თებერვალი, 2015 წელი).
23. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ე.გასიტაშვილი