22 ოქტომბერი, 2019 წელი,
საქმე №ას-931-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ბ.ჩ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, და ახალი, გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბ.ჩ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კასატორი, მოპასუხე ან მსესხებელი) საკასაციო პრეტენზიები ეხება იმას, რომ გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მას მოსარჩელის - მ.ა–ის (შემდეგში ტექსტში, მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან ცესიონერი სასარგებლოდ, 1000 აშშ დოლარის (სესხისა და სარგებლის) გადახდა დაეკისრა, არც პროცესუალური და არც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ შეაფასა მას და შპს „მ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც გამსესხებელი, მომთხოვნის დამთმობი, იგივე ცედენტი) შორის დადებული სესხის ხელშეკრულებების სამართლებრივი ბუნება, კერძოდ ის, რომ სესხის დაბრუნებას უზრუნველყოფდა მსესხებლის სახელფასო ანგარიშზე არსებული თანხები;
1.2. გარდა ამისა, ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სახელფასო ბარათის გამოყენებით სესხის დაფარვა შეეძლო მოთხოვნის ახალ მფლობელს - მ.ა–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი ან ცესიონერი), რომელსაც ამ უფლებით არ უსარგებლია, სასამართლომ კი, აღნიშნული გარემოების შეფასების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები და დაადგინა შემდეგი:
4.2.1. მხარეებს შორის 2014 წლის 11 და 22 ოქტომბერს დაიდო წერილობითი შეთანხმებები, რომელთა საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისაგან თავდაპირველად ისესხა 400, ხოლო შემდეგ 500 აშშ დოლარი, ყოველთვიური 20%-იანი სარგებლის მიღების პირობით. სესხის დაბრუნების ვადა სამ თვეს შეადგენდა.
4.2.2. გამსესხებელმა 2016 წლის 29 ოქტომბერს სესხის დაბრუნების მოთხოვნა, რომელიც მას მოპასუხის მიმართ გააჩნდა, მოსარჩელეს დაუთმო (სსკ-ის 198-199-ე მუხლები).
4.2.3. მოპასუხემ დადგენილი ვადის მიხედვით სესხი არ დააბრუნა. შესაბამისად, მას მოსარჩელისათვის სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხის დაბრუნების ვალდებულება ეკისრება სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი).
4.3. კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ სესხის ხელშეკრულება არ ჩათვალა უზრუნველყოფილ სესხის ხელშეკრულებად და სათანადოდ არ შეაფასა მოსარჩელის მიერ მოპასუხის სახელფასო ბარათის გამოუყენებლობის მიზეზები, საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია. განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელზე სესხის გადაცემის ფაქტი უდავოა (იხ. სესხის ხელშეკრულებები ტ.1, ს.ფ. 25-28, 29-32), გამსესხებლის მიერ მოსარჩელისათვის მოთხოვნების დათმობის დროისათვის (29.10.2016 წელი) მსესხებელს ვალდებულება ჯერ კიდევ არ ჰქონდა შესრულებული. მოთხოვნები ისევე გადავიდა ახალ მფლობელზე (მოსარჩელეზე), როგორც ისინი ძველი მფლობელის (გამსესხებლის) ხელში იყო (სსკ-ის 198.1-ის ბოლო წინადადება). ამასთან, საქმეზე არ ყოფილა დადგენილი მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.) აქედან გამომდინარე, მოპასუხეს სწორად დაეკისრა გადასახდელად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხა.
4.4. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას უზრუნველყოფილი სესხის თაობაზე, რომლის მიხედვითაც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებები განისაზღვრება კანონით და/ან დგინდება მხარეთა შეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები სესხის უზრუნველსაყოფად მსესხებლის სახელფასო ბარათის გამოყენებაზე შეთანხმდნენ, მოსარჩელე ვერ სარგებლობდა მოპასუხის ანგარიშზე არსებული თანხით, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მოპასუხეს ანგარიშიდან თანხა უკვე გატანილი ჰქონდა, შესაბამისად, მოსარჩელე უზრუნველყოფის ღონისძიებას პრაქტიკულად ვერ იყენებდა.
5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.
6. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
7. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
9. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% - 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ჩ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ბ.ჩ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება #145, გადახდის თარიღი 12.07.2019 წ.), 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი