Facebook Twitter

საქმე №ას-1403-2019 21 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ. პ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ნ. პ.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ პირგასამტეხლოს სახით 23 825,16 ლარის გადახდის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 25 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №38 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელმა ორგანიზაციამ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელე ორგანიზაციის სხვადასხვა დანაყოფისათვის მიეწოდებინა საკვები პროდუქტები (ყველი), ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით მოთხოვნის შესაბამისად კვირაში ერთხელ.

3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.1. პუნქტით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, კერძოდ, საკვები პროდუქტი, ქ. თბილისში, ნაცვლად 2017 წლის 30 ოქტომბრისა, მიეწოდა 2017 წლის 24 ნოემბერს, 25 კალენდარული დღის დაგვიანებით, ხოლო ქ. ზუგდიდში, 2017 წლის 31 ოქტომბრის ნაცვლად, – 2017 წლის 28 ნოემბერს, 28 კალენდარული დღის დაგვიანებით.

4. აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების №1 დანართით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გადაცილებისათვის შემსყიდველის მიერ მიმწოდებელ კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 299 687,50 ლარის 0,15%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 23 825,16 ლარს. მოპასუხემ დაკისრებული პირგასამტეხლო არ გადაიხადა.

მოპასუხის პოზიცია:

5. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არის არაგონივრულად მაღალი. გარდა ამისა, პირგასამტეხლო არასწორად არის დარიცხული, რადგან მისი ოდენობა უნდა გამოითვალოს კონკრეტული პოზიციის საქონლის ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან.

6. მოპასუხემ, ასევე განმარტა, რომ ვალდებულება ვერ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ იყო გამოწვეული.

7. 2017 წლის დასაწყისიდან მოპასუხე აღნიშნული ხელშეკრულებების გათვალისწინებით კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებებს დათქმულ დროსა და ადგილას, არ მიუღია შენიშვნა პროდუქციის ხარისხსა და მიწოდების გრაფიკის დარღვევასთან დაკავშირებით.

8. 2017 წლის 24 ოქტომბერს სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად ჩატარდა ერთობლივი ღონისძიებები, დეზინფექცია და დერატიზაცია ჩაუტარდა წარმოებაში არსებულ მანქანა-დანადგარების, რის შემდეგაც გაკეთდა ჩამონარეცხების 34 წერტილში მიკრობიოლოგიური ანალიზები, რისი პასუხიც სტანდარტულად გაიცემა 5-7 თვის ვადაში. ვინაიდან, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოება არ ფუნქციონირებდა და კომპანიას მისაწოდებელი ჰქონდა პროდუქცია, ხელშეკრულების შესასრულებლად მოპასუხემ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროდუქციის ჩანაცვლების მიზნით, რისთვისაც საჭირო იყო პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზის აღება, რასაც დაჭირდა 21 დღე, რომლის გასვლის შემდეგაც მოპასუხემ განაახლა პროდუქციის მიწოდება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს – 202,87 ლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებისა და 230-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს 2019 წლის 21 მაისს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ უწყება ჩაბარდა, თუმცა ეს უკანასკნელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა კი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ამ უკანასკნელის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების შესახებ საკითხი. აპელანტმა მიიჩნია, რომ მიწოდების ვადის დარღვევის დადასტურების პირობებში, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ არსებობდა გარიგებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს – 23 825,16 ლარიდან 202.87 ლარამდე შემცირების საფუძველი.

13. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების დადასტურებულად მიჩნევასთან ერთად აუცილებელია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული და დადასტურებულად მიჩნეული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს აპელანტის მოთხოვნას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მოცემულ შემთხვევაში პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო საჩივარში მითითებული ოდენობის პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.15%-ის ოდენობით, არის თუ არა შეუსაბამოდ მაღალი.

14. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული ამა თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხია. შესაბამისად, აპელანტის მიერ იმ პოზიციის დაფიქსირება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა არის არამართლზომიერი და არაგონივრული იმ თვალსაზრისით, რომ ზედმეტადაა შემცირებული, სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნება მიჩნეული იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომელიც შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. საკითხი იმის შესახებ არის თუ არა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანი, წარმოადგენს შესაფასებელ, სამსჯელო საკითხს, რომლის შეფასების დროსაც ყურადღება უნდა გამახვილდეს იმ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც იქნა გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას. კონკრეტულ შემთხვევაში კი ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ მოპასუხემ ვადაგადაცილებით მიაწოდა აპელანტს არა მთლიანი 299 687 ლარის ღირებულების პროდუქტი, არამედ ერთ შემთხვევაში – 3145 ლარის ღირებულების, ხოლო მეორე შემთხვევაში – 2033 ლარის ღირებულების პროდუქტი, სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გამხდარა.

15. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრული განსაზღვრის ის ფაქტობრივი საფუძველი, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლო დაემყარა, არ არის შედავებული წარმოდგენილი აპელაციით. ამ პირობებში კი, როდესაც უდავოა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ 299 687 ლარის ღირებულების პროდუქტის მიწოდების ვალდებულებიდან დაარღვია მხოლოდ 3145 + 2033 ლარის (სულ – 5178 ლარის) ღირებულების პროდუქტის მიწოდების ვადები, არაგონივრული და არასამართლიანია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის – 0,15%-ის გამოანგარიშება მთლიანი მისაწოდებელი პროდუქტის ღირებულებიდან – 299 687 ლარიდან.

16. სააპელაციო პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას აქვს კანონიერი ნდობა სახელმწიფო ორგანოს ქცევის კეთილსინდისიერების მიმართ, რაც იმაში გამოიხატება, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციის გამოყენებამ კომპანია გადახდისუუნარობის პირას არ უნდა მიიყვანოს. სანქციის სახით დაწესებული პირგასამტეხლო უნდა ატარებდეს იმ სამართლებრივ მიზანს, რასაც მას სსკ-ის 417-ე მუხლი ანიჭებს.

17. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა პირგასამტეხლოს არსი და საფუძვლიანად შეამცირა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი გაზიარების საფუძველი.

18. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2017 წლის 25 იანვრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება ერთი წელზე მეტი ვადით მოქმედებდა, მხედველობაშია მისაღები ფაქტი, რომ მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით რძის პროდუქტების მიწოდებას გულისხმობდა, მხოლოდ ორ შემთხვევაში დაირღვა, პირველად ვადა გადაცილდა 3 145,52 ლარის ღირებულების პროდუქტის 25 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე შემთხვევაში – 2 033,08 ლარის ღირებულების პროდუქტის 28 დღის დაგვიანებით მიწოდებაში გამოიხატა. აღსანიშნავია, რომ 299 687.50 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც 2017 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 1 მარტის ჩათვლით მოქმედებდა, გარდა ზემოთ აღნიშნული ვადაგადილებისა, რომელიც, როგორც აღინიშნა, ერთ შემთხვევაში შესრულების 25 დღის დაგვიანებაში, ხოლო მეორე შემთხვევაში 28 დღის დაგვიანებით შესრულებაში გამოიხატა, შემსყიდველისთვის მისაღებ ვადებში და ხარისხით შესრულდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრება, ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირება წარმოადგენს. შესაბამისად, პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული უნდა იყოს.

19. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მსგავს სიტუაციაში, როდესაც შესრულების ვადის გადაცილება ეპიზოდურია და დაახლოებით ერთი წლის ვადით მოქმედი გარიგების ფარგლებში მხოლოდ ორ ეპიზოდში ფიქსირდება, ამასთან, მოსარჩელის მხრიდან კონკრეტულ მტკიცებულებებზე მითითებით ვერ დადასტურდა ვალდებულების ვადაგადაცილებით შესრულებით გამოწვეული ზიანის დადგომა, პალატამ დაასკვნა, რომ აღნიშნული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 420-ე მუხლის გამოყენების სამართლებრივ საფუძველს ქმნის. საბოლოოდ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების თანხის 0.15%, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა ის 202,87 ლარამდე (ვადის დარღვევით შესრულებული ღირებულების 0.15 %-მდე).

20. ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც აპელანტი მხოლოდ ზოგადი კრიტიკით შემოიფარგლება გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ და მიუთითა, რომ არამრთლზომიერადაა შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა, მაგრამ არ აქვს საკმრისად შედავებული ის კონკრეტული ფაქტობრივი საფუძველები, რასაც ემყარება სასამართლოს სამართლებრივი დასკვნა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სააპელაციო საჩივრით დაყენებულ მოთხოვნას და პირველი ინსტანციის სასამართლომ ზემოთ მითითებული გარემოებების გათალისწინებით, მართებულად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირებასთნ დაკავშირებით.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

21. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

22. კასატორმა მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს დასაბუთება საკმარისად დასაბუთებული არ არის. საკასაციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით (საქმე №ას-655-626-2016), დგინდება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმები. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დეტალურად არ იმსჯელა ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებზე. ფაქტობრივად, მოპასუხემ არ შეასრულა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები, ჯერ 25, შემდეგ კი 28 დღით გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას. დაუსაბუთებელია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ მინიმალურ პრეზუმირებულ ზიანზე მაღალი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ შეიძლება ჩაითვალოს.

23. ამდენად, კასატორმა მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოპასუხე თითქმის მთელი თვის მანძილზე არ აწვდიდა საკვებს მოსარჩელე ორგანიზაციის ობიექტებს. ამასთან, ხელშეკრულების დადებისას მოპასუხემ გამოხატა ნება და თანხმობა, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,15%-ის ოდენობით.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

25. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

28. სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

29. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მოპასუხე მხარის საქმის განხილვაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი თავისთავად დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას არ გამოიწვევს, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც სასამართლო ვალდებულია, სამართლებრივად შეაფასოს სარჩელში მითითებული, დადასტურებულად ცნობილი გარემოებები და გამოარკვიოს, შეესაბამება თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა კანონით ამ ტიპის ურთიერთობათა მომწესრიგებელი ნორმების დანაწესს. თუ აღმოჩნდება, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უკანონოა, სასამართლო სარჩელს არ დააკმაყოფილებს.

30. ანალოგიური პრინციპით სსსკ-ის 387-ე მუხლის მეორე ნაწილი ადგენს, რომ, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. აღნიშნული ნორმით კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას, სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე დადგენილ და გაზიარებულ იქნას სააპელაციო საჩივარში დასახელებული გარემოებანი. თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდება.

31. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეტყობინება; 2. მისი არასაპატიო გამოუცხადებლობა; 3. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტების იურიდიული მართებულობა აპელანტის მოთხოვნასთან მიმართებით.

32. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ 2019 წლის 21 მაისს, 11:00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ უწყება მოპასუხეს ჩაბარდა, თუმცა ეს უკანასკნელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა კი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ამ უკანასკნელის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

33. სააპელაციო სასამართლომ მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის 25 იანვარს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება მოქმედებდა ერთი წელზე მეტი ვადით.

34. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც შემსყიდველი ორგანიზაციისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდულობით რძის პროდუქტების მიწოდებას გულისხმობდა, მხოლოდ ორ შემთხვევაში დაარღვა, პირველად – 3 145,52 ლარის ღირებულების პროდუქტის 25 დღის დაგვიანებით, ხოლო მეორე შემთხვევაში – 2 033,08 ლარის ღირებულების პროდუქტის 28 დღის დაგვიანებით. აღსანიშნავია, რომ 299 687.50 ლარის ღირებულების ხელშეკრულება, რომელიც 2017 წლის 25 იანვრიდან 2018 წლის 1 მარტის ჩათვლით მოქმედებდა, შემსყიდველისთვის მისაღებ ვადებში და ხარისხით შესრულდა.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

36. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

37. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

38. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

39. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

40. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

41. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

42. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

43. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

44. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. საქმე №ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

45. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

46. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

47. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქმე №ას-428-428-2018, 13.07.2018წ.)

48. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

49. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

50. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

52. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.

53. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასამართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ-ები: №ას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 6 მაისი, 2015 წელი, საქმე №ას-708-662-2107, 11.01.2017წ; №ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

54. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაგადაცილების, მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანისა და სხვა ზემოთ მითითებული გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მართებულად ჩათვალა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება კანონშესაბამისად. კასატორს კი აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

55. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

56. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

57. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

58. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

59. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური