Facebook Twitter

საქმე №ა-5492-ბ-20-2019 2 დეკემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განცხადების ავტორი – სს „ს. ბ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილებები – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის, 24 იანვრის და 21 თებერვლის განჩინებები; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის, 5 აპრილის და 25 აპრილის განჩინებები

განმცხადებლების მოთხოვნა – გასაჩივრებული გაგადაწყვეტილებების ბათილად ცნობა

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ლ. ს-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ე. ნ-ის მიმართ კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ. ს-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 4925 ლარის გადახდა და მოსარჩელე ცნობილ იქნა სადავო საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ, რაც ე. ნ-მა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინებით ე. ნ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ე. ნ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 აპრილის განჩინებით ე. ნ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 თებერვლის განჩინება.

2019 წლის 29 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „ს. ბ.“ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის, 24 იანვრის და 21 თებერვლის განჩინებების საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის, 5 აპრილის და 25 აპრილის განჩინებების ბათილად ცნობა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. ბ.“ განცხადება მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

ამავე კოდექსის 424-ე მუხლი ადგენს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცახადების განსჯადობას, რომელიც განცხადების განსახილველად მიღების ერთ-ერთი სავალდებულო წინაპირობაა. ნორმის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე შემაჯამაბელი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პირველი ინსტანციის – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ. სააპელაციო პალატამ განუხილველად დატოვა ემა ნალბანდიანის სააპელაციო საჩივარი, ხოლო, საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კერძო საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება. ამდენად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე განსჯად სასამართლოს წარმოადგენს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

იმ ვითარებაში, როდესაც საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი, განიხილოს განცხადება, ის მსჯელობის გარეშე ტოვებს, როგორც მოთხოვნის პროცესუალური საფუძვლის (სახეზეა სსსკ-ის 422-ე თუ 423-ე მუხლების წინაპირობები), ისე – პრეტენზიათა შინაარსობრივი დასაბუთების საკითხს.

რაც შეეხება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის თანახმად, ხსენებული საკითხი ასევე იმ სასამართლოს შესაფასებელია, რომლის განსჯადსაც თავად საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება წარმოადგენს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სს „ს. ბ.“ განცხადება წარმოდგენილია განსჯადობის წესების დარღვევით, რაც მისი დაუშვებლად ცნობის საფუძველია.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 6.3 მუხლის თანახმად, განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 28 ნოემბერს №29984 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 100 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ს. ბ.“ განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 იანვრის, 24 იანვრის და 21 თებერვლის განჩინებების საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 29 მარტის, 5 აპრილის და 25 აპრილის განჩინებების ბათილად ცნობისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თაობაზე მიჩნეულ იქნას დაუშვებლად.

2. სს „ს. ბ.“ (ს/კ №20437...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2019 წლის 28 ნოემბერს №29984 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი 100 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი