საქმე №ა-5145-შ-157-2019 29 ნოემბერი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ნ.ხ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ხ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება #42317-02-19
დავის საგანი – განქორწინება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის #42317-02-19 გადაწყვეტილებით შეწყდა ნ.ხ–სა (შემდეგში: განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და ი.ხ–ს შორის 2016 წლის 13 ივნისს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2019 წლის 11 ნოემბერს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის #42317-02-19 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
4. ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილება მიღებულია წყვილის ერთობლივი განცხადებით.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 19 ნოემბრის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის #42317-02-19 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ გადაწყვეტილება მიღებულია წყვილის ერთობლივი განცხადებით.
7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ხ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ისრაელის სახელმწიფოს, თელ-ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2019 წლის 24 მაისის #42317-02-19 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ნ.ხ–სა და ი.ხ–ს შორის 2016 წლის 13 ივნისს საქართველოში რეგისტრირებული ქორწინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე