Facebook Twitter

საქმე №ას-1208-2019 21 ნოემბერი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. და კ. გ-ები (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. პ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. გ. პ-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. და კ. გ-ების (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის დაბრუნების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 6 ივნისს ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გადაეცა ბინა, რომელშიც დღემდე ცხოვრობენ ძველი მესაკუთრეები – მოპასუხეები და უარს აცხადებენ ბინის გამოთავისუფლებაზე.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ სარჩელის აღძვრის გზით სადავოდ გახადეს ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ სადავო უძრავი ნივთი მიიღო, შესაბამისად, სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ქონება გამოთხოვილ იქნა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 8 ივლისის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. მას ფაქტობრივად ფლობენ აპელანტები.

7. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტების პოზიციას, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა და გაეზიარებინა გარემოება მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში უძრავი ქონების აღრიცხვის კანონიერების თაობაზე, რამდენადაც ხსენებული გარემოებების გამორკვევა სცდება წინამდებარე სასარჩელო დავის საგანს და ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობების კვლევის ფარგლებში დასადგენ არსებითი ხასიათის გარემოებას აპელანტთა მიერ შედავებული საკითხი არ წარმოადგენს.

8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

9. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ამასთან, დადგენილია, რომ აპელანტები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. ამავდროულად, სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებს უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობა და შემძენისათვის ამ ფაქტის ცოდნა მოდავე მხარემ უნდა ამტკიცოს, რაც აპელანტების მიერ მოცემულ შემთხვევაში ვერ იქნა რეალიზებული.

10. რაც შეეხება ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას, რომ მფლობელს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

11. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება აპელანტის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მითითებული გარემოება, რომ მათ აქვთ უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის უფლება, ვინაიდან ბინა მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში გადავიდა თვალთმაქცურად და მოტყუებით, და არც მოცემული დავის საგნის ფარგლებში სამტკიცებელ გარემოებას წარმოადგენს, მით უფრო ქონების ფლობის მართლზომიერებასთან მიმართებით. მეტიც, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავს მხოლოდ ერთი მესაკუთრე და სწორედ ის ითხოვს აპელანტების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას. ამდენად, პალატამ განუმარტა აპელანტებს, რომ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა უნდა ხორციელდებოდეს კანონიერების ფარგლებში და არა კანონმდებლობის მოთხოვნათა, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ხარჯზე.

12. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, ვინაიდან სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობები - (ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება), პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გია პატარიძის სარჩელი საფუძვლიანი იყო და სწორად დააკმაყოფილა იგი.

13. რაც შეეხება აპელანტების პოზიციას, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინებები, რომლითაც არ დაკმაყოფილდა აპელანტების მოთხოვნა მოწმის დაკითხვის, აცილებისა და საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, სააპელაციო პალატამ განმარტა აპელანტები გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძვლად უთითებენ იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არამართებულად იმსჯელა შუამდგომლობათა შესახებ და არ მისცა მოპასუხე მხარეს საკუთარი პოზიციის დადასტურების შესაძლებლობა.

14. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართლწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ არ გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არასებობის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მეორე ნაწილის თანახმად კი ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი, თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით გ. მ-ის დაკითხვაზე უარის თქმა განპირობებული იყო იმით, რომ გარემოებები, რომელთა სისწორის დასადასტურებლადაც გ. მ-ე შუამდგომლობდა მოწმის დაკითხვას და რა გარემოებებიც ამ უკანასკნელს უნდა დაემოწმებინა, არ წარმოადგენდა წინამდებარე დავის საგნის ფარგლებში საკვლევ გარემოებებს, სცდებოდა სასარჩელო მოთხოვნის არსსა და საგანს, ხოლო ვინდიკაციურ სარჩელში მოწმის დაკითხვა მფლობელობის მართლზომიერების სამტკიცებლად, სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია.

15. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სსკ-ის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. მოწმე შეიძლება გამოცხადდეს სასამართლოში დაინტერესებული მხარის მეშვეობით. მხარე, რომელიც შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე ამა თუ იმ პირის მოწმედ დაშვებისა და დაკითხვის, აგრეთვე მისი სასამართლოს მეშვეობით გამოძახების შესახებ, ვალდებულია მიუთითოს მისი სახელი, გვარი და საცხოვრებელი ადგილი, აგრეთვე ის, თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე რა გარემოების დადასტურება შეუძლია მოწმეს. ამავდროულად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას გამოძახებული მოწმის დაკითხვაზე ან არ გამოიძახოს იგი, თუ ცნობს, რომ გარემოებებს, რომელთა დასადასტურებლადაც იძახებენ მოწმეს, არა აქვთ რაიმე მნიშვნელობა საქმის არსებითად გადაწყვეტისათვის.

16. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე მოწმის სახით მაია გოდერძიშვილის გამოძახებას ითხოვდა იმის გამო, რომ აღნიშნული პირი წარმოადგენს ოჯახის რძალს და იგი უშუალო შემსწრეა იმ ვითარების, რაც წინ უძღოდა მოსარჩელის საკუთრებაში ქონების აღრიცხვას, შესაბამისად, მოპასუხეთა მითითებით, მოწმე დაადასტურებდა მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში სადავო ქონების გადასვლის არაკანონიერებას.

17. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ანუ ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტების მიერ მითითებული გარემოებები სცდება ვინდიკაციური სარჩელის დავის საგნის ფარგლებს და წარმოადგენს სრულიად სხვა სამართალურთიერთობაში საკვლევ გარემოებებს. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 2 აპრილის საოქმო განჩინება გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, სასამართლომ მართებულად და სწორად იმსჯელა მოპასუხე მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე.

18. რაც შეეხება საოქმო განჩინებას საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის მსჯელობა საოქმო განჩინების დასაბუთების ნაწილში და მიუთითა, რომ საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 279-280-ე მუხლები, რომელიც ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეაჩერებს საქმის წარმოებას, კერძოდ, ამავე კოდექსის 279-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

19. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მხარე მოითხოვდა საქმის წარმოების შეჩერებას სხვა სამოქალაქო წესით აღძრული საქმის განხილვის დასრულებამდე, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე ი. გ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების ქ. ა-ის, ზ. პ-ის, გ. პ-ის და სს „ს. ბ.“ მიმართ. დავის საგანს წარმოადგენს ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვა. ამასთან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეთა მფლობელობიდან საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვას და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა, რომ არ არსებობდა ის ,,შეუძლებელი“ გარემოება, რომლის გამოც კანონმდებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს საქმის წარმოების შეჩერებას სხვა საქმის გადაწყვეტამდე, ვინაიდან შეუძლებლობა განპირობებული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებებით. ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაში არსებული ი. გ-ის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სახლის ახალ მესაკუთრეზე აღირიცხება და გამოთხოვილი იქნება მოსარჩელის უკანონო მფლობელობიდან. აღნიშნული კი ხელს არ უშლის წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვას.

20. აპელანტის კიდევ ერთი შუამდგომლობის ნაწილში სასამართლოს შემადგენლობის აცილების თაობაზე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსსკ-ის 31-ე მუხლში ჩამოთვლილია მოსამართლის (სასამართლოს შემადგენლობის) აცილების საფუძვლები, რომელიც გამომდინარეობს საქმის მიუკერძოებელი განხილვის ინტერესებიდან. თუ არსებობს მოსამართლის აცილების ზემოაღნიშნულ მუხლში ჩამოთვლილი აცილების ერთ-ერთი საფუძველი, მოსამართლეს ეკრძალება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს მის განხილვაში და იგი აცილებული უნდა იქნას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსამართლემ არ შეიძლება განიხილოს საქმე ან მონაწილეობა მიიღოს საქმის განხილვაში, თუ ის: ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მას ამა თუ იმ მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს; ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა მოწმედ, ექსპერტად, სპეციალისტად, თარჯიმნად, წარმომადგენლად ან სასამართლო სხდომის მდივნად; გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია; დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით, ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში, ე) ამ საქმეში მონაწილეობდა მედიატორად.

21. განხილულ შემთხვევაში მოპასუხეთა წარმომადგენელი სასამართლოს საქმის განხილვისაგან აცილების თაობაზე გაცხადებულ შუამდგომლობაში მიუთითებდა, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტების მიერ მითითებული გარემოება ვერ გახდება მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძველი, რამდენ აღნიშნულის საფუძლები ამომწურავადაა ჩამოთვლილი მოხმობილ ნორმაში. ამდენად, პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და ჩათვალა, რომ მხარის შუამდგომლობა მოსამართლის აცილების შესახებ არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული საოქმო განჩინებების გაუქმების საფუძვლები.

22. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოტანილი არსებითი გადაწყვეტილების წინმსწრები განჩინებების შეფასების გადასინჯვა, როგორიცაა საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმა, მოსამართლის აცილებასა და მოწმეების დაკითხვაზე უარი, ამავდროულად, თავად სააპელაციო პალატისადმი სააპელაციო საჩივარში წარდგენილი შუამდგომლობების განუხილველობა, სადაც მოსამართლემ სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც უკანონოა შემდეგი საფუძვლებით:

24. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასრულად გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც არ დააკმაყოფილა აპელანტების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, არ შეამოწმა იყო თუ არა მოცემულ დავასთან უშუალო კავშირში სადავო ფართზე საკუთრების უფლების აღრიცხვის კანონიერების საკითხი, მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა მოტყუების გზით დაიდო თუ არა სადავო უძრავ ნივთზე თვალთმქაცური ნასყიდობისა და ჩუქების ხელშეკრულებები.

25. კასატორთა მითითებით, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სადავო ნივთზე გააჩნია საკუთრების უფლება, ხოლო მოპასუხეები არ წარმოადგენენ სსკ-ის 160-ე და 162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე მართლზომიერ მფლობელებს. კანონი იცავს ნივთზე არა ყოველგვარ მფლობელობას, არამედ მხოლოდ მართლზომიერ მფლობელს, რაც სსსკ-ის 102-ე მუხლის დაცვით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა და არც სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებულ პრეტენზიას არ შეიცავს. ამდენად, მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა ხორციელდება კანონის საფუძველზე, რადგან მოსარჩლის სახელზე უძრავი ქონების აღრიცხვა შედავებულია და მიმდინარეობს სასამართლო დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში. სსსკ-ის 158-ე მუხლის მეორე ნაწილის, 170-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარგებლე პირის გამოსახლება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას არ აქვს ნივთის ფლობის უფლება. მოპასუხეებს კი აქვთ ასეთი უფლება. დადასტურებულია, რომ მხარეებს აქვთ დავა ქონების კუთვნილებაზე. მოპასუხეებს გააჩნიათ ნივთის ფლობის უფლება მანამ, სანამ სასამართლო არ დაადგენს, კანონიერად გადავიდა თუ არა საკუთრების უფლება მოსარჩელეზე, არის თუ არა იგი კეთილსინდისიერი შემძენი.

26. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სააპელაციო სასამართლომ უკანონოდ განიხილა მოცემული დავა ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმეზე მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ შემოწმებულიყო იმ ხელშეკრულების კანონიერება, სადაც უფლების დამდგენი დოკუმენტი გასაჩივრებულია. ამ დავის დასრულებამდე კი უკანონო მფლობელობიდან სადავო ნივთის გამოთხოვის საკითხის განხილვა ეწინააღმდეგება სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის დანაწესს. მოწმეების დაკითხვა დაადასტურებდა, რომ კასატორებს უნდა ეცხოვრათ სადავო ბინაში იმ პირობებშჲც, რომ ბინაზე მოტყუებით გააფორმებინეს არარსებული შეთანხმების საფუძველზე დადებული და რეალობას აცდენილი ხელშეკრულებები.

27. მოცემულ საქმეზე არსებობდა სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუქნტით გათვალისიწნებული სასამართლო განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლოს წარედგინა სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერებისათვის და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის საჭირო ყველა მტკიცებულება. სააპელაციო პალატას კი არ განუხილავს კასატორთა შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებისა და საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.

28. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ მათი შუამდგომლობების მიუხედავად, მოცემული საქმე განიხილეს მიკერძოებულმა მოსამართლეებმა და არ აიცილეს მისი განხილვა.

29. კასატორებმა იშუამდგომლეს საკასაციო სასამართლოს წინაშე თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებული №2/3794-19 საქმის განხილვამდე შეჩერდეს მოცემული საქმის წარმოება. ასევე, საკასციო სასამართლომ საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.

30. კასატორებმა აღნიშნეს, რომ წინამდებარე საქმე უნდა დაუბრუნდეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად (რათა ამ უკანასკნელმა დაუბრუნოს საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს), რადგან საქმეში რაიმე საპროცესო სტატუსით ჩაბმული არ ყოფილან კ. გ-ის მეუღლე – მ. გ-ი და სამი არასრულწლოვანი შვილი – გ., ნ. და ნ. გ-ები. შესაბამისად, მათი გამოსახლება სადავო ბინიდან უკანონო იქნება.

31. კასატორებმა მიუთითეს, რომ სურთ სასამართლომ მოარიგოს მხარეები.

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

33. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორებს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდიათ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

35. სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. მას ფაქტობრივად ფლობენ აპელანტები.

36. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორები დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

37. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

38. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012)

39. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

40. სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).

41. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

42. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.

43. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

44. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; № ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; № ას-750-718-2016, 2016 წლის 13 ოქტომბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება, №ას-1032-952-2017 2017 წლის 17 ოქტომბრის განჩინება, №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).

45. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრედ ირიცხება მოსარჩელე, თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხეთა მფლობელობაშია.

46. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.

47. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

48. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

49. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა საკუთრების უფლების არსებობა სადავო ნივთზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხეები ფლობენ სადავო ბინას. შესაბამისად, სწორედ მოპასუხე მხარეს ეკისრებოდა იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მათი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეებმა სასამართლოს ვერ წარუდგინეს.

50. რაც შეეხება კასატორთა პრეტენზიას მოწმის დაკითხვის შესახებ მისი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასციო საჩივარი არ შეიცავს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობის გამაქარწყლებელ არგუმენტებს, შესაბამისად, გაზიარებული ვერ იქნება (იხ. წინამდებარე განჩინების პპ. 15-18).

51. სადავო უძრავი ნივთის მართლზომიერად ფლობის საფუძვლად მოპასუხე მხარემ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დამოუკიდებელი სარჩელის აღძვრის გზით სადავოდ გადახდა მოსარჩელის მიერ ქონების შეძენის საფუძვლის კანონიერება და მიიჩნია, რომ აღნიშნული დავის განხილვამდე წინამდებარე დავის გადაწყვეტა შეუძლებელია.

52. ამავდროულად, კასატორებმა სადავოდ გახადეს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის წარმოების შეჩერების შესახებ მათი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ანალოგიური შუამდგომლობით მომართეს საკასაციო სასამართლოს.

53. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მითითებას საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან არ არსებობს სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლოს ვალდებულების წარმომშობი საფუძვლები. მითითებული მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.

54. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მოცემულ საქმეზე ამგვარი ხელშემშლელი გარემოების არსებობა არ დადასტურებულა.

55. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხეთა მითითებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია სამოქალაქო საქმე იზოლდა გოდერძიშვილის სარჩელისა გამო მოპასუხეების ქ. ა-ის, ზ. პ-ის, გ. პ-ის და სს „ს. ბ.“ მიმართ ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში აღრიცხვის თაობაზე.

56. განსახილველი სარჩელი კი შეეხება მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან საჯარო რეესტრში მის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების გამოთხოვას და თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას.

57. შესაბამისად, მოპასუხეთა მიერ მითითებული გარემოება არ უთანაბრდება სსსკ-ის 279-ე მუხლით გათვალისწინებულ დავის განხილვის ხელშემშლელ ფაქტორს. ამასთან, 2019 წლის 15 ოქტომბერს დაზუსტებულ საკასაციო საჩივარს ერთვის №2/3794-19 სამოქალაქო საქმეზე მიღებული 2019 წლის 24 მაისის განჩინება მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ, რომელშიც დავის საგნად ფიქსირდება თანხის დაკისრება (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 29). აღნიშნული დავის საფუძველი, მით უფრო, ვერ გახდება საქმის წარმოების შეჩერების წინაპირობა, რადგან ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ვინდიკაციური სარჩელის განხილვაზე.

58. უსაფუძვლოა კასატორების მითითება, რომ სააპელაციო პალატას არ უმსჯელია საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, რადგან აღნიშნულს პასუხი გაეცა გასაჩივრებული განჩინებით.

59. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორების მითითება, რომ სააპელაციო პალატამ საქმე არასწორად განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.

60. სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.

61. მოცემულ შემთხვევაში წინამდებარე დავა შეეხება უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმის ძალით სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო, საქმე განეხილა მხარეთა დაუსწრებლად, ზეპირი მოსმენის გარეშე.

62. ასევე, ვერ იქნება გაზიარებული კასატორების შუამდგომლობა საკასაციო სასამართლოს მიერ მოცემული დავის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, ვინაიდან დავის განხილვის ფორმას განსაზღვრავს თავად სასამართლო კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, სსსკ-ის 408-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

63. კანონის დასახელებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ საკასაციო ინსტანციაში მხარეები ახალ გარემოებებზე მითითებასა და ახალი მტკიცებულებების წარდგენის საპროცესო შესაძლებლობას მოკლებულნი არიან (სსსკ-ის 407-ე მუხლი).

64. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის წინაპირობა ვერ გახდება კასატორთა მითითება, რომ პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში საქმე განიხილეს მიკერძოებულმა მოსამართლეებმა.

65. უპირველსად, საკასაციო საჩივარი არ შეიცავს რაიმე დასაბუთებას, თუ რაში გამოიხატა მოსამართლის აცილებაზე უარის თქმისას დაშვებული კანონდარღვევა. ამასთან, სააპელაციო პალატამ ამომწურავად იმსჯელა სადავო აცილების საკითხზე, როდესაც ჩათვალა, რომ მხარის არგუმენტი, კერძოდ, რომ სასამართლომ უსაფუძვლოდ არ დააკმაყოფილა მოპასუხეების შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებასთან დაკავშირებით, არ ქმნიდა სსსკ-ის 31-ე მუხლით გათვალისწინებულ მოსამართლის საქმის განხილვისაგან აცილების საფუძველს. შუამდგომლობის საფუძვლიანობის შეფასება სასამართლოს პრეროგატივაა და ეს მოსამართლის აცილების საფუძველი ვერ გახდება.

66. დაუშვებელი და დაუსაბუთებელია კასატორების პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა იმ გარიგების კანონიერებაზე, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ სადავო ბინაზე საკუთრების უფლება მოიპოვა და აღნიშნული გარემოების შეფასებისათვის დაეკითხა მოწმეები.

67. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის საგანია ვინდიკაციური სარჩელის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმება, შესაბამისად, ზემოაღნიშნული გარიგების კანონიერებაზე მსჯელობა არსებული დავის ფარგლებს სცდება.

68. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეების მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერებაზე გავლენას ვერ მოახდენს კასატორების მითითება, რომ მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვა მხოლოდ მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა მაშინ, როცა სადავო ბინაში, მათ გარდა, სხვა პირებიც ცხოვრობენ.

69. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია დისპოზიციურობა, რაც გულისხმობს ყოველი პირის შესაძლებლობას, თავად გადაწყვიტოს, ვის მიმართ გააჩნია წარადგინოს პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის პრეტენზიის ადრესატი მხოლოდ მოპასუხეები არიან. აღნიშნული პირების მიმართ მოსარჩელის მოთხოვნები კი სასამართლომ დასაბუთებულად ჩათვალა და დააკმაყოფილა (სუსგ 29.11.2017წ. საქმე №ას-1338-1258-2017).

70. რაც შეეხება კასატორთა მითითებას მორიგების მიღწევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის მორიგება შესაძლებელია საქმის წარმოების ნებისმიერ, მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე, შესაბამისად, აღნიშნული კუთხით კასატორთა უფლებები არ შეზღუდულა.

71. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

72. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

73. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

74. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

75. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

76. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ხ-ას მიერ 2019 წლის 2 ოქტომბერს №84962... საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. და კ. გ-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ი. გ-ს (პირადი №0100802...) და კ. გ-ს (პირადი №0100801...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით მ. ხ-ას მიერ 2019 წლის 2 ოქტომბერს №849623... საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ე. გასიტაშვილი