საქმე №ას-1397-2019 21 ნოემბერი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ზ-ე, ნ. ჭ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ფ-ია, გ. ი-ე, ი. თ-ე, პ. მ-ე, ნ. ი. ლ-ი, ქ. ლ-ი, ს. ე. ლ-ი, გ. კ. ლ-ი, მ. მ-ე, მ. ბ-ე, მ. ბ-ე, მ. მ-ი, ნ. მ-ი, მ. ვ-ე, თ. ტ-ი, ა. შ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად გადაცემული უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ზ. ზ-ემ და ნ. ჭ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ფ-ას, გ. ი-ის, ი. თ-ის, პ. მ-ის, ნ. ი. ლ-ის, ქ. ლ-ის, ს. ე. ლ-ის, გ. კ. ლ-ის, მ. მ-ის, მ. ბ-ის, მ. ბ-ის, მ. მ-ის, ნ. მ-ის, მ. ვ-ის, თ. ტ-ისა და ა. შ-ის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად გადაცემული უძრავი ქონების საკუთრებაში დაბრუნების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 6 მაისის ბრძანების თანახმად, შეთანხმდა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი. გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა მშენებლობის სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2016 წლის 7 მაისიდან 2018 წლის 7 მაისის ჩათვლით პერიოდი. შეთანხმებული პროექტის თანახმად, უნდა აშენებულიყო ექვსსართულიანი შენობა მიწისქვეშა პარკინგით.
3. 2016 წლის 11 აგვისტოს მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებმა და ამხანაგობაში ფულადი შენატანების განმახორციელებელმა პირებმა გააფორმეს და სანოტარო წესით დაამოწმეს ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის დაფუძნების შესახებ.
4. ამხანაგობის მიზანია წინამდებარე ამხანაგობის დაფუძნების ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იურიდიული პირის შეუქმნელად განსაზღვრული წესით, შეთანხმებული პირობებითა და ვადებით ერთობლივად ააშენონ ობიექტი, რომელშიც განთავსებული იქნება საოფისე, კომერციული, ასევე, პროექტით გათვალისწინებული სამეურნეო და სხვა დანიშნულების ფართი.
5. მოსარჩელეებმა შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ამხანაგობაში შენატანის სახით შეიტანეს მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი.
6. 2016 წლის 9 სექტემბერს მოსარჩელეებმა წერილით მიმართეს ამხანაგობის თავმჯდომარეს და მოითხოვეს ინფორმაციის მიწოდება ამხანაგობის წევრების მიერ განხორციელებული ფულადი შენატანების შესახებ. 2016 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელეებმა განმეორებით მიმართეს წერილით ამხანაგობის თავმჯდომარეს, რაც ასევე რეაგირების გარეშე დარჩა.
7. 2016 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელეებმა კვლავ მიმართეს ამხანაგობის თავმჯდომარეს წერილით, რომლითაც მოითხოვეს იმ ამხანაგობის წევრების გარიცხვა, რომელთაც ვალდებულება ეკისრებოდათ, ამხანაგობაში გაეკეთებინათ ფულადი შენატანები. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ სწორედ ეს იყო მშენებლობის შეჩერების მიზეზი. ამ წერილით, მოსარჩელეებმა ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილი დააფიქსირეს და მიზეზად შემდეგი გარემოებები დაასახელეს: ამხანაგობის წევრების ნაწილს ფულადი შენატანი არ შეუტანიათ, რამაც გამოიწვია მშენებლობის შეჩერება. ამასთან, ამხანაგობის წევრების მიერ შენატანის შეტანის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, სამომავლოდ სამართლებრივი პრობლემები შეიძლება წარმოიშვას. თავმჯდომარე ამხანაგობის წევრების ნაწილის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას არ იღებს და მოსარჩელეებს არ აწვდის მოთხოვნილ ინფორმაციასა და ამხანაგობის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს. სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობს პროექტის შესაბამისად.
მოპასუხის პოზიცია:
8. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ ამხანაგობის წევრებს შორის შეთანხმებით ცვლილება შევიდა პროექტში და სართულები დაემატა. თავმჯდომარეს ამხანაგობის წევრებისათვის ამხანაგობის საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება არ შეზღუდულა. თავმჯდომარეს წერილები მოსარჩელეებისაგან არ მიუღია. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსარჩელეები უფლებამოსილნი იყვნენ, მოეთხოვათ საერთო კრების მოწვევა. მშენებლობა მიმდინარეობს და სარჩელის განხილვის დროისათვის აშენებულია საპარკინგე და კიდევ 5 საცხოვრებელი სართული. ამხანაგობის საერთო კრებამ 2018 წლის 25 მარტს მიიღო გადაწყვეტილება მოსარჩელეების ამხანაგობის წევრობიდან გარიცხვის თაობაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელეთა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო პალატაში წარედგინათ 5000-5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
12. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 1 ივლისის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად გაუგრძელდათ ვადა და დაევალათ 5 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ წერილობით გამოხატული ნება, რომ ეთანხმებიან სააპელაციო პალატაში 2019 წლის 20 ივნისს ფიზიკური პირის მიერ წარმოდგენილ განცხადებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების შესახებ.
13. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს ხარვეზის შევსებად გაუგრძელდათ ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 7 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინათ 5000-5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
14. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 26 ივლისის განჩინება აპელანტების წარმომადგენელს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე კანონით დადგენილი წესით. აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა ადრესატს 2019 წლის 2 აგვისტოს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აპელანტისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით დანიშნული შვიდდღიანი საპროცესო ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან – 2019 წლის 3 აგვისტოდან და ამოიწურა 2019 წლის 9 აგვისტოს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტებს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ.
16. სსსკ-ის 59-ე, 63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტების მიერ ხარვეზის შეუვსებლობა წარმოშობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საპროცესო საფუძველს, რის გამოც სააპელაციო საჩივრი დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეებმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
18. კერძო საჩივრის ავტორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად არ დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა სსსკ-ის 47-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ, ვინაიდან აპელანტებს ჰქონდათ მძიმე ფინანსური მდგომარეობა, ისინი პენსიონერები არიან, აქვთ გართულებული ჯანმრთელობა და გააჩნიათ კრედიტი საბანკო დაწესებულებებში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
20. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
21. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
22. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.
23. სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტებს ხარვეზის შევსების მიზნით დაევალათ ამ განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით თითოეულის მიერ 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარდგენა.
24. აპელანტთა თხოვნით აღნიშნული ვადა ჯერ 5, ხოლო შემდეგ 7 დღით გაგრძელდა, ამასთან, მათი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა და აპელანტებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში მათი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
25. სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე გაეგზავნა აპელანტების წარმომადგენელს (რომლის უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მინდობილობებით, ტომი 4, ს.ფ 59-63) სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ადრესატს 2019 წლის 2 აგვისტოს (ტომი 4, ს.ფ 94).
26. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
27. დასახელებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს საჭირო საპროცესო დოკუმენტები გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. საპროცესო დოკუმენტების მხარის წარმომადგენლისათვის ჩაბარება მათი უშუალოდ მხარისათვის გადაცემას უთანაბრდება.
28. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
29. ამდენად, ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის ათვლა აპელანტების მიმართ დაიწყო 2019 წლის 3 აგვისტოდან და ამოიწურა 9 აგვისტოს. აღნიშნულ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავთ.
30. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება კერძო საჩივრის ავტორთა არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთავისუფლებინა ისინი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 47-ე მუხლის მიხედვით.
31. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ 2019 წლის 26 ივლისის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შემდეგ აპელანტებს სასამართლოსათვის ხარვეზის გამოსწორების მიზნით არ მიუმართავთ და არც სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან გადავადება აღარ მოუთხოვიათ. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
32. მითითებული ნორმის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი არ არის, მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა აპელანტს თავისი შეხედულებისამებრ გაუგრძელოს, თუ ამის შესახებ თავად მხარე არ იშუამდგომლებს.
33. ამდენად, სააპელაციო საჩივარი მართებულად დარჩა განუხილველად.
34. რაც შეეხება მანამდე აპლენტების მიერ წარდგენილ შუამდგომლობას, სააპელაციო პალატამ ხარვეზის დადგენისა და მისი გამოსწორების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინებებით სრულად შეაფასა აპელანტთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჩათვალა, რომ ისინი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან აპელანტთა უპირობო გათავისუფლების წინაპირობას არ ქმნიან.
35. კერძო საჩივრის ავტორთა მითითებაზე, რომ აპელანტებს არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოსათვის მიმართვის გზით საკუთარი უფლებების დაცვა, საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
36. კანონის მითითებული დანაწესით დადგენილი მხარის სახელმწიფო ბაჟის გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე სასამართლოს შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეუძლია.
37. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე. სტრასბურგის სასამართლოს განმარტების მიხედვით ხელმისაწვდომობის პროცედურული წინაპირობები, როგორიცაა მაგალითად სასამართლო ხარჯები და დასაშვებობის პრაქტიკული წინაღობები, როგორიცაა იურიდიული დახმარების არარსებობა (Airey v. Ireland), ექცევა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების ფარგლებში და ცალკეულ გარემოებებში შესაძლებელია გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევაც.
38. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე.
39. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხელმისაწვდომობის საკითხზე იმსჯელა, ასევე, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებთან მიმართებითაც. საქმეში Chatellier v. France სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-6 მუხლი არ აკისრებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ვალდებულებას დააარსონ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოები, თუმცა, თუ აღნიშნული იურისდიქციები მაინც იარსებებს, მათ მიერ საქმის განხილვის პროცედურა უნდა შეესაბამებოდეს მე-6 მუხლით დადგენილ გარანტიებს. ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის საკითხთან დაკავშირებით ევროპულმა სასამართლომ ასევე განმარტა, რომ სააპელაციო წესით საქმის განხილვის თავისებურებებისა და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმე არსებითად უკვე განხილულ იქნა, მონაწილე სახელმწიფო უფლებამოსილია, სააპელაციო წესით საქმის განხილვის დასაშვებობაზე უფრო მკაცრი შეზღუდვები დააწესოს.
40. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გარდა ზემოაღნიშნულისა, საკუთარი დანიშნულება განმარტა და მიუთითა, რომ მის ფუნქციას არ წარმოადგენს ეროვნულ დონეზე კომპეტენტური ორგანოს ნაცვლად მართლმსაჯულების ხელმისაწვდომის უზრუნველმყოფი მაქსიმალურად ეფექტური ზომების განსაზღვრა და არც იმ ფაქტების შეფასება, რომლებიც სასამართლო გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი მდგომარეობს იმაში, რომ შეამოწმოს კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის შესაბამისობა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპულ კონვენციასთან. ამასთან, სასამართლოს მიერ ფაქტების კვლევა ეფუძნება კონვენციით გათვალისწინებულ პრინციპებს, დაიცვას უფლებები არა თეორიულად და ილუზიურად, არამედ პრაქტიკულად და ეფექტურად.
41. საკასაციო პალატა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც, დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის ოდენობის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს. ამდენად, მართალია, სახელმწიფოს მხრიდან დაწესებულია სასამართლო ხელმისაწვდომობის შეზღუდვის გარკვეული სტანდარტი, თუმცა, კანონმდებლობა შეზღუდვიდან გამონაკლისს უშვებს, ხოლო გამონაკლისით სარგებლობის უფლება მხარის განსაკუთრებული უფლებაა, რომლის გამოყენება მას მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეუძლია.
42. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება.
43. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან გადავადების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული. მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან, ასევე დართული უნდა იქნეს შესაბამისი მტკიცებულებები (სუსგ 16.11.2018წ. საქმე №ას-1324-2018).
44. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
45. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ზ-ისა და ნ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 9 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე