Facebook Twitter

31 იანვარი, 2017 წელი,

№ას-941-906-2016

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – ბ.ჭ–ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბ.ჭ–ი (შემდეგში - მოსარჩელე, პირველი აპელანტი, დასაქმებული) 2007 წლის 1 ივლისიდან 2015 წლის 31 დეკემბრამდე დასაქმებული იყო სსიპ მომსახურების სააგენტოს (შემდეგში - მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი, დამსაქმებელი) ხობის რაიონული განყოფილების უფროსის თანამდებობაზე.

2. დამსაქმებელი ორგანიზაციის დირექტორის 2015 წლის 2 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე 2015 წლის დეკემბერში შეფასდა ამ ორგანიზაციის რაიონული (საქალაქო) განყოფილებების უფროსების კვალიფიკაციისა და პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობა. მითითებული ბრძანებით დამტკიცდა “სამუშაოსთან შესაბამისობის შეფასების წესიც”.

3. დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან/შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის პროფესიული უნარ-ჩვევების შესაბამისობის შეფასება მოიცავდა 2 თანმიმდევრულ ეტაპს - ტესტირებასა და გასაუბრებას. ტესტირების ეტაპის გადასალახად შესაფასებელ პირს 60-დან სწორად უნდა ეპასუხა არანაკლებ 45 კითხვისათვის და დაეგროვებინა სწორი პასუხების 75%. გასაუბრების ქულათა მინიმალური ზღვარი კი, ქულათა 60%-ით განისაზღვრა.

4. შეფასების შედეგად კომისიას შეეძლო დასკვნა გამოეტანა შესაფასებელი პირის თანამდებობასთან შესაბამისობის ან შეუსაბამობის შესახებ. შეფასების დამტკიცებული წესის თანახმად, კანდიდატის თანამდებობასთან შეუსაბამობის შესახებ დასკვნა შეიძლებოდა, კანდიდატის დაქვეითების ან მასთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გამხდარიყო.

5. ამავე შეფასების სისტემის მიხედვით, გასაუბრების ეტაპზე კომისიას უნდა მოესმინა გაწეული საქმიანობის შესახებ შესაფასებელი პირის ინფორმაცია, დაესვა კითხვები და, მიღებული პასუხების მიხედვით, შეემოწმებინა მისი პროფესიული დონე და კვალიფიკაცია.

6. დასაქმებულმა ტესტირების ეტაპზე 47 ქულა დააგროვა, რითაც შესაფასებელი გამოცდის პირველი ეტაპი გადალახა, გასაუბრების შედეგად კი მხოლოდ 55 ქულა, ე.ი. ქულათა 53,3% მიიღო, რის საფუძველზეც 2015 წლის 25 დეკემბერს კომისიამ გადაწყვიტა, რომ იგი დაკავებულ თანამდებობას არ შეესაბამებოდა.

7. კომისიის დასკვნის საფუძველზე, 2015 წლის 31 დეკემბერს დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.

8. 2016 წლის 22 თებერვალს დასაქმებულმა სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ოქმისა და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობა და იძულებით განაცდურის ანაზღაურება მოითხოვა.

8.1. მოსარჩელის მტკიცებით, დამსაქმებელმა მოსარჩელის კვალიფიკაციის შემოწმების საკითხი განიხილა გამჭირვალობისა და მიუკერძოებლობის, ამავდროულად, ობიექტურობის პრინციპების დარღვევით და კომისიამ დასაქმებული არაკეთილსინდისიერად განიხილა დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამო კვალიფიკაციის მქონე პირად.

9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში სარჩელის წინააღმდეგ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარდგენით უარყო მისი საფუძვლიანობა.

9.1. მოპასუხის მტკიცებით, პროფესიული ჩვევებისა და კვალიფიკაციის განსაზღვრისას დამსაქმებელი მოქმედებდა კანონიერების, სამართლიანობის, საჯაროობის, გამჭირვალობის, არადისკრიმინაციულობის, ობიექტურობის, მიუკერძოებლობისა და კოლეგიურობის პრინციპებით.

9.2. მოპასუხისვე მტკიცებით, გასაუბრების ეტაპზე, დაკავებულ თანამდებობასთან შეფასებას დაქვემდებარებული პირის შესაბამისობის დადგენის მიზნით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ მოისმინა შესაფასებელი პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ, მისთვის დასმულ კითხვებზე მიღებული პასუხების მიხედვით კი - შემოწმდა მისი პროფესიული დონე და კვალიფიკაცია.

10. ფოთის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სასამართლომ საკონკურსო საატეტაციო კომისიის სადავო ოქმი და დამსაქმებლის ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ბათილად ცნო; დამსაქმებელს დაევალა დასაქმებულთან კონკურსის მე-2 ეტაპის - გასაუბრების ხელახლა გამართვა. დავის გადაწყვეტის შესაბამის ეტაპზე მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

10.1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული გარემოებები.

10.2. სასამართლოს განმარტებით, კონკურსის გამჭირვალობის პრინციპის ფარგლებში გამოყენებული პროცედურები, მეთოდები და შეფასების კრიტერიუმები ნათლად ფორმულირებული, გასაგები და აღქმადი უნდა ყოფილიყო ყველა პრეტენდენტისთვის. სასამართლოს შეფასებით, კონკრეტული საქმის განხილვისას დადგინდა, რომ ობიექტური დამკვირვებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, გასცნობოდა, შეეფასებინა და დასკვნა გამოეტანა გასაუბრების მართლზომიერებასთან დაკავშირებით. სასამართლოს განმარტებით, კომისიის წევრებმა დასაქმებული შეაფასეს 55 ქულით, თუმცა მისი სარწმუნოობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე არ იყო მოპოვებული. ამავდროულად, სასამართლოს განსჯით, კონკურსის შედეგების ამსახველი შემაჯამებელი ოქმი, მოკლებული იყო დასაბუთებას. შესაბამისად, ამ ვითარებაში, სასამართლომ დაასკვნა, რომ გასაუბრების შედეგი არამართლზომიერი იყო.

11. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც მოსარჩელემ, ასევე, მოპასუხემ, რომელთაც სადავო გადაწყვეტილების გაუქმება და საკუთარ მოთხოვნათა (სარჩელის დაკმაყოფილება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა) დაკმაყოფილება მოითხოვეს.

11.1. პირველი აპელანტის განმარტებით, საქმეზე მის მოთხოვნას სადავო ბრძანებისა და კომისიის ოქმის ბათილად ცნობასთან ერთად, ამავდროულად, სამუშაოზე აღდგენა და განაცდურის ანაზღაურებაც წარმოადგენდა, რაზეც სასამართლომ არ იმსჯელა. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს სადავო გადაწყვეტილებაში არ მიუთითებია, თუ რატომ არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა დავის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე.

11.2. მეორე აპელანტის სააპელაციო საჩივარი არსებითად შესაგებელში მითითებულ სამართლებრივ დასაბუთებას ემყარება.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით, დავა განსჯადობით განსახილველად სამოქალაქო საქმეთა პალატას გადაეცა.

13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით, აპელანტთა სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს სადავო გადაწყვეტილება და დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა. დასაქმებულის შეფასების ნაწილში სასამართლომ ბათილად ცნო დამსაქმებელი ორგანიზაციის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2015 წლის 25 დეკემბრის N96 ოქმი და დამსაქმებლის ბრძანება დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ნაწილში. სააპელაციო სასამართლომ დასაქმებული დამსაქმებელ ორგანიზაციაში დაკავებულ თანამდებობაზე აღადგინა. ამასთან, დასაქმებულის სასარგებლოდ დამსაქმებელს დაეკისრა 758 ლარის გადახდა ყოველთვიურად, 2015 წლის 31 დეკემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. პალატამ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ ქვეპუნქტით, 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით და 32-ე მუხლის პირველი ნაწილით იხელმძღვანელა.

13.1. პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ საქმე შეცდომით განიხილა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ვინაიდან გასაჩივრებული ბრძანება იყო კერძო სამართლის კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ სამართლებრივი აქტი, რომლის კანონიერებაც სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში უნდა შემოწმებულიყო.

13.2. პალატის განსჯით, დამსაქმებელმა დასაქმებულთან ხელშეკრულება არამართლზომიერად მოშალა. პალატის განმარტებით, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტას საფუძვლად უნდა დასდებოდა იმგვარი ფაქტი, რომელიც დაამტკიცებდა “დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან” მის შეუსაბამობას და, ამასთან, დასაქმებულს ამ მტკიცების უარყოფისა და საწინააღმდეგოს დადასტურების შესაძლებლობა ექნებოდა. პალატის განმარტებით, დამსაქმებელს ამგვარი ფაქტების შესახებ საერთოდ არ მიუთითებია, კერძოდ, დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა არა რომელიმე ფაქტი, რომელიც დაკავებულ თანამდებობასთან მის შეუსაბამობას დაადასტურებდა, არამედ - კომისიის არადამაკმაყოფილებელი და, ამასთან, დაუსაბუთებელი შეფასება. პალატის განმარტებით, დამსაქმებელს, არც კი მიუთითებია, თუ რა კითხვები დაუსვა კომისიამ დასაქმებულს და რომელ მათგანს ვერ გასცა პასუხი შესაფასებელმა პირმა; ამის გარეშე კი, პალატის მოსაზრებით, დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის დადგენა შეუძლებელი იყო.

13.3. პალატამ ამავდროულად შეფასების წესების იმ დათქმაზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც კომისიის არადამაკმაყოფილებელ შეფასებისას, არამარტო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას, არამედ დასაქმებულის თანამდებობრივად დაქვეითების შესაძლებლობასაც ადგენდა (“შესაბამისობის შეფასების წესის” მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი). აღნიშნულზე დაყრდნობით, პალატამ განმარტა, რომ კომისიის, თუნდაც დასაბუთებული, არადამაკმაყოფილებელი შეფასება შრომითი ხელშეკრულების უპირობოდ მოშლას არ იწვევდა. პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელს უნდა მიეღო ზომები შრომითი ურთიერთობების შესანარჩუნებლად, მიეცა ვადა დასაქმებულისათვის ხარვეზების აღმოსაფხვრელად ან თანამდებობრივად დაექვეითებინა მაინც და, მხოლოდ ამის შეუძლებლობის შემთხვევისას მოეშალა ხელშეკრულება.

14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, რომელმაც ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით მოითხოვა:

14.1. კასატორის მტკიცებით, დამსაქმებელმა მართებულად და ჯეროვნად უზრუნველყო საკუთარი პოზიციის დამტკიცება, კერძოდ, დასაქმებულმა გასაუბრების შედეგად კომისიის წევრთა საერთო შეფასების მაჩვენებლებით 45.83% მიიღო, რაც გასაუბრების ქულების მინიმალურ ზღვარზე 60%-ზე ნაკლები იყო და, შესაბამისად, გასაუბრების ეტაპის გადაულახველობაზე მეტყველებდა.

14.2. კასატორის მტკიცებით, კონკურსის პროცესი იყო გამჭვირვალე, გამოსაცდელ პირებს წინასწარ ეცნობათ ყველა იმ სამართლებრივი აქტის თაობაზე რომელიც ეხებოდა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ხოლო თავად დამსაქმებელი მოქმედებდა შეფასების დამტკიცებული წესებით, რომელშიც დეტალიზებული იყო კონკურის ჩატარების ყველა ნიუანსი.

14.3. კასატორმა არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, დამსაქმებლის მიერ შრომითი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ზომების მიღებასთან დაკავშირებით. კასატორის განმარტებით, მოსარჩელე მოპასუხე ორგანიზაციაში 11 წლის განმავლობაში იყო დასაქმებული შესაბამის თანამდებობაზე და ასეთი ხანგრძლივი პროფესიული მუშაობის შემდგომ, პრაქტიკულად არ არსებობდა შანსი დასაქმებულის კვალიფიკაციის ასამაღლებლად. შესაბამისად, დასაქმებულისთვის დამატებითი დროის მიცემა კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია.

14.4. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს არ გამოუკვლევია რამდენად იყო შესაძლებელი დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენა. კასატორის მითითებით, იმ პოზიციაზე, რომელზეც დასაქმებული იყო მოსარჩელე, 2016 წლის 15 ივლისიდან, განუსაზღვრელი ვადით, დანიშნული იყო სხვა მოქალაქე, რაც მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენას გამორიცხავდა.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო,დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია , რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

19. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა, სახელდობრ:

19.1. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლიანობა სშკ-ის 38.8 (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), ასევე, სსკ-ის 394.1 (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.

19.2. სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, პირველ რიგში სასამართლო ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (შდრ. სუსგ №ას-151-147-2016, 19.04.2016). მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლებას საფუძვლად - სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ოქმი დაედო.

19.3. სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამსაქმებელს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტოს დასაქმებულს.

19.4. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოსარჩელის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შეუსაბამობის ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს, რომ მოსარჩელემ ვერ გაიარა პროფესიული უნარ-ჩვევების დაკავებული თანამდებობის მოთხოვნებთან/შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის კონკურსი, რის გამოც გამოიკვეთა მისი სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.

19.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა არის უკიდურესი ღონისძიება, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს გამონაკლის და მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში, მყარი საფუძვლის არსებობის პირობებში. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. “favor prestatoris” პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლისა და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტით (შდრ. სუსგ № ას-941-891-2015, 2016 წლის 29 იანვრის განჩინება).

19.6. შესაბამისად, საკასაციო პალატის განსჯის საგანია, გამოირკვეს ნამდვილად არსებობდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შესაწყვეტად სშკ-ის 37-ე მუხლი პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის გამოყენების წინაპირობები.

19.7. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის მოთხოვნის ძირითად სამართლებრივ არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ კონკურსის მეორე ეტაპის (გასაუბრება) პროცესი არ იყო გამჭვირვალე და იგი ობიექტურად არ შეუფასებია საკონკურსო-საატესტაციო კომიასიას. აღნიშნულის საპირწონედ დამსაქმებელი შეფასების წესების წარმოდგენით და მის შინაარსობრივ მხარეზე დაყრდნობით (რომელშიც დეტალიზებულია კონკურსის ჩატარების პროცედურები და გადაწყვეტილების მიღების წესი (კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები)) აპელირებს, რომ სადავო კონკურსის გასაუბრების ეტაპი იყო კანონშესაბამისი, გამჭვირვალე და შედეგების მიმართ კითხვის ნიშნები არ არსებობდა. საკასაციო პალატა კასატორის ამ მსჯელობის საწინააღმდეგოდ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, დამსაქმებელს დეტალურად არ მიუთითებია გასაუბრების შინაარსობრივ მხარეზე, დამსაქმებელმა სასამართლოს წარუდგინა მხოლოდ შეფასების ის სისტემა, რითაც შეფასებას დაქვემდებარებულ პირთა დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმებისას იხელმძღვანელა, თუმცა მხოლოდ შეფასების წესების, თუნდაც პროცედურულად დეტალიზებულის არსებობა არ ქმნის კონკურსში მონაწილე პირის მიმართ გასაუბრების გამჭვირვალედ წარმართვის ვარაუდს. უფრო მეტიც, საკასაციო პალატის განსჯით, განსახილველ დავაზე შეფასებას დაქვემდებარებული პირის შეფასების პროცესი გამჭირვალობის სულ მცირე სტანდარტსაც არ აკმაყოფილებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაუბრების პროცესი გამჭვირვალე და კანდიდატის გასაუბრების შედეგი დაკავებულ თანამდებობასთან მისი შეუსაბამობის დამადასტურებელი იმ შემთხვევაში იქნებოდა, თუ დამსაქმებელი სამართალწარმოების პროცესში დაასაბუთებდა არა ზოგადად, ტექნიკურად და თეორიულად გასაუბრების გამჭირვალობისა და ობიექტურობის პროცესს, არამედ კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად იყო შეფასების წესებში მითითებული პრინციპები და შეფასების სტანდარტი დაცული არადამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე მოსარჩელის მიმართ, რისი გამორკვევაც მხოლოდ იმ პირობებში იქნებოდა შესაძლებელი, თუ იარსებებდა გასაუბრების ოქმის აუდიოჩანაწერი ან დამსაქმებელი სასამართლოს წინაშე სრული სიზუსტით აღადგენდა გასაუბრების მიმდინარეობას, კერძოდ, რა შეკითხვებით მიმართეს დასაქმებულს, რომელ მათგანზე ვერ უპასუხა დასაქმებულმა, რასაც უნდა მოჰყოლოდა დამსაქმებლის დასაბუთება, დასაქმებულის მიერ გაუცემელ პასუხებს, რამდენად შეეძლო, დაედასტურებინა დასაქმებულის კვალიფიკაციის უკმარისობა დაკავებულ თანამდებობასთან მიმართებით, რაც დამსაქმებელმა მოცემული დავის ფარგლებში ვერ შეძლო. გასაუბრების შინაარსობრივი მხარის გამორკვევას კი, არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა სასამართლოსთვის საკონკურსო საატესტაციო კომისიის სადავო ოქმის კანონიერების შესაფასებლად.

19.8. საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას (შდრ: სუსგ. საქმე №ას-151-147-2016, 19 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი). განსახილველ დავაზეც კასატორი (მოპასუხე) იყო ვალდებული, სათანადო მტკიცებულებებით დაედასტურებინა, რომ მოსარჩელემ საკონკურსო-საატესტაციო შეფასების მეორე ეტაპი ვერ დაძლია და ამასთან, მისი კვალიფიკაცია იმდენად შეუსაბამო იყო დაკავებული თანამდებობისთვის, რომ უფრო მსუბუქი სანქციის, კერძოდ, დასაქმებულის თანამდებობრივი დაქვეითების გამოყენების წინაპირობა არ გამოიკვეთა და გამართლებული იყო შრომითსამართლებრივ ურთიერთობებში უკიდურესად მკაცრი სანქციის, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით, დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება. პალატის მოსაზრებით, კასატორის მარტოოდენ აპელირება დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების მართლზომიერებაზე და ამ მიზნით საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სახელმძღვანელო წესების მოხმობა არ ქმნის მითითებული საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის შრომის კანონმდებლობის შესატყვის იურიდიულ საფუძველს. ამდენად, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნის და მისი თანამდევი შედეგის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონზომიერება. ამ დასკვნის გამოტანის საფუძველს კი, ქმნის საქმეზე თანმიმდევრულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებების უკმარისობა.

20. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს წინამდებარე განჩინების 14.4. პუნქტში კასატორის მიერ განვითარებულ მსჯელობას, მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება, ადამიანის შრომის კონსტიტუციური უფლების იმგვარი უხეში ხელყოფაა, რომ სასამართლო მიზანშეწონილად თვლის ყველა შესაძლო სამართლებრივი ბერკეტის გამოყენებით უზრუნველყოს დასაქმებულის დარღვეული უფლების აღდგენა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის დანაწესს და განმარტავს, რომ დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016). ამდენად, შრომის კანონმდებლობა უპირატესად სწორედ დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენას მოიაზრებს დარღვეული უფლების რესტიტუციის ყველაზე უფრო სამართლიან ღონისძიებად, ერთადერთ დამაბრკოლებელი გარემოებად ამ უფლების გამოყენებისათვის კანონმდებლობა შესაბამის თანამდებობაზე დასაქმებული ახალი თანამშრომლის კანონიერ ინტერესებს განიხილავს.

20.1. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე დასაქმებულის სამუშაოზე აღდგენის გამომრიცხველი გარემოების სახით სასამართლოს წარუდგინა დამსაქმებლის 2016 წლის 15 ივლისის ბრძანება გათავისუფლებული პირის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის თაობაზე (იხ. ტ.2, ს.ფ. 117). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 407.1 მუხლით რეგლამენტირებული დანაწესის ფარგლებში საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, მხოლოდ იმსჯელოს და შეაფასოს ის მტკიცებულებები და ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც წარდგენილია და დადგენილია სააპელაციო სასამართლოს მიერ, საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საპროცესო კანონმდებლობა არ უშვებს ახალი მტკიცებულების წარგდენის შესაძლებლობას. როგორც მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, კასატორს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე სააპელაციო სასამართლოს წინაშე არ მიუთითებია მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე სხვა პირის დანიშვნის თაობაზე, ხოლო საკასაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფარგლებში მოკლებულია შესაძლებლობას დაუშვას საქმეზე ახალი მტკიცებულებები და დავის იურიდიული შედეგის განსაზღვრისას მას სამართლებრივი მნიშვნელობა მიანიჭოს.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ. საქმე№ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015. საქმე №ას-510-483-2015, 9 ივნისი, 2016 წელი).

22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული მტკიცებულება - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის 15.07.2016 წლის #04-519კ ბრძანება (ტ. 2, ს.ფ. 117);

3. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ზ. ძლიერიშვილი