Facebook Twitter

საქმე №ას-1305-2019 21 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ბ. თ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ. ბ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „ლ. ბ.“ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბადრი თავდუმაძის (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ დავალიანების – 2453.05 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 2 დეკემბერს მხარეთა შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა კრედიტი – 1500 ლარი 12 თვის ვადით.

3. 2018 წლის 2 მარტიდან მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ მოლაპარაკებას აწარმოებს მოსარჩელესთან თანხის გადახდის საკითხზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 2058.85 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხა არის – 1315.35 ლარი, პროცენტი – 699.70 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო – 43.80 ლარი), რაც მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხისათვის პროცენტის (სარგებლის) სახით დაკისრებული 699,70 ლარის გადახდა.

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 365-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო საჩივრის ფარგლებში დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 ლარს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებაზე არ პასუხობს სსსკ-ის 365-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე, რაზეც არსებობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება კანონით დადგენილ ზღვრულ ოდენობას არ აღემატება.

13. სსსკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

14. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოში ქონებრივ-სამართლებრივი ტიპის დავებზე შეტანილი სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა ხასიათდება გარკვეული სპეციფიურობით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლო წარმოებაში მიიღებს და იმსჯელებს მხოლოდ ისეთ სააპელაციო საჩივრებზე, რომელთა ღირებულება 2000 ლარს სცილდება. 2000 ლარის ან მასზე ნაკლები ღირებულების მქონე სააპელაციო საჩივარი კი, არ დაიშვება და დარჩება განუხილველად.

15. საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და მართლმსაჯულების განხორციელებაზე უარის თქმა ამ უფლებით დაცულ სფეროში ჩარევის თვალსაჩინო მაგალითია, თუმცა, იგი უფლებით დაცულ სფეროში ჩარევად ვერ იქნება განხილული, რადგანაც მას გააჩნია საკანონმდებლო საფუძველი და გამართლებულია შედარებით ნაკლები ღირებულების მქონე დავის სწრაფად დამთავრებით (იხ. ასევე სსსკ-ის 2.2. მუხლი). პალატა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) ფარგლებში დამატებით განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრაქტიკა განაცხადის დასაშვებობისას ამოწმებს ზიანის (დანახარჯების) ოდენობას და მიიჩნევს, რომ მცირე ღირებულების საქმეებზე, თუკი არ დასტურდება პირის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტი, განაცხადს დაუშვებლად მიიჩნევს სწორედ „ზიანის მცირე მნიშვნელობის“ (დავის ქონებრივი ცენზის დაწესება) გათვალისწინებით (ECHR: Ionescu v. Romania; Vasilchenko v. Russia; Stefanescu v. Romania და სხვა). (სუსგ 28.04.2017წ. საქმე №ას-230-218-2017).

16. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასევე ადგენს დავის საგნის ღირებულების განსაზღვრის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე დავის საგნის ფასი განისაზღვრება – გადასახდელი თანხით.

17. განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების – 2058.85 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხა არის – 1315.35 ლარი, პროცენტი – 699.70 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო – 43.80 ლარი).

18. მოპასუხემ შეიტანა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც სარგებლის სახით დაეკისრა 699,70 ლარის გადახდა. ამდენად, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება 2000 ლარს არ აღემატება და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

19. საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებზე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, რადგან მოცემულ ეტაპზე პალატის შეფასების საგანია სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი, არსებულ პროცესუალურ ფარგლებს სასამართლო ვერ გაცდება და მხარის მატერიალურ-სამართლებრივ მოთხოვნას ვერ განიხილავს.

20. ამავდროულად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს შეგებებული სარჩელის აღძვრის გზით მოცემულ დავაში მხარეთა შორის დადებული გარიგების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია.

21. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ 13.09.2019წ. საქმე №ას-1102-2019, 09.09.2019წ. საქმე №ას-1025-2019, 28.06.2019წ. საქმე №ას-803-2019, სუსგ 15.05.2019წ. საქმე №ას-463-2019).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე