5 ნოემბერი, 2019 წელი, №ას-697-2019 ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე,
ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) – ნ.ჯ–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხეები) - ზ.გ–ი, ე.ვ–ძე, ნ.გ–ი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – დოკუმენტის სიყალბის დადგენა, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის აღიარება და მესაკუთრედ ცნობა, გარიგების ბათილად ცნობა და თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
- ნ.ჯ–ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება, რომლითაც ე.ვ–ძეს (შემდეგში მეორე მოპასუხეს) (პ/ნ ....) აეკრძალა მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ნივთების, მდებარე: ქ.ბათუმში, ..... (საკადასტრო კოდი №......) და ქ. ბათუმი, ..... № 57/590-ში მდებარე ბინა 31 (საკადასტრო კოდი ......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 სექტემბრის განჩინებით საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა; დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის დაბრუნება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 აპრილის განჩინებით:
- შეჩერდა 7 თვით მოსარჩელის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული სამოქალაქო საქმის №2/ბ-91-19, წარმოება ზ.გ–ის (შემდეგში პირველი მოპასუხის), მეორე მოპასუხისა და ნ.გ–ის (შემდეგში მესამე მოპასუხის) მიმართ, მესამე მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
7. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2017 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
8. 2019 წლის 8 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელმა და მიუთითა, რომ უარს ამბობს კერძო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
10. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
11. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.
12. სსსკ-ის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
13. ამდენად, აპელანტი უფლებამოსილია, კანონით გათვალისწინებული შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, დაუბრკოლებლად უარი განაცხადოს თავის სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნული წესი ვრცელდება კერძო საჩივარზე უარის თქმის უფლებაზეც.
14. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა კერძო საჩივარზე, შესაბამისად, საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 378-ე, 284-ე-285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ჯ–ის კერძო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ.ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი